1

გონიერი ლოცვა და ერის ადამიანი – წმინდა თეოფანე დაყუდებული

ვისაც შინაგანი გონიერი ლოცვა არ გააჩნია, მას არანაირი ლოცვა არ გააჩნია, რამეთუ მხოლოდ გონიერი ლოცვა არის ნამდვილი ლოცვა, – ღმრთისათვის სათნო და შესაწყნარებელი. ის უნდა შეადგენდეს საშინაო და საეკლესიო ლოცვების სულს, ხოლო როცა ეს ასე არ არის, მაშინ ლოცვებს მხოლოდ სახე აქვს ლოცვისა და არა – არსი. რა არის ლოცვა? ეს არის გონებისა და გულის ღმრთისადმი აღვლენა, ღმერთის დიდებისმეტყველება, მადლიერება და გამოთხოვა მისგან სულიერი და ხორციელი სახის საჭირო სიკეთეებისა; ე.ი ლოცვა არის ღმერთთან გონიერი აღმასვლა გულიდან. გონება დგება გულში შეგნებულად ქრისტეს წინაშე და ივსება რა სათანადო კეთილკრძალულებით, იწყებს მის წინაშე თავისი გულისნადების გამხელას. და აი, უკვე, სახეზეა გონიერი ლოცვა! მაგრამ ასეთივე უნდა იყოს ყოველგვარი ლოცვაც.

გონიერ ლოცვას ვერავინ აუვლის გვერდს, – ის ყველას სჭირდება. ლოცვით რომ ღმერთთან არ აღვიდეთ, – ჩვენ ეს არ შეგვიძლია, რამეთუ ჩვენი სულიერი ბუნება ამას მოითხოვს. ხოლო ღმერთთან აღსვლას ჩვენ სხვანაირად ვერ შევძლებთ, თუ არა გონიერი ღვაწლით.

არსებობს გონიერი ლოცვა სიტყვიერი ანუ გარეგნული ლოცვის პირობებში – სახლში ან ეკლესიაში; და არსებობს ლოცვა თავისთავადი, ყოველგვარი გარეგანი ფორმის ანუ სხეულებრივი მდგომარეობისგან დამოუკიდებელი. თუმცა, საქმის არსი იქაც და აქაც ერთი და იგივეა. როგორც ერთი ისე მეორე სახით, ის აუცილებელია ერისკაცთათვისაც. მაცხოვარმა მცნებად დაგვიდო – შევიდეთ ჩვენს სენაკში და ვილოცოთ იქ  ზეციური მამის წინაშე. ეს სენაკი, როგორც მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი განმარტავს, გულს ნიშნავს. შესაბამისად, უფლის მცნება გვავალდებულებს ფარულად ვილოცოთ გონებით გული ქრისტეს წინაშე. ეს მცნება ყველა ქრისტიანზე ვრცელდება.

რას გვაძლევს მცნებად პავლე მოციქული, როდესაც ამბობს: ,,ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა’’(ეფ.6:18)? გვამცნებს გონიერ(სულიერ) ლოცვას და ამცნებს ყველა ქრისტიანს, განურჩევლად. იგი ყველა ქრისტიანს ეუბნება, აგრეთვე: ,,მოუკლებლად ილოცევდით’’(1.თეს. 5:17). მოუკლებელი ლოცვა კი შეუძლებელია, თუ არა გონიერი ლოცვით გულში. ამგვარად, არ შეიძლება ვიდავოთ, რომ გონიერი ლოცვა აუცილებელია ყველა ქრისტიანისათვის. ხოლო, რაკი აუცილებელია, მაშინ არ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს თითქმის შეუძლებელია: რადგან შეუძლებელს ღმერთი არ დაგვავალებს. ძნელი რომ არის, ეს მართალია, მაგრამ შეუძლებელიაო, რომ ვთქვათ, – ეს უსამართლობა იქნება. საერთოდ, ყველაფერი კარგი ხომ ძნელია; მით უმეტეს ასეთი უნდა იყოს ლოცვა – ჩვენთვის ყოველგვარი სიკეთის წყარო და ყოველგვარ სიკეთეში ერთგული დასაყრდენი.

მავანი იკითხავს: ეს როგორ უნდა აღვასრულოთ? ძალიან უბრალოდ: მოიხვეჭე ღმრთის მოშიშება; ის, როგორც გრძნობა, მიიპყრობს ყურადღებასა და ცნობიერებას გულისკენ, ხოლო, როგორც შიში, აიძულებს ყურადღებასა და ცნობიერებას კეთილკრძალულად იდგნენ გულში ქრისტეს წინაშე. აი, გონიერი წარდგომა ღმერთთან, – აი, გონიერი ლოცვა! ვიდრე გულში ღმრთის შიში არსებობს, მანამდე ცოცხალი ღმერთის წინაშე გონიერი დგომა არ მიატოვებს გულს. აი, ყოვლისმოქმედი საშუალება გონიერი ლოცვისთვის! მაგრამ, როგორო, იტყვის მავანი: საქმეები რომ ყურადღებას გვიფანტავს?! არ გაგეფანტება; მოიპოვე მხოლოდ ღმრთის შიში!

ღმრთის წინაშე გონიერ წარდგომას, ანუ ღმრთის ხსოვნას, ხელს უშლის არა ზოგადი საქმეები, არამედ უქი და ცუდი საქმეები. განეშორე უქმსა და ცუდს, დაიტოვე მხოლოდ სავალდებულო, – არა საერო გაგებით, არამედ სახარებისეულად სავალდებულო, და დაინახავ, რომ ასეთი ვალდებულების აღსრულება არამცთუ არ განგაშორებს ღმერთს, პირიქით, მისკენ მიმართავს გონებაა და გულს. ერთიც და მეორეც(სახარებისეული ვალდებულებანი და ლოცვა) ერთ სფეროს, ერთი სახის სათნოებებს განეკუთვნება და ორივე ერთნაირ სულიერ მოწყობას მოითხოვს.

რაც არ უნდა გააკეთო ამ სფეროდან, ყოველთვის ღმერთს უნდა მიმართო, რათა დახმარებაც ითხოვო და თვით საქმეც მას მიუძღვნა მისსავე სადიდებლად. დილით გაღვიძებისთანავე, მტკიცედ დადექი გულში ქრისტეს წინაშე შენი ლოცვით და შემდეგ წადი ღმრთისაგან განსაზღვრულ შენს საქმეზე ისე, რომ არ მოწყვიტო მისგან გრძნობა და ცნობიერება. არასწორად იგებენ გონიერ ლოცვას, როდესაც ფიქრობენ, რომ ამისთვის საჭიროა, იჯდე სადმე ფარულად და ამგვარად ჭვრეტდე ღმერთს. სრულებითაც არ არის ამისთვის საჭირო სადმე დაიმალო, გარდა შენი გულისა, და იქ დამდგარმა ჭვრიტო უფალი შენს წინაშე.

ამბობენ: გონიერი ლოცვის ჩამოყალიბებას ემსახურება განმარტოება, მაგრამ ერისკაცებისთვის რამდენად არის შესაძლებელი განმარტოება, როდესაც მათ მუდმივად აქვთ საქმეები და ხალხთან ურთიერთობა? გამოდის, გონიერ ლოცვასაც ისინი, თითქოსდა, ვერასდროს მიაღწევენ. ის მართალია, რომ გონიერი ლოცვისთვის განმარტოება არის საჭირო, მაგრამ არსებობს ორი სახის განმარტოება: ერთია, სრული, მუდმივი, როდესაც ვინმე უდაბნოში მიდის და იქ განკერძოებულად ცხოვრობს; მეორე – კერძო სახის, რომელსაც დროდადრო აქვს ადგილი. პირველი მართლაც არ შეეფერება ერიკაცებს, მეორე კი მათთვისაც არის შესაძლებელი და ბევრი ფლობს კიდეც მას.

ყველას აქვს ყოველდღიურად გარკვეული დრო იმისათვის, რომ განმარტოვდეს და ამისათვის განსაკუთრებული მონდომება სრულებითაც არ არის საჭირო. აი, ეს განმარტოების დრო შეგიძლია დაუთმო გონიერი ლოცვის შესწავლას, მის განმტკიცებასა და სიცოცხლისუნარიანობას. შესაბამისად, ვერავინ გაიმართლებს თავს იმით, რომ თავისი ცხოვრების მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გააჩნია გონიერი ლოცვისთვის შესაფერისი დრო და ადგილი. როგორც კი მოიხელთებ შესაფერის დროს, მაშინვე ჩაუღრმავდი საკუთარ თავს. დაუტევე ყველა საზრუნავი, დადექი გონებით გულში ქრისტეს წინაშე და გაუხსენი მას შენი გული;

გარეგანის გარდა არსებობს კიდევ შინაგანი განმარტოება. გარეთ – ჩვეულებრივი დინებაა ადამიანური საქმეებისა; თუმცა, ამასთანავე, ზოგიერთი ზის მარტოდ თავისთვის გულში და ყურადღებას არაფერს აქცევს. ყველას გამოუცდია, როცა ვინმეს გული სტკივა რაღაცის გამო, მაშინ მას, თუნდაც ძალიან მხიარულ და მრავლისმოლაპარაკე საზოგადოებაში იყოს, არაფერი ესმის და ვერაფერს ამჩნევს. ის იქ, თავის გულთან ზის თავისი ტკივილით. ეს ყველამ იცის საკუთარი გამოცდილებით.

თუკი ასე ხდება ყოფიერი ცხოვრების საქმეებთან მიმართებით, რატომ არ შეიძლება, რომ ამი მსგავსს ადგილი ჰქონდეს სულიერ ცხოვრებაშიც? აქაც არის ტკივილები, რამელნიც გაცილებით ძლიერი და სიღრმისეულია, ვიდრე ყოფიერი ცხოვრების ტკივილები. როდესაც ვინმეს გულში ამ სახის ტკივილი მოიკიდებს ფეხს, მაშინ რა ძალას შეუძლია, გამოიყვანოს მისი ცნობიერება გულის განმარტოებული მდგომარეობიდან? შესაბამისად, საკმარისია, ამ სახის ტკივილი შეიძინო, რომ განმარტოვდე და განკერძოებულად დაჰყო; და ამისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო.

განაცხოველე შენში ღმრთის შიში, – და დაიწყება ყველაზე შემმუსვრელი ტკივილები, რომლებიც მიაჯაჭვებენ ყურადღებასა და გრძნობას კეთილ ნაწილს, ანუ იმაზე ფიქრს, თუ როგორები მივალთ და წარვსდგებით ქრისტეს წინაშე, – აი, ესეც განმარტოება! კიდევ ერთი გაურკვევლობა იჩენს ხოლმე თავს: გონიერი ლოცვის ღვაწლში უნდა გვყავდეს ხელმძღვანელი; სად უნდა იპოვოს ის ერისკაცმა? იქვე, ერში – სულიერ მამებს შორის, და ერისკაცებს შორისაც. თუმცა, მართალია, რომ სულ უფრო იშვიათად გვხვდება ასეთი პირები, რომლებიც კეთილსაიმედონი იქნებოდნენ სულიერ ცხოვრებაში რჩევის საკითხავად, თუმცა ისინი მაინც არიან და ყოველთვის იქნებიან, და მსურველი ყოველთვის იპოვის მათ ღმრთის შეწევნით.

სულიერი ცხოვრება საღმრთო ცხოვრებაა; ღმერთი განსაკუთრებულად ზრუნავს იმათზე, ვინც მას(ღმერთს) ეძებს. იყავ მოშურნე და ყოველივე კეთილსასარგებლოს იპოვი შენს მახლობლად. ასე რომ, უნდათ თუ არ უნდათ, ერისკაცები ვერაფრით გაიმართლებენ თავს, თუკი გონიერ ლოცვას თავს აარიდებენ; სჯობს, ისწავლონ და დაიწყონ ეს ლოცვა.


წიგნიდან: ,,მოიხმე სახელი ჩემი’’ – საუბრები ამბასა და საერო მღვდელს შორის იესუს ლოცვის შესახებ. ნაწილი მეორე. გამომცემლობა ,,ალილო’’. თბილისი. 2013 წელი.

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©