meufe atanase 12

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – ვერ შევძლებთ ლოცვას თუ ადამიანს უარს ვეტყვით დახმარებაზე

ადამიანი წინააღმდეგობას აწყდება ლოცვის დროს იმ საქმეთაგან, რომელნიც ეწინააღმდეგება ღმრთის ნებას და პირიქით, მას შეუძლია საკუთარ თავს დაეხმაროს იმ საქმეებით, რომელნიც სათნოა ღმრთისთვის. მაგალითად, როცა ჩვენ ვეხმარებით ძმას უძლურების, დარდისა და უბედურების ჟამს, მოწყალებით, რაიმე ნივთით, ან თანხით, თუნდაც სიტყვიერი გვერდში დგომით მათი, ერთი სიტყვით: როგორი მოწყალებაც არ უნდა გავცეთ, როგორი სიყვარულიც არ უნდა გამოვიჩინოთ სხვა ადამიანის მიმართ, შედეგად ჩვენ ვიღებთ მადლს, რომელიც არაჩვეულებრივად გვეხმარება ლოცვაში. და პირიქით: თუ უარს ვეტყვით ძმას დახმარებაზე, უმალვე შეგვიჩერდება ლოცვა. ვერ შევძლებთ ლოცვას თუ სხვა ადამიანს უარს ვეტყვით დახმარებაზე. დიდი პირადი გამოცდილების მქონე მამები მძიმე მსხვერპლის გაღებით ცდილობდნენ არ დაეკარგათ ღმრთის მადლი, იმის გამო, რომ ვინმეს უარი უთხრეს ამა თუ იმ ნივთისათვის.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი თავს იმდაბლებს ღმრთის მიმართ, წარსდგება მის წინაშე, როგორც დაჭრილი და დაწყლულებული, მისი ლოცვა შეიძლება შესმენილ იქმნას უფლის მიერ, მაგრამ როცა ჩვენ ვარღვევთ სიყვარულის მცნებას, გვექმნება წინააღმდეგობა ლოცვის დროს, რომლის გადალახვა ჩვენთვის შეუძლებელი ხდება. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ღმერთი არ უშვებს კომპრომისებს. მან ხომ თვითონ თქვა: „თუ მიიტან შენ ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენ ძმას გულში რაიმე წყენა აქვს შენზე, მიატოვე ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, შენს ძმას შეურიგდი, შემდეგ მოდი და შესწირე ძღვენი“ (მათე 5:23-24).

ქრისტეს არ უთქვამს: თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ გაქვს ხორციელი ან რაიმე სხვა ცოდვა, წადი, ჯერ მოაგავარე ეს ამბავი, შემდეგ მოდი და შესწირე შენი ძღვენი… მას ეს არ უთქვამს, არამედ მიგვანიშნა მხოლოდ სიყვარულზე – სიყვარულზე ძმის მიმართ. მამათა გამოცდილებით ვიცით, რომ არის რაღაც, რასაც ღმერთი არასდროს უშვებს, ის არასდროს უშვებს ლოცვაში დაეხმაროს ადამიანს, რომელსაც გააჩნია გულში რაიმე ვნება სხვა ადამიანის მიმართ, და უფრო მეტიც, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ღმერთი არ დაგვეხმარება ლოცვაში, თუ სხვა ადამიანს გულში რაიმე ექნება ჩვენს წინააღმდეგ.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

X