წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი e1617390555906

ვნებებთან ბრძოლის პრაქტიკული რჩევები – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

მხედართმთავრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსება – უკანდაუხევლობაა. ის სასტიკი ბრძოლისას სულით არ ეცემა, თითქოს მკერდში ქვის გული ჰქონდესო, კლდესავით შეურყეველია. მისი ეს სიმტკიცე მტრების კადნიერებას ასუსტებს და აბნევს მათ, ხოლო საკუთარ მხედრობას სიმამაცეს შთააგონებს. მხედართმთავრის ასეთი ხასიათი საოცარი გამარჯვებების საწინდარი ხდება და მისი უამრავი დანაკარგი და უბედურება უეცრად გამარჯვებებითა და ზეიმით გვირგვინდება. ასეთი უნდა იყოს ქრისტიანის გონებაც, რადგან სწორედ ისაა მთავარსარდალი ვნებების წინააღმდეგ გამართულ უხილავ ბრძოლაში. ვერანაირი განსაცდელი ვერ უნდა არყევდეს და აშფოთებდეს მას.

ასეთი ძალისა და სიმტკიცის წყარო ქრისტეს ცოცხალი რწმენაა. შფოთი და სულმოკლეობა ურწმუნოებისაგან იშვება, მაგრამ როგორც კი მოღვაწე რწმენით აღიჭურვება, ისინი ისევე ქრებიან, როგორც ამომავალი მზის სხივებით გაფანტული ღამის წყვდიადი. თუკი მტერი სხვადასხვა ცოდვისმიერ გულისსიტყვებსა და შეგრძნებებს აღძრავს შენში, ანუ თუ ისინი შენი დაცემული ბუნებიდან წარმოიშვებიან, არ შეგეშინდეს და არ გაგიკვირდეს! საკუთარ თავს უთხარი: ,, შეუძლებელია, რომ ცოდვისმიერი შხამით ამგვარად მოწყლული ჩემი ბუნება, სნეულების ნიშნებს არ ავლენდეს’’. დიახ, ზუსტად ასეა: შეუძლებელია, რომ დაცემული ბუნება თავის ნაყოფებს არ იღებდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ადამიანი ქრისტეს მცნებებში წვრთნას შეუდგება. როდესაც გუთნით მიწის გაფხვიერებას იწყებენ, ფესვიანად ითხრება სარეველები და მუდმივი დამუშავებისას ნიადაგიც თანდათანობით სუფთავდება. ასევეა, როდესაც ადამიანის გული ქრისტეს მცნებებით მუშავდება, მისგან ყველაზე ძირეული ზრახვები და განცდები იჩენენ თავს, რომლებისგანაც ყოველგვარი ცოდვა მომდინარეობს.  ამიტომაც, საკუთარი გულის მოუკლებელი დამუშავებით, თანდათანობით აღმოვაჩეთ ჩვენში არსებულ სულიერ სარეველებს და აღმოვფხვრით მათ. დავუშვათ, შენში სიძვის ვნება გაჩნდა – ნუ აღშფოთდები. ნურც მრისხანების, ავმეხსიერების, ანგარების, მოწყენილობის ვნებების აღმოჩენა შეგაშინებს და შეგაშფოთებს! როგორც კი შენში რომელიმე ვნებას დაინახავ, ქრისტეს მცნებებით მყისვე ძირშივე მოკვეთე.

თუკი ვნებებს შენში აღორძინების საშუალებას არ მისცემ, მაშინ მათ მოკვდინებასაც იხილავ. თუ მათთან საუბარს დაიწყებ, გამოკვებავ და შეიტკბობ, მაშინ აუცილებლად მოგკლავენ. ცოდვისმიერი გულისსიტყვები და შეგრძნებები ჩვენი დაცემული ბუნებიდან წარმოიშვებიან, მაგრამ როდესაც ისინი გაძლიერებულად და მუდმივად აღიძვრებიან, ეს იმის ნიშანია, რომ ამ ყველაფრის უკან დაცემული ანგელოზი დგას.

ასეთი გულისსიტყვები და შეგრძნებები სულიერი მოძღვრის წინაშე უნდა ვაღიაროთ იმდენად ხშირად, რამდენადაც ისინი გვაწუხებენ. შენი მოძღვარი უბრალო, გამოუცდელი კაციც რომ იყოს, ეკლესიის ამ საიდუმლოებისადმი შენი რწმენა გადაგარჩენს და საღმრთო მადლი განგკურნავს. მუდმივი და ძლიერი თავდასხმების საშუალებით დაცემული სული ცდილობს, რომ ჩვენში ცოდვის თესლი დათესოს და ააღორძინოს; ჩვენში რომელიღაც ცოდვის მუდმივი შეხსენება დაიწყოს, მისდამი ლტოლვა გაგვიჩინოს და ეს ცოდვა ჩვევად გვიქციოს.

ცოდვისმიერი ჩვევას ვნება ეწოდება და ის ადამიანს თავისუფლებას ართმევს, ცოდვისა და დაცემული ანგელოზის ტყვედ აქცევს. ცოდვისმიერი გულისსიტყვების გახშირებული და გაძლიერებული თავდასხმების წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღი სულიერი მოძღვრის წინაშე გულის გახსნაა. აღსარება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მოქმედი იარაღია სულიერ ცხოვრებაში. ამ ბრძოლისას რამდენადაც შეგიძლია ხშირად მიმართე მას მანამ, სანამ ეს ბრძოლა არ შემცირდება და უკან არ დაიხევს. ეშმაკს დაფარულად მოქმედება უყვარს.

,,მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი საყოფელსა თჳსსა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა’’(ფს. 9:29). ის ვერ იტანს, როდესაც სააშკარაოზე გამოჰყავთ და მის საქმეებს ამხელენ. ასეთ შემთხვევაში ის თავის მსხვერპლს ტოვებს და გარბის. ის გულისსიტყვები, რომლებსაც ადამიანის სული არ შეთვისებია და ძლიერად არ აწუხებენ მას, გადაუდებელ აღსარებას არ საჭიროებს. განდევნე ისინი შენგან, არ მიაქციო ყურადღება და მათი საწინააღმდეგო მცნებების გახსენებით ჩაახშე ისინი.

წყარო: http://azbyka.ru

მთავარი ფოტო: წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. ფანასკერტელის ქ.14)

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •