efrem vatopedeli 1

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი – როგორ ვებრძოლოთ გულისთქმებს

გულისთქმებს სულიერი სიფხიზლითა და ლოცვით „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“ უნდა ვებრძოლოთ. წმიდა იოანე სინელი „კიბე ანუ კლემაქსში“ შემდეგზე ამახვილებს ყურადღებას „იესუ ქრისტეს სახელით მუსრი გაავლო მოწინააღმდეგეებს“. მოწინააღმდეგეები კი ჩვენი ვნებანია, ხოლო ცოდვილი გულისთქმები კი – დემონები. თუკი, ეს ლოცვა თვითშთაგონებითა და გულის ტკივილით იქნება წარმოთქმული, არ არსებობს მასზე უფრო მეტი შედეგის მომცემი სხვა ხერხი.

თუკი ვხედავთ, რომ რომელიმე გულისთქმა ჯიუტობს და ჩვენი მცდელობისა და ლოცვის მიუხედავად, მოსვენებას არ გვაძლევს, მაშინ კარგი იქნება, რომ ეს გულისთქმა აღსარებაში ვთქვათ. აღსარება რეალური თავმდაბლობაა, ხოლო უფალი „მდაბალთა მოსცის მადლი“ (იაკ. 4,6). სირცხვილი, რომელიც აღსარების დროს ამ ცოდვილი გულისთქმის გამო გვეუფლება ჩვენი სულიერი მოძღვრის წინაშე, ჩვენ უფლის წინაშე გაგვამართლებს, ღმერთი ჩვენ გაგვანთავისუფლებს ცოდვილი გულისთქმების ვნების ენერგიისაგან.

ასევე ძალიან კარგია, თუმცა ამას დიდი მონდომება სჭირდება, რომ გავამრავლოთ კეთილი გულისთქმები, ხოლო ცოდვილი ადამიანები კი დავიცვათ ბოროტი გულისთქმებისაგან.
როდესაც უგულვებელვყობთ იმ ბოროტ გულისთქმების, რომელთაც ჩვენში ეშმაკი თესავს, იგივე ეშმაკს გულზე გავხეთქავთ და ვაიძულებთ, რომ გაიქცეს, რადგან ეშმაკი ამაყია, მას სურს, რომ იზრუნონ მასზე, მასთან ერთად იმოქმედონ და სულაც არ უყვარს, როდესაც მის მიმართ ზიზღს განიცდიან (მას უგულებელოფენ).

თუკი, შეგიძლიათ ამგვარად იმოქმედოთ, ეს გზა ყველაზე უფრო ნაკლებ მსხვერპლს მოითხოვს, როგორც ამას წმიდა პორფირი კავსოკალივიელი ამბობდა. შევევედროთ უფალს, რომ მოგვმადლოს მშვიდობა, სიხარული, იესუ ქრისტეს სიყვარული და ყურადღებას ნუ მივაქცევთ ჩვენს ბიწიერ თავს, ჩვენს ვნებებსა და ცოდვილ გულისთქმებს. დაე, მთელი ჩვენი სახე, მთელი ჩვენი არსი, იესუ ქრისტესკენ მივაბრუნოთ და ვითხოვოთ მისი სახე, მისი წყალობა. ამგვარად, ნელ-ნელა, ისე, რომ თავადაც ვერ მივხვდებით, განვიწმინდებით, გაგვშორდება თავისი სურვილებითა და ფიქრებით ის ძველი ადამიანი, რომელიც გვაწუხებდა და შევიმოსებით ახლით, „ღმრთისა მიერ დაბადებული სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაჲთა“ (ეფესელთა მიმართ ეპ. 4, 24).

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •