xati

ქრისტეს ეკლესიის ორი სვეტი – მღვდელი იოანე ისტრატი

დღეს ქრისტეს ეკლესია ორი დიდი მოციქულისა და მისიონერის, პეტრეს და პავლეს ხსენებამ გაგვაერთიანა. ისინი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავდებოდნენ, მაგრამ ორივემ თავისი მოწოდება ღმრთის სადიდებლად აღასრულა.

პეტრე დაქორწინებული, გაუნათლებელი მეთევზე იყო, რომელიც ტიბერიის ზღვაზე მუხლჩაუხრელად შრომობდა და გამოფიტულიყო ამ საქმიანობისგან, რომელსაც თან ახლდა ზოგჯერ საკმაოდ მძიმე და არც თუ ისე იშვიათად, –  ცარიელი სათევზაო ბადეები. მან მრავალი სახის სირთულე გაიარა და ამა სოფლისგან ყველა მხრიდან მიეღო დარტყმის ტალღები, მიეჩვია შიმშილს, აკლდა სწავლულება, მისი ხელები მძიმე შრომისგან დაკოჟრილიყო და ჰქონდა ბავშვური გული.

ქრისტე ღმერთის მოწოდებისთანავე ყველაფერს ტოვებს და მიჰყვება მას. უარს ამბობს ყველაფერზე, ტოვებს თევზაობას, მხსნელის ნაკვალევს მიჰყვება და თავად ღმერთის ბაგეებიდან გამომავალ სიტყვებს დიდი ყურადღებით ისმენს. საკუთარი თვალებით ხედავს უამრავ სასწაულს, გონებით ჭვრეტს აღდგომის ნათელს, ისმენს მუნჯების ხმას, რომლებიც ქრისტეზე საუბრობდნენ, ხედავდა ბრმებს, რომლებმაც ნათელი იხილეს და ეხებოდა კეთრისაგან განკურნებულთა ხელებს და მარადიული მღვდელმთავრისა და მკურნალის თავგანწირული და სიცოცხლის მომნიჭებელი სიყვარულის სკოლაში სწავლობდა.

სრული ნდობით მიჰყვება მას, ვინც სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება. ის არის იმპულსური, მრისხანე და ზოგჯერ ფეთქებადიც, მაგრამ ზეციური მასწავლებლისადმი სიყვარული მის ყველა ნაკლს ფარავდა. ის მუდამ მისი უფლის გვერდით იყო. გრძნობდა, თუ როგორ უბრუნდებოდა იაიროსის ასულს ქრისტეს მიერ გამოკვებილი სული. მიწაზე ემხობა თაბორზე მარადიული ნათლის მხილველი; გეთსიმანიაში თავად სამყაროს შემოქმედი ღმერთის სისხლიან ცრემლებს ხედავდა. აღთქმას დებს, რომ სიკვდილამდე ქრისტესგან დარჩება, იმასაც კი ურჩევს მას, რომ თავიდან აირიდოს ჯვარი;  ღამით, გეთსიმანიის ბაღში ხმალს იღებს, ბრძოლაში ერთვება და მალქოზს ყურს კვეთს.

ქრისტეს შეპყრობით წერტილი დაესვა მის იმედებს და სასოწარკვეთილებით აღივსო. იმ ღამეს, როდესაც ქრისტეს აწამებდნენ და ცემდნენ, პეტრე შიშმა და სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თითქოს გონება დაკარგაო, უარყოფს ქრისტეს და იფიცება, რომ არ იცნობს მას, ვინც იცოდა მთელი მისი ცხოვრება და შინაგანი სამყარო. მის სულში ყოვლისშემძვრელი მიწისძვრა ხდება, გამოდის გარეთ და იწყებს გლოვას ქრისტეს უარყოფის გამო.

ის შინაგანად საშინლად იტანჯებოდა ნაგვემ ქრისტესთან ერთად, მისი სული სისხლისგან იცლებოდა ჯვარცმულის შემხედვარე. ის არარაობად იქცევა, რათა საკუთარ გულში მთელი სამყაროს მიმტევებელს ადგილი დაუთმოს. იქცევა ერთ დიდ, დაუსრულებელ გლოვად მის გამო, ვინც ყველას თვალს ცრემლი მოწმინდა. მისთვის, უარმყოფელისთვის ჯვარცმული, ნაცემი, მილურსმნული და მისი გადარჩენისთვის მომკვდარი ქრისტეს გარდა აღარაფერი არსებობს.

შემდეგ, მასში მეთევზე-პეტრე კვდება და იწყება ახალი სიცოცხლე, რომელსაც ვერ ეკარება სიკვდილი. სამგზის უარყოფის შემდეგ, სამგზის ამოწმებს ქრისტესადმი სიყვარულს და სულთმოფენობის დღეს სულიწმიდის ბარძიმად იქცევა, რომელიც ქრისტეს ეკლესიას უხვი მადლით არწყულებს. ამ დიდებულ და მისტიკურ დღეს, ის ქადაგებას იწყებს და ათასობით ადამიანი ყოვლადწმიდა სამების სახელით ინათლება. სიმდაბლით ხელმძღვანელობს მოციქულთა კრებებს და როდესაც ქრისტეს უარყოფა ახსენდება, გული ლამის მკერდიდან ამოუხტეს. მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში საკუთარ თავს ჯვარს აცვამდა შემოქმედის ღალატის გამო და აცნობიერებდა, რომ ის არ არის ღირსი მოკვდეს ისე, როგორც ქრისტე ღმერთი მოკვდა. სიმდაბლით ისურვა, რომ თავით მიწისკენ ეცვათ ჯვარს და სიკვდილის წინ, ემზირა ზეცისთვის, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწყუროდა და რომლისკენაც მიისწრაფოდა.

რაც შეეხება პავლეს, ის სრულიად განსხვავდებოდა პეტრესგან. ის იყო თანდაყოლილი იუდაური დახვეწილობის მქონე, უგანსწავლულესი რაბინი, თორას(მოსეს ხუთწიგნეულის) გენიოსი და იუდაური რელიგიის მოშურნე დამცველი. ის ქრისტიანებს დევნიდა, კლავდა და თვლიდა, რომ ეს იყო სექტა, რომელიც აღთქმის ყველა წინასწარმეტყველებას შეურაცხყოფდა. ის იყო ღმრთისმეტყველების მასწავლებელი, წინასწარმეტყველთა მკვლევარი და კანონთა მცოდნე.

ის იყო სტეფანეს სიკვდილის მოწმე. გულგრილად უყურებდა, თუ როგორ კვდებოდნენ ჯვარცმულის გამო ქრისტიანები. მისი ამ ღრმა განსწავლულებასთან ერთად, ის იყო დაუნდობელი, სასტიკი, თვითკმაყოფილი და დარწმუნებული იმაში, რომ ქრისტიანთა იდეოლოგიური აჯანყება სისხლით უნდა ჩახშულიყო. საღმრთო სასწაულით, გზად უეცრად ზეციური ხმა ესმა და იხილა ზებუნებრივი ნათელი, რომელმაც დაარბმავა და იმ ცოცხალი ღმერთის ძალა შეაგრძნობინა, რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში წიგნების მიერ შეისწავლიდა.

როდესაც ესმის სიტყვები: ,, საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ’’ (საქმ. 9:4), ის ხვდება, რომ თავად ქრისტეა ეკლესია. აცნობიერებს, რომ ეკლესიის ნებისმიერი ტანჯვა, ჯვარცმული ღმერთის უსასრულო ტკივილზე აისახება, რომ ნაცემთა ჭრილობები – ქრისტეს ჭრილობებია, რომ ქრისტიანის თითოეული ცრემლი თავად ღმერთის თვალებიდან წარმოდინდება. მისი რაბინული განათლების სიღრმე ზეცას სწვდება და ხვდება, რომ სწორედ ქრისტეში აღსრულდა ყველა წინასწარმეტყველება. ასე, ამრიგად, ყველაზე დაუნდობელი მდევნელი, საღმრთო საიდუმლოებათა ყველაზე გამორჩეული მოციქული ხდება.

თავისი მადლითა და სიბრძნით, ის ფერფლად აქცევს თალმუდის ყოველგვარ საღმრთისმეტყველო გაუკუღმართებას. განმარტოვდება უდაბნოში, რათა ლოცვითა და ცრემლებით ქრისტე ეძებოს და იხილოს. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მისიონერულ ღვაწლს, საკუთარი ხელებით ხსნის მთელი ევროპის კარიბჭეს და სახარების სიტყვის თესვას იწყებს. მას ვერაფერი აჩერებს ამ თავგანწირულ მოციქულებრივ ღვაწლში: ვერც დევნა, ვერც სნეულება, ვერც ტანჯვა და ვერც სიკვდილი. ,, რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა’’(რომ. 8:38-39).

ის ისე შედის სახარების სიღრმეებში და განმარტავს მას, როგორც არავინ. კათეტერის მსგავსად ქრისტეს სხეულის არტერიაში შედის და ახალი, მარადიული სხეულის ღმრთისმეტყველების ჟანგბადით იკვებება. ის იყო ადამიანი-სასწაული, რომელმაც მთელი ევროპის კერპები დაარღვია და ლიტურგიაზე ზეციური პურის მისაღებად განამზადა.

როდესაც ცრემლმორეული საუბრობს, ზეცაც კი უსმენს მას, რადგან ის ქრისტეს წყლულებს ატარებდა და თავად უფალი მეტყველებდა მასში და მისით. თავად ზეციური ანგელოზებიც კი დუმდებიან, როდესაც მდევნელი-პავლე ბაგეს ხსნის და ზეციური მეფის საიდუმლოებების განცხადებას იწყებს. ფიზიკურად სუსტია, მაგრამ მასში ცოცხალი ღმერთის ძალა მკვიდრობს. დაბალია სიმაღლით, მაგრამ ქრისტეს სამეფოს სიმაღლეებს ჭვრეტს. მას სუსტი ხმა აქვს, მაგრამ ყველა დუმდება, როდესაც ის საუბარს იწყებს.

სატანა მძვინვარებს და მუდამ ტკივილს აყენებს მას, მაგრამ პავლე არღვევს მის მახეებს მთელ დედამიწაზე. თავად სასტიკად იტანჯება, მაგრამ ასობით ათას ადამიანს მარადიულ სიხარულს უცხადებს. ამხელს იუდეველებს, საკუთარი ხელებით შრომობს და კარვებს კერავს და მთელ მსოფლიოსთვის ცეცხლოვან ეპისტოლეებს წერს. მას დევნიან და ცემენ, მაგრამ მისი სიტყვა მთელ სამყაროში ვრცელდება, როგორც საღმრთო მადლის დიდი ტალღა. მისი მსმენელნი დაღუპვისგან აღწევენ თავს, ცრემლს ღვრიან, საკუთარ ცხოვრებას ცვლიან და ახალ სიცოცხლეს იწყებენ.

ეს იყო ორი ადამიანი, რომელმაც ამასოფლის ყოველგვარი ტანჯვა გამოარეს და რომელთა სინდისზეც საკმაოდ მძიმე ცოდვებია, მაგრამ მათ ცრემლითა და სინანულით საკუთარი თავი წყვდიადს გამოგლიჯეს და ქრისტეს საიდუმლოებრივი ლიტურგიის ბარძიმებად იქცნენ. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სულები იყო, რომლებიც სიკვდილის მონობიდან გამოიტაცეს.

წყარო: https://pravoslavie.ru

Share