127227728 3658650734181794 6339564117475771816 n

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – ლოცვა სულიერი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა

უმნიშვნელოვანესია ლოცვის მეშვეობით (უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე) ქრისტეს მუდმივი მოხმობა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ლოცვა ყოვლისშემძლეა, რადგანაც ქრისტე, რომელსაც ჩვენ ამ ლოცვით მოვუხმობთ ყოვლისშემძლეა. ლოცვით ჩვენ მივიზიდავთ საღმრთო ენერგიას, რომელიც ყოვლისშემძლე ღმერთისგან მოედინება და შემოდის ჩვენში.
როდესაც ჩვენ მუდმივად მოვუხმობთ ქრისტეს და მტკიცედ გვიპყრია ქრისტეს სახელი, მაშინ ეს ლოცვა საიდუმლოებრივი და მიუწვდომელი გზით იჭრება ჩვენს ცხოვრებაში, ამსხვრევს გაქვავებულ გულს, აღწევს ადამიანის ყოფიერების სიღრმეებში და ასე გვაძლევს საშუალებას სულიწმიდასთან ურთიერთობისა.

ამიტომაც ლოცვა სულიერი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა. ”მოუკლებელად ილოცვიდეთ” – ამბობს პავლე მოციქული. და ასევე: ”ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს” (საქმე. 2:21).
შეუძლებელია, თუ შენ ქრისტეს მოუხმობ, რომ მან არ მონახოს გზა შენი ხსნისა და გადარჩენისა. ღმერთი ყოვლისშემძლეა და თუ ჩვენ ქრისტეს ვეძებთ და მოვუხმობთ, რამდენად მზაკვარიც არ უნდა იყოს დემონი, შეუძლებელია, რომ მან ისეთი წინააღმდეგობა გაგვიწიოს, რომ გადააჭარბოს საღმრთო ძალას.

ჩვენ ვამბობთ: ”არ ვიცი. როგორ გავთავისუფლდე ამ ვნებისგან!”. ჩვენ ყველანი ტყვეები ვართ. ვის შეუძლია იამაყოს საკუთარი თავისუფლებით? არც მე და არც ვინმე სხვას. სამწუხაროდ ჩვენ ყველანი ცოდვის მონები ვართ, ზოგი – მცირე, ზოგიც კი – დიდი ვნებებისა, იმიტომ, რომ უძლურნი ვართ. თუმცა, როდესაც ჩვენ შემუსვრილი გულით მოვუხმობთ ქრისტეს და ვაცნობიერებთ მისი ჩვენში შემოსვლის აუცილებლობას, მაშინ ღმერთს ჩვენში მოქმედების საშუალებას ვაძლევთ და მან იცის, თუ როგორ გვიხსნას ჩვენ.

საკმარისია, რომ სიმდაბლით მივენდოთ ღმერთს. როგორც ექიმი, ადამიანის განკურნებისთვის მრავალ მტკივნეულ გზას მიმართავს, ჭრის, კერავს, აჭრის ხორცს, უკეთებს აცრებს, რადგან თუ ექიმი პაციენტს დაიდობს, ვეღარ განკურნავს. ასევე ჩვენც ასე გვგონია ხოლმე, რომთითქოს კეთილი ექიმი – ღმერთი – არ გვინდობს და არ ვებრალებით. ზოგი წუწუნებს კიდეც: ”ღმერთო, ნუთუ არ გეცოდები? კიდევ რამდენი უნდა ვიწვალო?” მაშინ ჩვენ ბავშვებს ვგავართ, რომლებსაც არ ესმით და ვერ აღიქვამენ ღმერთის მაკურნებელ ჩარევას.

თუმცა, ჩვენ ამის ბოლომდე წვდომა მაინც არ ძალგვიძს, მაგრამ როდესაც ამ სამყაროს დავტოვებთ და აგვეხილება სულის თვალები, მაშინ ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მადლიერნი ვიქნებით ღმერთისა, ყველა იმ მწუხარებისა და ტკივილის გამო, რაც ამ მიწიერ ცხოვრებაში გადავიტანეთ. ჩვენ მადლიერნი ვიქნებით ყველა მწუხარების, ტკივილისა და სირთულის გამო. იმიტომ რომ ყველაზე დიდი წამალი, რომელიც ადამიანის სულს კურნავს და განდევნის უგრძნობელობას არის ტკივილი, მწუხარება და განსაცდელი.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •