ევქარისტია 1

ლიტურგიისთვის მომზადება

არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი

დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა საღმრთო ლიტურგიასთანაა დაკავშირებული, რომელიც არის ცენტრი და გული საღვთისმსახურო ციკლისა. ლიტურგია ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ის არის ჩვენი საკვები, ზიარება, მადლიერება, ზეიმი და გახსენება. მსახურება, რომელსაც ქრისტესთან ერთად აღვასრულებთ. თითოეულ ჩვენგანს აქვს საშუალება, რომ გაიხაროს და იზეიმოს ლიტურგიაზე და სრული სისავსით გახდეს ამ დიადი მსახურების თანამონაწილე.

ლიტურგია ჩვენთვის ზოგჯერ რაღაც მიუწვდომელი და რთულად გასათავისებელია და ამიტომაც მსურს, რომ რამდენიმე მარტივი და პრაქტიკული რჩევა მოგცეთ.

რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ უკეთესად განვიცადო საღმრთო ლიტურგია? პირველი და უმთავრესი წინაპირობა – მომზადებაა, რომლის ერთერთი უმთავრესი მხარე დღის საკითხავი სახარების შესწავლა და მასში ჩაღრმავებაა.

დეტალები 33

მღვდელს და დიაკონს ეკლესიაში აბსოლუტური თავისუფლება აქვთ და ზოგჯერ თავს უფლებას აძლევენ, რომ მსახურებაზე ექვსფსალმუნების დროს მივიდნენ. გადაშლიან სახარებას და აჩქარებულად ჩაიკითხავენ ლიტურგიაზე წასაკითხ მონაკვეთს. ამ დროს ხომ ქრისტე იქაა ჩემთან, მომიხმობს და ჩემთან საუბარი სურს. ამიტომაც, არ შეიძლება, რომ ჩვენთვის სახარება მხოლოდ აუცილებლად აღსასრულებელი ტიპიკონური მითითება იყოს. ამ დამოკიდებულებით, სახარებაში ჩაღრმავების გარეშე, ლიტურგია ჩემს მიღმა ჩაივლის.

რა არის სახარება? ეს არის სიტყვა ღვთის გამოცხადების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ უფალი ეცხადებოდა მახარებლებს, რომლებიც სულიწმინდის შთაგონებით იწერდნენ ქრისტეს სიტყვებს. ეს გამოცხადება საუკუნეების განმავლობაში ღვთისმსახურებაზე იკითხება და ამგვარად თაობიდან თაობას გადაეცემა. მახარებლების მიერ აღწერილი თითოეული მოვლენა ჩემი საკუთრებაა, მე მეხება და ამრიგად, სახარებისეული საკითხავის მეშვეობით ქრისტე პირადად მე მესაუბრება.

სახარებისეული ტექსტი გამოცხადების სიტყვაა, რაც უბრალოდ კითხვის პროცესს კი არ ნიშნავს, არამედ, ამ სიტყვებთან მიახლებით ქრისტე ჩემთან მოდის და მესაუბრება. ის ცოცხალი არსებაა, ადამიანია, რომელსაც ყურებიც აქვს, ბაგეებიც და თვალებიც. ის ისმენს ჩვენს ლოცვას და გვპასუხობს მასზე.

ამრიგად, ”სახარების კითხვა” ქრისტეს წინაშე წარსდგომას ნიშნავს იმ მოლოდინით, რომ მისგან რაღაც ახალ სწავლებას მოვისმენ, იმას რაც დღეს ყველაზე მეტად მჭირდება, რაც ღმერთს დამანახებს და ჩემს გონებას მისით განმსჭვალავს. გონება ამ დროს შეურყევლად უნდა იდგეს და გააფართოვოს
თავისი სივრცე იმისთვის, რომ სულიწმინდის მადლი დაიტიოს და მზად იყოს მისი მოსვლისთვის.

ამიტომაც, სახარება არის ის, რითიც ადამიანის გული და გონება უნდა იყოს განმსჭვალული. ჩვენ მოგვეთხოვება, რომ გაცნობიერებულად მივეახლოთ სახარებას და გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა.

როდესაც გადავშლით სახარებას და წაკითხვას დავაპირებთ, ვკითხოთ საკუთარ თავს: ”აბა რას გავიგებ დღეს ქრისტესგან?”. ამ დამოკიდებულებით, ჩვენი გული თანდათანობით ქრისტეს მყოფობას იგრძნობს და ის აღავსებს ჩვენს გულს აღმოკითხული ტექსტის არსით და განგვსწავლის.

სახარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებას გვასწავლის. თითოეული ლიტურგია ქრისტეს კალთაზე შეხებაა. როდესაც ვიცი, რომ მეზვერე და სისხლმდინარე დედაკაცი ქრისტეს სამოსლის შეხებით განიკურნენ და საღმრთო ძალა მიიღეს, როგორ შეიძლება, რომ მეც არ ვისწრაფვოდე ამისკენ?. იმისთვის, რომ ამას მივაღწიო აუცილებელია, რომ ძალა გამაჩნდეს და ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების პრინციპულად სხვა მიდგომების გზაზე უნდა დავდგე, გვერდზე გადავდო ჩემი ქმედებების რაციონალური მოტივაცია და მოვუსმინო ჩემს გულსა და სინდისს. დაე ჩემი მიზანი ქრისტეს წინაშე კადნიერების მოპოვება გახდეს, რადგან ვერავინ შეძლებს კადნიერების გარეშე მსახურებას. ეს თვისება დაცემულობის, ცოდვილობისა და უსუსურობის განცდით მოიპოვება.

განახლებული აზროვნება ის ძალაა, რომელიც გარდამქნის და მსახურებაში თანამონაწილეობის უნარს მაძლევს. ჩემს აზრებში დომინირებს ის მიზანი და საფიქრალი, თუ როგორ გავუხსნა ღმერთს გული. ჩემი ცნობიერება მომართულია საკუთარი ბოროტი ”მეს” წინააღმდეგ და ამავდროულად ღვთის შემეცნების სიხარულითა და სიტკბოებითაა აღსავსე. სწორედ ქრისტესთან ახლა და ამ წამს შეხვედრის დაუეკებელი წყურვილი ხდება ჩემი გულის ღვთისათვის გახსნის მიზეზი.

მსახურების წინ, სახარებაში ჩაღრმავებისთვის ყოველთვის გარკვეული დრო მჭირდება, რადგანაც თუკი მწამს, რომ ტაძარში ჩემს წინაშე ცოცხალი ქრისტე დგას და არა რაღაც ენერგია და თუ განვიცდი მას ჩემს გულში, მაშინ მასთან საუბრის შანსი როგორ გავუშვა ხელიდან? თუ ამას არ გავაკეთებ, მაშინ საკუთარ თავს ავტომატურად განვაშორებ ღვთისაგან.

როდესაც ხელში სახარება მიპყრია, რომელშიც და რომლითაც ქრისტე ცხადდება, ვგრძნობ, რომ ღმერთი არსებობს და მისი მყოფობის შეგრძნებით ჭეშმარიტ სიხარულსა და სიტკბოებას განვიცდი. არ ვუშვებ მას ჩემი მხედველობის არედან იმიტომ, რომ მასთან საუბრის შესაძლებლობა მაქვს. გარწმუნებთ, ქრისტე რომ ყოველ ჯერზე რაღაც ახალს მასწავლის.

უნდა გავაცნობიეროთ და ვიფიქროთ იმგვარად, რომ მსახურებაზე ყველაფერს ქრისტესთან ერთად აღვასრულებთ. ასე მარტივად: შემოსვლისას ხვდები ქრისტეს და მასთან ერთად საკურთხეველში შედიხარ, შემდეგ მასთან ერთად წმინდა ტრაპეზთან დგები და მასთან ერთად მცირე და დიდ შესვლაზე გამოდიხარ. ამ ყველაფრით საქმეს იმარტივებ, რადგან გრძნობ და განიცდი, რომ ამ ყველაფერს ღვთის დახმარებით აღასრულებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქრისტეს გარეშე მსახურება დასასჯელად გვექცევა.

მინდა, რომ თქვენი ყურადღება გონების ყურადღებით თვითჩაღრმავებისკენ მივაპყრო, რაც აუცილებელია მსახურებისთვის მოსაზმადებლად. მე არ ვგულისხმობ თვითრეფლექსიას და ისეთ მკვეთრად ადამიანურ ფიქრებს, როგორიცაა: ”ეს რა ჩავიდინე, ეს რატომ დამემართა და ა.შ” არამედ ამაში საკუთარ თავში, გულის სიღრმეში, საკუთარი თავის განკითხვით, გაკიცხვით და დაცემულობის განცდით ჩაღრმავება იგულისხმება, რაც საკუთარი თავის ღვთისადმი სრულიად მიძღვნის სურვილს ბადებს. აუცილებელია, რომ გავქრეთ, არაფერი გავხდეთ ღვთის წინაშე, რომ ყველაფერი მისით აღივსოს.

ლიტურგიაზე ცათა სასუფეველიში შევდივართ და მიუწვდომელ ღმერთთან უშუალო, ცოცხალ ურთიერთობას ვამყარებთ. თუკი რაიმე აქვს მას ხელმისაწვდომი, ეს სწორედ მისი მიუწვდომლობაა. ისაა აბსოლიტური სიწმინდე, რომელიც ყველაფერს აღემატება, უსაზმღვრო და სრულყოფილი ღმრთეება, რომელიც არაფრის დანაკლისს არ განიცდის.

ყველგანმყოფი ღმერთის საიდუმლოებასთან მიახლებით მის სიწმინდეს ვეზიარებით, მისი ცხოვრებით ვიწყებთ ცხოვრებას, თავისი დიდების ნათლის სხივებით აღგვავსებს და თავისი სიწმინდის თანაზიარს გვხდის.

ღმერთის სიწმინდე არის ის, რისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ. ის იმდენად განსაკუთრებულია, რომ მთელ სამყაროს აღავსებს და გადაეცემა ადამიანებს, როგორც საღმრთო ბუნების დიდება, ბრწყინვალება და ენერგია. ამ მდგომარეობას არა ჩვენი ზნეობრიობით, არამედ ქრისტესთან ცოცხალი ურთიერთობით, მისივე განგებულებითა და საღმრთო ენერგიების საშუალებით მოვიხვეჭთ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა ქრისტე, აღასრულებს, ხოლო ჩვენი ძალებით კი საერთოდ არაფერი შეგვიძლია. როდესაც ღვთის სიწმინდის შევიმეცნებთ, ვეზიარებით მის დიდებას.

Image26

ვინ ვარ მე, რომელიც ღვთის დიდებასა და სიწმინდეს მიეახლა? არავინ. რამდენადაც წმინდა და სრულყოფილია ის, იმდენად უსუსური და არარაობა ვარ მე. მის გარეშე ხომ არარსებობის წყვდიადში ვიქნებოდი დანთქმული, ხოლო დღეს კი ამ ცხოვრებაში ჩემი ადგილი მაქვს, რადგანაც თავად სამყაროს შემოქმედმა ინება და მიტვირთა. როგორც კი შეწყვეტს თავისი სხივებით ჩემს განათლებას, მყისვე ჩავქრები. აქედან გამომდინარე, თუკი ღმერთი, როგორც ერთგვარი არსი მყოფობს და მოქმედებს ჩემს ცხოვრებაში, მეც ვალდებული ვარ, რომ შევხდე მას.

ამიტომაც, ლიტურგიაზე ჩემი ნამდვილი არსი უნდა დავინახო და გავიაზრო, თუ რას წარმოადგენს ის ქრისტესთან შედარებით და ამრიგად, უნდა შევიცნო ჩემი დაცემულობა და არარაობა.

როგორც ხვდებით, ეს არ არის თვითრეფლექსია: “უფალო, მაპატიე ესა და ეს” , – ეს სიტყვები არაფერს წარმოადგენს, ამ სიტყვების მიღმა, შეიძლება ქვეცნობიერად ვფიქრობთ: ”უფალო, მე ხომ წმინდანი ვარ, უბრალოდ ამაში და ამაში შევცდი და მაპატიე”. თუკი ადამიანი გულის სიღრმეში ასე ფიქრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი ესმის.

საკუთარი დაცემულობის განცდა ღვთის სიწმინდისა და მისი მიუწვდომელი დიდების შემეცნების ნაყოფია. ამრიგად, აუცილებელია, რომ განვწმინდო საკუთარი თავი ყველაფრისგან, რაც ჩემი საკუთრება მგონია და დამავიწყდა, რომ ყველაფერი ღვთისგან მომეცა და ყველაფერი მისი საკუთრებაა. ის, რომ ქრისტესგან რაღაც მივიღე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მიღებული უკვე ჩემია. საშინელ სამსჯავროზე ღვთის წინაშე ისე წარვსდგები, როგორც შიშველი და ცარიელი ადგილი. ის კი, მომხედავს, შემმოსავს, ჩემს უფორმო ემბრიონს ფორმას მისცემს და თავის მსგავს არსებად გარდამქნის. აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი პირად სულიერ ცხოვრებაში რეალიზდეს. როდესაც ღვთის წინაშე, ცარიელი ჩანასახის მსგავსი წარვსდგები, იღვიძებს ჩემი ნამდვილი ”მე” და ღვთის წინაშე კადნიერებას ვიძენ, რაც გულწრფელობისგან იბადება.

წმინდა ნიკოლოზ კავასილა ამბობს: ”მოდით ჩვენი სული ღმერთს მივანდოთ”. მოდით მივუძღვნათ მას ჩვენი სული და დაე როგორც მას ნებავს ისე მოეპრყას მას. ამ აქტით, უფალს მისსავე მონიჭებულ სულს ვუბრუნებთ. როდესაც საკუთარი ნებით და უყოყმანოდ შევდივართ ღმერთთან ურთიერთობაში, ნელნელა ქრისტეს ვემსგავსებთ და რამდენადაც უარვყოფთ საკუთარ თავს, იმდენად აღვივსებით სამღრთო მადლით და ამით ვიღებთ იმის გარანტიას, რომ ევქარისტია ჩვენს მიღმა არ ჩაივლის.

ლოცვა არის ის მარტივი საშუალება, რაც მსახურებისთვის მომზადებაში და თავად მსახურებაზე გვეხმარება. რა თქმა უნდა, არა ისეთი ლოცვა, რომელიც ჩვენს გულში მყოფი მრავალი საზრუნავით, სურვილებითა და მისწრაფებებითაა გაფანტული, არამედ ნამდვილი სულიერი ლოცვა. ჩვენი ლოცვა ხომ უმეტეს შემთხვევაში, ეგოიზმის, საკუთარი დაკარგული ”მეს” ძიების გამოხატულებაა და ამიტომაც, აუცილებელია, რომ უარი ვთქვათ ჩვენს საზრუნავებზე და ყველაფერი ღმერთს მივანდოთ.

მოდით ვისწავლოთ ნამდვილი ლოცვა! ვილოცოთ საკუთარი თავის ადექვატური აღქმით, რომ დაცემულები, სუსტები და უსუსურები ვართ. იმის განცდით, რომ ცოდვის წიაღში, სამყაროს ფსკერზე ვიმყოფებით და არა ცათა სასუფეველში. სწორედ ამ მდგომარეობის გაცნობიერებით უნდა ვილოცოთ იმის იმედად, რომ უფალმა ლიტურგიაზე ცოდვისგან გამომიხსნას, რომ მასთან ერთად ვიყო, სულიწმინდის მადლი მივიღო და მარადიულად ქრისტესთან ვიმყოფებოდე.

ასეთი ლოცვა საკუთარი ბოროტი ”მეს” დამცრობის საშუალება, ღმერთის მოლოდინი, მის სიყვარულთან, სიწმინდესთან და დიდებასთან ზიარებაა.

ასევე, აუცილებელია, რომ მთელი ეკლესიისთვის ვილოცოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ, ყველა ქრისტიანი ქრისტეს სხეულის ცოცხალი ნაწილები ვართ.

სულიერი ცხოვრების ერთერთი ყველაზე რთული საკითხი ამაო აზრებისგან გონების გათავისუფლბაა. იმისათვის, რომ ჩვენს გონებაში ქრისტესთვის მოიძებნოს ადგილი, აუცილებელია, რომ თავისუფალი იყოს. უფალსაც სწორედ ეს უნდა, რომ ჩვენი გონება არა გაფანტული და ნაწილებად დაყოფილი, არამედ მთლიანი იყოს და ამიტომაც, თუკი მიზნად დავისახავთ, რომ ლოცვის მეშვეობით განვდევნოთ ყოველგვარი ამაო აზრი, ჩვენი გონება ქრისტეთი აღივსება, ვიგრძნობთ მის მყოფობას და გავიხარებთ.

ყოველთვის ვწუწუნებთ, რომ არ ვიცით ლოცვა, ლიტურგიაზე არაფერი გვესმის და ვერანაირ სარგებელს ვღებულობთ. მაგრამ, როგორ ილოცებ და გაიგებ, როდესაც შენი გონება ათასგვარი საზრუნავითაა დაკავებული? აუცილებელია, რომ გავათავისუფლოთ გონება. დაე გახდეს მსუბუქი და ცარიელი. ანკესის მსგავსად ჩააგდე ზღვაში, რომელზეც აუცილებლად წამოეგება თევზი. ასე მოიხვეჭ ქრისტეს.

ამასთან ერთად, ვეცადოთ, რომ დავაკავოთ ჩვენი აზრები, არ მივცეთ საშუალება, რომ იფრინოს სადაც მოესურვება და დააბინძუროს, დააჩირქოს ჩვენი გონება და სულის სივრცე.
დაე ჩვენი გონება დამოუკიდებელი გახდეს და საკუთარი კეთილი ნებით ქრისტესთან შეხვედრისკენ ისწრაფვოს. ასე ხდება ის (ქრისტე) ჩვენი სახარება, გულის სისავსე და ჩვენი აზრებისა და გადაწყვეტილებების მაკურთხებელი. ეს ყველაფერი ჩემს პირად გამოცხადებად იქცევა და ღვთის დიდებასთან შედარებით, საკუთარი დაცემულობა, ცოდვილობა და გაფანტულობა მეშლება თვალწინ.

მოდით კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ. აუცილებელია, რომ მთელი ჩვენი არსებით ვგრძნობდეთ, რომ ჩვენში ქრისტეა. ეს ჩვენი ეკლესიის წმინდა მამების გამოცდილებით მოწმდება. ყველა, ვინც ეზიარება, ქრისტე ხდება, რადგანაც ჩვენ მისი სხეულის ნაწილები ვართ. მე ქრისტე ვარ – რადგან მისი ტაძარი ვარ, მე ქრისტე ვარ – რადგან მწყურია ლიტურგია, მე ქრისტე ვარ – რადგან მღვდელი და მისი ხატი ვარ და არა მისი წარმომადგებელი, მე ქრისტე ვარ – რადგან მისი მოწაფე ვარ. ქრისტეს მოწაფეობა ქრისტეობას ნიშნავს. ”მე ვარ ქრისტიანი”, ანუ მე ვარ ქრისტე. ამ ყველაფრის გაცნობიერებაში ღვთისმსახურება, ღამე ლოცვა, სინანული და ჩვენს გულში შემოსული სულიწმინდის მადლი გვეხმარება.

საკუთარ თავს ქრისტეს წინაშე წარვადგენ, რომელიც სახარების მიერ განმეცხადება. ვის განეცხადება? მე, თუკი ვგრძნობ ჩემს დაცემულობას. და ასე, მე და ქრისტე ერთნი ვხდებით. შეგიძლიათ გაიაზროთ, თუ რამხელა სიდიადით აღივსება ამ დროს ჩვენი სული? როგორც კი ვიგრძნობთ, რომ ქრისტე ჩვენშია, ყველაფერი შეიცვლება: ჩვენი მზერა, გული და ლიტურგიისადმი დამოკიდებულება.

ქრისტეს მყოფობა ტარიგის სეფისკვერში, არ გამორიცხავს მის მყოფობას ტაძრის ირგვლივ, მთელს სამყაროში. ის, რომ მე და ქრისტე ერთნი ვართ, არ გამორიცხავს იმას, რომ ის ჩემს გარშემოა. როდესაც გავაცნობიერებ, რომ ქრისტე ვარ, იმ წამსვე სიხარულით ვიგრძნობ მის ჩემთან მყოფობას. სადაც ქრისტეა იქაა სიხარულიც, რადგან ჭეშმარიტი სიხარული – ქრისტეს განცდაა.

სიხარულთან ერთად, მხოლოდ იმას კი არ ვგრძნობ, რომ მე და ქრისტე ერთნი ვართ, არამედ მეძლევა უნარი, რომ შევიცნო ის. ეს ყველაფერი მისტიკური საქმიანობაა, რომელიც სულიწმინდის ჩვენთან მოსვლის შემდეგ აღესრულება.

გუშინ კელიაში ერთი მამა მეწვია და გადავწყვიტეთ, რომ ღამისთევის ლიტურგია ჩაგვეტარებინა. იმ მომენტიდანვე ლიტურგიის ატმოსფეროში ჩავიძირე, რომლიდანაც არც ფხიზლობისას და არც ძილის დროს არ გამოვსულვარ. ამ ძმასთან საუბრის შემდეგ, რამდენიმე თქვენგანს შევხვდი. ზოგი შევაქე, ზოგი დავტუქსე, ზოგიც გავკიცხე, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩემი გულისმიერი ყურადღება არ დარღვეულა. ჩემი გონება წამითაც კი არ შორდებოდა მომავალ ლიტურგიას, თითქოს უკვე საკურთხეველში, ღვთის წინაშე ვყოფილიყავი.

14:30-მდე ვწერდი. 16:30-სთვის დავიძინე და ძილშიც კი წირვისთვის ვემზადებოდი. 18:30-სთვის გამაღვიძეს. ჩემი აზრებით უკვე დიდი ხანია ტაძარში ვიყავი. რთულია ამ ყველაფრის გაგება. მსახურებისთვის მომზადებისთვის ერთი საათი მაინც არის საჭირო. ლიტურგიაზე, გარდასახვის შემდეგ თითქოს სიხარულმა და მხიარულებამ აღავსო მთელი სამყარო. ეს იყო განცდა, რომ მე და ქრისტე ერთნი გავხდით. ღვთის განგებულებით, ყოველთვის ერთნაირი არაა ხოლმე წირვის შემდგომი სიხარული.

ლიტურგიისთვის მომზადება ჩვენი ყოველდღური საქმიანობა უნდა გახდეს. დღევანდელი წირვის შემდეგ, აუცილებელია, რომ ხვალინდელი მსახურების მოლოდინში ვიმყოფებოდეთ. ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ, მხოლოდ ჩვენს ღვაწლზე არ არის დამოკიდებული. არიან ადამიანები, რომლებიც ღვთის ხილვის წყურვილით აღსავსენი მოდიან, გარკვეულ დონეზე გონების ყურადღებასაც მიაღწიეს, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფერისა, არაფერი გამოსდით, რადგან მათ ჩათვალეს, რომ ყველაფერს საკუთარი ძალისხმევით მიაღწევდნენ, როცა ამ დროს ეს ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული. ის გვჩუქნის ამ საჩუქრებს. ყველაფერი საღმრთო მადლით მოგვენიჭება, ყველაფერი, რითაც ვივსებით და რასაც ვიხვეჭთ ეკლესიაში, მისი ნაყოფია. თუ ყველაფერი ასე მარტივადაა, რატომ არ მივისწრაფვით, რომ მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რომელიც ყოველდღიურადაა განმზადებული ჩვენთვის?

უფალს ყოველდღიურად განმზადებული აქვს ჩვენთვის თავისი მადლი. თუკი ზეცად აღვაპყრობთ ჩვენს გულსა და გონებას მივიღებთ ამ მადლს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყველაფერს დავკარგავთ. მხოლოდ ასეთი მომზადება გვეხმარება ღმერთთან ჭეშმარიტ ზიარებაში.