სკვნილზე ლოცვა

მოუკლებელი კავშირი ქრისტესთან და მადლიერება – წმინდა პაისი ათონელი

წინამდებარე ტექსტი წმინდა პაისიმ დაახლოებით 1975 წელს, ერთი ადამიანის პასუხად დაწერა, რომელიც სთხოვდა მას, რომ მოუკლებელი ლოცვა ესწავლებინა. ეს ტექსტი განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვისაც მოუკლებელი ლოცვის სწავლა სურს და ხიბლისგან თავდაცვის გზებს ეძებს. ის მრავალ პრაქტიკულ რჩევებს შეიცავს, რომლებიც ლოცვის საქმეში ნაყოფების გამოსაღებად დაგვეხმარება.

წმინდა პაისი წერს:

მოუკლებელი ლოცვის მოხვეჭის ერთ მარტივ ხერხზე მიგითითებთ და თუ გნებავთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს გზა, ალბათ უბრალო ხალხს უფრო დაეხმარება, რომლებსაც ღრმა საღმრთისმეტყველო-ასკეტური ტექსტებში წვდომა არ შეუძლიათ და ამის გამო, შიშობენ ხიბლში არ აღმოჩნდნენ.

ერთადერთი უსაფრთხო მდგომარეობა არის – სინანული. სწორედ მასზე უნდა აშენდეს ნებისმიერი სულიერი შენობა. ჩვენ ღმრთისაგან მოუკლებლად გამოვითხოვთ სინანულს და მეტს არაფერს.

როდესაც ღმრთის წყალობის სასიცოცხლო საჭიროებას ვიგრძნობთ, მაშინ ლოცვას მთელი გულით მრავალგზის წარმოვთქვამთ და საკუთარ გულში უტკბესი იესუს საღმრთო ნუგეშის არამიწიერ სიტკბოებას შევიგრძნობთ. ამ დროს, ჩვენი გული შთანთქავს ჩვენს გონებას და მთელ არსებას.

არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ მტერი შენთან ბრძოლას დაიწყებს და ეცდება გონება გაგიფანტოს. მაგრამ როცა იესუს ლოცვას წინ უძღვის წმინდა მამათა ნაშრომების კითხვა, დღის განმავლობაში შენში დაგროვებული მცირე და დიდი საზრუნავები უკან დაიხევენ, სულიერ ატმოსფეროში შეხვალ და გონების კონცენტრირებით ილოცებ.

თუკი თავისი ჩვეული ბოროტებისა და შურის გამო მტერი მკრეხელობის გულისსიტყვებით დაგიწყებს ბრძოლას, არ შეშფოთდე, არამედ ეშმაკი შენს სასარგებლოდ გამოიყენე და თქვი: ,,ძალიან კარგი ეს გულისსიტყვები რომ მომიტანე. ამის გარეშე მავიწყდებოდა მოუკლებელი ლოცვა’’. რადგანაც დემონი მხოლოდ ბოროტების ქმნასაა მიჩვეული, მყისვე უკან დაიხევს. ეს იმიტომ გითხარით, რომ დემონი ხშირად მკრეხელობის გულისსიტყვებს მგრძნობიარე ადამიანებს მიუვლენს, რათა კიდევ უფრო მეტად მგრძნობიარედ აქციოს, დათრგუნოს და შეაწყვეტინოს ლოცვა. განსაკუთრებით ებრძვის ამგვარად მას, ვინც სიამაყისგან აღძრული საკუთარ ძალებზე აღმატებულ ღვაწლს ეწევა და გამოფიტულ მდგომარეობაში მყოფს, დემონური გულისსიტყვების მოგერიების თავი აღარ აქვს. ასეთნი ფიქრობენ, რომ ეს მათი აზრებია და ამის გამო უდანაშაულოდ იტანჯებიან, მაშინ როცა ამ ყველაფრის უკან ეშმაკი დგას.

ამიტომაც, აუცილებელია, რომ ახალგარზდები იესუს ლოცვაში სიმდაბლითა და სიბრძნით შრომობდნენ და ღამე ლოცვისთვის წამოდგომისთვის სასულიერო ლიტერატურის კითხვით და ზომიერი კვებით ემზადებოდნენ. კარგია, თუ საღამოს საათებს კითხვას დაუთმობენ, შიგადაშიგ სკვნილზე იესუს ლოცვით ილოცებენ და მუხლდრეკებს აღასრულებენ, რათა მათ შინაგან ,,მექანიზმში’’ ზეთი გაცხელდეს. როცა მუხლდერეკებისგან დაიღლებიან, დასხდნენ და ისე ილოცონ, იფიქრონ თავიანთ უღმერთობასა და მათ მიმართ გამოვლენილ ქრისტეს აურაცხელ სიკეთეებზე. ასეთი შრომით გონება გულში თავისთავად ჩავა და ადამიანი ქრისტეს წყალობის მოხმობას მთელი გულით, სულით და ძალით დაიწყებს.

რა თქმა უნდა, აუცილებელია გამოცდილი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობა.

წმინდა პაისიმ თავის ნაცნობ მღვდელმონაზონს უთხრა: ,,ჩვენი სული მოუკლებელი მზადყოფნისა და მღვიძარების მდგომარეობაში უნდა იყოს და კავშირი ჰქონდეს ,,ზეციურ შტაბთან’’ – ქრისტესთან. მხოლოდ მაშინ იგრძნობს ის სიმტკიცეს, იმედსა და სიხარულს. როდესაც ჯარში ვმსახურობდი და პარტიზანებთან ერთად ვიბრძოდი, ერთი სპეციალური რაცია მქონდა. როდესაც საათში ერთხელ ცენტრს ვუკაშირდებოდით, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდით. ხოლო როცა კავშირზე ორ საათში ერთხელ გავდიოდით გარკვეულ დაუცველობას ვგრძნობდით. თუკი ზოგჯერ მხოლოდ დილას და საღამოს ვუკავშირდებოდით, მაშინ თავს ცუდად და მიტოვებულად ვგრძნობდით. ასევეა ლოცვის შემთხვევაშიც. რაც უფრო ხშირად ლოცულობ, მით უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და უსაფრთხოებას შეიგრძნობ’’.,,როცა სინას მთაზე ვცხოვრობდი, ირგვლივ წყალი არსად იყო. დაახლოებით ორი საათი უნდა მევლო, სანამ იმ კლდეს მივაღწევდი, რომლიდანაც წყალი გამოდიოდა. დოქს შევუდგამდი, მთელი ერთი საათის განმავლობაში ვიჯექი და წყლის ავსებას ველოდებოდი. შემდეგ კი ვბრუნდებოდი… ამ წყლის გამო ყოველდღე ვნერვიულობდი. ვდარდობდი, ისევ დამხვდებოდა, თუ არა ეს პატარა წყარო. ვლოცულობდი, რათა უფალს გაეგრძელებინა ამ კლდიდან წყლის გამოდინება. წყაროზე რომ მივდიოდი, გზად მღელვარება მომიცავდა და თან ვლოცულობდი. როცა შორიდან დავინახავდი მზის შუქზე წყლისგან გაბრწყინებულ კლდეს, სიხარულით ვადიდებდი ქრისტეს და მთელი უკანა გზა ვმადლობდი მას  ამ წყლისთვის. ეს პატარა წყარო მაიძულებდა მოუკლებლად მელოცა და მეორეს მხრივ – მადლიერებით განმედიდებინა ყოველგვარი სიკეთის მომნიჭებელი ღმერთი. როცა სინადან ათონზე, ივერთა სკიტში გადავედი, იქ უკვე წყალი უხვად გვქონდა. მაგრამ ერთხელაც შევამჩნიე, რომ ჩემში რაღაც შეიცვალა და აღმოვაჩინე, რომ სკიტში ცხოვრების დიდი ხნის გამავლობაში ერთხელაც კი არ მქონდა ნათქვამი: ,,დიდება შენდა, უფალო’’. მაშინ, როცა სინაზე წყლის ნაკლებობა მოუკლებელი ლოცვისა და მადლიერების მიზეზად მექცა, წყლის სიუხვემ იქამდე მიმიყვანა, რომ დამავიწყდა ყველაზე მთავარი – ეს წყალი ღმრთის საჩუქარი იყო, რომლის გამოც მადლიერი უნდა ვყოფილიყავი. ასევეა ნებისმიერი მატერიალურის მიმართ. ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ყველაზე დიდი დახმარება – ლოცვაა’’.


წყარო: http://Pravoslavie.ru

Share