efrem arizoneli 8

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – მნიშვნელოვანია ადამიანმა არ შეწყვიტოს ლოცვა

წმინდა მამათა თანახმად, ქრისტეს სახელს აღმადგინებელი ძალა აქვს, იესუს ლოცვას შესწევს ძალა, აღადგინოს უკიდურესად დაცემული სული, რომელიც დაუძლურდა, უდებებამ მოიცვა და ცოდვაში ჩავარდა. სულიერების მქონე ადამიანის ცხოვრებაში არსებობს დღეები, წუთები, როცა შინაგან სიცარიელეს, სულიერ უძლურებას გრძნობს; რაღაც აკლია, რაღაც შინაგანი აქვს დაკარგული და არ იცის, როგორ დაუბრუნდეს საკუთარ თავს, როგორ დაიბრუნოს სულის პირვანდელი ძალა და მადლი; არ იცის, დაკარგული სისავსე როგორ მოიპოვოს.

ასეთ შემთხვევაში წმინდა მამები გვასწავლიან: ხელახლა დაიწყე და იმეორე იესუს ლოცვა, ან ბაგით ან გონებით, და დაკარგული სისავსე დაგიბრუნდება. ადამიანი მას კვლავ მოიპოვებს, ოღონდაც თავი აიძულოს ლოცვისთვის. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანმა არ შეწყვიტოს ლოცვა. ‘’მაგრამ შრომის დროს, – იკითხავს ვინმე, – გონება ხომ აქეთ-იქით დაქრის’’. თუმცა ასეთ დროსაც თავისუფლად შეიძლება წყნარად, დაბალი ხმით ბაგეებით ლოცვა, რომ სულს მადლის უწინდელი შეგრძნება დაუბრუნდეს.

გამხნევდი, შვილო. მრავალი მწუხარებითა და ჭირით ავალთ თაბორის მთის თვალისმომჭრელ ღვთიურ ნათელში და იქ გავიგონებთ ჩვენი საყვარელი ქრისტეს ღვთაებრივ სიტყვას. ”ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო… ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა; გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა”. დიახ, ცხოვრების მომნიჭებელია ღმერთი, ჩვენი ქრისტე. ”მე მოვედ, რაითა ცხოვრებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს.” გისურვებ, რომ ქრისტე – მარადიული სიცოცხლე მკვიდრობდეს და სუფევდეს შენში, რათა იღაღადო: ”აბბა მამაო!” ოჰ, რა არის ქრისტეზე მშვენიერი! ვინც ქრისტეს სიყვარული იგემა, ვინღა მოისურვა სხვა ცოდვილი სიყვარული?! არავინ. რადგან ეს სიყვარული იმდენად მძლავრია, ადამიანმა მწუხარებით აღსავსე ასი წელი რომ იცხოვროს და შემდეგ მხოლოდ ხანმოკლე დროით განიცადოს ღვთაებრივი სიყვარული, ის ყველა მწუხარებას გაუქარწყლებს და ადამიანი ღვთის სიდიადის წინაშე განცვიფრებული დარჩება.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •