UTA 5559 1

მარხვის შესახებ – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

ლოცვა – თავია სათნოებათა, მათი საფუძველი კი – მარხვა. მარხვა საკვებში ზომიერებასა და მისადმი კეთილგონივრულ დამოკიდებულებას მოიაზრებს. ვაი, ამაყო ადამიანო! რაოდენ ბევრს ოცნებობ, რომ შენმა გონებამ დიდ სიმაღლეებს მიაღწიოს, ის კი – სრულად და უწყვეტად არის დამოკიდებული მუცელზე. მარხვის კანონი, რომელიც გარეგნულად მუცლის კანონს წარმოადგენ, არსობრივად, კანონია გონებისათვის.

გონება, მეფეა ადამიანში და თუკი მას საკუთარი თვითმპყრობელობის დამკვიდრება და შენარჩუნება სურს, პირველ რიგში მარხვის კანონს უნდა დაემორჩილოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება იგი მუდამ ფხიზელი და ნათელი და მხოლოდ მაშინ შეძლებს გულისა და სხეულის სურვილებზე ბატონობას; მხოლოდ გამუდმებული სიფხიზლის შემთხვევაში შეძლებს იგი სახარებისეულ მცნებათა შესწავლასა და მათ მიხედვით ცხოვრებას. მარხვა – სათნოებათა საფუძველია.

ახლადშექმნილ და სამოთხეში დასახლებულ ადამიანს, მხოლოდ ერთი მცნება მიეცა, მცნება მარხვისა. ერთი მცნება იმიტომ მიეცა, რომ ახლადშექმნილი ადამიანისათვის და მისი სიწმინდის შესანარჩუნებლად, იგი სრულიად საკმარისი იყო. მცნებაში იმდენად საკვების რაოდენობრივობაზე არ იყო საუბარი, რამდენადაც ეს აკრძალვა  ხარისხობრივი გახლდათ. დაე, დადუმდნენ ისინი, ვინც მარხვას მხოლოდ საკვების რაოდენობის და არა ხარისხის მიხედვით განსაზღვრავენ. მარხვის სიღრმისეული და გამოცდილებისეული შესწავლის შემთხვევაში, ისინი საკვების ხარისხობრივობის მნიშვნელობასაც ჩასწვდებიან.

უფლის მიერ სამოთხეში გამოთქმული მარხვის კანონი, იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ მცნებასთან ერთად, მისი დარღვევის შემთხვევაში, სიკვდილით დასჯის მუქარამაც გაიჟღერა. სასჯელი ადამიანის მარადიულ სიკვდილს მოიაზრებდა.

მას შემდეგ, ცოდვისმიერი სიკვდილი, კვლავაც აგრძელებს მარხვის წმინდა მცნების დამრღვევთა დასჯას. ის, ვინც საკვებთან მიმართებით ზომიერებისა და კეთილგონივრულობის არ იჩენს, ვერც ქალწულებასა და უბიწოებას შეინარჩუნებს, ვერც  მრისხანებისა მართვას შეძლებს და მუდამ სიზარმაცის, სევდისა და მწუხარების მიერ იქნება ძლეული,  იქცევა პატივმოყვარეობის მსხვერპლად და საცხოვრებლად სიამაყისა, ყოველივე ამისკენ კი, ადამიანი მეტად მრავალფეროვანი და მსუყე ტრაპეზით გამოწვეულ,  სხეულებრივ მიდრეკილებებს მიჰყავთ.

მარხვის მცნება განახლებული და დადასტურებულია სახარებაშიც. „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა“ (ლუკ. 21:34) –  გვამცნო უფალმა. ნაყროვანება და მემთვრალეობა ასუქებს და ადუნებს არა მხოლოდ სხეულს, არამედ გონებასა და გულსაც, მაშასადამე, ადამიანი სულითა და სხეულით, ხორციელ მდგომარეობაში გადაჰყავს.

მარხვას კი პირიქით, ქრისტიანი სულიერ მდგომარეობაში გადაჰყავს. მარხვით განწმენდილი ადამიანი, სულით მდაბალი, კეთილგონიერი, მოკრძალებული, მდუმარე, და გულისმიერი და გონებისმიერი ზრახვების მიმართ ფაქიზია. იგი მსუბუქია სხეულითაც და სულიერი ღვაწლის ტვირთვა და მჭვრეტელობაც შეუძლია, მაშასადამე, იგი მზადა არის ღმრთაებრივი მადლის მისაღებად.

ხორციელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, სრულად ცოდვისმიერ სიამოვნებებში  არის ჩაძირული. იგი ვნებიანია სხეულითაც, გულითაც, გონებითაც და არა მხოლოდ სულიერად ტკბობა და ღმრთაებრივი მადლის მიღება, არამედ სინანულიც აღარ შეუძლია. სულიერი საქმისათვის იგი სრულიად უუნაროა: მიწასთანაა მიჯაჭვული, ნივთიერებაშია ჩაძირული და სულიერად ცოცხალ-მკვდარია.

„ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის!“ (ლუკ. 6:25). ასეთია უფლის სიტყვა, წარმოთქმული მარხვის წმინდა მცნების დამრღვევთა მიმართ. რითი უნდა იკვებოთ მარადისობაში, თუკი მიწაზე მხოლოდ ნივთიერი ამაოებითა და ნივთიერი სიამეებით ხართ გამაძღარნი, რომელნიც ზეცაში აღარ გექნებათ? რითი უნდა იკვებოთ მარადისობაში, თუკი არცერთი ზეციური ნაყოფი არ გიგემიათ? როგორ უნდა მიიღოთ და დატკბეთ ზეციური ნაყოფებით, თუკი მათ მიმართ გულგრილად იყავით განწყობილნი და ზიზღიც კი გამოგივლენიათ?

ქრისტიანთა პური არსობისა – ქრისტეა. ამ პურით დაუცხრომლად განძღომა და ტკბობაა ჭეშმარიტად გადამრჩენელი და ამ ტრაპეზზე ყოველი ქრიატიანია მიწვეული. დაუცხრომლად დანაყრდი უფლის დიდებით; დაუცხრომლად დანაყრდი ქრისტეს მცნებათა აღსრულებით; დაუცხრომლად დანაყრდი ტრაპეზზე, რომელიც „განმზადეს წინაშე ჩემსა ტაბლა წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა“ და დაეწაფე სასმელს, რომელმაც „დამათრო მე ვითარცა ურწყულმან“(ფს. 22:5).

რითი უნდა დავიწყოთ ჩვენ, რომლებსაც საკუთარი  გულების გამოკვლევა არასდროს გვიცდია? – ამბობს წმინდა მაკარი დიდი – გარეთ მდგომებმა, ლოცვითა და მარხვით ვაკაკუნოთ, როგორც უფალმა გვიბრძანა: „ირეკდით, და განგეღოს თქუენ“ (მთ. 7:7).

ეს ღვაწლი, რომლისკენაც მონაზვნობის ერთ-ერთი უდიდესი წინამძღვარი მოგვიწოდებს, წმინდა მოციქულთა ღვაწლი გახლდათ. ამ გზით, მათ სულიწმინდის განცხადებათა ყურადღება და ჭვრეტა შეეძლოთ. „და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, -მოთხრობილია მოციქულთა სამეში, – ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ. მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს.“(საქმე მოციქ. 13:2-3). ამ ღვაწლის წიაღში, რომელიც მარხვასა და ლოცვას აერთიანებდა, გაისმა სულიწმინდის ბრძანება  წარმართთა და ქრისტიანთა მოსაწოდებლად.

საოცარი ერთობაა მარხვა და ლოცვა! ლოცვა – უძლურია, თუკი იგი მარხვაზე არ არის დაფუძნებული, მარხვა კი – უნაყოფოა, თუკი მასზე არ შენდება ლოცვა. მარხვა ადამიანს ხორციელ ვნებათაგან ათავისუფლებს, ლოცვა სულიერ ვნებებს ებრძვის, მათზე გამარჯვებით კი, იგი ადამიანის მთელ არსებაში შედის და წმენდს მას; განწმენდილ სიტყვიერ ტაძარში კი უფალს შეუძღვება.

ის, ვინც მიწის დამუშავების გარეშე  თესავს, ანადგურებს მარცვლელს და ხორბლის ნაცვლად  მოიმკის ეკალს. ასევე ჩვენც, თუკი ლოცვის მარცვლებს სხეულის დაშრომის გარეშე დავთესავთ, ჭეშმარიტების ნაცვლად, ნაყოფად ცოდვას გამოვიღებთ. ამ დროს, ლოცვა სხვადასხვა საზრუნავების, ბილწი ზრახვებისა და ოცნებების მიერ წარიტაცება, ნადგურდება და ვნებისმიერი შეგრძნებებით იბილწება. ჩვენი სხეული მიწისაგან არის შექმნილი და თუკი მას მიწის მსგავსად არ დავამუშავებთ, იგი არასოდეს გამოიღებს ჭეშმარიტ ნაყოფებს.

და პირიქით, ვინც დიდი ზრუნვითა და ჯაფით ამუშავებს მიწას, მაგრამ დაუთესავს დატოვებს მას, იგი მაშინვე სქლად იფარება სარეველებით. ასე ხდება, როდესაც სხეული მარხვით გამოიფიტება, სული კი არ გამოიწრთობა ლოცვით, კითხვითა და სიმდაბლეში ვარჯიშით. ამ დროს, მარხვა უამრავ სარეველას – სულიერ ვნებებს: ამპარტავნებას, პატივმოყვარეობასა და გულგრილობას  ბადებს.

რას წარმოადგენს ნაყროვანებისა და მემთვრალეობის ვნება? ეს გახლავთ საკვების მიმართ ბუნებრივი, მართებული სურვილის დაკარგვა და სიცოცხლისათვის აუცილებელი და სხეულებრივი ძალების შესანარჩუნებლად საჭიროზე მეტის ნდომა. ჭარბი კვება სხეულზე, მისი ბუნებრივი დანიშნულების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და საზიანო ხდება მისთვის, იგი ასუსტებს და ანადგურებს მას.

საკვების სურვილი უბრალო ტრაპეზით, ნაყროვანებისა და საკვებით ტკბობისაგან თავის შეკავებით უნდა დაკმაყოფილდეს. პირველ რიგში, ნაყროვანება და ტკბობა უნდა დავუტეოთ: ამით  საკვების მიმართ სურვილი იწრთობა და მართებულ ფორმას იღებს. როდესაც სურვილი მართებული ხდება, იგი უბრალო საჭმლითაც კმაყოფილდება. საკვების ნაყროვანებითა და ტკბობით დაკმაყოფილებული  სურვილი კი, პირიქით – ჩლუნგდება. ამ სურვილის გასაღვიძებლად, ჩვენ ნაირგვარ გემრიელ კერძებსა და სასმელებს მივმართავთ ხოლმე. თავდაპირველად სურვილი დაკმაყოფილებული გვეჩვენება, შემდეგ უფრო ჭირვეული ხდება და საბოლოოდ ავადმყოფურ ვნებად გარდაიქცევა, რომელიც გამუდმებით სიამოვნების, დანაყრების გზებს ეძიებს და მაინც მუდამ დაუკმაყოფილებელი რჩება.

საკუთარი თავის უფლისადმი მიძღვნის მსუველებმა, ჩვენ ღვაწლს საფუძვლად   მარხვა უნდა დავუდოთ.  ყოველი საძირკვლის უცილობელ ხარისხს, ურყევი სიმტკიცე უნდა წარმოადგენდეს: სხვაგვარად მასზე შენობას ვერ ააშენებ, რაოდენ მყარიც არ უნდა იყოს თვით შენობა. ჩვენ არასოდეს, არავითარი მიზეზით არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს ნაყროვანებით, განსაკუთრებით კი, მემთვრალეობით მარხვის დარღვევის უფლება.

საუკეთესო მარხვად, წმინდა მამები, საკვების დღეში ერთხელ და დანაყრების გარეშე მიღებას მიიჩნევენ. ასეთი მარხვა, სხეულს არც საკვების ხანგრძლივი თავშეკავებით ასუსტებს და არც ჭარბი კვებისაგან ამძიმებს მას, ამასთანავე კი, მას სულის სახსნელად აუცილებელი ღვაწლისთვისაც ხდის ბრძოლისუნარიანს. ასეთი მარხვა, არაფერ განსაკუთრებულად აღმატებულს არ წარმოადგენს და ამიტომაც, ადამიანს არა აქვს მიზეზი, რომ თავი აღიმაღლოს, რისკენაც იგი, თავად სათნოებებიდან გამომდინარე, ასე არის მიდრეკილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სათნოება ძალზედ მკაფიოდ არის ხოლმე გამოვლენილი.

ის, ვინც ფიზიკური საქმით არის დაკავებული და სხეულით იმდენად სუსტია, რომ საკვების დღეში ერთხელ მიღებით ვერ შემოიფარგლება: მან უნდა იკვებოს ორგზის. მარხვაა ადამიანისათვის და არა ადამიანი მარხვისათვის.

თუმცაღა, საკვების ნებისმიერი სიხშრით, იშვიათად თუ ხშირად მიღების შემთხვევაში, მკაცრად იკრძალება დანაყრება: იგი ადამიანს სულიერი ღვაწლისათვის უუნაროს ხდის და სხვა სხეულებრივ ვნებებს უღებს კარს.

არაზომიერი მარხვა, ესე იგი, საკვებისაგან ხანგრძლივად თავის შეკავება, არ არის ნებადართული წმინდა მამების მიერ: საკვებისაგან უზომო თავშეკავებისაგან და მისგან გამოწვეული ფიზიკური ძალების გამოფიტვისაგან, ადამიანი სულიერი ღვაწლისათვის უუნარო ხდება, ხშირად ვარდება ნაყროვანებაში და სიამაყისა და ამპარტავნების ვნებით ხდება მოცული.

მეტად მნიშვნელოვანია საკვების ხარისხიც. სამოთხის აკრძალული ნაყოფი, გარეგნულად მშვენიერი და გემრიელი გახლდათ, თუმცა, დამღუპველად მოქმედებდა სულზე: აძლევდა  კეთილისა და ბოროტის შემეცნების საშუალებას, მაგრამ არღვევდა სიწმინდეს, რომელშიც ჩვენი წინაპრები იქნენ შექმნილნი.

მას შემდეგ, საკვები მეტად ძლიერად მოქმედებს სულზე, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება ღვინის მიღებისას. საკვების ასეთი მოქმედება, ხორცსა და სისხლზე მისი განსხვავებული ზემოქმედებით აიხსნება, საკვების ორთქლი და აირები, კუჭიდან ტვინისაკენ მიემართება და გონებაზე ახდენს ზეგავლენას.

ამ მიზეზით, ყოველი დამათრობელი სასმელი, აკრძალულია მოღვაწისათვის, რამეთუ იგი გონებას სიფხიზლესა და შესაბამისად, გონებისმიერ ბრძოლაში გამარჯვების საშუალებას ართმევს. ვნებისმიერი ზრახვების მიერ დამარცხებული და დამტკბარი გონება კი, სულიერი მადლს კარგავს; მრავალი და ხანგრძლივი ღვაწლით მოპოვებული მადლი, რამოდენიმე საათში, ზოგჯერ კი რამოდენიმე წუთში იკარგება.

ღირსი პიმენ დიდი ამბობს, რომ ბერი აღარ უნდა იღებდეს ღვინოს. ამ წესს უნდა მისდიოს ყველა კეთილგონიერმა ქრისტიანმაც, რომლებსაც სიწმინდისა და უბიწოების შენარჩუნება სურთ. წმინდა მამები იცავდნენ ამ წესს და თუკი იღებდნენ ღვინოს, მეტად იშვიათად და განსაკუთრებული ზომიერებით.

საკვებისაგან თავის შეკავების მსურველთა სუფრიდან, უნდა განიდევნოს ცხარე სანელებლებით შეკმაზული კერძები, რომლებიც სხეულებრივ ვნებათა წარმომშობია. ასეთებია წიწაკა, ჯანჯაფილი და სხვა სანელებლები.

ყველაზე ბუნებრივი საკვები გახლავთ ის, რომელიც შექმნის დროს მიეცა ადამიანს შემოქმედის მიერ – საკვები მცენარეულობათა სამეფოდან. უთხრა უფალმა ჩვენს პირველმშობლებს: „აჰა, მიგცე თქვენყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისაჲ, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად“(დაბ. 1:29). წარღვნის შემდეგ კი, ხორცის მიღების უფლებაც მისცა ადამიანს (დაბ. 9:3).

მცენარეული საკვები საუკეთესოა მოღვაწისათვის. იგი ნაკლებად ახურებს სისხლს და ნაკლებად ვნებს ხორცს; მის შემადგენლობაში შემავალი  და ტვინისაკენ მიმავალი ორთქლი და აირები, ნაკლებად ზემოქმედებს გონებაზე; დაბოლოს – იგი ყველაზე ჯანსაღი საკვებია, რადგან ამცირებს გადმამუშავებელი წვენების გამოყოფას კუჭში. ამ მიზეზთა გამო, მცენარეული საკვების გამოყენებისას, განსაკუთრებით ნარჩუნდება სიწმინდე და სიფხიზლე გონებისა და მისი მპყრობელობა მთელ ადამიანზე; მისი მიღების შემთხვევაში, ვნებები უფრო სუსტად მოქმედებენ და ადამიანი მეტად ძალმოსილია ღვთივსათნო საქმეთა აღსასრულებლად.

რაც შეეხება თევზეულს, განსაკუთრებით კი ზღვის დიდი თევზებისაგან მომზადებულ კერძებს, მათი ზემოქმედება კიდევ სხვაგვარია: ხშირი და მუდმივი მიღების შემთხვევაში, ისინი შეგრძნებითად მოქმედებენ ტვინზე, ასუქებენ სხეულს, ახურებენ სისხლს და კუჭს მავნე წვენებით ავსებენ.

სხვებთან შედარებით ყველაზე ძლიერი, ხორციელი საკვების ზემოქმედება გახლავთ: იგი ძლიერად ასუქებს სხეულს და  ხორცსა და სისხლს განსაკუთრებულ სიმხურვალეს ანიჭებს; მისი ორთქლი და აირები, მეტად ამძიმებს და ტვირთავს გონეას. ამ მიზეზით, იგი საერთოდ არ გამოიყენება მონაზვნების მიერ; იგი – ერში მცხოვრები ადამიანების საკუთრებაა, რომლებიც გამუდმებით მძიმე ფიზიკური შრომით არიან დაკავებულნი. თუმცაღა, ხორცის მუდმივი მიღება მათთვისაც საზიანოა.

როგორ! შესძახებენ ამ დროს მოჩვენებით გონიერნი: ხორცის მიღების უფლება ადამიანს უფლისაგან მიეცა და თქვენ როგორ კრძალავთ ამას? – ამაზე ჩვენ მოციქულის სიტყვებით ვუპასუხებთ: „ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს“ (1 კორ. 10:23). ჩვენ ხორცეულის მიღებისაგან თავს იმიტომ კი არ ვიკავებთ, რომ მას უწმინდურად ვთვლით, არამედ იმიტომ, რომ ისინი განსაკუთრებულ სისუსტეს იწვევენ მთელ ჩვენს ორგანიზმში და სულიერ წინსვლაში გვიშლიან ხელს.

წმინდა ეკლესიამ, თავისი კეთილგონიერებითა და სიბრძნით განსაზღვრა და ერში მცხოვრებ ქრისტიანებს ხორცის მიღების ნება დართო. თუმცა, მისი მუდმივი მიღება კი არ დაუშვია, არამედ, ხორცის მიღებისა და მისგან თავშეკავების, ანუ ხორციელი საკვების მიღების შემდგომ გამოფხიზლების დრონი, ერთმანეთისაგან განაცალკევა. მარხვის ამგვარი ნაყოფის გემოსხილვა, ამ მცნების ყოველი აღმსრულებლის პირად გამოცდილებად იქცევა ხოლმე.

მონაზვნებისათვის ხორცის მიღება აკრძალულია. ხორცით ხსნილობის ჟამს, ნებადართულია მხოლოდ რძის პროდუქტებისა და კვერცხის მიღება. გარკვეულ სადღესასწაულო დღეებში, მათთვის ნებადართულია თევზის მიღება. უმეტესად კი, ისინი მხოლოდ მცენარეულ საკვებს მოიხმარენ ხოლმე.

მცენარეული საკვების მიღება, განსაკუთრებით ხდება ყველაზე გუმლხურვალე მოღვაწეთა მიერ, რომლებიც ძლიერად განიცდიან მათში სულიწმინდის მოქმედებას  (2 კორ. 6:17), მიზეზი კი ამ საკვების ზემოხსენებული უვნებლობა და სიმსუბუქე გახლავთ. სასმელად კი, მხოლოდ წყალს მოიხმარენ და უარს ამბობენ არათუ სიმთვრალისა და სიმხურვალის შემძენ სასმელებზე, არამედ სხვა, სასარგებლო, მარცვლეულისაგან დამზადებულ სასმელებზეც.

ეკლესიის მიერ მარხვის კანონები, თავისი შვილების შემწედ იქნა დადგენილი, როგორც სახელმძღვანელო მთელი ქრისტიანული საზოგადოებისა. ამასთანავე, მარხვითი კანონი ყველამ გამოცდილი და გონიერი სულიერი მოძღვრის დახმარებით უნდა განსაზღვროს და საკუთარ ძალებზე აღმატებულლი მარხვითი ღვაწლი არ იტვირთოს: ვინაიდან, ვიმეორებთ, მარხვაა ადამიანისათვის და არა ადამიანი მარხვისათვის; სხეულის სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიღებულმა საკვებმა, არ უნდა დაღუპოს იგი.

„თუკი მუცელს დაიმორჩილებ, ამბობს წმინდა ბასილი დიდი, სამოთხეს დაიმკვიდრებ; და თუკი ვერ დაიმორჩილებ, სიკვდილის მსხვერპლი გახდები“. სამოთხეში აქ მადლისმიერი ლოცვითი მდგომარეობა, სიკვდილში კი ვნებისმიერი მდგომარეობა მოიაზრება. დედამიწაზე ადამიანის მადლისმიერი მდგომარეობა, ზეციურ ედემში მარადიული ნეტარების გარანტიას წარმოადგენს; ცოდვის მორევში ჩაძირვა და სულიერი სიკვდილის მდგომარეობაში ყოფნა კი, მარადიული ტანჯვისათვის ჯოჯოხეთის უფსკრულში ვარდნის მიზეზად იქცევა. ამინ.

Share