ემილიანე e1601286690996

არქიმანდრიტ ემილიანე ვაფიდისის შესახებ

ეს არის ღმერთზე შეყვარებული ერთი ბერის ნამდვილი ისტორია, რომელსაც საკუთარ გულში ქრისტეს ხილვა სურდა. ის მუდამ, დღე და ღამ მოუხმობდა მის სახელს, რომ ერთხელ მაინც შეხვედროდა მას, ესაუბრა მასთან, მაგრამ ის(ქრისტე) ჯიუტად დუმდა. ქრისტეს ხილვის მტკიცე, უკანდაუხეველი მცდელობების, გულიდან ამოხეთქილი ტკივილიანი, დაუსრულებელი ღაღადისის, იმედების და თითქოს უშედეგო მოლოდინის შემდეგ, ამ მლოცველ ბერს სრულიად გამოელია ძალა. და მაშინ, ამდენი ბრძოლის, მღელვარების, ქრისტეს სახელის განუწყვეტელი(იესუს ლოცვის) დროს, ღამის სიბნელეში, პირველად გაისმა ჩუმი ჩურჩული.
– დამშვიდდი, აქ ვარ.

მოღვაწე დამშვიდდა. მის გულში ნელ-ნელა გამეფდა მყუდროება და ბოლოს, სრულიად მოიცვა იგი. ამ ღრმა, მდუმარე სიტკბოების განცდისას იგრძნო, რომ უკნიდან ვიღაც მიუახლოვდა, თითქოს თვალებზე ააფარა ხელი და ჰკითხა:
– იცი ვინ ვარ?
ბერი ჩაფიქრდა:
– ვინ შეიძლება იყოს? ჩემი მეგობარი ხარ? თუ ვინმე სხვა?
– არა!
– ჩემი ღმერთი ხარ?
– მე ვარ – უპასუხა უხილავმა სტუმარმა, აუხილა თვალები, დადგა მის წინაშე, გაშალა მკლავები და ჩაეხუტა მას.
– ანუ შენ ჩემი ღმერთი ხარ? ის ვისაც ამდენი ხანი ვეძებ?
– მე ვარ. ვერ მცნობ? ამდენი ხანი მომიხმობ და მეკითხები ვინ ვარ?

მეგობარი გაუჩინარდა. ასე იხილა პირველად მამა ემილიანემ უფალი. როგორ? – ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. რა იხილა? – დამაბრმავებელი ნათელი და შემდეგ, როდესაც კვლავ მარტო დარჩა ახალი განცდები მოვიდნენ. დაიწყო ისეთი რამ, რისი წარმოდგენაც აქამდე არ შეეძლო. რა მოხდა? – საღმრთო ნათელმა მას საკუთარი თავი დაანახა. ყოვლადბწყინვალე ნათლის შემდეგ ყოვლადბნელი წყვდიადი იხილა.  ეს იყო საკუთარი შინაგანი სამყაროს სურათი. მან საკმაოდ მკვეთრად დაინახა საღმრთო ნათლის შუქზე საკუთარი გულის წყვდიადი. ის არ იცნობდა ამგვარად საკუთარ თავს. ის, ისევე როგორც ყველა, ფიქრობდა, რომ მშვენიერი ადამიანია. ახლა კი სიმართლე იცის. მანამდე კი მოხიბლული იყო. საკმაოდ რთულია და შეუძლებელიც კი ამ აუტანელი სიმძიმის დატევნა. ჩვენ ყველანი ვამბობთ, რომ ცოდვილები ვართ, მაგრამ შიგნით რაღაც გვეუბნება, რომ არც ისეთი ცუდები ვართ, სინამდვილეში კი უძლურნი ვართ და წყვდიადია გამეფებული ჩვენს გულებში.

ამ გამოცდილების შემდეგ, მამა ემილიანე ტკივილით გლოვობს და თან ამავდროულად იხსენებს თავის მეგობარს(ქრისტეს), ისიც იდუმალი გზით ეუბნება მას:
– თუ გსურს, რომ ჩემი მეგობარი იყო, მოგიწევს, რომ მიიღო შენი სიგლახაკე, მაშინ აღგავსებ ყოველგვარი სიკეთით და განგწმენდ ყოველგვარი ბოროტებისგან. თუკი არ მიიღებ და იფიქრებ, რომ რამეს წარმოადგენ, სამუდამოდ ისეთი დარჩები, როგორიც ხარ. თუკი გადაწყვეტ, რომ არ ჩახედო თვალებში სიმართლეს საკუთარი თავის შესახებ და არ მიიღებ მას, განგეშორები,

როგორც კი დათანხმდა, მყისვე სიხარული გამეფდა მის გულში:
– ჰო, ისეთი ვარ, როგორადაც დავინახე საკუთარი თავი, მოდი ჩემთან, ნათელო ჩემო ქრისტე და შემოსე ჩემი შიშველი, გლახაკი სული!
ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება გრძელდება, კვლავ მოდის ქრისტე და ყველაფერს აღავსებს სინათლით, რომელიც ბერის გულის ყველაზე ბნელ ადგილებსაც განმსჭვალავს