ქრისტეს დაბრუნების მოლოდინი – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

საშინელი სამსჯავროს შესახებ დღეს აღმოკითხულ სახარებაში, უფალი გვიცხადებს იმას, თუ როგორ დაბრუნდება დიდებით, რათა განსაჯოს ეს სოფელი, ყველაფერი გარდაქმნას და ჭეშმარიტ მდგომარეობაში მოიყვანოს. ის გვეუბნება, რომ სამსჯავროს მთავარი კრიტერიუმი ჩვენი მხრიდან მოყვასის მიმართ სიყვარულის გამოვლინების საზომი იქნება. ამ მონაკვეთში, ქრისტემ სამყაროს უკანასკნელი დღის სურათი აღგვიწერა.

ის ამ ყველაფერს იგავურად აღგვიწერს, რადგან ამ სამყაროში ვერაფერი შეედრება იმ ყველაფერს, რაც მაშინ მოხდება. როდესაც ის ამბობს, რომ დიდების საყდარზე დაჯდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ რაღაც დიდი, ოქროს ან ხის სამეფო ტახტი იდგმება. არც მარცხენა და მარჯვენა მხარე იქნება, რომ ერთნი ერთ მხარეს დააყენოს, ხოლო მეორენი მეორეზე. ქრისტე იმგვარად აღგვიწერს მომავალს, როგორც ამას ჩვენი ადამიანური შესაძლებლობები დაიტევს.

სახარებაში ის გვეუბნება, რომ იმ დღეს, როდესაც ის დაბრუნდება, დაჯდება დიდების ტახტზე, მის წინაშე შეკრებს ყველა ადამიანს და როგორც მწყემსი იცნობს თავის სამწყსოს და განყოფს ცხვრებს მარჯვენა მხარეს, ხოლო თხებს – მარცხენა მხარეს, ასე განყოფს კაცობრიობასაც. ცხვრები ბუნებით უფრო უბოროტონი, უმანკონი და კეთილშობილნი არიან, ვიდრე თხები, რომლებიც სიჯიუტითა და დაუმორჩილებლობით გამოირჩევიან. მსგავსადვე განარჩევს ქრისტე ადამიანებს და ზოგს მარჯვნივ დააყენებს, ზოგს კი – მარცხნივ.
ქრისტე მარჯვნივ მდგომებს ეუბნება: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ“. რატომ?

IMG 5885 e1601193221784
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

უფალი იქვე ასახელებს ამის მიზეზს: „რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე. შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა“.

რა თქმა უნდა, ისინი კითხულობენ:

– „უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ?. ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?“

მიუბრუნდება მარცხნივ მდგომებს და ისინიც იგივეს ჰკითხავენ:

– „უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ?“
ქრისტე ამით ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებს ამბობს, რომლებიც ამ სახარებისეული საკითხავის გასაღებს და არსს წარმოადგენენ. ის ადამიანებს ეტყვის:

– როდესაც ეს ყველაფერი თქვენს ძმებს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: „იმ წამსვე, როდესაც ისწავლეთ სხვა ადამიანში ჩემი დანახვა, ყველაფერი რაც მისთვის გააკეთეთ, მე მომემართება“. ეს ყველაფერი ქრისტეს მიემართება, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულის წყაროა ყველა მოღვაწისთვის.

კაცობრიობის ისტორია ქრისტეს სამეფოში მართალთა შესვლით დასრულდება.

დღევანდელი სახარებისეული ტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაცრი გვეჩვენება, სინამდვილეში არსობრივად ძალიან სასიხარულო და ძალიან მნიშვნელოვანი კეთილი უწყებაა. რატომ არის სასიხარულო? იმიტომ, რომ ამით უფალი იმაში გვარწმუნებს, რომ ყველაფერ ამქვეყნიურს თავისი დასასრული აქვს. დღეს ქრისტე გვარწმუნებს, რომ ეს სამყარო წარმავალია, რომ ყველაფერი გაივლის, რაც არ უნდა ხდებოდეს, ქრისტე დაბრუნდება და ყველაფერ ამას განსჯის და შეაფასებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის სიბრძნე და სიფრთხილე იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შეძლებს აწმყოს თავის სასარგებლოდ გამოყენებას. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ: სიხარული თუ მწუხარება, ბედნიერება თუ უბედურება. არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდაა თუ მოხუცი, ან მდიდარი თუ ღარიბი.
ამ სამყაროში უკანასკნელი სიტყვა ქრისტეს ეკუთვნის. როდესაც ის თავისი გამოუთქმელი დიდებით დაბრუნდება, ყველაფერს თავის რეალურ ადგილას დააყენებს.

ხშირად ადამიანები, საკმაოდ სამართლიანადაც კითხულობენ: „ამქვეყნად ამდენი უსამართლობა რატომ ხდება?“ რატომ არიან მიტოვებულნი პატარა ბავშვები და შიმშილით ან სნეულებებით კვდებიან? ჩვენც ვართ ხოლმე იმ მდგომარეობაში, როდესაც ვგრძნობთ, რომ თითქოს სამართლიანობს საერთოდ დავავიწყდით. ეს მართლაც ასეა. ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება მარადიულ სიცოცხლეში რომ არ გრძელდებოდეს, მაშინ ეს სამყარო მართლაც აბსურდული თეატრი იქნებოდა, რომლის საფუძველშიც უსამართლობა იდებოდა.

ამ დროს გრძნობ, რომ თითქოს სული გეხუთება და გინდა, რომ ერთი გრანდიოზული აჯანყება მოაწყო და მთელი სამყარო გაანადგურო. რატომ? იმიტომ, რომ ის უსამართლობა, რომელსაც შეეჩეხე თითქოს გაუგებარი და აუხსნელია. როგორ აუხსნი უსამართლობას ისეთ ადამიანს, რომელიც დაამცირეს, რომელიც შიმშილობს, კვდება, ავადაა, ახლობლებს კარგავს… როგორ აუხსნი ამ ყველაფერს ადამიანს, თუკი მარადიული სიცოცხლის პერსპექტივას წაართმევ? ეს ნამდვილად შეუძლებელია.

მარადიული სიცოცხლის გარეშე ადამიანი იხრჩობა თავის ყოველდღიურობაში. ქრისტე გვარწმუნებს, რომ ამ ცხოვრებას გაგრძელება აქვს და ეს ისეთი გაგრძელება იქნება, რომ მასთან შედარებით ახლანდელი ცხოვრება არარეალური მოგვეჩვენება. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „არ გაგიტაცოს ამქვეყნიურმა ცხოვრებამ, რადგან ეს უბრალოდ თეატრია. დასრულდება წარმოდგენა და მასთან ერთად ყველაფერიც დამთავრდება. არ გაგიტაცოს იმან, რასაც ხედავ, არამედ ამ ყველაფრის მიღმა იმზირე, რათა ნამდვილი რეალობა აღმოაჩინო“.

წმინდა ბასილი დიდიც მიმართავს ქრისტიანებს თავისი დიდებული სიტყვებით: „ყურადღებით იყავი, რადგან შენ მწირი და მგზავრი ხარ და არა აქაურობის მკვიდრი. შენ მგზავრობ და გზაში ხარ. ამიტომაც, არ შეცდე და არ იფიქრო რომელიმე ადგილზე, რომ რა კარგია აქ, დავრჩები და აქ ვიცხოვრებო!“ მაშინ იმ ადამიანს დაემსგავსები, რომელიც სამოგზაუროდ გემში ჯდება, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ავიწყდება, რომ მგზავრია, თანდათანობით ეს გემი უფრო და უფრო მოსწონს და საცხოვრებლად იქ რჩება. მაგრამ შენ ხომ აუცილებლად მოგიწევს, რომ ჩამოხვიდე. მუდამ გემზე ვერ დარჩები. ამიტომაც, საჭიროა მომზადება, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილია ჩვენი ცხოვრებისა.

ეს ჭეშმარიტად სასიხარულო უწყებაა, რადგან ამ ყველაფრის შესახებ ამგვარად ვამბობთ რწმენის სიმბოლოში: „მოველი აღდგომასა მკვდრეთით“. ზმნა: „მოველი“ ნიშნავს, რომ დაუოკებელი სურვილით ველოდები იმ წამს, როდესაც ქრისტე დაბრუნდება და ეს იქნება ჟამი სამართლიანობისა. ჩვენ ქრისტეს იმიტომ კი არ ველოდებით, რომ მან უსამართლოები დასაჯოს. არა, ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა.

ნამდვილი უსამართლობა იცით რა არის? როდესაც საკუთარ თავს ვექცევით უსამართლოდ და ღმრთის მადლს ვკარგავთ. როდესაც მადლს ვკარგავთ, მაშინ მართლაც უსამართლოდ ვექცევით საკუთარ თავს. ამიტომაც, ქრისტეა ჩვენი სიმართლე, სწორედ ისაა სიმართლის მომნიჭებელი და ის შეგვაგრძნობინებს თავის არსებობას.

ამიტომაც დღეს, უფალი თითქოს ხაზს უსვამს ამქვეყნიურს, ფარდას ხდის ყველაფერს და გვიჩვენებს რეალობას, რათა არ გაგვტეხოს დეპრესიამ და სასოწარკვეთილებამ, რადგან ჩვენი საყრდენი ქრისტეს სამეფო და მარადიული სიცოცხლეა. ჩვენ ვიცით, რომ ეს ცხოვრება ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის და გაგრძელება ქრისტეს სამეფოში გველოდება.

მეორე ასპექტი. დღევანდელი სახარებისეული ტექსტიდან გამომდინარე, ზოგი იფიქრებს, რომ უფალი რაღაც სოციალურ სისტემაზე საუბრობს, რომელიც ღარიბებზე, მშივრებზე, პატიმრებსა და სნეულებზე ზრუნავს. რა თქმა უნდა, სახარებას სოციალური ნაყოფებიც აქვს, რადგან ქრისტიანის საქმე პირველ რიგში სიყვარულის საქმეა. მაგრამ ქრისტე მიგვითითებს იმ ნიშანზე, რაც განასხვავებს საერო სიყვარულს იმ სიყვარულისგან, რომელიც მას აქვს და ამბობს: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. ის საკუთარ თავს ჩვენს წინ მდგომი ნებისმიერი ადამიანის ადგილას აყენებს.

ერთი ამბა ამბობდა: „ნეტარია ადამიანი, რომელიც ყველა ადამიანში ღმერთს ხედავს. დაინახე შენი ძმა – ე. ი. შენი უფალი დაინახე. შენი ძმის სახით თავად ღმერთს შეხვდი“. ამიტომაც, ის ადამიანი, რომელსაც ქრისტე უყვარს, სხვა ადამიანში ვნებებს კი არ ხედავს, არამედ ამ ადამიანს ისეთად აღიქვამს, როგორიც ის ღმერთმა შექმნა და ჩაიფიქრა. ის გარეგნულს კი არ ხედავს, არამედ მასში ღმრთის ხატების მშვენიერებას ჭვრეტს. მას უყვარს ადამიანი და ხედავს თუ როგორი მშვენიერი და მნიშვნელოვანია ის.

ჩვენი წინაპარი ძველი ფილოსოფოსებიც საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ როგორი მნიშვნელოვანი და მშვენიერი ქმნილებაა ის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ადამიანობს. როდესაც ადამიანში შენარჩუნებულია ის მშვენიერება, რომლითაც ღმერთმა შექმნა, მაშინ ის ნამდვილად კარგი და მშვენიერია. რატომ? იმიტომ, რომ მასში ხომ ღმრთის ხატების მშვენიერებაა. მაგრამ მას აქვს კიდევ ერთი რაღაც. მეორე, რაც ღმერთმა მას მისცა არის ღმრთის მსგავსების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ გვეუბნება ქრისტე: „იყავით სრულნი, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს“ და კიდევ: „იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს“.

როდესაც ადამიანში ღმრთის ხატება რეალიზდება, იღვაწებს და ღმერთს დაემსგავსება, მაშინ ის გახდება ისეთი, როგორიც ღმერთია, ანუ ის ადამიანებს ისე შეხედავს, როგორც მათ ჩვენი კეთილი ღმერთი უყურებს. როგორ უყურებს? ის არ განასხვავებს ადამიანებს და არ ავლენს არანაირ მიკერძოებულობას. ქრისტეს ყველა ერთნაირად უყვარს. ჩვენ კი განვასხვავებთ, ზოგი მეტად გვიყვარს, ზოგი ნაკლებად, ზოგი ნაწილობრივ, ზოგიც კი სრულიად. ჩვენს სრულყოფილ ღმერთს კი ყველანი თანაბრად ვუყვარვართ, რადგან ის ჩვენი ზეციური მამაა. ამიტომაც, სულიერ ადამიანს ქრისტეს მსგავსად აბსოლუტურად ყველა თანაბრად უყვარს.

ამ ყველაფერს იმ კრიტერიუმამდე მივყავართ, რომელსაც ქრისტე დღევანდელი სახარებით წარმოგვიჩენს. ამასაც იმიტომ აკეთებს, რომ რთულ მდგომარეობაში არ ჩაგვაყენოს და არ ვიმკითხავოთ: „როცა მოვკვდები, ვიქნები ღმერთთან? სად მოვხვდები სიკვდილის შემდეგ? რა მეშველება სამსჯავროზე?“. იმისათვის, რომ მოგვაშოროს ეს ფსევდოდილემები და ფსევდოგამართლებები, ის სამსჯავროს კრიტერიუმებს გვიჩვენებს. ის გვეუბნება: „ნუ ნერვიულობ, თუ ყველა ადამიანს სიყვარულით ექცევი და ყველაში მე მხედავ, მაშინ გადარჩები“. ამით მან გვიჩვენა, რომ მოყვასის სიყვარული ღმრთის სიყვარულის ნაყოფია.

ვერ იტყვი, რომ ღმერთი გიყვარს, თუ არ გიყვარს შენი ძმა. ვერ იტყვი, რომ სულიერი ადამიანი ხარ, თუ არ შეგიძლია სხვასთან ურთიერთობა. ეს ურთიერთობა იმას კი არ ნიშნავს, რომ შენი ნარჩენი პურის ნაჭერი მიუგდო ვინმეს და საკუთარ თავს რეკლამაც გაუკეთო, მოწყალებას გავცემო. არა, ღმერთს ასე არ სურს. მას უნდა, რომ ჩვენ მისი თვისებები გვქონდეს. რა თქმა უნდა, დღეს ხალხს სჭირდება პურიც, საჭმელიც, ფულიც და ა. შ. მაგრამ პირველ რიგში მას სიყვარული სჭირდება, რომელიც რაღაც აბსტრაქტული კი არ არის, არამედ ცოცხალი განცდა, რომელსაც ადამიანი საკუთარი გულით ატარებს.

წმინდა წერილი ნათლად გვეუბნება, რომ ღმერთი სიყვარულია. მაგრამ ადამიანი რა არის? თუ ის ღმრთის ხატია, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანიც სიყვარულია!

როდესაც იმ ახალგაზრდებს ვესაუბრები, რომლებმაც ამ ცხოვრებაში ყველაფერი მიატოვეს და საკუთარი სიცოცხლის ჩათვლით არაფერი აღელვებთ, ვხედავ, რომ მათ სიკვდილის არ ეშინიათ, რამდენადაც მათი ცხოვრება სიკვდილზე უარესია. ამ დროს ვფიქრობ: რა ვუთხრა ამ ადამიანს? როგორ ვესაუბრო, რომ გულზე შეეხოს? მას ხომ საერთოდ არაფერი აინტერესებს. ის ანორექსიით დაავადებულის მსგავსია: რაც არ უნდა მადისაღმძვრელი საჭმელი დაუდო, მაინც არ მოუნდება ჭამა. ეს მართლაც საშინელი რამაა.

ვაღიარებ, რომ თავიდან, როდესაც ასეთ ახალგაზრდებთან ურთიერთობას ვიწყებდი, ხშირად ვხვდებოდი ამ გაურკვევლობაში, რომ არ ვიცოდი რა მეთქვა და რაზე მესაუბრა. საერთოდ არაფერი აინტერესებდათ: არც ფული, არც დიდება, არც მუშაობა, არც სიცოცხლე, არც მშობლები – აბსოლუტურად არაფერი. რა უნდა მეთქვა? მაგრამ ჩემი პატარა გამოცდილებით დავინახე, რომ ის, რასაც სულიერად მკვდარი ადამიანის გაცოცხლება შეუძლია – სიყვარულია. ამიტომაც ამბობს წმ. იოანე ოქროპირი: „სიყვარული – სიცოცხლის წყაროა“. სიყვარული მეორე ადამიანს სიცოცხლეს ანიჭებს. გიყვარდეს მოყვასი მთელი გულით, ნამდვილად, ისე, რომ მისგან არაფერს ელოდო და არაფერი ეძებო, არამედ გიყვარდეს ისე, როგორც ქრისტეს უყვარხარ შენ. ქრისტე იმისთვის კი არ მოსულა, რომ დაესაჯე, არამედ იმისათვის, რომ შენთვის სიცოცხლე მოენიჭებინა და თავისი სიყვარულით გაეთბე.

დღევანდელ სამყაროს სწორედ ასეთი სიყვარული სჭირდება. გამოვავლინოთ მოყვასის მიმართ ჯანსაღი სიყვარული, რომელიც არ გამოიხატება მატერიალურში. საკმარისია სწორად და ნამდვილად გვიყვარდეს. დღეს ბევრ ადამიანს აქვს ყველაფერი, მაგრამ მათ არავინ უყვართ, იძირებიან ამ სიმდიდრეში და თან ამავდროულად არ არიან ბედნიერები. ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ მათ არ აქვთ ცხოვრების რეალური საზრისი.

ეკლესია სოციალურ საქმესაც ასრულებს და მეტსაც ვიტყვით, ის ეროვნული მნიშვნელობის საქმეებსაც აკეთებს. ეკლესია – ეს ის ადგილია, რომელსაც დღევანდელი სახარება გვიცხადებს. ეს არის ადგილი, სადაც ქრისტე ჩვენი ძმაა. თუ ეკლესიის შვილები ვართ და გვიყვარს ქრისტე, მაშინ შეუძლებელია, რომ არ გვიყვარეს მოყვასი. არ აქვს მნიშვნელობა ვინც არ უნდა იყოს, რომელი რასის ან სარწმუნოების წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ეკლესიისთვის ყველა ქრისტეს ხატია. ის არის ადამიანი, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე და ვინც ღმერთმა შექმნა და ამ სამყაროში მოავლინა.

ამიტომაც არ უნდა ვიკითხოთ: „რას ამბობს ეკლესია ეთნიკურ საკითხებზე?“. ეკლესია სახარების მიერ უკვე 2000 წელია, რაც გვესაუბრება და გვასწავლის. ის არ ელოდებოდა „გაეროსა“ და სხვა ინსტიტუციების გაჩენას. ეკლესია ყოველთვის ამოწმებს სამყაროში ღმრთის სიყვარულს და იმას, რომ ნებისმიერი ადამიანური პრობლემიდან გამოსავალი – იესო ქრისტეა. ეს არის პასუხი და გამოსავალი ყველაფრისა.

ამიტომაც, ძმებო, როდესაც ქრისტეს ვხედავთ, მაშინ ძალიან დიდ სიხარულს განვიცდით, რადგან ამქვეყნიური მწუხარებები გვიმსუბუქდება. როდესაც ქრისტეს ვხედავთ, ყველას საკუთარ ძმებად და დებად აღვიქვამთ. ნებისმიერ ადამიანში კი მას, ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ვხედავთ, რომელიც ჩვენ, ქრისტიანებს არამხოლოდ უნდა გვწამდეს, არამედ გვიყვარდეს და მოუთმენლად უნდა ველოდეთ მასთან შეხვედრას.

შევთხოვ უფალს, რომ ყველას გვქონდეს ჩვენს გულებში ქრისტეს მადლი, რათა უფალმა ღირსი გაგვხადოს, რომ დიდი სიხარულითა და ძალით შევუდგეთ დიდი მარხვის ამ კურთხეულ და დიდებულ პერიოდს, რათა ვნებებთან მებრძოლი მამაცი მეომრები ვიყოთ, ხოლო ჩვენი უფლის აღდგომამ ამ სამყაროს სიხარული და ნათელი მიანიჭოს!

წყარო: https://pravoslavie.ru

მთავარი ფოტო: მაცხოვრის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •