2

ლოცვითი მღვიძარებისა და ღვაწლის მნიშვნელობა – წმინდა პაისი ათონელი

ადამიანის სული ღმრთის სულის მონათესავეა და მას ლოცვის მეშვეობით უერთდება. სულიერ მღვიძარებასთან შეერთებული ლოცვა განგვაცდევინებს იმგვარ უსაფრთხოებას, როგორსაც მშობლის მკლავებში დედობრივი სიტკბოებით გამძღარი ბავშვები გრძნობენ. ისინი უფრო გონიერნი არიან, ვიდრე ჩვენ, ვინც გავურბივართ ლოცვისმიერ ურთიერთობას ღმერთთან.

არავინაა მათზე ბედნიერი და ნეტარი, ვინც ზეციურ ,,რადიოსადგურთან’’ დაამყარა კავშირი და ცოცხალ ღმერთთან კეთილკრძალულების ,,სადენით’’ არის შეერთებული. არავინაა მათზე უფრო უბედური, ვინც გაწყვიტა ღმერთთან კავშირი და განგაშით ეძებს ამასოფლის ,,რადიოსადგურის’’ სიხშირეს, რათა სულ ცოტა ხნით მაინც დაივიწყოს ცხოვრებისეული შფოთი.

ნეტარ არიან ისინი, ვინც საკუთარ გულში აღმართა სვეტი – ქრისტე და მის წმინდა სახელს სიხარულით და მოუკლებლად დასტრიალებს და წარმოთქვამს: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“.

მოუკლებელი ლოცვისა და სწორი ღვაწლის წყალობით განმარტოებას მალევე მოაქვს შინაგანი მყუდროება. ამ დროს ადამიანი აღარ შფოთავს, რადგან ის მხოლოდ სხეულით იმყოფება დედამიწაზე, გონებით კი ზეცაშია.

ამ მდგომარეობაში იყვნენ წმინდა მამები, რომლებიც თითქმის არაფრით განსხვავდებოდნენ ანგელოზებისგან და უნივთო ადამიანებად იქცენენ, რადგანაც მოუკლებელი გონებისმიერი ლოცვის წყალობით დღედაღამ ზეცაში მყოფობდნენ.

ამაო სოფელზე მიჯაჭვული გული სულს ფიტავს და აცარიელებს, გონებას კი აბნელებს. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი სულიერად მკვდარია.

ღამე ლოცვისთვის წამოდგომა ჩვენს სულს ზრდის, ამახვილებს და განწმენდს გონებას, ამდაბლებს დაუმორჩილებელ ხორცს და ათბობს გულს ქრისტეს სიყვარულით, რომლის წყალობითაც სული საღმრთო მადლის მიმღები ხდება.

ღამის ლოცვა დღის ლოცვაზე ბევრად დიდი სარგებლის მომტანია, როგორც ღამის წვიმაა მცენარეთთვის ბევრად სასარგებლო დღის წვიმაზე.

მას, ვინც ღამე დგება და ლოცვაში შრომობს, ცოტა ხნითაც რომ ჩაეძინოს, ქრისტეს მეტად მიიზიდავს, ვიდრე ის, ვინც კარგად გამოიძინა და ლოცვისას ფხიზლობს. ასევე, ათასჯერ უკეთესია ის, ვისაც მსახურებაზე სტასიდში ჩაეძინა, ვიდრე ის, ვინც სასთუმალზე თვლემს.  ამიტომ, ნუ დავშვრებით სრულად ამაო საგნებზე, რადგან ერთ დღესაც  ისინი ფერფლად იქცევა. მთელი ღამით უძილობასა და მომდევნო დღეს მიცვალებულივით ყოფნას სჯობს, ღამე ლოცვისთვის გარკვეული დრო გამოვყოთ.

ყურადღებიან ლოცვას ძალიან უწყობს ხელს გარესამყაროს ხმაურისაგან განშორება და თუ შესაძლებელია, – სრული განმარტოება.

როდესაც ადამიანი განმარტოებით მყუდროებაში იმყოფება, მისი სული მსუბუქდება, გული კეთილკრძალულებით იხსნება ქრისტეს წინაშე, თანდათანობით არღვევს თავის უხეშ ზედაპირს და მისგან თავისუფლდება, ასეთ დროს, ის არამარტო ქრისტეზე ფიქრისას ლბება, არამედ მაშინაც კი, როდესაც მისი სახელი ესმის. ამ დროს გული სიხარულით ხტის და დიდი კრძალვით მოუკლებლად  ემთხვევა ქრისტეს სახელს. ამგვარად მოქმედებს ქრისტეს და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელი და შინაგანად ტკბება.

მონაზონი უნდა განმარტოვდეს და ლოცვაში ჰპოვოს განსვენება. სწორედ ამიტომ ჰქვია მას მონაზონი, ქრისტესთან განმარტოებულად ცხოვრობისა და მოუკლებლი საუბრის გამო. რამდენადაც გაურბის ადამიანებთან ამაო საუბარს, იმდენად მეტ სარგებელს იღებს ლოცვისგან და თავის მხრივ, ასეთი ლოცვით მეტი და მეტი სარგებელი მოაქვს ადამიანთათვისაც. ერული კამათი ერთგვარი სულიერი ,,რადიოხარვეზებია’’, რომლებიც მოუკლებელ იესუს ლოცვას ხელს უშლის. ამიტომაც, დამწყებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყურადღება, რათა გონება მოიკრიბოს და მთელი ცხოვრება შეინარჩუნოს იგი, ხიბლში რომ არ აღმოჩნდეს.

როდესაც ლოცვისას გონება უჯერო საგნებზე გვეფანტება, ან ჩვენი სურვილისგან დამოუკიდებლად ჩნდებიან ფიქრები, არ არის საჭირო მტერთან კამათი, რადგან მთელი სამყაროს ადვოკატებიც რომ შეიკრიბონ ერთად, ერთ პატარა დემონსაც ვერ აჯობებენ. გულისსიტყვები მხოლოდ მაშინ განიდევნებიან, როდესაც საერთოდ არ მივაქცევთ ყურადღებას და უგულვებელვყოფთ. რა თქმა უნდა, მტერი მარტივად არ მოგვეშვება, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მაინც დაგვტოვებს. ასე უნდა მოვექცეთ მკრეხელურ გულისსიტყვებსაც. ადამიანი არ უნდა აღშფოთდეს დემონის მკრეხელობის გამო, მას მხოლოდ პირადი ცოდვები უნდა აღელვებდეს და ქრისტეს უსაზღვრო კაცთმოყვარეობაზე ამყარებდეს იმედს.

გონების ყურადღების გულში მოკრებას მცირე ხნით სუნთქვის შეკავება ეხმარება. ამის კეთება მუდმივად არ შეიძლება, რადგან შესაძლოა, ჩვენი გული დააზიანოს. ეს უბრალოდ დამხმარე საშუალებაა და თავითსთავად მსგავსი მცდელობა გულს ვერ განწმენდს. გული განიწმინდება სინანულითა და სიმდაბლით განმსჭვალული მოუკლებელი ღაღადით, როდესაც ჩვენი ლოცვა გულის სიღრმიდან ამოდის, სწორედ ეს მდგომარეობაა საღმრთო ნუგეშის მოსვლის მიზეზი. როდესაც ადამიანი ეგოისტურად და განსჯის გარეშე ავიწროებს თავს, სასოწარკვეთილებასა და სულიერ სიმძიმეს შეეჩეხება.

როცა ადამიანი ქრისტეს იმედით იღწვის, მის გულს საღმრთო ნუგეში ეხება და სული ნათლად შეიგრძნობს ქრისტეს სიყვარულის სიტკბოებას. ამ დროს ქრისტე იზიდავს ადამიანის გულს და ხელები სიხარულით მარცვლავს სკვნილს. რა თქმა უნდა, თავდაპირველად, განსჯასთან შეერთებული გულმოდგინე, შეუპოვარი შრომაა საჭირო, სანამ ჩვენი სულიერი ,,ძრავა’’ არ ამუშავდება და სული მოუკლებელი ლოცვით არ ამოძრავდება.

ღამე ლოცვისას მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ადამიანი მარტოა, კარგი იქნება, თავიდან სრული, შემდეგ კი მცირე მეტანიები შეასრულოს, ამის შემდეგ კი დაიწყოს იესუს ლოცვა, დამჯდარმა  ან მუხლმოდრეკილმა. ეს ხერხი ძალიან სასარგებლოა, რადგან მეტანიები სულიერად გვაფხიზლებს, ასე განვდევნით დაღლილობას, უმოძრაობასა და ძილს, ამგვარად კი გონება ფხიზლდება ლოცვისას.

უზომო ფიზიკური შრომა და მისგან გამოწვეული დაღლილობა სულს აუხეშებს და სიფხიზლეს გვაკარგვინებს. შესაბამისად, თუ მივატოვებთ იესუს ლოცვასა და ჩვენს სულიერ მოვალეობებს, მტერი თანდათანობით ჩვენს სულიერ სიმაღლეებს დაიკავებს და ხორცისა და გულისსიტყვების მეშვეობით სასტიკად შეგვებრძოლება. შემდეგ, თანდათანობით, ჩვენი სულიერი და ხორციელი ძალები მწყრობრიდან გამოვა და დაირღვევა ქრისტესთან ურთიერთობა. საბოლოოდ კი, ჩვენი სული ვნებების ტყვე გახდება.

თუმცა, ზომიერი შრომა ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით დამწყებთათვის, რადგან მას ორმაგი სიჯანსაღე და საღმრთო კურთხევა მოაქვს. როდესაც ხელსაქმისას ნივთები სიმშვიდითა და ლოცვით მზადდება, თავადაც იკურთხებიან და აკურთხებენ იმ ადამიანებსაც, რომლებიც მათ გამოიყენებენ და პირიქით. ქრისტიანს შინაგანი და გარეგნული სიმშვიდე, კრძალვა და მოუკლებელი ლოცვა მართებს.

დიდი სიფრთხილეა საჭირო, მთელი ჩვენი ძალები ხელსაქმეზე რომ არ დავხარჯოთ, ასეთ შემთხვევაში, ან სულიერი მოვალეობების შესრულებას ვეღარ შევძლებთ, ან უგულოდ აღვასრულებთ მას და ერთი სული გვექნება, როდის გავა ღვაწლისთვის გამოყოფილი დრო.

ღვაწლის გარეშე ან ერთი ადგილის ტკეპნას დავიწყებთ, ან ძალიან ნელი ნაბიჯებით ვივლით. თუ დიდი სიმდაბლე გვექნება, მაშინ ღმრთის ხელი უსასყიდლოდ აგვიყვანს ზეცად. ხოლო თუ არა, ღმერთმა დაგვიფაროს, დიდი სისწრაფით გავექანებით უფსკრულისაკენ. თუ ადამიანს სულის განკურნება სურს, გულმოდგინედ უნდა იღვაწოს, დიდი სიმდაბლე მოიხვეჭოს, არ განიკითხოს სხვები, არამედ მხოლოდ საკუთარი თავი.

ვინც ავადაა და ამიტომ არ ძალუძს ხორციელად იღვაწოს, სულიერად შეუძლია იშრომოს სიფხიზლისა და მოუკლებელი ლოცვის დახმარებით, რათა ამოძირკვოს სულის მანკიერებები. შეუძლია ქრისტეს ვნებებზე ფიქრიც, რათა მათი წყალობით დაატკბოს თავისი სნეულებები, მოთმინებით განადიდოს უფალი და მოწამეობრივი გვირგვინი მიიღოს.

ყოველთვის შევამოწმოთ საკუთარი თავი, გვაქვს თუ არა საპატიო მიზეზი ჩვენი სულიერი მოვალეობების დროებით მიტოვებისა, რომ არ გავზარმაცდეთ სულიერად და მოულოდნელად თავს არ დაგვესხას მტერი, რომელსაც არასდროს სძინავს და მუდამ ფიქრობს, თუ როგორ შეგვამთხვიოს დიდი ბოროტება.

ამიტომაც, თუ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი გული გაყინულია, საჭიროა სულიერად გამოცდილ ადამიანთან ურთიერთობა, რათა გამოვცოცხლდეთ, ან სნეული ადამიანის მონახულება, რათა ვაიძულოთ გული თანაგრძნობისა და სიყვარულის ღვაწლით გათბეს და გალღვეს.

დამწყები მონაზონი, რომელიც საერთო საცხოვრებელს გაურბის და, ეგოიზმით აღძრული, კელიაში მკვიდრდება, ემსგავსება იმ ადამიანს, რომელსაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ათავსებენ. თუ ყველაფერთან ერთად,  ბუნებით ჩაკეტილობისა და მოწყენილობისკენაა მიდრეკილი, მაშინ გულისსიტყვები სულს შეუხუთავენ და შინაგანი შფოთი დაეწყება. თუ მას მცირედი სიმდაბლე მაინც აღმოაჩნდება, საერთო საცხოვრებელში დაბრუნდება და გადარჩება, ხოლო თუ გაჯიუტდება – დაიღუპება.

მონაზვნისთვის ბუნებრივია გამოცდილი მოძღვრის მორჩილება, მისგან სწავლა, დიდი სიმდაბლით ღვაწლი და კრძალვით ღმრთის წყალობის გამოთხოვნა. ამგვარი ღვაწლით მონაზონი თანდათან ადის გოლგოთაზე, ჯვარს ეცმის, შემდეგ სულიერად აღდგება და ანგელოზებრივი სიხარულით გაიხარებს.

ვინც დასაწყისშივე არ იშრომა და ქრისტესთან ერთად არ ეცვა ჯვარს, ვერც სულიერად აღდგება და ვერც ქრისტეს შეიყვარებს. მას ჯერ თავად არ სტკენია, ქრისტეს ტკივილები რომ შეიგრძნოს, შესაბამისად, ვერც მისი სიყვარულით დატკბება და ვერც ზეცა შთანთქავს სრულად.

ასე რომ, თუ ადამიანი სულიერი ცხოვრების ბუნებრივი, ჯვარცმისა და აღდგომის გზით არ მიდის, რათა სულის ზეციური მდგომარეობა განიცადოს, ის ბევრად უბედურია, ვიდრე ნებისმიერი ურწმუნო, რადგან ამ უკანასკნელთ შეიძლება რაღაც კიდევ გაიგონ. ხოლო ვინც ზეციური სიყვარულის გზაზე შემდგარა და ამავე დროს, ეს სოფელიც უყვარს, შუა გზაზე ჩერდება და ლოთის ცოლს ემსგავსება. ამიტომაც ხდება მათი გული ქვასავით უგრძნობი.

ასეთი ადამიანები სხვებზე მეტად საჭიროებენ ლოცვას, რათა ქრისტემ სასწაული აღასრულოს და მათი გაქვავებული გულები განასულიეროს, გააფაქიზოს და საბოლოო ჯამში, შეიყვარონ კიდეც ღმერთი. როგორც სახარებაში ვკითხულობთ, მხოლოდ ღმერთს შეუძლია ,,აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა’’(მთ. 3:9).


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©