აუცილებელია, რომ გაღვიძებისთანავე ყურადღებით ვიყოთ. ბოროტმა იცის, რომ ადამიანი ლოცვისთვის აპირებს ადგომას და წინდაწინ ემზადება. როგორც კი გაიღვიძებს ეგრევე ცდილობს, რომ აზრებით და გულისთქმებით დატვირთოს, წარმოუსახოს სხვადასხვა ცხოვრებისეული საგნები და მოვლენები, რათა დაუბნელოს გონება ამ წარმოსახვებით, დააკარგვინოს სისუფთავე და ხელი შეუშალოს ლოცვაში. ამიტომაც, როგორც კი თვალს გავახელთ, მყისვე მოვუხმოთ ქრისტეს მოუკლებლად: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”, შემდეგ დავიბანოთ ხელ-პირი, რათა მეტად გამოვფხიზლდეთ.
პირველ რიგში დავჯდეთ დაბალ სკამზე, დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებასა და გარდაცვალებაზე, თუ როგორ გაეყრება სული სხეულს, როგორ შეხვდება უმაღლეს მსაჯულს – ქრისტეს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი კი არ უნდა წარმოვისახოთ, არამედ ჩვენთვის გონებაში სიტყვიერად გავიაზროთ და გონებით ჩავწვდეთ ამ სიტყვების არსს. ამის შემდეგ, როდესაც გული დამდაბლდება და შეიმუსრება, მივმართოთ გონიერი ლოცვის პრაქტიკულ მეთოდს.
დაე განაგდოს გონებამ ნებისმიერი აზრი და წარმოსახვა და მიმართოს ყურადღება გულში, ჩასუნთქვისას წარმოვთქვათ ”უფალო იესუ ქრისტე” და ამოსუნთქვისას – ”შემიწყალე მე”, გონება ამ დროს არ განეშოროს გულს და იდგეს იქ ყურადღებით! არავითარ შემთხვევაში არ მივიღოთ არანაირი აზრი და წარმოსახვა. დროთა განმავლობაში, დიდი ღვაწლისა და შრომის შემდეგ, როცა უფალი ინებებს, გონება განიწმინდება და გულში სიმშვიდე დაისადგურებს, ადამიანი იგრძნობს, რომ რაღაც ზეცისკენ ექაჩება. სად? ქრისტესთან შესახვედრად! სულიერი მაგნიტი მას ზეცისკენ მიიზიდავს, ღმერთთან უფრო ახლო ურთიერთობისკენ.
ეს მდგომარეობა ჰგავს დიდი ხნით განშორებული ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანის შეხვედრას, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში იყვნენ და ერთმანეთის ნახვისგან გამოწვევული უზომო სიხარულისგან ცრემლი სდით და გულში დიდ სიყვარულს გრძნობენ. ასევეა, როდესაც გონება და გული ხვდება და უერთდება ქრისტეს: ცრემლები გდის არამიწიერი სიხარულისგან და ენა ვერ გამოთქვამს, თუ რას გრძნობს ამ დროს გული. ეს ყველაფერი გონიერი ლოცვის პრაქტიკული მეთოდის ნაყოფია.რქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი
ლოცვის დროს საიდუმლოება აღესრულება. როგორ შეიძლება, რომ ლოცვა საიდუმლოება არ იყოს? როდესაც ჭეშმარიტი ლოცვისას სიყვარულს ვგრძნობთ და სული საიდუმლოებრივად ურთიერთობს ღმერთთან. ამიტომაც ლოცვისთვის დიდი ყურადღებით უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ გულსა და გონებას, რათა ქრისტესთან ურთიერთობისთვის გამოყოფილი დრო რაც შეიძლება ნაყოფიერი იყოს.
წმინდა ისააკ ასური ამბობს, რომ უფალი აუცილებლად მოგვივლენს მადლს, თუკი ყველაფრისთვის წინასწარ მოვემზადებით. წმინდა მოღვაწე კიდევ ამბობს: ”ღმერთზეა დამოკიდებული მოგცემს თუ არა თავის მადლს, მაგრამ შენ, ადამიანო, ვალდებული ხარ, რომ მოემზადო”. ხშირად ხდება, რომ ადამიანი სათანადოდ ემზადება, მაგრამ მადლს ვერ გრძნობს, რაც იმიტომ ხდება, რომ მლოცველმა გაიაზროს ის, რომ ღმერთი მხოლოდ მაშინ ეწვევა მას, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის. ადამიანი მზად უნდა იყოს, მისი სულის ჭურჭელი თავისუფალი, სუფთა, ღია და დაელოდოს, თუ როდის ინებებს უფალი მასთან მისვლას.
ამიტომაც, მთელი ჩვენი ცხოვრების წესი აუცილებლად იქითკენ უნდა იყოს მიმართული და იმგვარად მოწყობილი, რომ ლოცვამ ჩვენში ფესვი გაიდგას. ამიტომაც, დღის განმავლობაში არ უნდა დავკავდეთ ამაო საქმეებით, არამედ იესუს ლოცვის თანხლებით ვაკეთოთ ის საქმე, რაც ვალდებულებით გვაკისრია. საქმიანობის დროს ლოცვას, ხმამაღლა, ან ჩურჩულით, თუნდაც გონებაში წარმოთქმას დიდი ნაყოფი გამოაქვს და ემსახურება უდიდეს, მთავარ მიზანს – დაგვეხმაროს და მოგვამზადოს ღამე ლოცვისთვის. ამიტომაც, საჭიროა დღის განმავლობაში რაც შეიძლება მოუკლებლად ვილოცოთ, ყურადღებით ვიყოთ ჩვენი ხუთი გრძნობისადმი და განსაკუთრებით კი – ენისადმი.