მამა იოსებ ვატოპედელი 1 1

მართებული მოშურნეობა – ბერი იოსებ ვატოპედელი

ადამიანი საჭიროა მუდამ საზღვრავდეს მისი ნებისმიერი მოქმედება, დაწყებული ჩაფიქრებიდან დამთავრებული მის განხორციელებამდე,  სათნო არის თუ არა ღვთისათვის; რადგანაც მხოლოდ ასეთ ქმედებას გააჩნია არსი, ყველაფერი დანარჩენი კი ამაოა.

ამიტომ ყოველთვის შეგაგონებთ რომ ფრთხილად იყოთ, რადგან ეშმაკის ყოვლისმომცველი ბოროტება ამ მომაკკვდინებელ საიდუმლოსაც შეიცავს. დემონი არ კმაყოფილდება მხოლოდ იმით, რომ მოწინააღმდეგე შეაჩეროს და საბრძოლო მოედანს ჩამოაშოროს. ცხადია, მას წარმოუდგენლად სიამოვნებს, როდესაც ადამიანები უსმენენ და ბრძოლის ველს ტოვებენ.

მაგრამ მათ, ვისაც ვერ არწმუნებს, ასპარეზობაში არათუ ხელს უშლის, ეხმარება კიდეც, თუმცა გზიდან გადაჰყავს. ასეთი ადამიანები გონებრივად და ფიზიკურად შრომობენ, მაგრამ არ აქვთ სწორი დამოკიდებულება. „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა“, – ამბობს ჩვენი იესო, -„რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ“. თუ დღეს სამყაროს პირდაპირ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ადამიანთა უმრავლესობა გლოვობს, მაგრამ ვინ არის მათგან ნეტარი? მხოლოდ ისინი, ვინც ღვთისათვის გლოვობს, ანუ ისინი, ვისაც საკუთარი ცოდვილობის შეგრძნება აქვს და ვისი გულიც დაჭრილია საღვთო მწუხარებით; ტირიან, რადგან მათი სიყვარულის ცენტრი, ღმერთი, დაამწუხრეს. სწორედ ისინი შევლენ ნეტარ ცხოვრებაში. ამიტომაც უნდა ვიყოთ ფრთხილნი, რადგან მხოლოდ მოშურნეობა არ კმარა, საჭიროა ღვთის ნების შესაბამისად მოქმედება. ხედავთ, დღეს დილას ამ დიდმა მნათობმა როგორ დეტალურად გადმოგვცა მშვენიერი მაგალითი: ერთმა ბერმა გადაწყვიტა თავი მიეძღვნა ავადმყოფი ადამიანის მოვლისათვის. ამ გადაწყვეტილებისა და მისი განხორციელების მოტივი თავისი განზრახვის შესრულებით ღვთისაგან საჩუქრის მიღება გახლდათ. მაგრამ ნახეთ, რა თქვა ამ გარჩევის საოცარი უნარის მქონე მამამ! მონაზონი სწორად არ მოქცეულა. მას მიზანი აერია. რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია ვთქვათ რომ სცოდა, მაგრამ ამ საქმეში ჩადებულ დროისა და ძალისხმევის შესაბამის შედეგს ვერ მიიღებდა. უკეთესი იქნებოდა თანალმობით, ქრისტეს მცნებების შესაბამისად, ჩვენი უფლის სიყვარულის სახელით ემოქმედა: „სიტყუათათჳს ბაგეთა მისთასა, დაიცვენ გზანი ფიცხელნი“. ეს არის ჭეშმარიტი მიზანი. რა მიზეზით ვასრულებთ მორჩილებას მონასტერში? არა იმიტომ, რომ მოძღვრის გვეშინია ან სხვების თვალში მოუწესრიგებელ, რთული ხასიათის ადამიანად გამოჩენა გვიმძიმს, არც იმიტომ, რომ წესიერნი, ყოველდღიურ საქმიანობაში თანმიმდევრულნი ვიყოთ. ეს არ არის ჩვენი მიზანი. მიზანი ისაა, რომ რასაც ვაკეთებთ, გაცნობიერებულად ვაკეთებდეთ და თუ გვჭირდება, რომ ვინმემ წინასწარ მიგვანიშნოს, ეს იმიტომ ხდება, რომ ცოდნა არ გვაქვს. თავის დამდაბლებით უნდა მივიღოთ რჩევა, რათა მივაღწიოთ რეალურ მიზანს. ამას რომ გავიგებთ და გავიაზრებთ, თავდაპირველად რომც დავბრკოლდეთ, თავხედურად კი არ შევეწინააღმდეგებით, არამედ ღვთის სიყვარულისათვის პრობლემის მოგვარების გზების ძიებას დავიწყებთ. ამას ვალდებულებით გავაკეთებთ, რადგან სწორედ ამას მოითხოვს ღმერთი. არასდროს ვიმოქმედებთ ჯილდოს მისაღებად. არავის შევუშინდებით. არაფერს ვიქმთ სხვების მუქარისა ან პირფერობის გამო, არამედ  ვაცნობიერებთ რომ ღვთის ნებაა ასეთი. სანამ ადამიანები პირველ რიგში ღმერთის, ხოლო შემდეგ მოყვასის სიყვარულიდან გამომდინარე არ მოქმედებენ, გზას არიან აცდენილნი. ნებისმიერი ირიბი ან შემოვლითი გზა, რომელსაც ადამიანი იყენებს ხელს უშლის ჭეშმარიტი მიზნის მიღწევაში.

ამიტომაც არის აუცილებელი გამუდმებით ვაკვირდებოდეთ ჩვენს გონებას, რომ რაიმე ვნებამ ან უკეთურმა სურვილმა არ გვაცდუნოს და გზას აცდენილებმა ჩვენმა ძალისხმევამ ფუჭად არ ჩაიაროს. მხოლოდ ასე მოვიპოვებთ წმინდა გონებას, ჭეშმარიტ თავისუფლებას ქრისტეში. მაშინ მიხვდებით, რომ ჩვენი უფლის მცნებები არ არის მძიმე, რომ ქრისტეს უღელი მსუბუქია და ჩვენ მის ყველა მცნებას ვიცავთ, რადგანაც გვიყვარს იგი. მხოლოდ მისთვის ვიღწვით. არა ჩვენი ცოდვების შენდობისთვის – ის ამას ჯვრის მეშვეობით გვანიჭებს. არც მისი სამეფოსათვის – ეს შეურაცხყოფა იქნებოდა. მან  შექმნა თავისი სამეფო, მან გააშენა ედემი აღმოსავლეთში მანამ, სანამ კაცობრიობას შექმნიდა. მითითებები არ სჭირდება. მხოლოდ ერთს ითხოვს: ადამიანები გონს მოეგონ, გაანალიზონ, რომ ღმერთს შეურაცხყოფენ, როდესაც მის ნებას არ ემორჩილებიან. ეს არის ნამდვილი ჭვრეტა. ეს არის ჩვენი მამების წესი, რისთვისაც ამ სოფელში შეშლილებად მიიჩნეოდნენ, იდევნებოდნენ და უდაბნოში, „მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა“ სახლდებოდნენ. მათი თვალები არასოდეს შრებოდა გლოვის ცრემლებისაგან, წუხილისაგან, რომ შესაძლოა მტერს ეცდუნებინა, რადგან, როგორც ვთქვი, ეშმაკი არამარტო ერთი მხრიდან გვიტევს რომ გზას აგვაცდინოს,  არამედ გვაძლიერებს, რომ ჩვენი ქმედება ღვთის ნების საპირისპირო აღმოჩნდეს. ამიტომაც ჩვენთვის, მონაზონთათვის, აუცილებელია ამ შუქს მივსდიოთ, თვალები მუდამ ღია გვქონდეს, მარილი არასდროს განქარდეს.  სულიერი კანონის ეს დეტალი ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასათვალისწინებელია. მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ვუწყი, რომ ჭეშმარიტ მორჩილს ასეთი ფაქიზი გარჩევის უნარი არ სჭირდება. მარტოოდენ მორჩილებაში სიზუსტის დაცვა მონაზონს ათავისუფლებს სიმართლისა და სიცრუის გარჩევის საზრუნავისგან, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ მოუმწიფებელ, ჩვილის მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომაც შემოიღო ჩვენმა ეკლესიამ ცხოვრების კინობიური წესი, რათა  გამოცდილმა, ასაკით უფროსმა მონაზვნებმა პასუხისმგებლობა აიღონ უმცროს ძმებზე. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენმა მამებმა საერთო ცხოვრება შეიწყნარეს, მაშინ როდესაც, როგორც იცით, თავდაპირველად მონაზვნები მარტონი მოღვაწეობდნენ.  ისინი დაბრუნდნენ და შექმნეს თემები, რითაც სიტყვები „ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ“ ცხოვრებაში აღასრულეს. “მაგრამ ვაი მას ვინც იტვირთავს, მაგრამ ვერ ჭვრეტს“, – წერს წმინდა ეფრემი. ამიტომ, უფროსი ბერები ვალდებულებით სუსტთა ტვირთს იღებენ, გამოუცდნელნი კი სიხარულით, საკუთარი ნებით ემორჩილებიან. არა   მონური ქედმოხრით, არამედ – მადლიერებით, რომ უფროსმა მამებმა თავიანთი საზრუნავი გვერდზე გადადეს და მათთვის, ახალბედთათვის, დაბრუნდნენ და მათ სისუსტეებში ჩაებმნენ, რათა გამოუცდელობით, ფუჭად არ დაშვრენ და მიზანს არ აცდნენ. ამ გზით, ურთიერთზიარი მხარდაჭერის კანონი იწყებს მოქმედებას.

ეს მინდოდა ამაღამ თქვენთვის შემეხსენებინა, რათა არცერთ თქვენგანს არ ეგონოს რომ რაიმე მოიპოვა თავისი მოშურნეობით, თუ ეს მოშურნეობა სწორად არ არის მიმართული. მრავალი ასპარეზობს მოედანზე, მაგრამ მხოლოდ ერთი ხდება ჯილდოს ღირსი. ის, ვინც სწორად დაშვრა. მას „მიელის სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მოსცეს მას უფალმან მას დღესა შინა“. ამინ.


წყარო: http://pemptousia.com

სტატიაში გამოყენებულია ბერ იოსებ ვატოპედელის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის ტაძარში.

Share