ფერისცვალება

თაბორის ნათლის ჭვრეტა – წმინდა სოფრონი (ინგლისელი)

ჩვენს გულზე უქმნელი ნათლის საიდუმლოებრივი შეხების გარეშე, ვერ შევიცნობთ საკუთარ ცოდვას, რაც თავის მხრივ ჭვრეტამდე მიმყვანებელი გზის დასაწყისია. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ მდგომარეობის მიღწევა ყველგან და ყოველთვის შესაძლებელია, განურჩევლად ადგილისა და გარემო პირობებისა. სულიერი ჭვრეტის არსს არ შეადგენს არც უდაბნოში განმარტოება, არც ხალხისგან განშორება, არც სამეცნიერი ღმრთისმეტყველება, არც ზედმიწევნითი ფსიქოანალიზი, არც ფილოსოფიური კონცეფციები და არც რაციონალური მიდგომა სახარებისადმი.

რა თქმა უნდა, დაყუდება და უდაბნოში განმარტოება ძვირფასი პრივილეგიაა, რადგან შესაბამის პირობებებს ქმნის ღრმა სინანულისთვის, რომლის გარეშეც ნებისმიერი ჩვენი მოქმედება და ასკეტური ღვაწლი უბრალო ადამიანურ ძალისხმევად იქცევა და ვერაფერში დაგვეხმარება.

გულშემუსვრილი სინანულის შემდეგ ადამიანის გულს ღმრთის მადლი ეხება და მასში მარადიულ სიცოცხლე იწყება. რამდენადაც უფრო დინამიურია ჩვენში სინანულის პროცესი, იმდენად უფრო ძლიერად მოქმედებს ჩვენში ქრისტე. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მთელი არსებით გრძნობს მარადიული სამყაროს რეალობას და საკუთარ თავში ჭვრეტს მას, როგორც უცხადეს ყოფიერებას.

დღეს უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია. ზეიმი, რომელიც ჩვენი მიწიერი ცხოვრების დასასრულის მოახლოებასთან ერთად არათუ კლებულობს, არამედ მოუკლებლად იზრდება თავისი ძალითა და მნიშვნელობით. ჩვენ დღეს ვივიწყებთ საკუთარ უძლურებას და თავს უფლებას ვაძლევთ, რომ თაბორზე აღმობრწყინვებულ მიუწვდომელ და დაუვალ ნათელზე ვისაუბროთ. გევედრებით, არ მიაქციოთ ყურადღება ჩემს არარაობას და თვალი დახუჭეთ ჩემს უღირსებაზე.

ზეცისა და მიწის შემოქმედი ღმერთი, ჩვენი ღმერთია. ნათლისღების ემბაზში ჩვენ მეორედ დავიბადეთ და მამის, ძისა და სულიწმიდის დიდებული, შემაძრწუნებული და ზეციური სახელით ნათელვიღეთ. შემდეგ ჩვენ სხვა დიდი ძღვენი მივიღეთ, რომლის  თრთოლვისა და კრძალვის გარეშე გააზრება შეუძლებელია – ჩვენ სულიწმიდის ბეჭედი ჩვენი სხეულის თითოეულ ნაწილზე მივიღეთ სიტყვებით: ,,ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა’’. შესაბამისად სამყაროს შემოქმედი ღმერთის სამკვიდრებლად და მის ცოცხალ ტაძრად ვიქეცით. 

ყრმობიდანვე ვიკვებებით ქრისტეს სისხლითა და ხორცით. ჩვენ მისი შვილები ვართ, ხორცი ხორცთა მისთაგანი და სისხლი სისხლთა მისთაგანი. ახალგაზრდობიდანვე ღმრთის სიტყვის ატმოსფეროში ვიზრდებით, რაც უსაწყისო ღმერთის შეცნობის უსაზღვრო სივრცეებს გვიხსნის. იმ ზეციური მამისა, რომელიც ჯერ კიდევ ხორცში მყოფებს გვაძევს მასთან მარადიულად მყოფობის ნეტარების წინაგემოსხილვას. ეკლესია ყოველდღიურად გვაძლევს სულიერი სიმდიდრის ყოველგვარ სიუხვეს და ჩვენი სული მადლიერებით აღმოსთქვამს:  ჭეშმარიტად მდიდარია ჩვენი ღმერთი, რომელიც ყველგან არის და ყოველივეს აღავსებს! ის თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ მაინც სულით გლახაკნი ვართ. ჩვენს მიწიერ ყოფიერებაში დაოუკებელია ჩვენი წყურვილი ცოცხალი ღმერთის შემეცნებისა; რადგან ჩვენ შინაგანად მიუწვდომელის მიწვდომისკენ, უხილავის ხილვისკენ და უსაზვროს შეცნობისკენ ვისწრაფვით. ეს სწრაფვა მოუკლებლად იზრდება ადამიანში მას შემდეგ, რაც საღმრთო ნათელი მის გულზე სულ მცირედით მაინც შეხებას კეთილინებებს, რის შემდეგაც ჩვენი სულიერი თვალებით დავინახავთ, თუ როგორ წყვდიადით მოცულ უფსკრულში ვიმყოფებით. ეს ხილვა ადამიანის მთელ არსებას ძრავს და ის კარგავს მოსვენებას მანამ, სანამ ამ წყვდიადისგან არ გათავისუფლდება, სანამ ზეციური საკვებით არ გაძღება, სანამ ეს ნათელი მასში არ გამრავლდება და იმდენად არ შეუერთდება, რომ ნათელი და მისი სული ერთნი გახდებიან. შედეგად მისი სული გარდაიქმნება და საღმრთო დიდებას შეიმოსავს.

ქრისტეს ფერისცვალება ჩვენი პირადი შინაგანი ფერისცვალების მტკიცე იმედის საფუძველია. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი სირთულეებით, სნეულებებითა და შიშით აღსავსე ცხოვრება გარდაიქმნება უხრწნელ და ღმრთის მსგავს ცხოვრებად. თუმცა, ამ მაღალ მთაზე ამაღლება და უქმნელი ნათლის ხილვა დიდ ღვაწლთანაა დაკავშირებული. ხშირად ამ ღვაწლში ვიფიტებით, ვიღლებით და უიმედობა მოიცავს ხოლმე ჩვენს სულს. ამ მტანჯველი მდგომარეობის წუთებში, როდესაც საღმრთო ნათელსა და საზარელ წყვდიადს შორის ვიმყოფებით, ჩვენი წმინდა მამების სწავლება გავიხსენოთ, რომლებმაც ეს გზა ქრისტეს კვალ და კვალ გაიარეს, ,,მოვირტყათ წელნი ჩვენნი’’ ანუ ბრძოლისთვის მოვემზადოთ და სიმამაცით მივენდოთ მას, რომელსაც მთელი სამყარო უპრია. იმის ხსენება და გაცნობიერება, რომ ჩვენს ცხოვრებაში ქრისტეს მსგავსი გზა უნდა გავიაროთ და ყველაფერი ისე განმეორდეს, როგორც მის ცხოვრებაში მოხდა, ყოველგვარი შიშისა და სულმოკლეობისაგან გვათავისუფლებს. ეს ჩვენი ყველას საერთო გზაა. თავად ქრისტე ამბობს: ,, მე ვარ გზა’’. ის ერთადერთია, ვის მიერაც ზეციურ მამას მივეახლებით.

თუ უფალი გამოიცადა და ივნო, მაშინ ჩვენც უნდა გავიაროთ განსაცდელების ცეცხლი; თუკი ქრისტე დევნეს, ჩვენც ისევე გვდევნიან, როგორც მას დევნიდნენ; თუ ქრისტე იტანჯა და ჯვარს ეცვა, მაშინ ჩვენც აუცილებლად გავივლით იგივე გზას და ჩვენს საკუთარ უხილავ ჯვარზე ვეცმევით. ეს ყველაფერი ასე მოხდება, თუკი ჭეშმარიტად მივყვებით მას ჩვენი გულის გზაზე. თუკი ქრისტემ ფერი იცვალა, ჩვენც ვიცვლით და ჯერ კიდევ ხორცში მყოფნი, ჩვენი შინაგანი მდგომარეობით დავემსგავსებით მას. თუკი უფალი მოკვდა და აღდგა, მაშინ ყველა მისი მორწმუნე გაივლის სიკვდილს, საფლავად დადებას და თუკი მის მსგავსად მოკვდა, მის მსგავსადვე აღდგება,. საყოველთაო აღდგომისას კი ყველანი ერთად, სულით და ხორცით აღვდგებით. თუკი უფალი თავისი განდიდებული სხეულით ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით ღმრთისა და მამისა, მაშინ ჩვენც, სულიწმიდის ძალით ჩვენი განდიდებული სხეულით ავმაღლდებით და ქრისტეს თანამემკვიდრენი გავხდებით.

ყველაფერი რაც ჩამოვთვალეთ, ქრისტეს ადამიანურ ბუნებაზე აღესრულა. მამასთან და სულიწმიდასთან ერთად თანადაუსაბამო ძემ, საკუთარ საღმრთო ჰიპოსტასს ადამიანური ბუნება შეუერთა და ცოდვის გარდა, ყველაფრით ჩვენი მსგავსი გახდა. ჩვენს მსგავს ხორცში გამოაცხადა საღმრთო სრულყოფილება, რომლის ხილვაც მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს ეწადა. ამიტომაც, თითოეული ჩვენგანი უნდა დაემსგავსოს მას.

გევედრებით, არ მოგვიცვას სულმოკლეობამ ამ სწავლების სმენისას, არამედ სულით აღვენთოთ და ჩვენი გული ქრისტეს გავუხსნათ. უფალმა გვითხრა: ,, ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა’’(ინ. 16:33). ჩვენც, ქრისტეს ძალით აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ სოფელზე და ზეცაში მარადიულად მასთან ვიქნებით.

,, მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხორებისათა’’(საქმ. 5:20), სწორედ ამ მცნების აღსრულების მიზნით გესაუბრებით ამ ყველაფრის შესახებ. თუკი ცრუ სიმდაბლით ამ საუბარს უადგილო კადნიერებასა და უგუნურებას უწოდებენ, გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები, რომელიც ერთი მხრივ სულმოკლეობას აღკვეთდა, მეორეს მხრივ – ხორციელი გონების უადგილო სიამაყეს, ამბობდა, რომ ღმერთმა ,,სისულელის’’ ქადაგებით ინება ჩვენი გადარჩენა, რომლითაც  ამასოფლის სიბრძნე უგუნურებად აქცია (1.კორ. 1:18-21). კაცობრიობის ყოველდღიური გამოცდილება უცვლელად გვიჩვენებს, რომ ამასოფლის ბრძენნი ქრისტეს ვერც თაბორზე, ვერც გოლგოთაზე და ვერც ელეონზე მიყვებიან. ამრიგად, საყვარელნო, მოდით რწმენის ძალით აღვიდეთ უფლის მთაზე, ცოცხალი ღმერთის წინაშე წარვსგდეთ და ამაღლებული გონებით ვიხილოთ ძე ღმერთში გამობრწყინვებული მამისა და ძის უნივთო ღმრთეება. აღვიდეთ ამ მთაზე არა ამაყი კადნიერებით, არამედ შიშითა და კრძალვით, როგორც ამ გზაზე სვლისა და ამ დიდებული ხილვის უღირსნი. ამავდროულად, გვქონდეს იმედი, რომ ჩვენი ზეციური მამის უსაზღრო სიკეთის წყალობით, ჩვენ ცოდვილებსაც  გამოგვიბწყინდება ქრისტეს უქმნელი ნათელი.

მოდით, ახლა ჩვენს მიერ არჩეულ თემას კარგად ჩავუღრმავდეთ.

ქრისტეს ფერისცვალება უდიდესი მოვლენაა და არამხოლოდ თითოეული ჩვენგანისთვის აქვს წარუვალი მნიშვნელობა, არამედ მთელი სამყაროს ისტორიისთვისაც. წმინდა მამათა ნაშრომებში ამ მოვლენის ყოველმხრივ ანალიზს შეხვდებით: რა უძღოდა წინ ფერისცვალებას; როგორ მოამზადა ქრისტემ მოწაფეები;  რა აღესრულა უშუალოდ თაბორისეული გამოცხადებისას; რა მოჰყვა მას თავად მოწაფეებში და როგორ მოქმედებდა შემდგომში ქრისტე. ამ ყველაფრის ცოდნა ჩვენც დაგვეხმარება იმაში, რომ იგივე გზა გავიაროთ ქრისტეს კვალ და კვალ. ამჯერად ჩვენს ყურადღებას იმ მონაკვეთზე გავამახვილებთ, რომელიც ამ მოვლენის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.

,, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ’’.

რას წარმოადგენდა ეს ნათლის ღრუბელი, რომელიც იმ ღამეს თაბორის წმინდა მთას აგრილობდა? რამდენიმე წლის წინ, ფერისცვალებას, ეს კითხვა დავუსვი ერთ მოღვაწეს, რომელსაც ჩემი ღრმა რწმენით მრავალგზის ჰქონდა უქმნელი ნათლის ხილვის გამოცდილება. ჩემს საკმაოდ თამამ თხოვნაზე, რომ მცირედით მაინც ესაუბრა თაბორის საიდუმლოებაზე, თუ როგორ მიიღწევა ეს მდგომარეობა, მან ჩემი უღირსების მიუხედავად, დიდი მოთმინებით განმიმარტა ეს საკითხი. მეც ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთებს გაგიზიარებთ მისი მონათხრობიდან.

მან მითხრა, რომ როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ნათელი მოკლე ხნით, ისიც არც თუ ისე მკვეთრად ეცხადებოდა. ზოგჯერ როგორც რაღაც მოუხელთებელი ცეცხლის ალი, რომელიც მის გულს ქრისტეს სიყვარულით აღანთებდა, ზოგჯერ კი როგორც ნათება, რომელიც მის გონებას ნათლით განმსჭვალავდა. ამ ნათელს ის ძირითადად ლოცვისას ხედავდა ხოლმე. ერთხელაც, როდესაც ის მრავალი თვის განმავლობაში, საკუთარ სიბილწეს გლოვობდა და მხურვალე ლოცვაში შრომობდა, ეს ნათელი მის გულში შევიდა და სამი დღის განმავლობაში მასთან იმყოფებოდა. იმ დღეებში საკუთარ თავს სიკვდილის მიღმა გრძნობდა. აღდგომის სიხარული აღავსებდა მის სულს. შინაგანად კი ამ ნათელს – ,,აღდგომის განთიადი’’ უწოდა, რადგან ის ისეთივე მშვიდი და ფაქიზი იყო, როგორც გაზაფხულის დილა. იმ პერიოდში ის ჩვეულებრივად ადამიანთა შორის ცხოვრობდა და ჩვეულ საქმიანობას ეწეოდა. ამ მოვლენიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მონაზონი გახდა და მღვდლადაც ეკურთხა, მრავალგზის მომხდარა, რომ გონიერ ლოცვაში დაძაბული შრომის შემდეგ, ლოცვა ნათლის ჭვრეტის მდგომარეობაში გადაიზრდებოდა ხოლმე. ამ დროს ის ვერ გრძნობდა სხეულში იმყოფებოდა თუ სხეულს გარეთ და ვერც გარესამყაროს აღიქვამდა.

ეს ნათელი თავდაპირველად მოულოდნელად მოდის. მაშინ, როდესაც ადამიანი არც კი ფიქრობს მის შესახებ. თავისი მოსვლით, ადამიანის სულში ტკბილ განცვიფრებას იწვევს და ჯერაც ვერ აცნობიერებს თუ რა, ან ვინ ეწვია მას. ერთადერთი, რასაც ცხადად შეიგრძნობს არის ის, რომ ის არის ტყვე, რომელიც ბნელი ციხის საკნიდან გაათავისუფლეს და კეთილსურნელოვან მინდორზე მზის პირზე გამოიყვანეს.

იგივე მოღვაწე ამბობდა: ,, მიუხედავად იმისა, რომ საღმრთო ნათელი ბუნებით უცვლელია, მისი მოქმედება მრავალფეროვანია: ზოგჯერ ის აღიქმება, როგორც ქრისტეს ფაქიზი სიყვარული; ზოგჯერ როგორც საღმრთო ძალა; ზოგჯერ როგორც მარადიული სიცოცხლის ჩქეფა ადამიანის გულში; ზოგჯერ კი ცოცხალი ღმერთის გონიერი ხილვა. ქრისტეს სიკეთე უსაზღვროა და ზოგჯერ მისი სიყვარული კიდევ უფრო მძლავრად იღვრება ჩვენზე. ამ დროს, საღმრთო ნათელი ადამიანის მთელ არსებას იმდენად აღავსებს, რომ ის ამ ნათლის მსგავსი ხდება; რასაც ის ხედავს, მას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა ნათელს, რომელიც თავისი ბუნებით ხილული მზის ნათელს უსასრულოდ აღემატება.

თაბორის გამოცხადების შესახებ ჩემი თავდაპირველი კითხვის პასუხად ეს მოღვაწე ცდილობდა, ისე გაეგრძელებინა სიტყვები, რომ ჩემთვის სულ მცირედით მაინც გასაგები ყოფილიყო. ის ამბობდა:

მუდამ გვახსოვდეს საკუთარი სიმცირე და თუკი საკუთარ თავს იმის უფლებას მივცემთ, რომ ამ დიდებულ და ამაღლებულ საგანს შევეხოთ, მაშინ არ უნდა გვქონდეს იმის ზედმეტი ამბიცია, რომ მას ბოლომდე შევიმეცნებთ.

მას შემდეგ, რაც მოციქულებმა თავიანთი მოძღვრის ზეადამიანური სრულყოფილება იხილეს და პეტრეს პირით აღიარეს ის როგორც, ,,ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა’’, უფალმა ისურვა, რომ ზეციური მამის დამოწმობით, ამ შემეცნებაში ისინი კიდევ უფრო განემტკიცებინა. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ ის უკვე გოლგოთის მსხვერპლისთვის ემზადებოდა. პეტრებს სიტყვებს უკან ,, შენ ხარ ქრისტე’’, ჯერ კიდევ არ განიჭვრიტებოდა ქრისტეს შესახებ სრულყოფილი შემეცნება; მაგრამ მიუხდავად ამ არასრულყოფილი და არასრული აღმსარებლობისა, მასში ზრდადი სიყვარული და  ერთგულება ვლინდებოდა, რაც თავის მხრივ მათ საღმრთო ნათლის დამტევნელობის უნარს აძლევდა. ამიტომაც თქვა უფალმა: ,, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა’’. ამ სიტყვების შემდეგ, ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად ფილიპეს კესარიიდან თაბორის მთამდე მდუმარე და მყუდროებით მოგზაურობას იწყებს. გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და თავისი საღმრთო დიდების(,,რომელი აქუნდა უწინარეს სოფლისა დაბადებისა’’) ჭვრეტის მაღალ მთაზე აღიყვანა’’.

ქრისტე მუდამ თავის თავში ატარებდა ნათელს, რადგან ის საღმრთო ბუნებით დაუსაბამო ნათელია. ეს კი უხილავი იყო მათთვის, ვისაც საკუთარ თავში ჯერაც არ მიეღო ეს ნათელი. თაბორზე უფალი ლოცულობდა. არაფერი გვიშლის ხელს, რათა დავასკვნათ, რომ ეს ლოცვა გეთსიმანიის ლოცვის მსგავსი იყო. ახლოვდებოდა რა ჟამი გასვლისა, ის სამყაროს შექმნიდან მის აღსასრულამდე ყველას გულში იკრავდა. ის მოციქულებისთვისაც ლოცულობდა, რათა მათ გულებში მკვიდრობდეს ის სიყვარული, რომლითაც მამამ ძე შეიყვარა.

ქრისტეს ზებუნებრივი ლოცვის მოწმენი და თანამონაწილენი ებრძოდნენ საკუთარი ხორცის უძლურებას და მცირე დროით რული მოერიათ. შემდეგ შინაგანი მოუკლებელი ლოცვის წყალობით კვლავ მღვიძარების მდგომარეობაში მოდიან, იმარჯვებენ ხორცის უძლურებაზე და ელიასთან  და მოსესთან მოსაუბრე, ნათელმოსილ ქრისტეს ხედავენ. მხოლოდ იმიტომ შეძლეს მათი დანახვა, რომ იმ მომეტში ისინიც ნათლით აღივსნენ.

ამ მოვლენის დიდებულებამ და უჩვეულობამ მოციქულები გამოუთქმელ განცვიფრებასა და ნეტარ განკვირვებაში ჩაძირა, რაც შემდეგ სიტყვებში ჩანს: ,, და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს.რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ’’.

იმ მომენტში მოციქულებში საღმრთო ნათლის სულიერი სამყაროს ხილვა და გრძნობისმიერი სამყაროს აღქმა ერთმანეთში აღრეულიყო. შემდეგ ზრდადმა ნათელმა ისინი კიდევ უფრო დიდ სიმაღლეზე აღიყვანა. ,, არა ვხედავთ ჩუენ ხილულსა ამას, არამედ უხილავსა მას, რამეთუ ხილული ესე საწუთრო არს, ხოლო არა-ხილული იგი – საუკუნო’’(2.კორ.4:18)…როდესაც ადამიანი მაღალ მთაზე ადის და მწვერვალზე ნისლი მოიცავს, ის თითქოს მოკვეთილია გარესამყაროსგან. მსგავსად ამისა, ამ ნათლის ღრუბელმა, რომელიც სულიწმიდის ნათელი და სუნთქვა გახლდათ, თავისი საღმრთო მოქმედებით მოციქულები უქმნელი, დაუვალი, უცვლელი, უსაზღვრო, ზეცაზე აღმატებული ნათლის სამყაროში აღიყვანა. მათში იმდენად დაფარა ამ ხილული სამყაროს აღქმადობა, რომ თავად ქრისტესაც ვერ ხედავდნენ ხორციელად, არამედ მხოლოდ ამ ნათელს ჭვრეტდნენ. სულიწმიდით ამაღლებულემა და ქრისტეს ღმრთეების მჭვრეტელმა მოციქულებმა მყისვე ზეციური მამის არამიწიერი და მიუწვდომელი ხმა მოისმინეს: ,, ესე არ ძე ჩემი საყვარელი’’. ეს იყო თაბორის საიდუმლოების უმაღლესი მომენტი.

თუკი კვლავ დავუბრუნდებით საკითხს ადამიანური ბუნების უძლურებისა, რომელსაც მოციქულები ატარებდნენ, მოღვაწე მამა სახარების უწყებასა და ეკლესიის მამათა გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს: მიუხედავად იმისა, რომ მოციქულთა ხილვა თაბორის მთაზე უმაღლესი და უდიდებულესი გახლდათ, ის მაინც არასრულყოფილი იყო. იმ დროს ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ ამ ნათლის სისავსისა და სრუყოფილების დამტევნელნი და სწორედ ამიტომ ხმობს ეკლესია: ,,უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდება შენი ძალისაბრ მათისა’’.

ეს ხილვა ამაღლებული და დიდებული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო ის ბოლომდე გათავისებული. სწორედ ამიტომ, მათში ჯერ კიდევ ჰქონდა ადგილი იმ შინაგან რყევებს, რომლებიც მათ გოლგოთის დღეებში შეემთხვათ.

როდესაც ღმრთიმეტყველების გამოუთქმელი საიდუმლოებების შესახებ გესაუბრებით, არ დაგიმალავთ, რომ შიში მიპყრობს. შეიძლება ითქვას, რომ არამხოლოდ შიშს ვგრძნობ, არამედ სირცხვილსაც. ,, სუ წყალი ჯურღმულთაგან შენთა წყაროჲსა’’. (სვი წყალი შენი აუზიდან და ანკარა შენი ჭიდან). მე კი სხვისი გამოცდილებებისა და მიღწევებისგან ვიკვებები და ამას გადმოგცემთ თქვენც. თუმცა, როდესაც ვხედავ, თუ როგორი გულმოდგინებით ისმენთ ამ სიტყვებს, ამ დიდ მოღვაწესთან ჩემი დაუვიწყარი შეხვედრის ეპილოგსაც გადმოგცემთ. იმ მომენტში, ჩვენი საუბრის დასასრულს, მისი სიტყვებით შთაგონებული, აღტაცებასთან ერთად, მწუხარებითა და საკუთარი სიბნელის განცდით აღვივსე, დავდუმდი და ჩემთვის ვფიქრობდი: ,,ეს ჩემი საქმე არ არის’’. ჩემს სანუგეშებლად მან გააგრძელა:

,, როდესაც საღმრთო დიდების შეგრძნება ჩვენი გულისთვის უცხოა, მაშინ ჩვენი სულის ყველაზე სწორი შინაგანი მოძრაობა – საკუთარ თავში ჩაღრმავება და მისი გამოკვლევაა. თუკი ჩვენი სული მამაცია, მაშინ საკუთარ თავს ვეტყვით: ჩემი უღირსებისთვის მაქვს ეს დანაკლისი, რადგან ნათქვამია: ,, მართლად მსვლელი და წრფელად მოუბარი, ძალადობით მონახვეჭის მოძულე, ქრთამისაგან ხელის დამფერთხავი, ყურის დამხშობი სისხლიან ამბავზე და თვალის დამხუჭველი ბოროტების ცქერაზე – აი, ვინ დაივანებს მაღალში; კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი, მიეცემა მური და ექნება წყალი დაუწყვეტელი. შენი თვალები იხილავენ მეფეს თავის მშვენებაში, დაინახავენ შორეულ ქვეყანას’’(ეს. 33:15-17). ამასთან ერთად, არ მივცეთ საკუთარ თავში ადგილი სასოწარკვეთილებას; პირიქით, აღვენთოთ სულით და დავიწყოთ სინანულით საკუთარ თავზე მგლოვარება. განვაგდოთ მცდარი აზრი, რომ ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, ეს აზრი ჩვენგან წმინდა სასოებას განდევნის. ჭეშმარიტება, რომელშიც ჩვენ ყველანი საკუთარი გულით უნდა განვმტკიცდეთ იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტე არავის განდევნის და უარყოფს. ჩვენ ყველანი, დიდიც და პატარაც, მცოდნეც და უცოდინარიც სრულყოფილებისთვის ვართ მოწოდებულნი. სწორედ ამისკენ მოუწოდა უფალმა პეტრეს, იაკობს და იოანეს. ჩვენც ხომ იგივე მცნებები მივიღეთ, როგორიც მათ. აქედან გამომდინარე მათნაირ პატივში ვართ მოწოდებულნი.

ჩაუღრმავდით ამ დღესასწაულის მსახურების საკითხავებს და ნახავთ, თუ როგორი ძალით მოუწოდებს ეკლესია უკლებლივ ყველას, რომ გონიერი ხილვის ამ გამოუთქმელ მთაზე ავიდნენ. იმასაც აღმოაჩენთ, რომ არამხოლოდ მოციქულებისა და ძველი მამებისთვის კეთილინება ქრისტემ საკუთარი ღმრთეების ნათლის განცხადება, არამედ ყველასთვის. თავისი აღთქმის თანახმად ის მუდამ გარდამოავლენდა და გარდამოავლენს ამ დიდ წყალობას მათზე, ვინც მას მთელი გულით მიჰყვება.

გარდა ცრუ სიმდაბლით ნათქვამისა: ,,ეს ჩემთვის არ არის’’; გარდა სიზარმაცითა და სიამეთმოყვარეობით ნაკვები გაუმართლებელი სასოწარკვეთილებისა, უქმნელი ნათლის ჭვრეტის დაბრკოლება ჩვენი სიამაყეა, რომელიც ღმერთის ყოფიერების არსის წვდომისა და მისი საიდუმლოებების შეცნობის კადნიერ სწრაფვაში ვლინდება. რთულია ჩვენი ამაყი  გონების ამგვარი კადნიერების სულიერი არსის წარმოჩენა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი სიამაყის შემთხვევაში ჩვენ ,,ნათლის ღრუბელს’’ კი არ შევხვდებით, არამედ სიბნელესა და წყვდიადს, რომელიც ჩვენგან ღმერთს დაფარავს.

უქმნელი ნათლის ხილვის ჭეშმარიტი გზა შინაგან ადამიანზე გადის. მთელი ჩვენი აზრი, ძალა და სურვილები იქეთკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ქრისტეს მცნებები ზედმიწევნით დავიცვათ და მას დავემსგავსოთ. ამ შემთხვევაში საღმრთო ნათელი მრავალი სახით და მრავალგზის შეეხება ადამიანის გულს’’.

ამ სიტყვების მოსმენისას ჩემს სულს გაურკვევლობა მაინც არ მოსცილებია. ჩემს წინ გზას ვერ ვხედავდი და არც ის ვიცოდი, თუ როგორ ან საიდან დამეწყო ამგვარი ცხოვრება. ვგრძნობდი, რომ თითქოს წყვდიადში ვიმყოფებოდი და მთელი გულით ვკითხულობდი: რაი ვქმნე, რათა ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდრო? და გამეცა პასუხი: ,,ილოცე! ილოცე წმ. გრიგოლ პალამას მსგავსად, რომელიც წლების განმავლობაში მთელი არსებით ღაღადებდა: ,,უფალო, განანათლე წყვდიადი ჩემი!’’, და უფალაც ისმინა მისი. ილოცე და განმტკიცდი რწმენაში, გახსოვდეს, რომ ეკლესია არ ლოცულობს იმისთვის, რაც შეუძლებელია!’’

ეს მოღვაწე არც უშვებდა იმას, რომ ასეთი ლოცვა პასუხის გარეშე დარჩებოდა. მან საუბარი შემდეგი სიტყვებით დაასრულა:

როდესაც შენი სული ამ ნათელს შეიცნობს, მაშინ როდესაც ის განგეშორება მოგენატრება და წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის მსგავსად დაუწყებ ხმობას და ძიებას:

მოდი, ნათელო ჭეშმარიტო,

მოდი, მარადიულო სიცოცხლევ;

მოდი, დაცემულთა აღმდგენელო;

მოდი, მკვდართა აღდგომაო,

მოდი, მეუფეო ყოვლადწმიდაო;

მოდი და დამკვიდრდი ჩვენში,

და მუდამ ჩვენთან იყვავი

და ჩვენში გამეფდი

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©