436226920 763691902516284 6421477699830414961 n

მენელსაცხებლე დედები – მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

დღეს ჩვენ ვზეიმობთ და ვიხსენებთ ქრისტეს მიმდევრებს, რომელთა შესახებ ნაკლებად ვფიქრობთ, ვინაიდან წმინდა წერილში მათზე ძალიან ცოტა რამ არის ნახსენები, თუმცა,  თითოეული მათგანი შეიძლება ჩვენთვის დიდი გაკვეთილის მომცემი იყოს.

წმ. იოსებ არიმათიელი მდიდარი კაცი იყო, რომელიც ქრისტეს უსმენდა გახსნილი გულით, თუმცა საკუთარი თავი არ მიუძღვნია მისთვის. არც ნიკოდიმოსს. ნიკოდიმოსი სწავლული კაცი იყო, სინედრიონის წევრი. ის უსმენდა ქრისტეს, კითხვებს უსვამდა, უნდოდა გაეგო, დარწმუნებულიყო, თუმცა არც ერთს არ უარუყვია საკუთარი თავი, რომ გაჰყოლოდნენ ქრისტეს, გამოეცხადებინათ თავი მის მოწაფეებად. ჯვარცმის შემდეგ მათმა უფლისადმი ერთგულებამ გაიმარჯვა, უფლისადმი,  რომელმაც სიცოცხლის სიტყვები ასწავლა მათ.  შეუერთდნენ ღვთისმშობელს ქრისტეს ჯვრიდან გარდამოსახსნელად და დასასაფლავებლად.  გაბედულად მივიდნენ პილატესთან და ითხოვეს ქრისტეს ცხედარი, რათა თაყვანისცემით დაეკრძალათ იგი. ისინი ქრისტეს სიცოცხლეში უსმენდნენ მერყევი, თუმცა გახსნილი გონებით. საბოლოოდ კი, მაცხოვრის ჯვარცმამ მათი ერთგულება გამოაჩინა. ღვთისმშობლისა და წმ. იოანე მოციქულის ტკივილის ხილვამ ყველა ეჭვი გაუქარწყლათ. მათ თავი უნდა განეცხადებინათ ქრისტეს მოწაფეებად, რადგან ვერ აიტანდნენ თავიანთი მასწავლებლის, მეგზურის და მეგობრის მიტოვებას დამარცხების ჟამს.

არის ადამიანების მეორე ჯგუფიც, მენელსაცხებლე დედები, ქალების ჯგუფი, რომლებიც ქრისტეს მიმდევარნი იყვნენ და მას და მის მოწაფეებს გაჭირვების ჟამს ეხმარებოდნენ. როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, ყველა მოციქული გაიქცა, წმ. იოანესა და მენელსაცხებლე დედების გარდა. ისინი ქრისტეს მოციქულებად ინტელექტუალურ მრწამსს არ უქცევია. ეს იყო რაღაც, რაც შესაძლოა განიმარტოს ემაუსის გზაზე პილიგრიმების მიერ წარმოთქმულ სიტყვებში: “..განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში?” (ლუკა 24:32).  გალილეიდან იერუსალიმამდე, მშვიდობიანი მიწიდან იერუსალიმის ტრაგედიამდე, მთელი ეს დრო უსმენდნენ და მათი გულები გაცოცხლდა არა პირადი სიყვარულით, არამედ მარადიული ცხოვრების ღრმა განცდით. ეს სიტყვები წმინდა პეტრემაც წარმოთქვა. როდესაც ხალხის უმრავლესობამ მიატოვა მაცხოვარი,  ქრისტე თავის მოწაფეებს მიუბრუნდა და უთხრა: “თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?” (იოანე 6:67) რაზეც პეტრემ მიუგო: “ უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს” (იოანე 6:68). ეს სიტყვები უბრალო სილოგიზმები, მტკიცებულება ან საგნების გადმოცემის გზები კი არ იყო, არამედ, ამ ორივე შემთხვევაში, როდესაც ეს თქვეს,  მათში მარადისობა იყო გაცოცხლებული, კარი განიღო მარადიული ცხოვრებისკენ. მათ იცოდნენ, რომ ეს სიტყვები მართალი იყო, რადგან მათში ახალმა სიცოცხლემ დაისადგურა. ასე იყო ამ ქალბატონებისთვისაც.

შესაბამისად, დღეს ვზეიმობთ ადამიანებს, რომლებმაც დაამტკიცეს ერთგულება, უსუსურობის ჟამს არ გაიქცნენ და დამარცხებისა და ტრაგედიის დროს უფლის მოციქულები და ერთგულნი შეიქმნენ. დაე, გავიხსენოთ ისინი არა მხოლოდ მსახურების ჟამს დიდების მიგებით, არამედ შევეკითხოთ საკუთარ თავებს: მცირედით მაინც ვგავართ რომელიმეს? შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ქრისტეს დამარცხების ჟამს გამოვიდოდით და ვიტყოდით: მე ვარ მისი მოციქული, თუმცა მშვიდობის ჟამს თავს ვიკავებდი, ვყოყმანობდი, არ ვიყავი დარწმუნებული, კითხვებს ვუსვამდი ჩემს თავს, პირადად მას.. არის თუ არა რომელიმე ჩვენგანი იოსებ არიმათიელი, ნიკოდიმოსი? შეგვიძლია ვთქვათ, რომ მენელსაცხებლე დედების მსგავსნი ვართ, რომელნიც ვერც საჭიროებებმა, ვერც დამარცხებამ, ვერც ქრისტეს სიკვდილმა დააშორა მას?

არც ერთი ჩვენგანი სრულად მათი მსგავსი არ არის; მაგრამ, დაე, ვისწავლოთ და ვეცადოთ ვუერთგულოთ ქრისტეს მათ მსგავსად; ერთნი – ქრისტეს სიცოცხლეში, ხოლო მეორენი – მისი დამარცხების ჟამს. ამინ.

Share