parintele efrem filotheitul

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – ქრისტიანს თავმდაბალი აზრები და სულის სიწრფელე უნდა ამკობდეს

ყველაზე დიდი მოწყალება, ყველაზე დიდი სიკეთე, რაც ყველაფერზე აღმატებულ შვებას აძლევს ამქვეყნად მყოფ სულს, არის წირვის დროს წმინდა ტრაპეზზე შეწირული ღვთაებრივი ტარიგი (ევქარისტია). ”ვითარცა იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა, ეგრეთ ჯერარს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ”. და როგორც ყოველი, გველისაგან დაკბენილი, ძელზე ჩამოკიდებული რვალის გველის შეხედვისას იკურნებოდა, ასევე ქრისტიანიც, რომელსაც სწამს ქრისტესი, იღებს მის ხორცს და სვამს მის ყოვლადწმიდა სისხლს, ცოდვის – სულიერი გველის – ნაკბენებისაგან იკურნება.

ამ ყოვლადწმიდა საზრდოს მიღებით მას ეძლევა სიცოცხლე, რომ განახლდეს და ახალ ქმნილებად იქცეს. ეს კი არის ქრისტეს ცხოველსმყოფელი მცნებების შესაბამისი ახალი სიცოცხლე. სავალდებულოა და უსათუოდ გვმართებს კიდეც ამ ზეციურ ნადიმზე მისვლა, რომელსაც წმინდა ტრაპეზის ეს გასაოცარი საიდუმლო გვთავაზობს.

საიდუმლოს აღსრულებისას ანგელოზები უხილავად იქ იმყოფებიან, მღვდლები კი, რომლებიც ამ საიდუმლოს აღსრულებისას ანგელოზებზე უფრო პატივდებულნი არიან, უდიდესი კრძალვით სწირავენ ტარიგს. როცა ვინმეს სურს მეფის წინაშე წარდგეს, რამდენიმე დღით ადრე ემზადება ყოველმხრივ – სიტყვით, ქცევით, თავს იწესრიგებს და ა.შ. რომ მეფის კეთილგანწყობა მოიპოვოს და ასე მიაღწიოს თავის თხოვნის დაკმაყოფილებას. მიწიერ მეფესთან ვინც მიდის, ხშირად მზაკვრობა, მლიქვნელობა, თვალთმაქცობა და სიცრუე სჭირდება სასურველი შედეგის მისაღწევად. ხოლო მორწმუნე ქრისტიანს, როცა ის შინაგანი კაცის მხედველ მეფეთა მეფეს მიეახლება, თავმდაბალი აზრები და ოქროზე მეტად ძვირფასი სულის სიწრფელე უნდა ამკობდეს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •