ieroteos vlaxosi 1

მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი – წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის შესახებ

წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი წერს: ”ძმანო, არამხოლოდ მონაზვნებს, არამედ ყველას, ერში მცხოვრებ ქრისტიანებსაც შეუძლიათ და ვალდებულნიც არიან, რომ მუდმივ სინანულსა და მოუკლებელ ლოცვაში იმყოფებოდნენ და ამით ყველა სხვა სათნოება მოიპოვონ”. ის ციტირებს წმ. იოანე ოქროპირს და მოჰყავს დავით მეფსალმუნის მაგალითი იმის არგუმენტად, რომ მრავალი საქმით დატვირთულ, მეოჯახე, წარჩინებულ ადამიანსაც კი შეუძლია არამხოლოდ მოუკლებელი გონიერი ლოცვა, არამედ სრულყოფილების მიღწევაც კი. შეუძლია მოიპოვოს სულიწმინდის მადლი თავის გულში, გახდეს ქრისტეს მეგობარი და მიაღწიოს ღვთის ჭვრეტას. წმინდა სვიმეონს მოჰყავს აბრაამის, ისააკის, იაკობის, ლოთის, მოსეს, დავითისა და პეტრე მოციქულის მაგალითები, რომელიც გაუნათლებელი მეთევზე იყო და ოჯახიც ჰყავდა.

წერს ასევე ახალგაზრდა ჭაბუკის, სახელად გიორგის შესახებ, რომელმაც ღვთის ხილვის გამოცდილება მიიღო. სინამდვილეში ეს ისტორია თავად მას გადახდა ახალგაზრდობაში. როდესაც ოცი წლის იყო და კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა, ერთ-ერთი წარჩინებულის სასახლეში მუშაობდა და ევალებოდა სასახლის მცხოვრებთა ნებისმიერი საჭიროების უზრუნველყოფა. ერთხელაც, ღამე ლოცვისას (რომელიც წესად ჰქონდა და უკანდაუხევლად ყოველთვის აღასრულებდა), მოუკლებლად იმეორებდა მეზვერის ლოცვას:”ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას”, მოულოდნელად საღმთო ნათელმა აღავსო მისი ოთახი. ჭაბუკს დაავიწყდა სად იმყოფებოდა, ხორცში, თუ ხორცს გარეთ, თითქოს თავად ისიც ნათელი გახდა და შეერწყა მას, შემდეგ მისი გონება ზეცად აღიტაცა და კიდევ უფრო დიდი ნათელი იხილა”. ამის შემდეგ წმ. სვიმეონი კითხულობს: ახლა გაიგეთ, რომ თუკი შესაბამისი მოშურნეობა, სიმდაბლე და ყურადღება გვექნება, არც საერო ცხოვრება, არც ამქვეყნიური საზრუნავები არ არიან ხელის შემშლელნი, რომ დავემსგავსოთ ქრისტეს? და რომ არც მყუდროება და ამ სოფლისგან განშორება გვიშველის თუკი სიზარმაცე და გულგრილობა ბატონობენ ჩვენზე”