სანთელი

მარხვა – სიმდაბლის და სიმამაცის მასწავლებელი – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

მარხვა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ღვაწლი, გვჭირდება ჩვენ და არა ღმერთს. ღმერთი ჩვენს მარხვას ვერაფერში გამოიყენებს. აი, ჩვენ კი მისი მეშვეობით განვიკურნებით. უძლური ადამიანი – აი, ვის სჭირდება განკურნება, რადგანაც ის ვნებებითა და ცოდვებითაა დასნეულებული.

მეუფე ათანასე6
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

განსაკუთრებით ახალგაზრდებს არ ესმით ხოლმე მარხვის დანიშნულება და კითხულობენ: რა სარგებელი აქვს მარხვას და საერთოდ რა საჭიროა?

რა თქმა უნდა, ეკლესიის მამებმა მრავალი კარგი განმარტება დაგვიტოვეს ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ისინი დიდი მარხვის მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ. ის დადგენილია მსოფლიო და ადგილობრივი კრებების მიერ და ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდად. მარხვასთან დაკავშირებით გვაქვს როგორც საღვთისმეტყველო, ასევე პრაქტიკული განმარტებებიც.

არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მარხვის აუცილებლობას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ თითქოს სახარებაში არ გხვდება მცნება, რომელიც მარხვისკენ მოგვიწოდებს. ამ მიზეზით ისინი უარყოფენ მარხვას და ადანაშაულებენ მართლმადიდებლებს იმაში, რომ ადამიანურ გარდამოცემებსა და მცნებებს ვიცავთ და არა სახარებისეულს.

მამები ამბობენ, რომ პირველი სამოთხისეული მცნებაც სწორედ მარხვას უკავშირდებოდა. როდესაც ღმერთმა ადამსა და ევას უთხრა, რომ მათ შეეძლო სამოთხეში მყოფი ყველა ხის ნაყოფის მიღება გარდა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხისა, ეს სხვა არაფერია თუ არა მცნება და მოწოდება მარხვაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ ადამს ღმრთის მცნება დაეცვა, მას აუცილებლად თავშეკავება უნდა გამოეჩინა.

სწორედ ამიტომ ვკითხულობთ ტროპარში, რომ აკრძალული ხის ნაყოფის მიღების შემდეგ ეშმაკმა ადამი სამოთხიდან გამოდევნა, ხოლო ქრისტემ კი ხის ჯვარის მიერ, კვლავ უკან დააბრუნა. თავად ადამიანად მოსულმა ღმერთმა მოგვცა მაგალითი, როდესაც ის 40 დღის განმავლობაში მარხულობდა იორდანეს უდაბნოში. ამ უდაბური ატმოსფეროს მყუდროებაში, მარხვითა და ღვაწლით დაამარცხა ქრისტემ ეშმაკი, რომელიც მას სამი დიდი საცდურით მიეახლა.

ამიტომაც, ნათლად ვხედავთ, რომ მარხვა სწორედაც რომ ღმრთის მცნებაა და თანაც პირველი. მისმა დარღვევამ ადამიანს სამოთხე დააკარგვინა, ხოლო ქრისტემ, როგორც ახალმა ადამმა, თავისი სწავლება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა სწორედ მარხვის შემდეგ დაიწყო და ამითიც მაგალითს გვაძლევს.
მარხვის მიმართ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება იყო. ზოგიერთს კი ის ლამის სამარხვო პროდუქტების ქიმიურ ანალიზამდეც დაჰყავს, რათა დაადგინონ არის თუ არა იქ მცენარეული ზეთი და ა. შ. კითხულობენ წარწერებს და იკვლევენ შემადგენლობებს…

მოდით ერთ სახალისო ისტორიას მოგიყვებით. ერთხელ რამდენიმე მამასთან ერთად ურანოპოლისიდან თესალონიკის მიმართულებით ავტობუსით მივდიოდით. ჩემს წინ ორი მონაზონი იჯდა; ერთ-ერთი მათგანი, ასე ვთქვათ, შედარებით თანამედროვე იყო, ხოლო მეორე მრავალი წლის განმავლობაში ათონის მთიდან არ გასულიყო. ორივე ზილოტი გახლდათ, უფრო სწორად რომ ვთქვათ ტრადიციული ადამიანები, რომლებიც საკმაოდ ფანატიკურადაც მისდევდნენ ძველ კალენდარულ სტილს. ჩვენი მგზავრობა დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ერთ-ერთმა მეორეს კანფეტი შესთავაზა და ისიც ეკითხება:

– ეს ხომ რძიანია?

– აიღე, დალოცვილო! ჭამე, არაფერია შიგნით.

საკუთარი თანამგზავრის სამწუხაროდ, მანაც აიღო და შემადგენლობის კითხვას შეუდგა, სადაც აღმოაჩინა, რომ ეს კანფეტი 0,01% რძის სუბპროდუქტს შეიცავს. უნდა გენახათ იქ როგორი მითქმა-მოთქმა და სკანდალი ატყდა: მან ხომ სულ რაღაც 0,01% რძის შემცველობის გამო მარხვა დაარღვია!
მრავალი ადამიანი ძალიან ზედმეტად უღრმავდება ამ საკითხს. ამ საკითხში ზომიერება მოგვეთხოვება, რადგან ეკლესიის გარეთ მყოფ ადამიანებზე არ უნდა მოვახდინოთ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენთვის მცენარეული ზეთის რაღაც წვეთია ყველაზე მთავარი და მარხვის მთავარ არსს და დატვირთვას არ ვუღრმავდებით.

მარხვის საშუალებით ადამიანს უყალიბდება განცდა, რომ ის ეკლესიის სხეულის ნაწილია

მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მარხვის საშუალებით ადამიანს უყალიბდება განცდა, რომ ის ეკლესიის სხეულის ნაწილია. კერძოდ, ეკლესია, როგორც ერთი სხეული ამ პერიოდში ერთად მარხულობს და შენც მათთან ერთად მარხულობ და ამ ერთობის ნაწილი ხდები. როდესაც ეკლესიის მცნებებსა და დადგენილებებს ვემორჩილებით, ეს გვაძლევს განცდას, რომ ჩვენ ქრისტეს სხეულის ერთობის ნაწილნი ვართ. ახლა მარხვა იწყება და ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მე ქრისტეს სხეულის ნაწილი ვარ, მაშინ რასაც ეს მთელი სხეული აკეთებს, ის უნდა გავაკეთოთ ჩვენც.

ამრიგად, პირველი რასაც ვიძენთ არის ეკლესიოლოგიური ცნობიერება. მთელს დედამიწაზე ყველა მართლმადიდებელი ამ პერიოდში განსაკუთრებულ ღვაწლშია, ანუ მარხულობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ამ სხეულის ნაწილნი, ჩვენს ძმებთან ერთად უნდა ვიღწვოდეთ. ამგვარად, ჩვენ ხომ ერთი გზით მივდივართ ქრისტესკენ და არ შეგვიძლია გამოვეყოთ ჩვენს დებს და ძმებს და მხოლოდ საკუთარი სურვილებითა და შეხედულებით ვიცხოვროთ. არ შეიძლება, რომ თუკი ქრისტიანებად ვიწოდებით, ქრისტეს სხეული ერთ გზაზე მიდიოდეს, ხოლო ჩვენ მეორეზე.

ეკლესია რაღაც აბსტრაქტული ცნება კი არ არის, არამედ ადამიანებისაგან, როგორც უჯრედებისაგან შემდგარი ცოცხალი სხეული, რომლის თავიც ქრისტეა. შენ ან ხარ უჯრედი ამ სხეულისა ან მის მიღმა ხარ. ჩვენ ეკლესიის ნაწილნი ვხდებით მაშინ, როდესაც ვმონაწილეობთ ევქარისტიაში, ანუ როდესაც ორნი ან სამნი მაინც ვართ შეკრებილნი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, აი მაშინ ვართ ეკლესია, როდესაც მთელ დანარჩენ ეკლესიასთან ერთობაში ვიმყოფებით.

თქვენ იცით, რომ ეკლესიაში მრავალი რამის შეფასების მთავარი კრიტერიუმი ის კი არ არის, თუ რამდენად ზუსტად ემთხვევა ესა თუ ის ქმედება ეკლესიის კანონებს, არამედ გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღიარებენ თუ არა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები ამ ქმედებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენთვის მთავარი ყველა ეკლესიასთან ურთიერთობაა. სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც ძველმესტილეები ვერ იგებენ. მათ არ ესმით, რომ მთავარია მსოფლიო ეკლესიის სხეულს შეადგენდე და არა რაღაც კანონებს ფანატიკურად იცავდე.

პირველ რიგში, მთავარია ის, რომ შენ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი იყო და ყველა ეკლესიასთან ურთიერთობაში იმყოფებოდე. აი მაგალითად, თუ წავალთ ათონზე, იქ შეგვიძლია ვიმსახუროთ და ვეზიაროთ, ასევე, იერუსალიმში, კონსტანტინოპოლში, რუსეთში, ალექსანდრიაში, რუმინეთში, საქართველოში, საბერძნეთში და ა. შ. იქ, ჩვენ ხომ ერთი სხეული ვართ და ერთმანეთთან საიდუმლოებრივად ვართ დაკავშირებულნი. ჩვენ ვმსახურობთ და ვეზიარებით მათთან, ისინი კი ჩვენთან. ჩვენ ხომ ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით ქრისტეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქრისტეს სახეულის ნაწილნი ვართ.

მაგრამ სქიზმატები, როგორებიც არიან ეს ძველმესტილეები, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად დოგმატური ცდომილებები არ აქვთ, პრაქტიკაში ისინი გაემიჯნენ ქრისტეს სხეულს და საკუთარი ეკლესია ჩამოაყალიბეს. მათ სურთ, რომ უმცირესშიც კი ბევრად მკაცრები და ტრადიციულები იყვნენ ვიდრე ჩვენ, მაგრამ მათ არ სურთ დანარჩენ მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობა. ამიტომაც, მათი მდგომარეობა ძალიან პრობლემატურია.

ამრიგად, ეკუთვნოდე ეკლესიას, ნიშნავს გქონდეს კავშირი ამ ეკლესიის ეპისკოპოსებთან, მღვდლებთან, დიაკვნებთან, მონაზვნებთან და ერის ადამიანებთანაც, რადგანაც კიდევ ვიმეორებ, ჩვენ შევადგენთ ერთ მისტიკურ სხეულს, რომლის თავიც არის ქრისტე. დღეს არის მარხვა? – ე. ი. ეკლესია მარხულობს, ხვალ კვირაა და ლიტურგია უნდა აღსრულდეს, ე. ი. ეკლესია აღასრულებს ლიტურგიას, ახლა დღესასწაულია? ე. ი. ეკლესია დღესასწაულობს.

თუკი ეს განცდა და ცნობიერება აღიზრდება ჩვენში, რაც ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშინ სხვა ყველაფერიც, მარხვის ღვაწლის მიერ სიკეთედ იქცევა. პირველი სავარჯიშო არის საკუთარი ნების მოკვეთა. ანუ მარხვისას უნდა ივარჯიშო საკუთარი ნების მოკვეთაში. როდესაც ეკლესიამ დაადგინა, რომ ამა და ამ დღეს ხორცი არ იჭმევა, შენ კი მაინდამაინც ხორცი გინდა, სხვა საჭმელი არ მოგწონს, სწორედ ეს არის სავარჯიშო, რომ მოიკვეთო შენი ნება, არ მიიღო ხორცი, რადგან ეკლესიის მთელი სხეული მარხულობს და შენც მათთან ერთად. მაგალითად არ გინდა რაღაც ბოსტნეული და მწვადი გინდა, მაგრამ არ ჭამ. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ ნებას იკვეთ.

რას ნიშნავს საკუთარი ნების მოკვეთა? თუ ამ მარტივ რაღაცაში იკვეთ საკუთარ ნებას და იღებ ეკლესიის ნებას, მაშინ ასეთი ვარჯიშით უფრო მეტად ისწავლი ნების მოკვეთას საკუთარი ძმის, მეუღლის, შვილის და ბოლოს ქრისტეს ნების წინაშე. როდესაც ჩვენი ნება განმსჭვალულია საკუთარი თავის სიყვარულითა და კიდევ მრავალი სხვა მიდრეკილებით, იმისათვის, რომ ღმრთის ნება მივიღოთ, ჩვენი აუცილებლად უნდა მოვიკვეთოთ.

ვიღაც იტყვის: „ვერ ვხვდები, რატომ ითვლება ეს ცოდვად?“ მას არ ესმის. მართლაც, როგორც იცით, არის რაღაცეები, რაზეც ეკლესია მიუთითებს, რომ ესა თუ ის ქმედება არ არის მოსაწონი ქრისტესთვის და მისი სულის საწინააღმდეგოა, მაგრამ ამას ვერ იღებს ადამიანი და არ ესმის ზუსტად, თუ რატომ. რადგანაც ჯერ ასეთი ადამიანი სულიერი ზრდის პროცესში იმყოფება და ჯერაც არ აქვს გამართული ხედვა და გამოცდილება, მაშინ მან უბრალოდ უნდა მიიღოს ეს ყველაფერი როგორც მოცემულობა. უნდა იფიქროს, რომ რახან ქრისტე ამა თუ იმ საქციელს არ იწონებს და ცოდვას უწოდებს, ე. ი. ეს უკვე საკმარისია.

როდესაც ექიმთან მიდიხარ და გეუბნება არ ჭამო ესა და ეს პროდუქტიო, ჩვენ ხომ არ ვიცით მეცნიერულ დონეზე რა მოხდება ჩვენს ორგანიზმში თუ მაინც მივიღებთ ასეთ საკვებს, ჩვენ ხომ არ ვიცით ქიმია და არ ვიცნობთ ამ პროცესებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს აზიანებს. ჩვენთვის ისიც საკმარისია, რომ ექიმი გვიდასტურებს ამას და გვიხსნის. შემდეგ, თუკი ვისწავლი ბიოლოგიას, ქიმიას და მედიცინას შეიძლება გავიგო კიდეც მიზეზი, თუ რატომ უნდა ავირიდო ის თავიდან.
ასეა ქრისტეს მცნებებთან მიმართებაშიც. ამიტომაც ხშირად გვესმის ხოლმე აღსარებისას:

– რატომაა ეს ცოდვა? მე ხომ არავის ვაწუხებ და ვაზიანებ? თუ მე მომწონს ეს და არავის ვეხები, რას ვაშავებ?

ივარჯიშე საკუთარი ნების მოკვეთაში, რაც ქრისტესთან და მოყვასთან ურთიერთობაში დაგეხმარება და სიმდაბლეს გასწავლის

იმისათვის, რომ ეს გავაცნობიეროთ, ჯერ სხვა საკითხებს უნდა ჩავუღრმავდეთ. ჯერ ვიწყებთ მოცემულობით, ანუ იმის გაცნობიერებით, რომ თავად სამყაროს შემოქმედი ღმერთი გვეუბნება, რომ ესა თუ ის საქციელი მას არ მოსწონს და არ აკურთხებს მას. მიჰყევი, დაემორჩილე მის ნებას და ნახავ თუ სად მიგიყვანს მორჩილება და როგორ დაგეხმარება ქრისტესთან ურთიერთობაში. შემდეგ, თუკი მაინც ასე მოიქცევი და საკუთარი გამოცდილებით იგრძნობ, თუ როგორ დააზიანა ამან ყველაზე მთავარი – ქრისტესთან ურთიერთობა, მაშინ ცოცხლად იგრძნობ, თუ რა არის ცოდვის არსი, თუ როგორ მოგიტანა ამ საქციელმა ქრისტესგან გაუცხოვება და თუ როგორი დამაზიანებელია ის.

ეკლესიის მიერ დაწესებული მარხვა არ არის სათნოებათა გვირგვინი და მწვერვალი, არამედ მხოლოდ პირველი საფეხურია და საჭიროა დიდი ბრძოლა და ომი, სანამ ადამიანი სრულყოფილებას მიაღწევს, ანუ ქრისტეს დაემსგავსება. ეს არის პირველი: ივარჯიშე საკუთარი ნების მოკვეთაში, რაც ქრისტესთან და მოყვასთან ურთიერთობაში დაგეხმარება და სიმდაბლეს გასწავლის. როდესაც ადამიანი საკუთარ ნებას იკვეთს ის მდაბლდება და გამოცდილებით იგებს, თუ რამხელა სიდიადეა სიმდაბლე და ღმრთის ნების მიღება.

მარხვის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ნაყოფი – სიმამაცეა. როდესაც ადამიანი მარხულობს, ის სიმამაცეს იძენს, რაც თავის მხრივ, სულიერი ბრძოლისთვის უმნიშვნელოვანესი სათნოებაა. თუ არ გაქვს სიმამაცე, ვერ გადარჩები.
პატერიკში ერთი შესანიშნავი ამბავია მოთხრობილი: ერთი მოღვაწე მივიდა ერთ წმინდა მამასთან და ჰკითხა:

– მითხარი, მამაო, როგორ გადავრჩე?
მანაც უპასუხა:

– თუ გული გაქვს, გადარჩები.

რა თქმა უნდა, ის ბიოლოგიურ გულს არ გულისხმობდა. ეს ნიშნავდა, რომ თუ გულით გინდა ქრისტესთან, თუ შენი გულის წყურვილია ქრისტე და გაქვს სიმამაცე, აუცილებლად გადარჩები. თუ არ გაქვს სიმამაცე და მშიშარა ხარ, ვერ გადარჩები. რადგან ვერ შეძლებ ღვაწლს და ქრისტეს მიმდევრობას, რადგან ეს ყველაფერი სწორედაც რომ სიმამაცეს მოითხოვს. ქორწინებაშიც ასეა. მშიშარა ადამიანი ვერ ქორწინდება. რა გაცინებთ? თუ არ გაქვს სიმამაცე, წინ ვერ მიდიხარ, მუდამ გეშინია და ფიქრობ: „აუფ, როგორ შევძლებ ამას? როგორ ვიზამ ამას?“ – ასე ვერც მონაზვნობას შეძლებ.

როდესაც ადამიანი მარხულობს, ის სიმამაცეს იძენს

ადამიანის გულში სიმამაცე უნდა იყოს იმისათვის, რომ თავისი ყოველდღიური საქმეები აღასრულოს. სულ მცირედიდან დაწყებული, ურთულესით დამთავრებული. თუ არ გაქვს სიმამაცე, როგორ იტყვი ცოდვაზე უარს? როგორ აღუდგები წინ და შეებრძოლები ვნებების, პროვოკაციების და საცდურების ყოველდღიურ შემოტევას თუ არ ისწავლი სიმამაცეს და ურყევად დგომას? თუ არ ხარ მტკიცე და ურყევი, ვერ გაუძლებ და ყოველთვის დამარცხდები.

სიმამაცე – ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი თვისებაა. ესაა სულის ძალა, რომელიც ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ქრისტე იმასაც კი ამბობს, რომ მშიშრები ვერ შევლენ სასუფეველშიო. რატომ? იმიტომ, რომ შიში იმის ნიშანია, რომ ჩვენში არ არის ცოცხალი რწმენა. მშიშარა ადამიანს პრობლემები აქვს რწმენასთან. ძლიერი ადამიანი იმიტომ კი არ არის ძლიერი, რომ საკუთარ თავს ენდობა და არც იმას ამბობს, რომ გმირი ვარ და ყველაფერს გავაკეთებო. ეს არ არის ქრისტეს სული. ქრისტეს მოწაფე ამბობს: „ღმრთის შეწევნით ყველაფერს შევძლებ! ვიბრძოლებ, ვიღვაწებ, ვიშრომებ მაგრამ ჩემი განმამტკიცებელი ქრისტეს მიერ! არა საკუთარი ძალებით, არამედ ქრისტესი“ – თუ ასე არ ვიფიქრებთ, აუცილებლად გავტყდებით.

როგორც წმ. მოციქული პავლე ამბობს: „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“ (ფლპ. 4:13) და როგორც ქრისტე გვეუბნება სახარებში: „თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (ინ. 15:5) სხვა ადგილასაც: „ უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“.

მოდის მარხვა და ამბობ: „დილით ყავას რომ დავლევ სულ რამდენიმე წვეთი რძე მჭირდება, სხვანაირად არ შემიძლია“. კარგი. დაამატე ეგ რამდენიმე წვეთი, მაგრამ რა არის ასეთი? ბირთვული ენერგია? რომ დალევ ზებუნებრივი გახდები? რა არის ეს? ეს ყველაფერი ხომ ფსიქოლოგიურია.

თუ ერთ ჭიქა რძეს დალევ, ეგ კიდევ წაადგება შენს ჯანრთელობას, მაგრამ ყავაში ჩასხმულმა რამდენიმე წვეთმა რა უნდა გიყოს? ისეთ ენერგიას მოგცემს, რომ დილიდან საღამომდე ენერგიაზე იქნები?

თუ ადამიანს მართლაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაშინ, ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერს ანგარიში გაუწიოს. მაგრამ თუ არ გაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ე. ი. რაღაცის გეშინია. რისი გეშინია? ადამიანს საკმარისი ძალები აქვს და ღმერთზე მინდობით, ის კიდევ უფრო იზრდება. შენი სიცოცხლე რძის რამდენიმე წვეთზე ხომ არ არის დამოკიდებული.

თუკი ასეთი წვრილმანის გადალახვა ვერ შეძელი, მაშინ ვნებების და საცდურების გამოწვევებს როგორღა გაუმკლავდები?

მოუხმე ქრისტეს და ის მოგცემს ძალას, რადგან ის მარტოს არავის ტოვებს და სუსტ ადამიანსაც ძლიერად აქცევს.

მაგრამ თუ ადამიანი მართლაც სუსტია, რას ამბობენ ამის შესახებ ეკლესიის მამები? ისინი ამბობენ: „უჩვენე ღმერთს შენი სწრაფვა და სურვილი და აუცილებლად მიიღებ ძალასაც“. მიეცი და უჩვენე ქრისტეს შენი მზაობა და ნება და დანარჩენს ის გააკეთებს. აუცილებლად მოგცემს ძალას. შენ არ გაქვს ძალა და სუსტი ხარ? ქრისტე ხომ ყოველისშემძლეა. ისაა ძალის წყარო! უჩვენე შენი მზაობა და უთხარი: „უფალო იესო ქრისტე, აი ამის გაკეთება მინდა და შემეწიე მე“.

მოუხმე ქრისტეს და ის მოგცემს ძალას, რადგან ის მარტოს არავის ტოვებს და სუსტ ადამიანსაც ძლიერად აქცევს.

ღმრთის მადლი აღავსებს იმას, რაც ადამიანს აკლია და განამტკიცებს იმაში, რაშიც უძლური და სუსტია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს სურს ეს და აქვს ამის მზაობა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, არაფერიც არ მოხდება. სინამდვილეში ყველაფერი ასეა: შენ აძლევ ქრისტეს შენს ძალას, ის კი თავისას გაძლევს, რათა შენი საქმე აკეთო და წინ წაიწიო.

წყარო: http://www.pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©