დავიწყოთ ქრისტესთან ერთად ცხოვრება – მესოგეისა და ლავრეოტიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი

თუ გვინდა, რომ გამოუთქმელი სასწაულები ვიხილოთ, ლოცვა უნდა ვისწავლოთ. ამასოფლის სული მუდამ ცდილობს, რომ როგორმე მოგვწყვიტოს ლოცვას და ჩვენს გონებას უამრავი არასაჭირო ცოდნითა და ინფორმაციით კვებავს. დააცარიელეთ თქვენი გული შფოთისა და ამაო საზრუნავისაგან! ისწავლეთ, რომ როგორმე შეამციროთ ყურადღება იმ რაღაცეების მიმართ, რაც თქვენს გონებას ფანტავს. წმინდა ისააკ ასური ამბობდა, რომ ლოცვისას ყოველი გარეგნული გრძნობა კვდება, ხოლო შინაგანი კი იღვიძებს. ეს მსგავსია ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებისა. როგორც ლაზარემ გაიგონა ქრისტეს სიტყვები: ,,გამოვედ გარე’’(ინ.11:43) – ასე ესმის ჩვენს სულსაც ლოცვისას ქრისტეს ხმა და ამ ხრწნადი სამყაროს ჩარჩოებიდან გამოვდივართ.

,, ეს ალბათ, რთულია’’ – იტყვით თქვენ. მე კი გიპასუხებთ, რომ დიახ, რთულია, მაგრამ აუცილებელია და ამასთანავე, არც შეუძლებელია. მცირედით უნდა დავიწყოთ. დასაწყისისთვის არ არის აუცილებელი დილის ლოცვა სრულად ,,წაიკითხოთ’’. დრო დაინიშნეთ. 10 წუთი განა ბევრია? ან 5? საჭიროა გულის ჩართვა! დავმშვიდდეთ, შფოთი და ამქვეყნიური საზრუნავები განვდევნოთ, აღარც მომავალ დღეზე ვიფიქროთ და მთელი გულით ვესაუბროთ ქრისტეს!

ჩვენ სწორი ლოცვა უნდა ვისწავლოთ. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ,,ლოცვის კითხვასა’’ და ,,ლოცვას’’ შორის დიდი განსხვავებაა. როდესაც შენი გული სრულიად განსაზღრული მიზნისკენ – ქრისტესთან შესახვედრად იწყებს სვლას – ეს არის ლოცვა!

ახლა დაგისახელებთ ათონელი ისიქასტი მონაზვნების ცხორების ოთხ უმთავრეს პრინციპს, რომელიც ნებისმიერ ქრისტიანს ეხება, რომელსაც სურს, რომ სიწმინდეს მიაღწიოს.

1) ,,ზე გვაქუნდინ გულნი’’. ჩვენს სულში წარმოუდგენელი სიმაღლეების მიღწევის პოტენციალი დევს. (,,სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს’’) ის ადამიანი, რომელიც ამას გამოცდილებით შეიგრძნობს, ის ნელნელა ანგელოზს დაემსგავსება. ის ჯერ კიდევ ამქვეყნად ქრისტეს სამეფოს მოქალაქე ხდება და მისი შინაგანი მდგომარეობა წარმოუდგენლად განსხვავდება დედამიწაზე მცხოვრები სხვა ადამიანების მდგომარებისაგან. მას აღარ სჭირდება დისკუსიებში ღმერთისა და ეკლესიის დაცვა, რადგან მის გვერდით მყოფ ადამიანებს კითხვები აღარ რჩებათ. ეს კი იმის ნაყოფია, რომ ასეთი ადამიანის სული ზეცაში მკვიდრობს და ქრისტეს იცნობს.

2) ჩვენ ყველაფერს ქრისტესთვის უნდა ვაკეთებდეთ! განა მასზე მნიშვნელოვანი არის რამე? ჩვენ ვენდობით საკუთარ ლოგიკას, მეცნიერებას, სიახლეებს და რატომ არ შეგვიძლია ქრისტეზე მინდობა? ეს არის დაცემული ადამიანური ბუნების საზღვრების გარღვევის მცდელობა. ჩვენ ხომ მოწოდებულნი ვართ, რომ გადავლახოთ ჩვენი მავნე ჩვევები, ვნებები და ცოდვა. ,,სული გულმოდგინე არს, ხოლო ხორცი უძლურ’’.

3) იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ჩვენში გაცოცხლდეს, საჭიროა მუდმივი მოჭიმულობის მდგომარეობა, რომელსაც ასკეტური ბრძოლის გამოცდილებით ვიძენთ. ჩვენ მთელი გულმოდგინებით უნდა ვშრომობდეთ. ,, სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი’’(მთ. 11:12)

4) თითოეულ ჩვენგანში უსაზღრო შესაძლებლობებია, უბრალოდ მათ ჯერ სძინავთ. ,,იღვიძებდით და ილოცევდით’’(მთ. 26:14) – ვკითხულობთ სახარებაში. სწორედ ეკლესია გვაძლევს ამ შესაძლებლობების აღმოჩენის, გაღვიძებისა და გაცოცხლების საშუალებას. როდესაც ამას შევძლებთ, ჩვენი სული ქრისტესთან მოუკლებელ მყოფობას შეძლებს.

ამიტომ, უნდა დავიწყოთ ქრისტესთან ერთად ცხოვრება, რათა ჩვენი ბუნების შესაძლებლობები მანამდე გაიხსნას, სანამ ჩვენი თვალები დაიხუჭება. თითოეული ჩვენგანი – პოტენციური წმინდანია. დასანანი იქნება, თუ ისე მოვკვდებით, რომ არც კი ვცდით ამ ყველაფერს. ხომ მეთანხმებით?

ეკლესიის ისტორია აღსავსეა იმ ადამიამების სიმამაცის მაგალითებით, რომლემაც ქრისტესთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. წარმოიდგინეთ, რომ არა ეკლესიის გამოცდილება, ჩვენ ხომ ვერ გავიგებდით წმინდა სერაფიმე საროველის ან წმინდა სერგი რადონეჟელის შესახებ და ვერც ისინი გაიგებდნენ, თუ რა ძალა იმალებოდა მათ სულში!

მაგრამ ცხოვრების საზრისი უკიდურესი მიზნების მიღწევაში კიარა, არამედ სიმდაბლეშია და მხოლოდ სიმდაბლის მიერ აძლევს ქრისტე ჩვენს სულს იმის შესაძლებლობას, რომ მისთვის სათნო მიმართულებით განვითარდეს.

წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •