UTA 3147 1

ლოცვა და ღმერთთან ურთიერთობა – არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი (ნაწილი 2)

ლოცვას ვერაფერი შეცვლის

მოვიყვან ასეთ მაგალითს. რომელიმე წმინდა მქადაგებელი გამოდის ქრისტეს საქადაგებლად. ის იმდენ ძალისხმევას აქსოვს თავის ეპარქიაში სულიერი ცხოვრების ასაღორძნებლად, რომ ლოცვისათვის დრო აღარ რჩება. ის ვეღარ დგება ღამე ლოცვისათვის, რადგან  ძალზედ იღლება დღის განმავლობაში, და თუკი ღამე იფხიზლებს, დღისით ვეღარ შეასრულებს თავის სამუშაოს. მას მარხვის დაცვაც აღარ შეუძლია, რადგან იმდენს მუშაობს, რომ ძალები ეცლება და ვალდებულია პარასკევსაც ჭამოს.

შეძლებს კი ასეთი ადამიანი ქრისტიანად ყოფნას? არა. პირიქით, ის აბსოლუტიზირებას უკეთებს თავის ბრძოლას, შრომას, საქმიანობებს, ქადაგებას, მსახურებას, ამ ყოველივეს მიიჩნევს სულიერ ცხოვრებად და უფლისათვის შესაწირად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის თავისი საქმიანობებით ანაცვლებს ყოველივე იმას, რაც სინამდვილეში უნდა აკეთოს და ცრუობს. ის გამუდმებით ატყუებს საკუთარ თავს, ღმერთს და ადამიანებს. ის ეწევა ცხოვრებას, რომელიც თავიდან ბოლომდე სიცრუეს წარმოადგენს. იგი ყოველ დღე ცრუობს ღმრთისა და საკუთარი იმედების წინაშე. მისი ცხოვრება აჩრდილია, მოკლებული ყოველგვარ ჭეშმარიტებას. ის სრულიად უღმერთოდ ცხოვრობს, რამეთუ უღმერთოდ ცხოვრება – არის ცხოვრება სიცრუეში.[16] [1, 448].

უფალი გვეუბნება: ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის.(1 იოან. 2, 15), ნუ იფიქრებთ და ნუ მისცემთ გულსა და გონებას ნურაფერს ამასოფლიურს.

მაგრამ, როგორ მივაღწიოთ ამას? მხოლოდ საკუთარ კელიაში, საკუთარ თავში მდუმარებით დაყუდებით, – იქ არის ჩვენი ცხოვრება. ამისათვის, ადამიანმა საკუთარი დღის განრიგი უნდა შეადგინოს, მოაწყოს საკუთარი ცხოვრება, განაწყოს საკუთარი სული და ეს ყოველივე ისე, რომ მას მხოლოდ კელიაში მყუდროდ დაყუდებისათვის დარჩეს დრო, განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, ღამის საათებში. აქ იღებს სათავეს ჩვენი ცხოვრება და ის დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ვინარჩუნებთ სიმყუდროვეს და რამდენად ხანგრძლივად ვფხიზლობთ. რაც უფრო მეტს მუშაობს ადამიანი ერში, მით მეტს გამოიმუშავებს იგი; რაც უფრო დიდხანს ფხიზლობს თავის სამსახურში, მით უფრო დიდხანს ცოცხლობს; და რაც უფრო ნაკლებად შრომობს, მკვდარია და ხანმოკლეა მისი სიხოცხლე. ასევე ვართ ჩვენც: რაც უფრო ხანგრძლივად ვფხიზლობთ, უფრო მეტად არის ღმერთი ჩვენში. დაითვალეთ, რამდენი ხანი ვფიქრობთ ღმერთზე. რამეთუ, ღმერთთან კავშირით მიიღწევა ხსოვნა მასზე. ეს არ ნიშნავს, რომ ბერმა ძალების გამოცლამდე, ოფლის დაღვრამდე და დაღლამდე არ უნდა იმუშავოს. მან უნდა აკეთოს კიდეც ეს ყოველივე. უფალიც  ყველაფერს აკეთებდა, ის ექვსი დღე შრომობდა. თუმცაღა, რამდენ ხანს ვრჩებით ჩვენ დუმილისა და ღმრთაებრივი სიმყუდროვის ატმოსფეროში?[1, 515–516].

უფლის მყოფობა ჩვენს ცხოვრებაში

თვალს მიმოვავლებ ღრუბლებს ცის კამარაზე, მთათა მწვერვალებს, ჰორიზონტის კიდეებს, შევდივარ წყვდიადში საკუთარი კელიისა და გულისა და გონების სიღრმეებს მივაპყრობ მზერას, ვაცნობიერებ საკუთარ ვნებებს… სინამდვილეში, მე ვიცი და მჯერა, რომ ამ ყველაფერში ვხედავ ღმერთს, რამეთუ ის, იდუმლად მყოფობს ყველაგან. მთელი ქმნილი სამყარო – მისი შესამოსელია და ყველგან მისი მყოფობის კვალია განფენილი. ჩემი ვნებები და სიბრმავეც კი, ჩემი ცოდნა და უცოდინრობა, ჩემი გულისცემაც კი – ადასტურებს, რომ ღმერთი არსებობს და რომ ის არის ყველგან, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდე. ვაი ჩვენ, ღმერთი რომ არ ყოფილიყო! უმალ ჯოჯოხეთში აღმოვჩნდებოდით ყველანი. წამიერადაც რომ დაიხიოს უფალმა უკან, განაშოროს ჩვენგან სულიწმინდა და შეაჩეროს თავისი განგებულება – მაშინვე დავიღუპებით. ხოლო გარე-თუ-მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თჳსად მიიქციან (ფსალმ. 103, 29), — ამბობს მეფსალმუნე.

მაშასადამე ის, რომ მე ვცოცხლობ, შემიძლია შევცოდო, ვიმოქმედო ვნებისამებრ, მქონდეს საკუთარი ნება და სურვილები, ნიშნავს, რომ უფალი მითმენს და არ მიაქცევს ჩემგან თავის მზერას. ის კეთილგანწყობილია ჩემ მიმართ, სულგრძელია და მელოდება. მას არ შეუძლია თავისით ზეგავლენის მოხდენა ჩემზე, რადგან მე ბარიერს აღვმართავ ჩვენ შორის. და ის მაღლიდან მადევნებს თვალყურს, რომ როგორც კი მე მას მთელი გულით მივმართავ, ხელი ჩამჭიდოს და შინაგანი სივრცეები განმიცხადოს, მისცეს ჩემ გულს სიხარული და სულიერი სიმშვიდე.

თუკი თავისი მყოფობით უფალი თავისი მფარველობის ქვეშ მამყოფებს, უშვებს რა, ჩემ მიერ ცოდვის ჩადენას ანუ მის შეურაცხყოფას; თუკი ჩემი ვნებები და სამარცხვინო მდგომარეობაც კი უფლის სულგრძელებას ადასტურებს, მაშ რაოდენ მეტად ამტკიცებს მთელი ხილული თუ უხილავი სამყარო, მით უმეტეს კი, უხილავი და აზრისმიერი, არსებობას ცოცხალი ღმრთისა. მაშ ასე, ქრისტიანი წარდგება წინაშე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მის გვერდით მყოფობს და რომელიც არის რა უხილავი,  ხდება ხილული მისთვის.

ამგვარად, როდესაც ვიბრძვი და ღვაწლში ვარ, მე ვდგები უფლის წინაშე  და მას ჩემს რწმენას ვუდასტურებ და ვაჩვენებ, რომ მჯერა მისი ყველგანმყოფობის. უფლისადმი რწმენა და მისი ყველგანმყოფობა ჩემთვის ნიშნავს, რომ მე მას ველოდები და ეს არ გახლავთ სულიერი განცდები და  განცდა სიცარიელისა, არამედ გამოცდილებითი შეხება უხილავ ღმერთთან, საიდუმლო ქორწინება, დაუსრულებელი მოლოდინი, როდესაც მე, “განმარტოებულ ღვაწლში”, განუწყვეტლივ ვნუგეშობ იმის მყოფობით, ვინც აქ, ჩემ გვერდით და ჩემში იმყოფება. ჩემი განმარტოებული მყოფობა – განუწყვეტელი კავშირია უფალთან, უწყვეტი ერთობა მასთან, დაურღვეველი ქორწინება,  მადლისმიერ სხივთა მარადიული ნათება ზეციდან, მუდმივი ურთიერთშეხება ღმრთაებრივ და ადამიანურ თვისებებათა,  მარადიული არსებობა ღმრთისა და ადამიანისა. [3, 122–123].

ჩვენი ბედი უფლის ხელშია. ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს და ის ღმერთს ეკუთვნის. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ცხოვრებაში არ არის ღმერთი, მაგრამ, სინამდვილეში, იმ წუთიდან, როდესაც ჩვენ ცხოვრებას უცვალებელ და მარადიულ ღმერთთან ვაკავშირებთ, ის მაშინვე გვიცხადებს თავს, ის საყვარელ შვილთა მსგავსად გვეპყრობა, სურს რა, რომ მივიღოთ ცოდნა და გამოცდილება.

თუმცაღა, ეს რომ მოხდეს, ჩვენგან მოითხოვება სიმდაბლე, თვითუარყოფა, საკუთარი ბუნების გათვითცნობიერება, ჭეშმარიტი ღვაწლი უკიდურესად განსხვავდება იმისაგან, როგორც წესი, ჩვენ რომ წარმოგვიდგენია ხოლმე. სულიერ ცხოვრებაზე საუბრისას, ჩვეულებრივ, ცენტრალურ ადგილს საკუთარ თავს ვუთმობთ ხოლმე და არა ღმერთს. ჩვენ ვირწმუნებით: “ღმერთო, მე შენ მიყვარხარ, შენ ჩემ გულში ხარ, ჩემ ყოველ ძარღვში, სისხლის თითოეულ წვეთში!” მაგრამ, არ გვესმის რას ნიშნავს ეს.  უფლისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის წვეთი მაინც რომ იყოს ჩვენში, ჩვენ მაშინვე შევწყვეტდით არსებობას და მიღმიერში გადავინაცვლებდით. სიცოცხლე იმდენად აუტანელი გახდებოდა ჩვენთვის, რომ სხეულისაგან გამოყოფას და ღმერთთან და წმინდანებთან წასვლას მოვისურვებდით, რადგან ღმერთს წმინდანებისა და ყოველთა წმინდანთა მეშვეობით ვუახლოვდებით (ეფ. 3, 18).

რა ვქნა, თუკი მე ვერ ვხვდები ამას? უნდა ვიღვაწო. ვიღვაწო, ვიშრომო გონებისმიერად, განუწყვეტლივ წარვდგე უფლის წინაშე. დაე, მხოლოდ უფლის გამო სტკიოდეს ჩვენს გულს, ის ყოველივეს მოაწყობს. მაშინ, ჩვენ წარვდგებით უფლის წინაშე და უხილავს ხილულის მსგავსად დავინახავთ – ყველაფერი ეს თავისთავად მოვა, ყოველივე მოგვეცემა. ღმერთი ჩვენთვის მოვიდა დედამიწაზე, განრღვეულთათვის, დამცრობილთათვის, უბადრუკთათვის, ცოდვილთათვის, მიწიერთათვის, ბრმათათვის, საბრალოთათვის, ჩვენთვის, მიწის მტვრისაგან შექმნილთათვის. “რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“ (იხ. ფსალმ. 115, 3)?

სულიერი ცხოვრება მარტივია. ჩვენ ყველაფერი მოგვეცა, ამიტომაც, საჭიროა გავაცოცხლოთ და ნათელვყოთ ჩვენში არსებული საღვთო ნიჭები. ჩვენ თავად ვართ დამნაშავენი იმაში, რომ ვეღარ ვგრძნობთ საღვთო ნიჭებს სრული სისავსით, – ეს არის ჩვენი ტრაგედია,  სიკვდილი ჩვენი სულისა. უფალმა აღასრულა თავისი საქმე, ბოლომდე შეასრულა თავისი მისია, ყველაფერი გააკეთა ჩვენთვის. მან აღავსო ჩვენი ცხოვრება თავისი ნიჭებით, ასე რომ, ჩვენ არაფერი გვაკლია, თუმცაღა, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ აღარ გვაქვს ამ ღმრთაებრივი სისავსის განცდა.

ჩვენ ვუმზერთ ქვას, რომელშიც ასევე მყოფობს ღმერთი და ვფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ ქვაა და მეტი არაფერი. ასევე, მარიამ მაგდალინელმა: დაინახა ქრისტე და იფიქრა, რომ ის მებაღე იყო და გულუბრყვილოდ ჰკითხა, ხომ არ ენახა მას უფალი? მსგავსი რამ გვემართება ჩვენც, როდესაც გვეჩვენება, რომ ვერ ვხედავთ ჩვენს ცხოვრებაში ღმერთს[3, 125–127].

იმისდა მიუხედავად, განვიცდით თუ არა უფლის მყოფობას, შევიცანით იგი თუ ჩაძირულნი ვართ უცოდინრობაში, ცოდვაში ვცხოვრობთ თუ სიწმინდეს ვესწრაფვით, – ღმერთი ცოცხალია. და თუ ეს ასეა, ყოველი ჩვენთაგანისათვის არსებობს იმედი და ჩვენ შეგვიძლია ბოლომდე მივენდოთ უფალს. ჩვენ ჯვარცმული ღმერთის წინაშე წარვდგებით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მუდამ მის წინაშე ვიმყოფებით,  ახლოსაა მისი წყალობა და მარად ჩვენს გვერდითაა მისი ხელი, რათა ნებისმიერ დროს ჩაგვჭიდოს და გადაგვარჩინოს [3, 171].


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©