Untitled Artwork 1

ეცადე ყოველ წამს იესუს ლოცვით ისუნთქო- წმინდა ამფილოქე პატმოსელი (მაკრისი)

დარიგებები 

როდესაც სულიერად დაღლილ ადამიანს შეხვდები, აღარ დაუმატო სხვა სიმძიმე, რადგანაც ის ასეთ ტვირთს ვეღარ გაუძლებს. ჩვენ მადლმოსილი ადამიანები უნდა ვიყოთ, რათა ჩვენს სიახლოვეს ყველა სულიერად ისვენებდეს.

***
ადამიანს, რომელიც ქრისტეს გარეშე ცხოვრობს, ყველაფერი რთული და გაუგებარი ეჩვენება.

***
თუ ლოცვაში ვიშრომებთ, მაშინ განსაცდელების აღარ შეგვეშინდება, მათი ძალა შესუსტდება და ვეღარ დაგვაზიანებს.

***
ქრისტე მუდამ შენი გულის კართან დგას და რეკს. შენც ზოგჯერ შენი სულის სახლის სასტუმრო ოთახში პატიჟებ, მაგრამ მრავალ საზრუნავში დანთქმულს, ეს დიადი სტუმარი გავიწყდება. ის უცდის, შენს გამოჩენას და შენთან ურთიერთობას, მაგრამ როდესაც უკვე ძალიან იგვიანებ, დგება და მიდის. ზოგჯერაც იმდენად დაკავებული ხარ, რომ ფანჯრიდან პასუხობ და იმის დროც არ გაქვს, რომ კარი გაუღო.

***

შვილო, შეიყვარე სტუმართმოყვარეობა, რადგან ის ქრისტეს სასუფევლის კარს გაგიხსნის. თუ სტუმართმოყვარე იქნები, შეიძლება ანგელოზთა მიღების ღირსი გახდე. ეს უდიდესი სათნოებაა და სულიწმიდის მადლს მოიზიდავს ადამიანის გულში. შვილო, მე თითოეულ სტუმარში თავად ქრისტეს ვხედავ.

***
რამდენადაც ძლიერად უყვარს ადამიანს ქრისტე, იმდენად უყვარს მას სხვა ადამიანიც. მას მოყვასში არსებული ღმრთის ხატება უყვარს და პატივისცემით და სიფაქიზით ექცევა მას.
ის, ვისაც სულიერი სიყვარული გააჩნია, ლოცვისას შეიგრძნობს ქრისტესთან და მოყვასთან ერთობას. ის წუხს, როდესაც ხედავს, რომ მისი ძმა სულიერად არ ცხოვრობს და გულმხურვალედ ლოცულობს მისი გადარჩენისთვის.

***
თუ ადამიანს არ აქვს შინაგანი სითბო, გარეთ ზაფხულის სიცხეც რომ იდგეს, ის შინაგანად იყინება და ყინულით იფარება.

***

თუ ჩვენს გულში ქრისტე არ მკვიდრობს, მაშინ მის ადგილს ფული, ქონება და სხვა ადამიანები იკავებენ.

***
ადამიანებს რამდენი ნაკლოვანებაც არ უნდა ჰქონდეთ, ყველანი საკუთარ თავზე აღმატებულად მივიჩნიოთ. გამოვიჩინოთ სიფაქიზე და გვახსოვდეს, რომ ყველას ერთი მიზანი გვაქვს – ქრისტე.

***
ის ორი ფრთა, რომელიც ადამიანს ამასოფლისგან აღამაღლებს – სიწმინდე და გულის უბრალოებაა. უნდა იყო უბრალო და გულწრფელი შენს საქმეებში და წმინდა და სუფთა შენს გრძნობებსა და აზრებში.
განწმენდილი გულით შენ ქრისტეს მთელი არსებით ძიებას დაიწყებ, ხოლო უბრალოებით იპოვი მას და გამოუთქმელი სიხარულით გაიხარებ. სუფთა გული ადვილად შედის სასუფევლში.

***

მოყვასის დასაცავად წარმოთქმული ერთი სიტყვითაც კი შეიძლება, რომ სასუფევლის მკვიდრი გახდე. როდესაც გაღიზიანებულ ადამიანს ვხედავ, ვცდილობ არ მოვუსმინო მის სიტყვებს და ვლოცულობ, რომ უფალმა სიმშვიდე მიჰგვაროს. ამიტომაც, მის ნათქვამი მწარე სიტყვები გულთან ახლოს არ მიმაქვს და მის დამშვიდებას ვუცდი, რათა დაველაპარაკო და უკეთ გააცნობიეროს თავისი შეცდომა. უძლურია ის ადამიანი, ვინც ყვირის.

***
ქრისტესთან სულიერი კავშირი ადამიანს სრულიად გარდაქმნის. ქრება შიში და ეჭვები. ადამიანს აღარ ეშინია სიკვდილის. მიწიერსა და წარმავალს არასდროს მიანიჭოთ ზედმეტი მნიშვნელობა. მხოლოდ თქვენს გულში ქრისტესთან ერთობაზე იზრუნეთ!

***
ხშირად ეზიარეთ, გულმხურვალედ ილოცეთ, მოითმინეთ და იხილავთ ქრისტეს, რომელიც მუდამ თქვენს გვერდითაა და განგამტკიცებთ.

წერილი მარიას

ახლა ხარების მონასტერში ვიმყოფები. ღამეა და დები ღამისთევისთვის ემზადებიან, როგორც იცი, შაბათს ყოველთვის ღამისთევა გვაქვს, ხოლო ლიტურგია დილით აღესრულება.

ხმამაღალი, სუსხიანი ქარი თითქოს იმის გამო აჯანყებულა, რომ ჩვენ ის გარეთ ჩავკეტეთ და კარი მოვუხურეთ. ზღვა კი… ზღვაც შემოგვჩივლებს, რადგან ზამთრის ქარი მთელი ძალებით ახეთქებს ხმელეთს. შავი ღრუბლებიდან მომდინარე წვიმა თითქოს ცდილობს როგორმე დაამშვიდოს და სძლიოს ამ ქარიშხალს, რათა დაწყნარდეს ზღვის მღელვარებაც. ადამიანთაგანაც ზოგნი მღერიან და ცეკვავენ გასართობ ადგილებსა და რესტორნებში, ზოგნიც ტირიან და ტკივილისა და მწუხარების ცხარე ცრემლს ღვრიან საყვარელი ადამიანის გარდაცვალების გამო.

ამ დროს, ძალიან ცოტა თუ დგას ტაძარში მუხლმოყრილი და თავის ზეციურ მამას განადიდებს. არ აქცევს ყურადღებას ბუნებაში გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ომს, რადგან ყოველთვის პირველ რიგში იმას ცდილობს, რომ მხოლოდ თავის მეფესთან –ქრისტესთან ურთიერთობაზე იყოს კონცენტრირებული და მშვიდად აღიქვას ყოველგვარი შინაგანი თუ გარეგანი ქარიშხალი.

ქრისტეს ეს მცირე მხედრობა არა მხოლოდ მამაკაცებისგან, არამედ ქალებისგან, ახალგაზრდებისგანაც შედგება. „ნაზარეველის სრულად შეიარაღებული“ ეს მხედრობა, სადაც თავისი მეფე – ქრისტე მიდის, მუდამ მას მიჰყვება ერთგულად.

საბერძნეთშიც ცოტანი ვართ. გაფანტულნი ვართ ზოგი საბერძნეთის დიდ კუნძულზე, ზოგიც კი პატმოსის მსგავს პატარა, მიკროსკოპულ კუნძულებზე, სადაც აგერ უკვე მრავალი წელია, არა მხოლოდ დღისით, არამედ ღამითაც არ შეწყვეტილა ქრისტესთან საუბარი.

ბედნიერია ის, ვის გულშიც ქრისტეა. სულ, რომ შიშველ კლდეზე უღარიბეს მდგომარეობაში ცხოვრობდეს. ამ ყველაფერზე მეფიქრებოდა და მომინდა, რომ შენთვის გამეზიარებინა…

დედა ნიკას

დაო ნიკა, გიხაროდენ უფლისა მიერ.

როგორ მიდის ქრისტესთან ურთიერთობა? უკვე შემოვიდა შენს გულში, თუ ჯერ კიდევ გარეთ დგას? არ დევნო დაწყლულებული ქრისტე და არც მისი მტრების ცილისწამებას ენდო. მიიღე ის შენი გულის სახლში ლუკას და კლეოპას მსგავსად. მოუმზადე მას სერობა და მასთან ერთად დაჯექი. მხოლოდ ასე განიწმენდ შენს „მეს“. დღეები გადის, სხეული სუსტდება და ქრისტეს მოთმინებით გველოდება. ძალიან გამიხარდება, თუკი შენი გულიდან ქრისტეს ხმას გავიგებ როდესაც პირისპირ გიხილავ.

ქრისტეში შენი ძმა ამფილოქე.

***
გული – ქრისტეს სამკვიდრებელია

იცით, რამდენად ხშირად ვფიქრობ თქვენზე და როგორ მიყვარხართ? ყურადღებით იფხიზლეთ თქვენს გულზე, რადგან იქ ქრისტე ცხოვრობს. მტვერსა და ნაგავს არ მისცეთ იმის საშუალება, რომ თქვენი გულის სენაკი დააბინძუროს. ვლოცულობ, რომ თქვენში ქრისტეს სამკვიდრებელი მუდამ სუფთა და წმინდა იყოს.

***
გამოიკვლიე საკუთარი თავი

შვილებო, მუდამ, ყოველ წამს, ყოველ დღე, ყოველ კვირა, ვიფხიზლოთ და გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი. შევხედოთ თუ სად დავეცით, რათა მალევე გამოვსწორდეთ. ხშირად ჩვენი უყურადღებობისა და ეშმაკის მზაკვრობის გამო, რომელიც მუდამ ჩასაფრებულია და ჩვენი შრომის წყალში ჩაყრა სწყურია, (მას ამის გაკეთება სასაცილო დეტალის გამოყენებითაც კი შეუძლია), ვკარგავთ ყველაფერს, რაც დიდი ძალისხმევის შედეგად შეგვიძენია. ვიშრომოთ, რათა ერთხელაც, ჩვენთვის მოულოდნელად, ჩვენს ზეციურ სამშობლოში აღმოვჩნდეთ. რას ვიხილავთ იქ?! მიწიერისგან როგორი განსხვავებული იქნება ყველაფერი! გავიხსენებთ ჩვენს მიწიერ ცხოვრებას და ვიტყვით: როგორი უგუნურები ვიყავით, რომ არ გვყოფნიდა მოთმინება!

გონიერი ლოცვის შესახებ

გონიერი ლოცვა არის სრულყოფილების საფუძველი. მის მიერ აღივსო სასუფეველი წმინდანებით. ვევედრები ღმერთს, რომ მოგმადლოთ ეს ნიჭი, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია ღმრთისგან. როდესაც ადამიანი გიყვარს, სულ მასზე ფიქრი და მასთან საუბარი გსურს. ასევე ის სული, რომელსაც ღმერთი უყვარს, მოუკლებლად, დღე და ღამე მასზე ფიქრობს. გონიერი ლოცვა განგვწმენდს შვილო! როდესაც სულში ლოცვის ცეცხლი აღენთება, მაშინ ყველაფერი ამაო დაიფერფლება და გაქრება. სულიერი აღმავლობის პირველი საფეხური გონიერი ლოცვაა. ლოცვითი ღვაწლის ბოლოს, როგორც ნაყოფი, მოდის ცრემლები, რადგანაც სული გრძნობს თავის თავში ღმერთის მყოფობას.

***
ეგოისტი ადამიანი არავის იზიდავს, თუ ვინმე დაუახლოვდა მალევე განეშორება მას.
ლოცვის მეშვეობით სული ფაქიზდება. თანდათანობით განვიცდით ცოცხალი ქრისტეს მყოფობას ჩვენში და ჩვენს გარშემო. ილოცე და მოვა დრო, როდესაც შენი გული სიხარულით შეკრთება, როგორც საყვარელი ადამიანის შეხვედრისას. ლოცვის მეშვეობით ადამიანი ბავშვს ემსგავსება. ის აბრუნებს ადამიანს იმ უბრალოებაში, რაც დაცემამდე ჰქონდა ადამს და ასევე ურწმუნოებისთვის მიუწვდომელ წმინდა სიმდაბლეს იძენს. ლოცვის მეშვეობით განიწმინდება ის ადგილი, სადაც ცხოვრობ და ის საქმე, რომელსაც აკეთებ. ღმერთთან სულიერი ერთობა გარდაქმის ადამიანს. ასეთ დროს ქრება სიკვდილის შიში, ამიტომ ეცადე ყოველ წამს იესოს ლოცვით ისუნთქო.

***
გამარჯვება ყოველთვის შენს მხარეს იქნება თუკი მოინდომებ და ჩვენი მეფის – ქრისტეს ერთგული იქნები. მხოლოდ ერთი რამ გინდოდეს – იესოს ლოცვის საშუალებით ქრისტესთან მუდმივი ურთიერთობა. მხოლოდ ლოცვა დაგვაახლოვებს ქრისტესთან და ბოროტის ყველა შემოტევა მალევე დაირღვევა. ლოცვა და ყურადღება ადამიანის სულის ორი ფრთაა.
იმისთვის, რომ ლოცვამ შედეგი გამოიღოს, აუცილებლად სხვა სათნოებებთანაც იყოს დაკავშირებული, როგორიცაა: ყურადღება, შრომა, სიმდაბლე და სიყვარული. ეცადე, რომ დრო დაუთმო ლოცვას და შრომას, იმისთვის, რომ ქრისტე დამკვიდრდეს შენს გულში.

***
სულიერი ცხოვრება – უსაზღვრო სიხარული და სიტკბოებაა… ამ დროს დაფრინავ, სულით ხილული საყმაროს მიღმა გადიხარ, არაფერზე ზრუნავ, არაფერს გეგმავ, არაფერზე ნერვიულობ. ვემსგავსებით ბავშვებს – ქრისტე ჩვენს გულშია დამკვიდრებული.
გთხოვ, პრაქტიკაში გამოსცადე ეს მცნება: ქრისტესადმი შენი სიყვარული იმ დონეზე აღზარდე, რომ მისი სახელის ხსენების დროსაც კი ცრემლად იღვრებოდე. შენს გულში ქრისტესმიერი ცეცხლი უნდა ენთოს! მაშინ გახდება ის შენი მასწავლებელი, გზამკვლევი, ძმა, მამა და მოძღვარი.

***
როდესაც ადამიანი წმინდა ზიარების მეშვეობით ქრისტეს შეუერთდება, მაშინ ის ძალიან ყურადღებიანი ხდება საკუთარი სიტყვების, საუბრის მიმართ. მას არ სურს, მეფესთან (ქრისტესთან) საიდუმლო საუბრის შეწყვეტა. როდესაც ვეზიარებით, ჩვენ არა მხოლოდ ძალას ვიღებთ, არამედ ვნათლდებით, ჩვენს წინაშე უსაზღვრო ჰორიზონტი იშლება და განვიცდით ენით გამოუთქმელ სულიერ სიხარულს. განწყობისა და სულიერი ცეცხლის მიხედვით, ყველას სხვადასხვანაირი განცდა აქვს ზიარების შემდეგ. ზოგი გრძნობს – შინაგან სიმსუბუქეს, ზოგი – მხიარულებას, ზოგი – მყუდროებას, სიმშვიდეს. ზოგიც კი – ყველას მიმართ განუზომელ სიყვარულს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ძალიან დაღლილი ვყოფილვარ, მაგრამ ზიარების შემდეგ, მიგრძვნია, რომ დაღლილობა სადღაც გაქრა.

წყარო: https://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©