ieroteos vlaxosi 12

მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი – ლოცვისას ადამიანის გონება იკურნება

გონების დაცვას თან უნდა ახლდეს იესოს ლოცვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვნებისგან განთავისუფლების მცდელობისა და სათნოების მოპოვების გარეშე გონების დაცვა სრულყოფილად ვერ მოხერხდება.

ისიხიოს პრესვიტერი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს იესოს ლოცვას, რომელიც მავნე აზრებისგან ათავისუფლებს გონებას. ადამიანს საჭმელი რომ აწყენს, იღებს მის ამოსაღებ საშუალებას. ლოცვასაც წაბილწული გონებისთვის ანალოგიური მნიშვნელობა აქვს. “გონება, რომელიც შთანთქავს ბილწ აზრებს და გულისრევის შეგრძნება აქვს, იესოს ლოცვას თუ წარმოთქვამს (გონება) გულის სიღრმიდან, ბილწ აზრებს ამოაგდებს და შორს გადააგდებს”.

გონების განწმენდა მარტო ბილწი აზრების აღმოჩენა არ არის, მათგან გათავისუფლებაა. ეს კი ლოგიკური ანალიზით არ ხდება, იესოს ლოცვის წარმოთქმაა საჭირო. ჩვენ როცა ვამბობთ სიტყვა “ლოცვას”, ვგულისხმობთ სულიწმინდის მოქმედებას. შემთხვევითი არაა, რომ გრიგოლ პალამა ამბობს: გონების ქმედება, რაც აზრებით გამოიხატება, ადვილად განიწმინდება “ლოცვით მოღვაწეებთან”.
ლოცვისას ადამიანის გონება იკურნება. მაცდუნებელი აზრების არსებობა წყდება, მაგრამ ეს მთელი სულის განწმენდას არ ნიშნავს. სრულყოფილად განწმენდისთვის სულის სხვა ძალებიც უნდა განიწმინდოს, თავშეკავებით, სიყვარულით და ა.შ. თუ ადამიანმა დაიჯერა, რომ უკვე განიწმინდა, იგი ცდება. მღვიძარება ერთ-ერთი გზაა განწმენდისათვის. “თვალმან მღვიძარემან განწმინდა გონება”.

დაბნეული გონება დაბრუნებისას პირველად ხორციელ გულს პოულობს, შემდეგ სულიერ ღრმა გულში შედის. ვინც იესოს ლოცვით და წმინდა საქმით მოღვაწეობს, მას გულთან მიბრუნების ამგვარი გამოცდილება აქვს. “წრფელი, სუფთა გონიერი ლოცვით მოღვაწე სწავლობს სულის საიდუმლოს. იგი გონებით ხორციელ გულში შეაღწევს და მიდის სიღრმისკენ, რაც ხორციელი არ არის. იგი პოულობს ღრმა გულს, სულიერს, მეტაფიზიკურს და მასში ხედავს. მთელი კაცობრიობის ცხოვრება მისთვის უცხო კი არ არის, არამედ მჭიდროდ დაკავშირებულია მის პირად არსებობასთან”. დაყუდებულ (ἡσυχαστική) მოღვაწეს შეუძლია ნათლად გაარჩიოს სულიერი და ხორციელი გული. ის გრძნობს ორივე გულის ქმედებას და არსებობას, თავდაპირველად გონება ხორციელ გულს პოულობს, შემდეგ აღმოაჩენს სულიერს და შეუძლია ერთდროულად იგრძნოს ორივეს მოძრაობა.

გამოკრებილია წიგნიდან ”მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ