59696733 424273908411586 7639924449310932992 n 1024x792 1

ერგასის მოლოდინში – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი) (ნაწილი 1)

მოგიწოდებთ ჩვენი გონება მივაპყროთ წმიდა მოციქულების ცხოვრების იმ პერიოდს, რომელიც ჩვენსას ძალიან გავს. ეს არის სიხარულითა და მოლოდინით შეზავებული ტანჯვის პერიოდი, რომელსაც განსაცდელების წლები მოებმის და რითაც აღესრულება უმნიშვნელოვანესი ეტაპი მოციქულების ცხოვრებაში და წარმოადგენს კიდევაც ქრისტეს მოწაფეობის წინაპირობას.

აქამდეც მრავალჯერ გვითქვამს, თუკი რაიმე სიცოცხლით აღავსებს ჩვენს მონასტრულ ყოველდღიურობას, გვანიჭებს სასუფევლის წინაგემოსხილვას , აქ დედამიწაზე არის ჩვენი მოციქულობა, ის რაც გვაქცევს კიდევაც ჩვენ მოციქულებად. ამიტომ მნიშვნელოვანია სულიერი თვალი მივაპყროთ იმას თუ რეალურად რამდენად მოციქულებრივია ჩვენი ყოფა, მნიშვნელოვანია დღესა და ღამეს მოციქულებრივი საზომით ვზომავდეთ და ვუყურებდეთ ყველაფერს მათი პრიზმიდან.

ვიგონებთ რა იმ პერიოდს საიდანაც იწყება მათი მოღვაწეობა, მას შემდეგ რაც უფალი მკვდრეთით აღსდგა და ისინი მოელოდნენ სულიწმიდას, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მოელის. ისტორიის დასაწყისი სწორედ ამ მომენტიდანაა, როდესაც ქრისტე პირდაპირ მათ თვალწინ ამაღლდა ზეცად და რომელთაც უჩვენა თავი ცოცხლად, საკუთარი ტანჯვის შემდეგ და მრავალი სხვა უტყუარი მოწმობის თანახმად, ეცხადებოდა ორმოცი დღის მანძილზე და ახარებდა მათ ცათა სასუფეველს.

სამოციქულოში გაჟღერებული ყოველი სიტყვა, რომელთა ავტორი მესამე სახარების ავტორიცაა, დატვირთულია თავისი ღრმა მნიშვნელობით და არაფერი არაა მასში შემთხვევითი, რადგან თავად სულიწმიდა მეტყველებს მისით  და მახარებლის პირით გვაუწყებს, რომ ქრისტე თავისი მოწაფეების თვალწინ, რომლებიც გამოარჩია, ამაღლდა ზეცად. ეს ცხადყოფს, რომ არაფერი ხორციელდება საღმრთო გამორჩევის გარეშე, რომ ვერავინ გახდება კიდევ ერთი მოწაფე, ისვე როგორც ჩვენ ვერ გავხდებით მოციქულნი უფლის ჩანაფიქრის, წინასწარხედვის და გამორჩევის გარეშე.

ამგვარად უფალი ამაღლდა ზეცად იმათ თვალწინ, რომელთაც თავისი ტანჯვის შემდეგ ცოცხლად ეჩვენა, მრავალი უტყუარი მოწმობის თანახმად… იმ ტანჯვის და ტრაგედიის შემდეგ, რომელიც თავს დაატყდათ მოწაფეებს, როდესაც ისინი ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი დამთავრდა და მათ მოლოდინს არ ეწერა გამართლება, როდესაც მათი ერთადერთი იმედი და ნავსაყუდელი მკვდარი იდო ქვის სამარხში – უფალი ეცხადება მათ. ეს ცხოველმყოფელობა უფლისა – ეჩვენა ცოცხლად/გამოუცხადა თავისი თავი – არის სიცოცხლე, მამისაგან ძისათვის ბოძებული, თავისი ტანჯვისათვის. არა ის სიცოცხლე რომელიც ხრწნილ სხეულში შემოვიდა, რომელსაც მოწაფეები უმზერდნენ და რომელიც მან ნებით მიიღო, მათი და კაცობრიობის სიყვარულისთვის, არამედ სხვა სიცოცხლე! ქრისტე აღარაა უბრალოდ ხილული, ისეთი ქრისტე, როგორსაც მარიამ მაგდალინელი იცნობდა. ამიტომაც ვეღარ იცნო იგი გამოცხადებისას, რადგან მოელოდა ეხილა იგი ისეთი, როგორსაც ხორციელად ცნობდა. – არა. ქრისტე ახლა სხვა სიცოცხლეა, განდიდებული თავისი ტანჯვის შემდეგ.

ვინც შეძლებს დაითმინოს ტანჯვა და მოკვდეს სიკვდილით, რომელსაც მას მამა განუწესებს წააგავს მხოლოდშობილ ძეს და მარადიულად იცოცხლებს ქრისტეში. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მისი სიცოცხლე იქნება კიდევაც სიკვდილი.

გამოუცხადა თავისი თავი. რატომ არ წერია – გამოეცხადა ცოცხლად ან იხილეს ცოცხალი, არამედ გამოუცხადა თავისი თავი? – ის უცხადებს თავის თავს მოწაფეებს. ამ სიტყვებში გამოიხატება მისი აბსოლუტური თავისუფალი ნება, რაც მოიმოქმედა და განჭვრიტა თავად, რადგან არ წერია რომ უბრალოდ ცოცხალი იყო, ცხადია ის იყო ცოცხალი, რადგან არასდროს ყოფილა დრო როდესაც ის არ იყო ცოცხალი, არამედ აქცენტი დასმულია ნებაზე და მნიშვნელოვნებაზე. მას სურს თავად გამოუცხადოს თავისი თავი ცოცხლად. ის იღებს ადამიანურ ბუნებას, რომელსაც ღუპავენ მისი მტრები, მაგრამ აღდგომის შემდეგ ის აღარაა იმავე სხეულში, რომელიც მოწაფეების თვალწინ აწამეს.

აქამდე ქრისტე თავისი ადამიანური სხეულით ემორჩილებოდა ხრწნადი სამყაროს კანონებს, შემდეგ იგი გათავისუფლდა ამ შეზღუდულობისგან და ეცხადება მათ დაკეტილ ოთახში, არც ფანჯრიდან ან დახშული კარიდან, არამედ პირდაპირ ოთახში, მათ შორის დგება. ამგვარად ის მეტია ვიდრე ადრე იყო, ახლა ის განდიდებულია მამის მიერ.

გამოუცხადა თავისი თავი, ტანჯვის შემდეგ, სხვაგვარად როგორ, თუ არა თავად გამოეცხადებინა თავისი თავი და ამ გამოცხადებაში მჟღავნდება ქრისტეს დიდებული მოქმედება, ქრისტე კვლავ ღმერთია, ფრაზა – “სხვა მრავალი უტყუარი მტკიცებულების თანახმად”, ადასტურებს, რომ ის ცოცხალია. ის გაცოცხლდა და ამგვარად განცხადდა კიდევაც ჭეშმარიტი და მარადიული სიცოცხლე.

გამოუცხადა თავისი თავი, უპირველესად საკუთარ თავს. ნებით დაიფლა, ნებით აღსდგა და ნებით გამოუცხადა თავი მოწაფეებს. ყოველივე მისით დაიწყო და მისითვე აღესრულა. რასაც ისურვებს იმას იქმს, იქით მიემართება საითაც სურს და განაცხადებს რასაც სურს. ქრისტეს არ აქვს ცოცხალი ადამიანური სხეული, მაგრამ მას, სხეულში ხედავენ მოწაფეები, ქრისტეს არ შეეძლო ეხმია თევზი, მაგრამ მან მიიღო ის და ამის მომსწრენი იყვნენ მოციქულები, ნებით თვისით შეჭამა თევზი რაც უამრავ შეკითხვას ბადებს მაგრამ პასუხი ერთია: მან ინება ამის გაკეთება მოწაფეების თანდასწრებით, რადგან ის სწორედ ის არის ვინც არის და თავი თვისი, რომელიც გამოუცხადა მოწაფეებს. რამეთუ იგია შემწირველი და შეწირული შემწყნარებელი და მიმცემელი , მაგრამ იმდენად და იმგვარად როგორც მას სურს და ნებავს და იმ საზომით რომლითაც დავიტევთ და გვწყურია.

ამიტომ არ მისცა მარიამ მაგდალინელს შეხების უფლება, რადგან ის თავად არ უწყოდა რას ითხოვდა მის წინაშე მდგომისგან და თავისი პასუხით უფალმა უჩვენა მას ერთგვარი წინაპირობა ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობისა.

გამოუცხადა თავისი თავი, რითაც განგვიცხადა და დაადასტურა რომ მას აქვს ჭეშმარიტი სიცოცხლე. იგი მეფობს, განაგებს, ხელმწიფებს და იქმს იმას რაც სურს. ამის აღსაქმელად საჭიროა უფალმა თავად ინებოს და გამოგვიცხადოს ეს. ამისათვის ჩვენ უნდა ვხადოდეთ და ვევედრებოდეთ, რათა წარსდგეს იგი ჩვენ წინაშე. მაგრამ, როგორც არ უნდა ვიღვაწოთ, ვილოცოთ, ცრემლი დავღვაროთ რაც არ უნდა მოვიმოქმედოთ მაინც მხოლოდ იმ საზომით მივიღებთ სასურველს რა საზომითაც თავად უფალი ინებებს. იგი გვიცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებს თუკი დიდად გვეყვარება, დიდად დავთმობთ, ვიქნებით შეუდრეკელნი ტანჯვასა და თვით სიკვდილში, მხოლოდ მაშინ ვიხილავთ მას ცოცხალს.

 რაც მეტად ვკვდებით მისთვის, მით მეტად ვენდობით და მით მეტად გვიახლოვდება იგი.

გამოუცხადა თავისი თავი. ის თავად, ნამდვილი ძე და სიტყვა ღვთისა, ეს უმნიშვნელოვანესი გამოცხადებაა, რომელიც აუქმებს ყველანაირ ეჭვს, რადგან მან თავად გამოუცხადა საკუთარი თავი. და თუკი მჯერა რომ ქრისტესი ვარ და მესმის მისი და მიხარია, და თუკი ვერ ვხედავ, ვერ ვხარობ და ვერ განვიცდი მას, ის მაინც ცოცხალია.

 ქრისტე – ჩემი უფალი და ჩემი ღმერთია. ჩემი ცხოვრების ყველაზე წყვდიადით მოცულ მომენტებში, როდესაც მგონია, რომ თითქოს არ არსებობს ღმერთი, როდესაც ვფიქრობ საკუთარ უსარგებლობაზე და უნაყოფობაზე და მგონია, რომ გავიდა ჩემი წლები, ჩემი შემოქმედი ქრისტე, რომელიც ყოველთვის ჩემთან ყოფილა, კიდევ ერთხელ მიცხადებს საკუთარ თავს და მაშინ ვხვდები, რომ ერთადერთი, რისიც უნდა მეშინოდეს მისი დაკარგვაა.

გამოუცხადა თავისი თავი – ის ვინც თავს ამგვარად ავლენს, არის ნამდვილი, რომელიც გარდაუვალად არსებობს, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლებლობების, უნარების და მიხვედრილობის მიუხედავად, რადგან მე ისიც შემიძლია, რომ თავისი არსით ეს ყოველივე, მცირედ და უმნიშვნელოდ აღვიქვა. ჩემი უსარგებლობის მიუხედავად, ვიცოდე, მჯეროდეს და ვიყო განმცდელი ამ დიადი საიდუმლოსი, რომელსაც გონებამიუწვდომელი საღმრთო სიყვარული ჰქვია. მიუხედავად ჩემი მიუღებლობისა და უუნარობისა, ღმერთი რჩება ღმერთად სიყვარულისა, დიდებისა, ძლევამოსილებისა. ღმერთად, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს. ღმერთი მარადიული, რომელიც მკვიდრდება- მოციქულებში, წინასწარმეტყველებში, წმინდანებში და ჩემში- ცოდვასა და არარაობაში.

გამოუცხადა თავისი თავი, არა უბრალოდ ცოცხლად, არამედ სიცოცხლის მიმცემელად და შემოქმედად, ღმერთად წარსდგა ის მოციქულების წინაშე , რატომ? რათა დაემოწმებინა მამის პირობა, რომ მან მისცა მათ, თავისი თავი ქრისტეში, რომელიც იქნება მათში და ისინი მასში.

იგი, ტანჯვის შემდეგ მოვიდა მოციქულებთან, ისეთ დროს როდესაც მათ უკვე ჰქონდათ უნარი დაეტიათ ღმერთი საკუთარ თავში, რადგან ქრისტე, როგორც ღმერთი მანამდეც არსებობდა, მაგრამ მათთვის მიუწვდომელ რეალობად, მან კი თავად გადმოლახა ეს ზღუდე, დაამარცხა ქაოსი, თავად მოუახლოვდა მათ, გახდა მათთვის მახლობელი მათი აღქმისათვის თვალსაჩინო.

 აი, ჩვენი ღმერთი, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლია შენად აქციო და აქედან მოყოლებული – ის იქნება შენი უფალი და შენი ღმერთი, შენი მეგობარი, შენი სიწმინდე და მამა შენი.

აქამდე ღმერთი იყო საშინელი, მიუწვდომელი, გამოუთქმელი, რომლის წინაშეც პირქვე იყო დამხობილი ადამიანი. ის იყო ძველი აღთქმის ღმერთი, შემოქმედი ცისა და ქვეყანისა, მაგრამ არ იყო შენი ღმერთი, რომელთანაც მეგობრობას და მისი ხელის, შენ ხელში დაჭერას შეძლებდი.

ახლა კი ღმერთი ცოცხალია ჩვენთვის. მოგვიახლოვდა ადამიანებს და ცოცხლობს ჩვენთვის, რათა მიგვიზიდოს თავისკენ. ადამიანთან ამგვარ შეხვედრაზე წამოვიდა იგი, რათა ადამიანს შესძლებოდა საპასუხო ნაბიჯის გადადგმა მისკენ.

გამოუცხადა თავისი თავი – ამით ნაჩვენებია, რომ აღსრულდა ჟამი და განხორციელდა ღმერთის დანაპირები. აი ისიც! ქრისტე იქცა მოციქულებისათვის ხსნად, რისთვისაც მას დასჭირდა ტანჯვა, აღდგომა და ყველაფერი ის რაც ადამიანთა გამოხსნისათვის იყო საჭირო, რათა ისინი არ ასცდენოდნენ გზას გადარჩენისაკენ, მათი იმედები და მისწრაფებები არ ყოფილიყო ფუჭი ოცნება, არამედ ნამდვილი სიცოცხლე.

გამოუცხადა თავისი თავი – კიდევ იმისათვის, რომ მოციქულებს ჰქონოდათ ჭეშმარიტი სიცოხლე და ერთადერთი მისწრაფება – ჭვრეტდე ცოცხალ ღმერთს, რადგან ღმერთთან ნამდვილი ურთიერთობა არა მხოლოდ სულის მდგომარეობაა ან მხოლოდ ხსოვნა და სიყვარული, არამედ ერთხელ და სამუდამოს მისი – ცოცხალი ღმერთის მიმდევრობა – ფიქრით და საქმით, რადგან თუ ის მართლა ცოცხალია, მაშინ მას აქვს კავშირი და ურთიერთობა ჩემთან. ერთობა ორი სიცოცხლისა, ორი მისწრაფებისა, ორი ენერგიისა, ორი ჰიპოსტასისა, რომლებიც თანაზიარნი არიან და მოქმედებენ ჩემში.

გამოუცხადა თავისი თავი – ამრიგად მოციქულებისთვის ერთადერთი მიზანი იყო, ეხილათ და განეცადათ ცოცხალი ღმერთი და დარწმუნებულიყვნენ, რომ იგი იცოცხლებდა ჩვენთვის. თუ კი მე არ შემწევს უნარი დავინახო, მივწვდე და შევიყვარო ღმერთი იმ სიყვარულით, რომელიც ჭეშმარიტად ყოვლისმომცველია, მაშინ ის არც არის ჩემთვის ცოცხალი, არამედ მკვდარია.

სამოციქულოს ავტორი ნათლად აღწერს რისთვის მიიღო ადამიანური ბუნება, გახდა პიროვნება და აღდგა უფალი მკვდრეთით. პიროვნება, რომელიც თავის თავში ატარებს სიტყვა ღმერთის, ძის საღმრთო ჰიპოსტასს, რათა ადამიანი გამხდარიყო ღმერთის თანაზიარია და მიეღო საკუთარი, ნამდვილი სიცოცხლე. გამოგვიცხადა თავისი თავი, რათა ეჩვენებინა ჩვენი ერთადერთი მიზანი.

საღმრთო მადლისა და სიყვარულის ღრმა გამოცდილების მქონე ნეტარი ავგუსტინე, ვერ ბედავს შეხედოს ქრისტეს. არ ისურვა ეხილა იგი ისეთი, როგორიც არის. მისთვის საკმარისი იყო მოედრიკა მუხლი მის წინაშე, როგორც არარაობას, თითქოს ცოდვილთა შორის უკანასკნელი ყოფილიყოს, თავისი სხეულის შემბილწველი, რომელიც მას ღმერთმა უბოძა. მისთვის კმაროდა ქრისტეს წინაშე მდაბლად მუხლის მოდრეკა. თავის სიმაღლიდან ნებსით დახრილ და სიხარულით დამდაბლებულ ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრებაზე, ღვთის მადლი აღიბეჭდა. მან გულისხმაჰყო, რომ ამაღლდებოდა და იცხოვრებდა ღმერთში, იქნებოდა რა ეკლესიის წევრი, შემოუშვებდა თავის არსებაში ქრისტეს, განავრცობდა მის ძალაუფლებას საკუთარ თავში და ეს მხოლოდ იმისათვის, რომ თავად უფალმა ინება ღირსი გაეხადა იგი, ეცხოვრა მხოლოდ მისთვის.

რამაც ნაყოფად გამოიღო მისი ეს შესანიშნავი სიტყვები: “მიყვარს მხოლოდ მაშინ, როცა ცოცხალი ვარ და ვცოცხლობ მაშინ მხოლოდ, როდესაც მიყვარს – ღმერთი. მე შემიძლია დანახვა სხვა არაფრისთვის თუ არა იმისთვის, რომ ვუმზერდე მას, ვსუნთქავ მისთვის, ვმოძრაობ მისთვის, ვარსებობ მისთვის, მართალია ყოველივე მისთვის არსებობს, მაგრამ უპირველესად – მე.”

თუმცა ამ სიტყვაში – “მისთვის” არ იხატება ის სიდიადე, რადგან იგი კვლავ მდაბლად არის შევრდომილი და საკუთარი უღირსების განცდით კვლავ ვერ ბედავს თვის აწევას, რათა შეხედოს ქრისტეს.

აქ კი უფალი გვიჩვენებს, როგორი უნდა იყოს მოციქულებრივი სინანული: ფეხზე აყენებს მიწაზე დამხობილ ადამიანს და უფლებას აძლევს ჩახედოს მას თვალებში და ანიჭებს მას ახალ სიცოცხლეს, თავის სიცოცხლეში. აქ მახარებელი განგვიცხადებს ქრისტეს არა როგორც მხოლოდ მადლის მიმცემელს, არამედ პიროვნება ღმერთს – მოქმედს ძალმოსილებით. გამოუცხადა თავისი თავი – ამას მხოლოდ ცოცხალი იქმს. აქ განსაკუთრებულად ვლინდება ქრისტეს პიროვნება, რომელიც წარსდგება ადამიანური ბუნებით, რომელიც მან შეიმოსა და რომლითაც ის ცოცხლობს ადამიანში.

როგორც ღამით მზის ანარეკლი მთვარის შუქად აღიქმება, ისევე ვარ მეც – ბნელი და უსულო, მკვდარი პლანეტა – ადამიანი, ვიღებ ქრისტეს სიცოცხლეს და ვასხივებ მას.

ამგვარად ცხადი ხდება ჩემი პირადი და ორგანული კავშირის მნიშვნელობა ქრისტეს სხეულთან. თუ ქრისტე აღსდგა მაშინ მეც ცოცხალი ვარ, როგორც პიროვნება , როგორც ჰიპოსტასი, საკუთარი დაცემული, ცოდვილი ბუნებით ვუერთდები თავად ქრისტეს და მე თავად ვხდები ღმერთის მიერ გამოთქმული სიტყვა.

როგორც სიტყვა ღმერთი გამჟღავნდა ქრისტეში, რომელიც იშვა ქალწული მარიამისაგან, მიიღო რა მისგან ადამიანური ბუნება, ამგვარად ვხდები მეც შემძლე და ღირსი გამოვამჟღავნო ძე ღმრთისა საკუთარ თავში. მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ კი ჩემი კუთვნილი სიცოცხლე არის მის სიცოცხლეში, მაშინ შემიძლია გადავიდე სულიერი ცხოვრების სხვა ეტაპზე, ვცხოვრობდე და განვიცდიდე და ვაკურთხებდე წმიდა სამების მესამე პირს.

ჩვენ ვიცით საიდუმლო, რომ მამა ძეშია [იონ 14:10-11] და მამა საკუთარი ნებით აგზავნის ძეს [გალტ 4:4], აძლევს ადამიანის მგავს სიცოცხლეს და ამგვარად იგი ამზადებს ნიადაგს წმიდა სამების მესამე პირისათვის, რომელიც საიდუმლოებრივად მარადიული თანაზიარი ხდება ადამიანური სიცოცხლისა, როგორც სულისა და სხეულის კავშირია მყარი, ისევე განუყრელი და განუყოფელია ეს თანაზიარობა, ღმერთისა ადამიანურ ბუნებასთან. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის სულიწმიდა ღმერთი არც არსებობს ადამიანის მიღმა.

ამრიგად, ჩვენ ყველა საიდუმლოებრივად ვემზადებით ქრისტეში განსულიერებისათვის, სულიწმიდის მიერ.  ქრისტეში, რომელმაც “გამოგვიცხადა თავი ცოცხლად”, რათა ჩემთვის ეცნობებინა, რომ ცოცხალი ვარ, მაშინ როდესაც ცოცხალ ღმერთს ვუერთდები და ჩემი სიცოცხლის მისწრაფება თავად ცოცხალი ქრისტეა, მაშინ ყოველივე დანარჩენი უფერული და მოჩვენებითია, მხოლოდ გარემოებებია და არა მიზანი, რომელიც ერთადერთია – ვჭვრეტდე ცოცხალ ქრისტეს.

გამოუცხადა თავისი თავი, კიდევ იმ მიზეზით, რომ იცოდა ადამიანის, როგორც ქმნილების მუდმივი მიმოქცევა წყვდიადსა და ნათელს, წარმავალსა და მარადიულს, ქვესკნელებსა და ღმერთს შორის. ადამიანისათვის თვისობრივია დაცემა და ადგომა. ქრისტე კი ცოცხალია და მოქმედებს, მაგრამ ის ანიჭებს ადამიანს სინანულის საიდუმლოს, რათა მას თავად ყოველთვის ჰქონდეს საკუთარი ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა. რადგან  თუკი ადამიანი არ განიწმინდება ცოდვებისგან, მასში სიცოცხლე მინავლებას იწყებს, როგორც მთვარე გაქრება და ვეღარ გამოსცემს ნათელს, თუ კი მზე, სინათლის წყარო ჩაქრება.

ადამიანი გარკვეული თვალსაზრისით იმდენად პატარა და უმნიშვნელოა, თავისი ხსნისა და გადარჩენის საიდუმლოებასთან იმდენად უარყოფით პოზიციაშია, ისევე როგორც ღმერთთან და იმდენად შეყვარებულია საკუთარ თავზე, საკუთარ არარაობაზე, თავის ცოდვებზე, იმდენად მნიშვნელოვანია ის ტანჯვა და ტკივილი, რომელსაც მას ეშმაკი აყენებს, რომ სრულიად უუნარო ხდება იარსებოს სამსხივოსანი შუქის, სამპიროვანი სიცოცხლით და იმყოფება საკუთარი დაცემული ბუნების წყვდიადსა და უსიცოცხლობაში.

უწყოდა რა ყოველივე ეს უფალმა, მოციქულებს ჯვარცმის შემდეგ გამოუცხადა თვისი თავი, მოწმობად აღდგომისა და ახალი სიცოცხლისა.

გვახსოვდეს, რომ მაშინაც კი თუ თავად ვერ ვხედავთ ქრისტეს, ცოცხალს, ის მაინც აღსდგა მკვდრეთით და ამის შესახებ მოწმობენ მოციქულები, რომლებიც ცოცხალ უფალს თავისი თვალებით უყურებდნენ.

როდესაც ქრისტე ჩემში შემოდის, ვხედავ მას ჩემს გულში და ვხარობ მისით, აღესრულება უდიდესი დღესასწაული, რასაც ცოცხალ ღმერთთან შეხვედრა და მასთან ურთიერთობა ჰქვია. როდესაც ცოდვის ჭაობში, წყვდიადში და ხრწნილებაში ვიმყოფები სულიერად, ვიხსენებ მოციქულთა მოწმობას აღდგომის შესახებ, რომ ქრისტე ცოცხალია! ჩემი სიცოცხლე ცოცხალია და ყოველ წამს, ყოველი ლოცვისას ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”, მაქვს საშუალება მივეახლო ამ სიცოცხლეს და სულიერად მკვდარი უეცრად აღვდგე და გავცოცხლდე.

გამოუცხადა თავისი თავი, რათა გამხდარიყო ურყევი, წარუშლელი, მარადიული რწმენა და იმედი ადამიანისათვის, რომელზეც მანამდე შესაძლებელი იქნებოდა თქმა: ნეტარ არიან, რომელთაც არ იხილეს და ირწმუნეს. [იონ20:29]. ვერ მხილველნი, მაგრამ მორწმუნენი და ნეტარნი რადგან იციან, რომ მათთან ცოცხალი ღმერთია.

გამოუცხადა თავისი თავი, მრავალი უტყუარი მტკიცებულების თანახმად. რას ნიშნავს “მრავალი უტყუარი მტკიცებულების თანახმად?” უპირველესად იმას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ისტორიულ მოვლენასთან, მრავალი უწყების თანახმად, რომ იხილეს მოწაფეებმა, რომ ეცხადება ერთს, ორს, შვიდს და ასს ერთდროულად. აი ეს არის მრავალი მტკიცებულება. Მათ იხილეს იგი ათასგვარად და თითოეულმა თავისებურად – მთაზე, ბაღში, მათთან ერთად ჭამა და თავად დააპურა ისინი. აკვირდებოდნენ მას წყალზე და ხმელეთზე, ნავში და მის გარეთ, ხედავდნენ მას სხვადასხვანაირად მრავალი მოწმობის თანახმად და მთელი ეს მრავალფეროვნება, მხოლოდ იმის დასამოწმებლად, რომ ქრისტე ცოცხალია, ის არის!

საუბრობს, ახარებს, და აძლევს საკვებს რასაც არ უნდა იქმოდეს მოწმობს რომ იგი ცოცხალი. Მას არ ჰქონია თევზის ჭამის საჭიროება, მაგრამ შეჭამა, რათა დაემოწმებინა, რომ ცოცხალია. რადგან, ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ გვჭირდება, კავშირი და პირადი გამოცდილება ქრისტეს სიცოცხლისა, ცოცხალ ქრისტეში.

ამრიგად, მრავალი მოწმობის თანახმად, იმდენად მრავლის, რომ მოციქულებმა თავისი ცხოვრების უკიდურესად მძიმე წუთებშიც კი იცოდნენ, რომ ქრისტე ცოცხალია. ისევე, როგორც ჩვენ ცოდვილებმა და მიწიერმა ადამიანებმა ვიცით, რომ ქრისტე ცოცხალია, ის ჩემი სიცოცხლეა, ცოცხალი სიცოცხლე.

ქრისტე, სხვა მრავალი უტყუარი მოწმობის თანახმად, ორმოცი დღე ეცხადებოდა მათ და ახარებდა ცათა სასუფეველს. Რა არ მოიმოქმედა უფალმა იმისთვის, რომ ადამიანი მოწმე გაეხადა იმ სიცოცხლისა, რომელიც მას ღმერთმა უბოძა. ადამიანურ ენაზე, რომ გამოვთქვათ, ღმერთის ერთადერთი სურვილი და საზრუნავი იყო ადამიანს გაეგო, დარწმუნებულიყო და გეცნობიერებინა, რომ ის ცოცხალია და რომ მისი (ღმერთის) სიცოცხლე, მარადიულად დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლესთან.

ჩვენთვის გასაგები შეიძლება იყოს, რომ ადამიანი ცხოვრობდეს და იტანჯებოდეს ღმერთისათვის, მაგრამ საღმრთო სიყვარული, რომელიც ქრისტეს აკავშირებს ამ მცირე ქმნილებასთან – ადამიანთან, წარმართავს სამყაროს მარადისობამდელი ჩანაფიქრით, იმგვარად, როგორც მის ზედროულ მეხსიერებაში იყო ჩაფიქრებული, რათა იგი, მარადიული ღმერთი შემოსულიყო ამ ადამიანური არსებობის ჩარჩოებში.

ჩვენ ვხედავთ ღმერთს ადამიანისკენ დახრილს მისი შექმნისას, მტვერისაგან მიწისა [დაბ2:7] და პირველი რაც იხილა პირველქმნილმა მძინარე და მომაკვდავმა არსებამ იყო ღმერთი, რომელმაც მის ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა შთაბერა. ისევე, როგორც ახლადგაღვიძებულ ჩვილი, რომელსაც მამა ფაქიზად ეფერება და იხუტებს, ის კი გრძნობს რა მამის მკლავებს, ეკვრის მას, ასევე იყო პირველქმნილი ადამიანი, სხვას ვერავის ხედავდა და განიცდიდა გარდა ღმერთისა, თავისი მამისა!

ადამი გასაოცარ სამყაროში ცხოვრობდა, თავისი მრავალფეროვნებით, სადაც ანგელოზები ცხოვრობდნენ და ყველა ვარსკვლავი ერთად ანათებდა, სხვადასხვა მცენარეებით, ყვავილებით, ბაღებით და ცხოველებით. და ღმერთმა იმგვარად ჩაიფიქრა, რომ ადამიანს ეხილა იგი სრულ სიახლოვეს და ყოფილიყო ქრისტეს გვერდით – “და შთაბერა პირსსა მისსა სული სიცოცხლისაი და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.” [დაბ2:7]. სულით ცოცხალი, რადგან მას ღმერთი მიეახლა, იმგვარი სიახლოვით, რომ ადამიანს შეეძლო ეამბორა მისთვის და განეცადა მისი სუნთქვა. ხედავთ როგორ ისწრაფვის ღმერთი განგვიცხადოს თავისი თავი და შემჩნეულ იქნეს ადამიანის მიერ !

ღმერთს ესმა ადამიანის ფეხის ხმა, როგორც ადამს ესმა ღმერთის ფეხის ხმა [დაბ3:8] ცოდვით დაცემის შემდეგ და მიხვდა, რომ თუკი ღმერთი ცოცხალი იყო ის, თავისი ცოდვით, იმ დღეს მოკვდა.

-“ნუ თუ არ გესმით ჩემი ხმა? მე ცოცხალი ვარ, შენ კი? შენ მკვდარი ხარ, რადგან დამცილდი მე და იგემე ხის ნაყოფი. ხომ, გაფრთხილებდი, დღე როდესაც მას იგემებდი მოკვდებოდი? [დაბ2:17].” მე დავდივარ – ეს ნიშნავს, უფალი ამბობს -”შენ ვეღარ ივლი, ათასი წელიც რომ იცხოვრო, შენ მოკვდი, რადგან დამკარგე მე, მაგრამ მე ცოცხალი ვარ და მოვდივარ შენ გვერდით.” უფლის შეკითხვა ადამის ფეხის ხმაზე

– ადამ, ადამ სადა ხარ? [დაბ3:9], მოწმობს რომ იგი ცოცხალია, ადამიანის მაძიებელი და მისი ბუნების თანაზიარია.

მიუხედავად ადამიანის შეცდომებისა, მისი დაცემებისა, ღმერთი კვლავ ეხმარება, ცდილობს წამოაყენოს, აკითხავს მას ათასგვარად, რომ მიუთითოს მის თანაარსებობაზე, რომ ის ჩვენ გვერდითაა – ამაოდ. ღმერთის უამრავი ჩანაფიქრის მიუხედავად ქვადქმინილი ადამიანი ვერაფერს გრძნობს და ვერაფერს ხვდება.

უფლის ერთ-ერთ გამოვლინებაზე მოგვითხრობს ფსალმუნი [ფს.109:7], სადაც ქრისტე დახრილია, რომ შესვას წყალი ნაკადულიდან ისე, როგორც ადამიანი იქმს ამას. რაზე მეტყველებს ეს თუ არა იმაზე, რომ

– “ შენ კი დამივიწყე მე, ადამიანო, მაგრამ მე უფალი ვიხრები შენკენ ისევე, როგორც შენ იხრები, ვეხები შენც სიცოცხლეს რათა შენ ჩემს სიცოცხლეს მიეახლო.

– მე ვშრომობ, ვიღწვი, ვიღლები, შენი მსგავსი ვხდები, რათა შენ შეძლო გახდე ჩემნაირი.

– იღლები ამ გზაზე? ვიღლები მეც.

– გსურს დალიო? მეც განვიცდი წყურვილს.

– წყლისკენ იხრები, რომ დალიო მისგან ? იმავეს ვიქმ მეც.

-მე ვმდაბლდები, შენ მსგავსად ვევედრები საკუთარ თავს, ვიკლავ წყურვილს და ვგრილდები.

არის რაიმე რასაც შენ იქმ და უცხოა ჩემთვის?

თუკი მე ასეთ ახლობელს შენთვის ვერ განმიცდი, არ შეგიძლია აიღო ჩემი ხელი და გამიხადო მეგობრად სამუდამოდ, მაშინ ერთ დღესაც დამკარგავ და ვერა შეძლებ ჩემ დანახვას, მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ერთი ნაკადულის წყლიდან ვსვამდით, ერთად ვიტანდით გაჭირვებასა და სიღარიბეს. შემომხედე

– ეს მე ვარ, რომელსაც არ მაქვს არავითარი დანაკლისი და საჭიროება, არ ვიცი დაღლა, ერთი ამოსუნთქვით შევქმენი სამყარო, მოვდივარ ამ შეზღუდულ არსებობაში, იქ სადაც ხარ შენ და ფეხდაფეხ მოგყვები. Რა შემიძლია გავაკეთო კიდევ შენთვის? მე, ისედაც ზღვარს იქით შეურაცხვყავი და დავიმდაბლე თავი.”

ამგვარად გვიახლოვდება და გვიცხადებს თავს უფალი, რომ ჩვენ ამის აღმქმელთ სიხარული გვქონდეს.

ყველაფერ ამის მიუხედავად ადამიანი რჩება უგრძნობი, მიდის უფალი თავისი სუნთქვით და ჩუქნის წინასწარმეტყველებს [სამ2 19:12], მაგრამ ადამიანები ივიწყებენ ღმერთს. იგი ამხელს ცრუწინასწარემტყველთ [სამ2 18:40] , ადამიანები მაინც ივიწყებენ ღმერთს. მოდის თავად და ანიჭებს საოცარ გამარჯვებებს [ნავ6:15], ხალხი ხარობს გამარჯვებას, მაგრამ ივიწყებს მის მოწყალებას. უფალი პატიობს ისრაელს შეცდომებს, ხალხი კვალავ ხარობს შენდობით და აგრძელებს ცოდვაში ცხოვრებას, ივიწყებენ რა მიმტევებელს. მიჰყავს ისინი უდაბნოში, დღე ციური მანანით კვებავს, აძლევს წყალს დამშრალი კლდიდან, მწყერს საჭმელად და სხვა მრავალს, მაგრამ ისინი მაინც უღმერთონი და სრულიად უუნარონი რჩებიან. ეშვებიან , მაღალი მთიდან, ესმით გრგვინვა და ქუხილი – ღმერთი ესაუბრება მოსეს, იციან რა, რომ მოსე იქ, უფლის მოწოდებით ავიდა, იმარხულა რა ორმოც დღესა და ღამეს და წავიდა, რათა მათთვის ღმერთი და მცნებები მოეტანა. ხედავენ ღმერთის მყოფობის ყველა სარწმუნო ნიშანს მთაზე მაინც კარგავენ მას, ივიწყებენ და ამზადებენ ხბოს კერპს, სხვა ცრუ ღმერთს. რატომ?  რადგან ვერ მოიხელთეს სიცოცხლე, ურომლისოდაც თავადაც არ არიან ცოცხალნი. რადგან, როგორც აღვნიშნეთ ადამიანი შექმნილია სიცოცხლისათვის და ცოცხლობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ქმნის თავის იდეალს, სათაყვანოს ან ჰყავს ღმერთი, რომელსაც აღმერთებს და ცხოვრობს მასში.

რატომ ქმნის ხბოს კერპი ადამიანი? რადგან ამ შეცოდებით ამ აცდენით, ამ ღმერთსდაცილებულობით მოწმობს, რომ არ შეუძლია ადამიან ცხოვრება ღმერთის გარეშე, რადგან თავისით არაფერი გააჩნია. ამგვარად გამოხატა თავისი სწრაფვა მოიხვეჭოს და მოიხელთოს ღმერთი, რადგან მხოლოდ მასში შეუძლია იცხოვროს, ქმნის კერპს და უარყოფს ნამდვილ ღმერთს, მაგრამ ღმერთი კვლავ იხრება ადამიანისაკენ , პატიობს, ცდილობს იპოვოს გამოსავალი რათა, სულ მასთან იყოს და ადამიანს შეეძლოს უმზერდეს და ესმოდეს მისი. და იგი ამისათვის პოულობს გზას.


ქადაგება წარმოთქმული სიმონპეტრას მონასტერში 1977 წლის 26 აპრილი.

წყარო: http://Azbyka.ru

რუსულიდან თარგმნა ნუკი ბენიამ

Share