UTA 9314

ლოცვა და ღმერთთან ურთიერთობა – არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი (ნაწილი 5)

ყველაფრისთვის ვმადლობდეთ

ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ განუწყვეტლივ და ამასთანავე, ვმადლობდეთ უფალს ყველაფრისთვის, რას ჩვენ თავს ხდება. ჩვენ უფალს ვმადლობთ ყოველი სასიხარულო ამბისთვის, მაგრამ, გაცილებით მნიშვნელოვანია ვმადლობდეთ სხვა რამისთვის: ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. მაგალითად, ჩვენ ვლოცულობთ, და გვეჩვენება, რომ უფალს არ ესმის ჩვენი. ვთხოვთ გამოჯანმრთელებას, ავადმყოფობა კი ძლიერდება. რაღაც ნიჭებს ვითხოვთ უფლისაგან, უფალი კი არ გვანიჭებს მათ. ყველაფერი ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ხდება. ადამიანი, რომელიც არ სწავლობს უფლის მადლიერებას ყველაფრისათვის, განსაკუთრებით განსაცდელისას, იოტის ოდენადაც არ შეიცვლება, დარჩება ისეთი, როგორიც დაიბადა. ის ვეღარ წარემატება. უფრო მეტიც, როდესაც ის დედამ შვა, უცოდველი ყრმა იყო, თავისი ბუნებრივი სისპეტაკით, ზრდასრულ, გონებაგახსნილ ადამიანს კი, არ მოეძებნება გამართლება.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ უფლისადმი მადლიერება. მაგალითად, როდესაც ძლიერი ზრახვები გვერბრძვიან, როდესაც ძმამ რაღაც გვითხრა და მისდამი არაკეთილგანწყობა გაგვიჩნდა, მაშინვე მადლობა უნდა შევწიროთ უფალს და ძმას გავუღიმოთ. თუკი ასე არ მოვიქცევით, მცირეოდენითაც ვერ წარვემატებით, რადგან არ ვაიძულებთ საკუთარ თავს. ადამიანები და გარემოებანი, ყოველთვის იქნება სირთულის, ზრახვების, საცდურების და ვნებების წყარო ჩვენთვის.

გამუდმებული ლოცვა და ყოველივე მომხდარისათვის უფლისადმი მადლიერება, საშუალებას გვაძლევს ვიცხოვროთ ისე, როგორც საჭიროა. თუკი ადამიანი არ მადლობს უფალს ყველაფრისათვის, მას არ შეუძლია არც ლოცვა და არც მონასტრული ცხოვრებით ცხოვრება.   ბერს, რაც არ უნდა შეემთხვას მონასტერში და საიდანაც არ უნდა მოვიდეს მასთან განსაცდელი, ის ყველაფრით კმაყოფილი უნდა იყოს. ეს შეიძლება იყოს მისი შინაგანი სამყაროდან გამომდინარე, ან ძმათაგან, ან მტრების, ან დემონების მიერ მოვლენილი. ვთქვათ, რომელიმე ბერს ებრძვიან ზრახვები. ის არ უნდა დაღონდეს, არამედ უხაროდეს და მადლობდეს ღმერთს. მან უნდა უთხრაას დემონს: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა (მათ.4, 10; ლუკ. 4,8), და განდევნოს იგი. თუკი დემონი არ განეშორება, მის მიმართ სრული ზიზღით უნდა განეწყოს და ის ელვის სისწრაფით გაქრება.

მოუკლებელი ლოცვა და მადლიერება ყველაფრისათვის, პარდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი კელიის წესებსა და კანონებზე. ანუ, ბერს შეუძლია წესების აღსრულება მაშინ, თუკი ის მოუკლებელ ლოცვას მიეჩვია. და პირიქით, მოუკლებელ ლოცვა შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მას, ვინც თავის წესებს აღასრულებს. თუკი ბერი უპირატესობას მოუკლებელ ლოცვას მიანიჭებს და უარს იტყვის წესების აღსრულებაზე, დაკარგავს ერთსაც და მეორესაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა დავიმახსოვროთ. სცადე, ორი დღის განმავლობაში მაინც არ შეასრულო კანონები და ნახავ, რომ ამ დღეების განმავლობაში, ერთხელაც არ მოგივა თავში, რომ თქვა: “დიდება შენდა, ღმერთო!”. ეს გახლავთ კანონი [2, 23–25].

ლოცვით კანონთა კითხვის შესახებ

კანონთა აღსრულების ჟამს, თუკი ადამიანურ უძლურებათა გამო ვერ ვახერხებთ ხანგრძლივად ლოცვას, ჩვენ ვკითხულობთ ძველ ან ახალ აღთქმას, წმინდა მამათა თხზულებებს და ფსალმუნებს. თუმცაღა, სინამდვილეში, ეს საათები განკუთვნილია ლოცვისათვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვკითხულობთ არა უბრალოდ რომელიმე წიგნს – არამედ ისეთს, რომელიც აპოხიერებს ჩვენი გულის ნიადაგს, ანათებს გონებას, სიმშვიდეს ანიჭებს სულს და აცოცხლებს ჩვენს ლოცვას. რამეთუ, საქმე არა უბრალოდ იმაშია, რომ ვილოცოთ, არამედ იმაში, რომ ჩვენი ლოცვა იყოს ღვთიური, გულისმიერი ამოძახილი, რომელიც მიაღწევს ზეცას  და შეარყევს მას. შესაბამისად, ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირებთ ლოცვასა და კითხვას იმიტომ, რომ ის გვამზადებს ლოცვისათვის. თუმცაღა, რაც მეტად წაერემატება სული, მით მეტად მცირდება  დრო კითხვისა და იზრდება ლოცვის ხანგრძლივობა. [2, 62–63].

საკუთარი სიტყვებით ლოცვის შესახებ

რატომ არის, რომ საკუთარი სიტყვებით წარმოთქმულ ლოცვას, ზოგიერთნი აკრიტიკებენ, იმ მიზეზით, რომ ასე ლოცულობენ პროტესტანტები?

ზოგიერთი უცოდინარი ადამიანის გარდა, თავად ლოცვა, საკუთარი სიტყვებით წარმოთქმული, არავის გაუკრიტიკებია, თუმცა, ყველანი კიცხავდნენ მის არაგონივრულ განგრძობას, ღმრთისმსახურებისა და იესუს ლოცვის ხარჯზე. ლოცვა “მამაო ჩვენო” – ქრისტეს ლოცვაა, რომელიც მან თავისი სიტყვებით წარმოთქვა. მთელი ჩვენი საღმრთისმსახურო ტექსტები, სავსეა მსგავსი ლოცვებით. წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელმა, წმინდა სვიმონ ახალმა ღმრთისმეტყველიმა, წმინდა ისააკ სირიელიმა, ნეტარმა ავგუსტინემ და ყველა სხვა წმინდა მამამ, თავიანთ თხზულებებში და ქადაგებებშიც კი დაგვიტოვეს ლოცვები, რომლებით მათ მიერვე არის შექმნილი. განსაკუთრებით გვაოცებს წმინდა იოანე ოქროპირი: მის თხზულებებში უთვალავი ასეთი ლოცვაა.

გარდა ამისა, საღმრთო ლიტურგიის ანაფორასაც, ადრე განსხვავებული დანიშნულება ჰქონდა. არსებობდა სინაგოგის მსახურებიდან ნასესხები გარკვეული რიტუალი, რომელიც განვითარდა მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსმა და მღვდლებმა  საკუთარი ლოცვები დაამატეს. ყოველი მათგანი ამატებდა თავისი განათლების, სულიერებისა და შინაგანი მდგომარების შესაბამისად. როდესაც პავლე მოციქულმა მელიტონით გამოსამშვიდობებლად მოუხმო ხუცესებს, უბრძანა მუხლი მოედრიკათ, თვითონ კი ლოცულობდა (საქმე მოციქულთა. 20, 17-37). ის ლოცულობდა თავისი სიტყვებით. ყოველ ადამიანს შეუძლია ილოცოს გულით, საკუთარი სიტყვებით.

როდესაც მამა ეფრემ კატუნაკელს[1] ეკითხებონდენ, როგორ უნდა აღესრულებინათ იესუს ლოცვა, ის პასუხობდა, რომ თავდაპირველად უნდა ილოცო შენი სიტყვებით, გულში, გააღო საკუთარი გული, მთელი სისათუთით მიმართო ქრისტეს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს, ჩვენს “დედიკოს”, ასე უწოდებდა იგი მას, და შემდეგ დაიწყო იესუს ლოცვა. დროდადრო, ყველა მიმართავს საკუთარი სიტყვებით ქრისტეს, ყველა, თავისი სულიერი და გულისმიერი მდგომარეობის შესაბამისად, – შეუძლებელია ასეთი ლოცვა წაართვა ადამიანს. თუმცა, არც ასეთი ლოცვის აბსოლუტიზირებაა სასარგებლო, რადგან მორწმუნენი ლოცვას აღავლენენ სიტყვებით “ერთითა გულითა და ერთითა ბაგითა”, ანუ ერთნაირი სიტყვებით. რადგან ეკლესიამ მოგვცა უტყუარი საღმრთისმეტყველო ტექსტები, როგორც სულიერი აღზრდისა და ზეცად აღსვლის საშუალება, ანუ, მოგვაწოდა საერთო ლოცვა, ჩვენ არ ძალგვიძს არ მივანიჭოთ მას უპირატესობა. გარდა ამისა, უფალი პირველ რიგში იწყნარებს მორწმუნეთა ერთობას და არა თითოეულ ჩვენგანს ცალ-ცალკე.

ყველაზე მაღლა დგას ღმრთისმსახურება, შემდეგ პირადი ლიტურგია – იესუს ლოცვა, და ბოლოს, საკუთარი სიტყვებით, გულიდან ლოცვა. უდავოა, რომ ასეთი ლოცვა ესმის უფალს. საკუთარი სიყვებით მლოცველებს აკრიტიკებდნენ მაშინ, როდესაც ხედავდნენ, რომ ისინი არ ესწრებოდნენ ღმრთისმსახურებებს და არ აღავლენდენ იესუს ლოცვას. რა თმა უნდა, უნდა ვაღიაროთ, რომ საკუთარი სიტყვებით ლოცვისას, როგორც წესი, ჩვენ გადმოვცემთ ჩვენს გრძნობებს, საჭიროებებს, სირთულეებს, სიხარულსა და მწუხარებას. რა თქმა უნდა, ღმერთი იღებს ამ ყველაფერს, ნამცეცებსაც  კი [2, 159–161].


[1]  მამა ეფრემი, ბერ იოსებ ისიქასტის სულიერი შვილი იყო. მამა ეფრემი 1912 წელს თივას მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში ამბელახორში, დაიბადა. მისი მშობლები ღარიბი, თუმცა კეთილსინდისიერი ადამიანები იყვნენ. ის კატუნაკის მონასტერში, ორ ხუცესთნ დადგა მორჩილად იგი. მამა ეფრემი დიდი საიყვარულითა და თავგანწირვით ემსახურებოდა მათ. ცხოვრობდა წმინდად, ბევრს ლოცულობდა და იღვწოდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მას მცირე საძმო ჰყავდა. მიიცვალა 1998 წელს.


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©