მამა ეფრემი 2

მოძღვრისადმი დამოკიდებულების შესახებ – არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი

მამა იოსები საკუთარი თავის დიდი უარყოფით გამოირჩეოდა. მუდამ გვეუბნებოდა, რომ არ სურდა მასზე განსაკუთრებულად გვეზრუნა. თუმცა, ჩვენც ხომ უნდა გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ საკუთარ მოძღვარს. რა თქმა უნდა, მამა იოსები ამას ასკეტური თვალსაზრისით გაურბოდა, მაგრამ ჩემთვის ვფიქრობდი: ,,კარგი, მოძღვარს არ უნდა რომ მასზე ვზრუნავდე, მაგრამ ეს ჩემი ვალდებულებაა!’’. ჩუმად ვიღებდი მისი და მამა არსენის ხელსახოცს და ვრეცხავდი. ამ ხელსახოცს პატარა თოკი ჰქონდა, რომლითაც პატარა ბავშვების მსგავსად კისერზე იხვევდნენ. აი რა მოხდა როდესაც პირველად გავრეცხე: გარეცხვის შემდეგ, ამ ხელსახოცში დანა და ჩანგალი გავახვიე.  მამა იოსებს ხომ ვერანაირ დეტალს ვერ გამოაპარებდით: როგორც კი მაგიდასთან დაჯდა იმ წუთასვე შეამჩნია, რომ ხელსახოცი უფრო ფაფუკი და ნაზი გამხდარიყო. მასაც ბავშვივით გაუხარდა! არა იმის გამო, რომ მისი ხელსახოცი სუფთა იყო, არამედ იმ პატივისცემისა და სიყვარულის გამო, რომელიც მამისადმი სულიერმა შვილმა გამოავლინა:

– არსენი, ნახე ხელსახოცები გაურეცხავთ. ნახე, რა კარგია!

ისიც ხელს უსვამდა ამ ხელსახოცს და თითქოს ეფერებოდა. ვიგრძენი, რომ მოძღვარს ვასიამოვნე. ისიც ყოველთვის გრძნობდა და აფასებდა სიყვარულს და იცოდა, თუ როგორ გამოეხატა ეს. არც კი უფიქრია, რომ თვითნებობისთვის გემოველანძღე, რადგან მიხვდა რაც მამოძრავებდა.

როდესაც მამა იოსები გარდაიცვალა, მამა არსენი ჩემს კალივაში გადმოვიდა, რადგან სწორედ ასე ჰქონდა მას ჩვენთვის დაბარებული. მე და მამა ხარლამპეს მორიგეობით მიგვქონდა მისთვის საჭმელი: ერთ დღეს – მე, მეორე დღეს – მას. ძალიან მიყვარდა  მამა არსენი, იმის გამო, რომ მასში თითქოს თავად მამა იოსებს ვხედავდი და არამხოლოდ სულიერ ადამიანს და მოძღვრის შემცვლელს. მეც ვზრუნავდი მასზე, ვცდილობდი საუკეთესოდ მომემზადებინა მისთვის, ყოველდღიურად ვუგზავნიდი საჭმელს და მინდოდა, რომ ყველნაირად მეამებინა მისთვის. ხომ ვიცოდი როგორი მოღვაწეობრივი შრომა გასწია მამა იოსებთან ერთად და როგორ ზრუნავდა მასზე! მამა არსენი მამა იოსების მარჯვენა ხელი იყო. ის იყო სულით და სხეულით მტკიცე ადამიანი და დიდი მოღვაწე. ერთხელ თქვა: ,,ჩვენი ახალგაზრდა მღვდელი საჭმელს მიგზავნის და იცით, როგორ შესანიშნავად აკეთებს ყველაფერს?!’’ მას ეს ძალიან ახარებდა!

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც სულიერად ვცხოვრობთ და ღმრთის მადლი ჩვენს გულს ეხება, ჩვენ ვგრძნობთ და ცოცხლად გვწამს, რომ ჩვენი სულიერი მამა – ქრისტეს ხატია. გვიჩნდება ვალდებულება, რომ პატივი ვცეთ, გვიყვარდეს და ვემსახურებოდეთ მას. ძალიან გულწრფელი იყო მამა იოსებთან ჩემი ურთიერთობა. მისდამი ზრუნვა სიამაყისა და პატივმოყვარეობის გულისსიტყვებისგან კი არ მომდინარეობდა, არამედ იმ ადამიანისადმი მადლიერებისგან, რომელმაც სულიერად ჩამომაყალიბა და რომელიც ქრისტეს შემდეგ პირველია ჩემთვის.

წმინდა წერილში ხომ გვაქვს მცნება: ,, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა ზედა’’. თუკი ღმერთმა ძველ აღთქმაში დაგვიწესა მცნებად, რომ შვილებს პატივი ეცათ თავიანთი ხორციელი მშობლებისთვის, რომლებმაც ყოფიერაბაში მოიყვანეს ისინი, მაშინ ჩვენ, ახალი აღთქმის ადამიანებს ხომ უფრო მეტი მოგვეთხოვება. ხომ ვიცით, რომ ძველი აღთქმა აჩრდილი იყო, ხოლო ახალი – ჭეშმარიტება. თუკი ხორციელი მშობლებისადმი ამ მცნების აღსრულებას ასეთი კურთხევა მოაქვს, მაშინ სულიერი მამისადმი აღსრულების შემთხვევაში რამდენად უფრო აღმატებულ მადლს მივიღებთ! ჭეშარიტება გვასწავლის, რომ პირველ რიგში ჩვენს სულიერ მამას უნდა ვცეთ პატივი, რადგან ერთის მხრივ ეს ჩვენი ვალდებულებაა, ხოლო მეორეს მხრივ უფალი ამ დროს მადლს გვანიჭებს. ღირსი ეფრემ ასური ამბობს: ,,არ მიაპყრო ყური იმ ადამიანს, რომელიც შენს სულიერ მამაზე ცუდს ამბობს, გაექეცი მას, რათა პასუხი არ აგო ღმერთის წინაშე’’. ეს წმინდანი თვლიდა, რომ თუკი რომელიღაც ადამიანი ან მორჩილი მოუსმენს ან ეთანხმება მას, ვინც მის მოძღვარს განიკითხავს, ის პასუხს აგებს ქრისტეს წინაშე. მაშინ რაღა ითქმის მასზე, ვინც არამხოლოდ უსმენს, არამედ თავად ამბობს ცუდს და განიკითხავს საკუთარ სულიერ მამას? სულიერი შვილი ცოდვაშიც რომ ხედავდეს თავის მოძღვარს, არ უნდა გაამჟღავნოს და უნდა დაფაროს!

როდესაც მამა იოსები გვასწავლიდა, ნოეს ცხოვრებიდან მოჰყავდა ხოლმე მაგალითი, რათა კარგად გაგვეაზრებინა, თუ რამდენად სერიოზულ საკითხთან გვქონდა საქმე. ნოეს სამი შვილი ჰყავდა. მან პირველად გააშენა ვენახი და ღვინო გააკეთა. არაფერი იცოდა რა ღვინის შესახებ, ზედმეტი მიიღო, თრობა მოერია და შიშველი დაწვა. ერთ-ერთმა შვილმა დაინახა ამ მდგომარეობაში მყოფი მამა, წავიდა და მის ორ ძმას განკითხვით მოიუყვა. ისინი კი ბრძულად და პატივისცემით მოიქცნენ მამის მიმართ, რადგან ახსოვდათ ღმერთის მცნება, რომ არ ეხილათ მამის სიშიშვლე. მათ აიღეს ტანსაცმელი და ისე რომ არც შეუხედავთ, ზურგშექცევით მივიდნენ მამასთან და ამ ტანსაცმლით მისი სიშიშვლე დაფარეს. მამა იოსებს ეს მაგალითი მოჰყავდა, რათა ესწავლებინა თუ როგორ უნდა გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ სულიერ მამას, არ განვიკითხავდეთ და არავითარ შემთხვევაში ცუდად არ უნდა წარმოვაჩენდეთ. ჩვენი მამები ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

მამა იოსებისადმი უპატივცემულობის შემთხვევას ერთხელ შევეჩეხე. როდესაც ახალგაზრდა მორჩილი ვიყავი, ერთი ძმა მოძღვრის წინააღმდეგ ჩაგვსისინებდა და ცდილობდა ჩვენი განწყობა შეეცვალა. ეს მამა იოსებმაც გაიგო. სულიერი ტკივილით მეუბნებოდა: ,,შვილო, გაიგე რას ამბობს ეს ძმა? როგორი მტკივნეულია! ჩემს გამო კი არ მტკივა, არამედ მის გამო. განა შეიძლება მამაზე ასე საუბარი? განა ის ლოცვას მოიხვეჭს? განა სულს გადაირჩენს?’’

მამა იოსები მრავალსიტყვაობით არ გამოირჩეოდა. არ გვჭირდებოდა მუდამ მის გვერდით ყოფნა, რათა მისი სიტყვა აღგვესრულებინა. არ ვიცი, როგორ გამოსდიოდა ეს ან მას, ან ჩვენ, მაგრამ მისი სიტყვა მუდამ საქმედ იქცეოდა. იმდენად დიდი მზაობა და მოშურნეობა გვქონდა, რომ არამხოლოდ მისი სწავლებები, არამედ მისი უბრალო სიტყვები და რჩევებიც კი კანონი იყო ჩვენთვის. ზოგჯერ რაღაც დეტალზე იტყოდა ხოლმე, ასე არ გააკეთოთო და ჩვენთვისაც მისი სიტყვა კანონად იქცეოდა და ამ რჩევას ყოველთვის ვითვალისწინებდით. ორჯერ გამეორება აღარ გვჭირდებოდა.

ზოგჯერ, მეტყოდა ხოლმე: ,,მიდი შვილო, დააკვირდი, იქნებ რომელიმე ნავი მოვიდეს და თევზი გამოვართვათ’’. მოძღვარმა თქვა? – წერტილი! მეც ყურადღებით და გულმოდგნედ ვაკვირდებოდი, რათა ნავის მოსვლა არ გამომპარვოდა. ის კი არ გვეტყოდა გიბრძანებ ასე და ასე გააკეთეო, მაგრამ ჩემთვის მისი ყოველი სიტყვა ბრძანება იყო და განხილვას აღარ ექვემდებარებოდა. რახან ეს იყო მისი სურვილი, მითითება და რჩევა, ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა აღმესრულებინა.

ამიტომაც, როდესაც ვცდილობდით, რომ ღმრთის მადლი მოგვეხვეჭა, მამა იოსების ლოცვით უფალი უხვად გვაკურთხებდა. არა იმის გამო, რომ მისთვის რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებდით. მე, ყოველ შემთხვევაში, არაფერსაც არ ვაკეთებდი, მაგრამ მამა იოსების ლოცვა და ჩვენი მისადმი ნდობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ქრისტე თავის მადლს არ გვაკლებდა.

დღეს, სამწუხაროდ ასეთი ნდობა აღარ არის. თითქოს რაღაც დამამტკიცებელი საბუთი გვჭირდება. ჩვენი მოძღვრისგან სასწაულებს ვითხოვთ და ვფიქრობთ, თუ ვნახე, ვირწმუნებო. განა ჩვენ მამა იოსებისგან რაიმე აშკარა სასწაულებს ვხედავდით? არა. ჩვენ მის სიტყვებს ვენდობოდით და ვიცოდით, რომ როგორც გვასწავლიდა ისე ცხოვრობდა. თუკი ის ასე ცხოვრობდა, ჩვენც ვცდილობდით, რომ მისი ლოცვით მის მსგავსად გვეცხოვრა და ასეც ხდებოდა.

როდესაც მამა იოსები წინ გვედგა, ორი ძმა ერთმანეთში საუბარს როგორ გააბავდა? ღმერთმა დაგვიფაროს! ასეთი იყო ჩვენი პატივისცემა და მორჩილება მის მიმართ.

მამა იოსები ხშირად მაყოვნებდა ხოლმე თავისთან, მასწავლიდა და რჩევებს მაძლევდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ეს იყო: ,,აქ ათონის მთაზე, შევხვდებით მონაზვნებს, რომლებიც სწორად ცხოვრობენ და ისეთებსაც შევხვდებით, რომლებიც არასწორად ცხოვრობენ. არ გაგიკვირდეთ და გაურკვევლობაში არ ჩავარდეთ. ისიც, რომელიც სწორად ცხოვრობს ისიც, რომელიც არასწორად – ისეთი მოშურნეობითა და თავგანწირვით მოვიდნენ, როგორც ჩვენ. ყველამ დავტოვეთ ჩვენი სახლი, მამა, დედა, ახლობლები და საქმეები, რითიც თავს ვინახავდით.

ყველაფერი დავტოვეთ და წმინდა მთაზე მოვედით. ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ როდესაც ათონზე მოხვალ, ისეთი მოძღვარი იპოვო, რომელიც სულიერ ცხოვრებას გასწავლის. ჩვენც ვხედავთ,  რომ ესა თუ ის მონაზონი გზას იმიტომ ასცდა, რომ ვერ იპოვა მოძღვარი. როდესაც დაბერდება და საძმოს წინამძღვარი თავად გახდება, რას გადასცემს თავის მორჩილებს? მხოლოდ იმას, რაც თავად გააჩნია. აი, ასე ეცემა სულიერი ცხოვრება’’.

ასე გვასწავლა მამა იოსებმა ის, რომ სულიერი წარმატება დიდწილად გამოცდილ მოძღვართან ურთიერთობაზეა დამოკიდებული. უდაბნო თავისთავად რომ გვასწავლიდეს გონიერ ლოცვას, მაშინ რამდენი მოიხვეჭდა მას?!

ადამიანმა რომც იპოვოს გამოცდილი მოძღვარი, მან უნდა იშრომოს, რომ თავისი მოძღვრის სულიერი გამოცდილება და მადლი მიიღოს, გაითავისოს და იმემკვიდრევოს. ერთ სულიერ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია, უკვირდა, თუ რატომ არ დატოვა ზოგმა დიდმა მამამ მემკვიდრე. ხომ იყო ათონზე წმინდა საბა, ერთ-ერთი უდიდესი მოძღვარი, მაგრამ მემვიდრე არ დაუტოვებია. არც კალენიკეს, რომელიც ბრმა იყო და მისი კელია გონიერი ლოცვისას კეთილსურნელებდა ჰყოლია მემკვიდრე. იყო დიდი მამა დანიელიც, რომლისგანაც მამა იოსებმა დღის ტიპიკონი და მრავალი სხვა რამ აიღო, მაგრამ მისმა მორჩილი ვერ წარემატა და ვერაფერი მიიღო მოძღვრისგან. განა ამ მამების ირგვლივ ადამიანები არ იყვნენ? იყვნენ, მაგრამ არ გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ.

მამა იოსები გვეუბნებოდა: ,, აქ რომ მოხვედით, მოძღვარიც იპოვეთ, ეს ადგილის ეშმაკებისგან განწმენდილი დაგხვდათ, გაქვთ ლოცვის წესი, გამართული ტიპიკონი და ღვაწლი. ყველაფერი მშვენივრად გაქვთ. მაგრამ რა იქნებოდა აქ რომ მოსულიყავით და მოძღვარი ვერ გეპოვნათ? წარმოიდგინეთ, როგორ დაუწყებდით ძებნას. როგორ იმარხულებდით, როგორ შრომას გასწევდით იმ მასწვლებლის ძიებაში, ვინც გონიერი ლოცვისა და მონაზვნური ცხოვრების გამოცდილებიდან ორ სიტყვას მაინც გეტყოდათ. თქვენ კი როგორც კი ერიდან გამოხვედით, მარტივად მოგეცათ მოძღვარიც და ყველაფერიც’’.

ჭეშმარიტად, ათონზე რომ მოვედი, უდიდესი სულიერი საზომის მქონდე მოძღვარი შევიძინე: ადამიანი, რომელსაც ჰქონდა თაბორისეული ნათლის ჭვრეტისა და გონიერი ლოცვის გამოცდილება. ასეთი იყო ჩემი მოძღვარი. ძალიან ვწუხვარ, რომ სულ მცირედითაც კი ვერ დავემსგავსე მას. უკიდურეს შემთხვევაში იმას მაინც გადმოგცემთ, რაც თავად მამა იოსებისგან შევიცანი და არა წიგნებიდან. ვამოწმებ, რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა, რადგან ამ ადამიანის გვერდით წლების განმავლობაში ვცხოვრობდი.


წყარო: azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share