efrem arizoneli 7

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – ზეცაში ადამიანი განიღმრთობა

ახლა, გაზაფხულზე, როცა ბუნება უმშვენიერესი სამოსით იმოსება, თუკი ამის შესაფერისი სულიერი მდგომარეობაც გვაქვს, გამოუთქმელი სიამოვნება გვეუფლება. ღმერთმა ჭეშმარიტად ყოველივე სიბრძნით შექმნა! სული ვერ ძღება ბუნების მშვენიერების ხილვით. თუ ადამიანი გონებას დედამიწიდან ზეციურ იერუსალიმში, სამოთხის გასაოცარ მშვენიერებამდე აამაღლებს, შეზღუდული მიწიერი გონება იქ მოქმედებას შეწყვეტს.

თუკი აქ, ექსორიაში, გოდებისა და წყევის ქვეყანაში, ღმერთმა ასეთი სილამაზით ტკბობის საშუალება მოგვცა, რაღა იქნება იქ, სადაც თავად ქრისტე მკვიდრობს? ჭეშმარიტად ”ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა!” და ბედნიერებისა.

ზეცაში, შვილო, ადამიანი განიღმრთობა. იქ ქრისტე ყოველგვარ ცრემლს, ურვას, ტკივილსა და სულთქმას მოგვაცილებს, რადგან ზეცა ანგელოზებრივი მოქალქეობის საუფლოა, სადაც ძირითადი საქმე სულიერ ჰიმნთა გალობაა!

იქ საუკუნო განსვენებაა! ჩვენს მამასთან, ღმერთთან ერთად იქ სიხარული გველის. ის ელოდება, როდის ვიქნებით მზად, რომ სამუდამოდ თავისთან გვიხმოს! იქ ყველა ცხონებული სული უსაზღვრო სიყვარულით, სიტკბოებით, სიხარულითა და განცვიფრებით იცხოვრებს.

თავი აიძულეთ. აჰა, დიდი მარხვის დროც დადგა. მაგრამ ახლა, დიდ მარხვაში ხორციელზე მეტად ენის, გონების, გულის, გრძნობების მარხვას უნდა  მივაქციოთყურადღება.
მოდით, ასეთი მარხვის გზით შინაგანად განვიწმინდოთ, რადგან იქ ბუდობენ სულიერი გველები. ისინი ჩვენს სულს, სულიერ ცხოვრებას გესლავენ და სულიერ ძალას მოაკვდინებენ, ამიტომ ჩვენი შინაგანი გამოსწორება და ფერისცვალება შეუძლებელი ხდება.

ახლა, დიდ მარხვაში, განსაკუთრებით აიძულეთ თავი, სიჯიუტე გამოიჩინეთ. თავის იძულებისთვის ეს სიჯიუტე წმინდაა და არა ეგოისტური. ნახავთ, რამდენ სულიერ სარგებელს მიიღებთ. იმისთვის კი, რომ შედარებით დაცხრეს ვნებები და თავი ავარიდოთ ზოგ ცოდვას, სიჯიუტით ვუპასუხოთ ეშმაკის სიჯიუტეს, რომელიც მუდამ ერთი და იმავე ცოდვით დაგვცემს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ