image00001

პრაქტიკული რჩევები იესუს ლოცვისა და სინანულის შესახებ – ბერი იოსებ ვატოპედელი

რამდენადაც სინანული ცხოვრების წესისა და გონების ცვლილებას ნიშნავს, პირველი, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ცოდვის მიზეზებისგან განშორებაა.

შემდეგ უნდა მივიღოთ მამაცური და მტკიცე გადაწყვეტილება, რომ აღარ დავბრუნდეთ იქ, სადაც დავეცით. ამ გადაწყვეტილებას მუდამ თან უნდა ახლდეს ქრისტეს სახელის მოუკლებელი მოხმობა, რათა უფალი ჩვენს უძლურებას შეეწიოს. ასე დავიბრუნებთ ღმრთის მადლს, რომელიც დავამწუხრეთ და ჩვენი ცოდვების შედეგად განვდევნეთ.

სინანულის ღვაწლი კი იმაში მდგომარეობთ, რომ განკურნების მსურველმა ადამიანმა დაიწყოს როგორც სულიერი, ისე ფიზიკური შრომა.

შრომა ამარცხებს სიამეთმოყავრეობას, რომელიც ჩვენში არსებული ეგოიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ უუნარონი ვართ, რომ სწორი დასკვნები გავაკეთოთ ხოლმე, რაც თავის მხრივ, გარესამყაროსადმი არასწორ ურთუერთდამოკიდებულებას იწვევს.

ამიტომაც, ჩვენ მუდამ ვცოდავთ და ჩვენი ამ მდგომარეობის ძირითადი ნაყოფი – სიკვდილის დედა – სიამეთმოყვარეობაა. შრომისმოყვარეობის გარდა, სხვა კურნების საშუალება არ არსებობს ამ სამფრთხესთან ბრძოლის საქმეში.

სწორედ ამიტომ ურჩევენ სულიერი მოძღვრები სულიერთად ერთად ფიზიკურ შრომას მათ, ვინც სინანულის გზას შესდგომია. ისინი ცდილობენ, რომ თავიანთ სულიერ შვილებში შრომისმოყვარეობა აღზარდონ და გამოიყენონ როგორც საშუალება სიამეთმოყვარეობასთან ბრძოლისა.

ვინც მოუკლებელ და ნამდვილ სინანულში იმყოფება, მისთვის ძალიან სასარგებლოა ცხოვრების საზრისზე სიღრმისეული დაფიქრება. ჩავუღრმავდეთ იმას, თუ ვინ ვიყავით მაშინ, სანამ დავეცემოდით და ვნებები ჩვენს სულს დაატყვევებდნენ, საიდან სად მოვედით და ქრისტეს მადლით საითკენ უნდა ვისწრაფოდეთ?

თუკი ასეთი ფიქრები მუდამ ჩვენი თანამგზავრნი იქნებიან, მაშინ აღარასდროს დაგვეუფლება მრისხანება და ამასოფლის სული.


რა კავშირშია ერთმანეთთან სიმამაცე და რწმენა?

უფალი ამბობს: ,,ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა’’(მკ.9:23). ჩვენს სულიერ ბრძოლაში აუცილებელია სიმამაცე და ამიტომაც სასიცოცხლოდ გვესაჭიროება, რომ ჩვენი რწმენა გაცოცხლდეს და განმტკიცდეს. რადგან სწორედ ის არის სიმამაცის წყარო და თავის მხრივ სიმამაცე განამტკიცებს რწმენას.

რა არის სიმამაცე? ეს არის ჩვენში არსებული მამოძრავებელი ძალა. ჩვენ გვაქვს რწმენა მარადიული სიცოცხლისა და ამიტომაც, ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენი რწმენა ღვაწლით დავამოწმოთ ამ სამყაროში.

ცხოვრების რთულ პერიოდებში, როდესაც ან საკუთარი უძლურებით ვიტანჯებით, ან ეშმაკის მუდმივ თავდასხმებს განვიცდით, რომელიც მოუკლებლად გვეომება, ჩვენი ერთადერთი იარაღი და შეწევნა – სიმამაცეა, რომელიც ბრძოლისა და სიფხიზლისკენ აღვგძრავს.

ჩვენ გვწამს, რომ ქრისტე ჩვენთანაა, რომ ჩვენ მისი მეომრები ვართ. როგორც ქრისტიანებმა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მას როგორც ჩვენს მეფეს ვემსახუროთ, ეს მორჩილება ჩვენს ვალდებულებად ჩავთვალოთ და პრაქტიკაში განვახორციელოთ. ჩვენი ნების მამოძრავებელი ძალა და იარაღი, როგორც უკვე ვთქვით – ქრისტესკენ სწრაფვის მოშურნეობა და სიმამაცეა.

ეშმაკი ცდილობს, რომ ჩვენში სიმამაცე ჩაკლას და ამით ჩვენი პარალიზება გამოიწვიოს, ჩვენი წარსული ცოდვები გაგვახსენოს, ცილი დაგვწამოს და შეგვაშინოს როგორც ,,მოსამართლემ’’ და ჩაგვჩურჩულოს: ,,შე დამნაშავე! მოღალატევ! არაფრის მაქნისი ხარ! რაში გჭირდება ეს ძალისხმევა, რა თავს იკლავ, მაინც ვერაფერს მიაღწევ!’’.

ეშმაკის მზაკვრობის მთელი ეს კასკადი ადამიანში, განსაკუთრებით კი სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელში, ძალების დაქვეითებასა და უმოქმედობას იწვევს. ამიტომაც, მოღვაწე ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, რომ ამ ,,ცილისმწამებელი’’ ეშმაკის მახეებში არ გაებას და ეშმაკის მზაკვრულ შემოთავაზებებზე თანხმობით, წყალში არ ჩაყაროს თავისი შრომა.

რადგანაც სინანულის ღვაწლი მრავალფეროვანია და ამ გზაზე არსებული დაბრკოლებებიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია, ბუნებრივია, რომ რამდენადაც ჩვენში ვნებები და ძველი ჩვევები ჯერ კიდევ ცოცხლობენ, მოღვაწე ხან და ხან უკან იხევს ხოლმე. ამ მდგომარეობაში ეშმაკი  ცდილობს, რომ წარმოუჩინოს მას ღმერთი როგორც საშინელი მოსამართლე, რომელიც მცნების დამრღვევს პასუხს მოსთხოვს. ამ უკანასკნელს კი, როგორც დაცემულს, აღარ აქვს უწინდელი კადნიერება, ხელებს უშვებს და კარგავს ქრისტესაკენ სწრაფვის მოშურნეობასა და სიმამაცეს.

სინანულის დასასრული კი ყოვლადწმიდა სამების ჩვენს გულში დამკვიდრებაა, როგორც თავად უფალი ამბობს: ,, რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე’’.(ინ. 17:21) და ,, მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა’’(ინ. 17:24).

რა არის გონიერი ლოცვა, რატომ ეწოდება ასე და როგორ მოვიხვეჭოთ ის?

როგორც ისტორიიდან ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ლოცვა ბუნებით ერთიანია, მას სხვადასხვა სახეები გააჩნია. ამ სათნოებათა სათნოებას სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ, რომლებიც არსობრივად ყოველთვის ერთ მნიშვნელობას ატარებდნენ. სიტყვა ,,ლოცვა’’ კი მისი საზოგადო სახელწოდებაა.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ამ დაცემულობისა და განდევნილობის მდგომარეობაში ლოცვა არათუ მნიშვნელოვანი, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელიც კია. ამასთან დაკავშირებით თავად უფალიც გვეუბნება: ,, თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი’’(15:5). ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ქრისტესთან ჩვენივე გადარჩენის საქმეში და უნდა გავაცოცხლოთ სახარებისეული მცნება: ,, ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ’’(მფ.7:7).

სწორ ლოცვას ჩვენ გვასწავლიან წმინდა მამები, რომლებიც თავად იყვნენ ამ საქმის გამოცდილი მუშაკნი და მრავალი ნიჭის ღირსნიც გახდნენ. ქრისტესკენ ჩვენი გონების ნებისმიერი მიმართვა ლოცვაა და ეს რაც უფრო მშვიდად და ყურადღებით აღესრულება, მით უფრო მეტი ნაყოფი გამოაქვს.

ჩვენი მამებისგან ჩვენ ისიქასტური პრაქტიკის ტრადიცია მივიღეთ. იმისათვის, რომ გონება გაფანტულობისგან დავაკავოთ, აუცილებელია, რომ მისი ყურადღება გულში გავამახვილოთ და იქ ქრისტეს სახელს მოვუხმოთ: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’.

პირველი პავლე მოციქული გვასწავლის იმას, რომ ცოცხალი რწმენისა და ქრისტეს სახელის მოხმობის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია. ამ მოკლე ხუთსიტყვიანი ლოცვით ჩვენ ვცდილობთ, რომ გული გავუხსნათ ქრისტეს და შეწევნისთვის მოვუხმოთ მას. ეს არის პეტრეს მსგავსი აღმსარებლობაც, როდესაც მან ქრისტეს ძე ღმერთი უწოდა. ამ ლოცვისას ჩვენთან მყოფობს სულიწმიდა, რადგან პავლე მოციქული ამბობს: ,, არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა’’(1.კორ.12:3). ჩვენი გონება მრავალი მანკიერი ჩვევებითაა დატყვევებული და ამიტომაც გვიჭირს ქრისტესთან საუბარი. ეს ჩვევებიც მარტივად არ იხევენ უკან და ამიტომაც, საჭიროა უკანდაუხეველი ბრძოლა, გულმოდგინება და ძალისხმევა. როგორც პავლე ამბობს: ,, ლოცვასა განეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით’’(კოლ.4:2).

მიუხედავად ჩვენი გულმოდგინებისა, ამ გზაზე ხანდახან სირთულეებს ვაწყდებით ხოლმე. ისინი ან ბუნებრივი გადაღლისგან წარმოიქმნებიან, ან მიუჩვევლობისგან ან პირდაპირ ეშმაკისგან. ამ ყველაფერზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან ჩვენი მიზანი და ჩვენი სიცოცხლე – ქრისტეა.

როდესაც ქრისტეს სახელის მოუკლებელ, გულმოდგინე მოხმობას ვიწყებთ: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’ – ზოგმა შეიძლება მხრების, ან თავის ტკივილი იგრძნოს. ეს იმით აიხსნება, რომ ეშმაკს შურს იმის, რომ ჩვენ ქრისტესთან საუბარს ვცდილობთ და ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეგვიშალოს. პავლე მოციქული ხომ გვეუბნება, რომ მოუკლებლად ილოცეთო და ვიცით, რომ ,, მცნებანი მისნი მძიმე არა არიან’’(1.ინ. 5:3). სხვანაირად როგორ გავიგოთ ქრისტეს სიტყვები: ,, ,, თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი’’(15:5) და ,, მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიჴსნა შენ და შენ მადიდო მე’’(ფს.49:15)?

კარგი იქნება, თუ როდესაც მარტონი ვართ და საქმეს ვაკეთებთ  იესუს ხმამაღლა ან ჩურჩულით წარმოვთქვამთ, რადგან ეს გონების გაფანტულობისგან გვიცავს და ლოცვის სიტყვების აღქმაში გვეხმარება. განმარტოებით, გონებით ლოცვა და ხმამაღლა, ჩურჩულით ლოცვაც აუცილებელი და სასარგებლოა.

ამ ლოცვის მოხვეჭის ძლიერი წყურვილი ჩვენს გულში სულიწმიდის მადლს მოიზიდავს, რომელიც ჩვენს ლოცვას სრულყოფს, განამტკიცებს და მისი დახმარებით ჩვენი გონება უფრო და უფრო მარტივად წარმოთქვამს მას, ვიღებთ მადლისმიერ ნუგეშს და ქრისტეს ცოცხალ განცდას.

ღმრთის მადლის შეხების შემდეგ, გონება ავტომატურად წარმოთქვამს იესუს ლოცვას და ჩვენი გული კი ქრისტეს სახელით ტკბება. ამ მდგომარეობაში ჩვენს გონებას აღარ სჭირდება უწინდელი ძალისხმევა, რადგან ღმრთის მადლით გაფანტულობისგან გათავისუფლდა.

ადამიანი თანდათანობით აღიწევა ლოცვის შემდგომ საფეხურებზე. განწმენდის შემდეგ, მოდის განათლების საფეხური. ამ მდგომარეობაში ადამიანი აკონტროლებს თავის ზრახვებს და განდევნის იმ ბოროტ გულისსიტყვებს, რომელიც ძველი კაცის განუყოფელი ნაწილია. შემდეგ უფალი მლოცველს საკუთარ გულში უცხადებს ღმრთის სასუფეველს. როგორც თავად გვასწავლა: ,,სასუფეველი ღმრთისა შორის თქუენსა არს’’(ლკ.17:21). სწორედ ეს არის გონიერი ლოცვის გზა.

თუკი ადამიანი მტკიცედ, მოუკლებლად, უკანდაუხევლად და საკუთარი თავის შებრალების გარეშე იშრომებს ამ ლოცვაში, მაშინ მის გულსა და გონებაში მუდამ შეგრძნებითად იქნება ღმრთის მადლი.  აღარ დაგვჭირდება დიდი ძალისხმევა, რადგან ლოცვა მოუკლებელ დინებას დაიწყებს ჩვენში. თქვენ წარმოიდგინეთ ძილშიც კი. მოღვაწე აღარასდროს შეწყვეტს ლოცვას ,,გამოუთქმელი სულთქმით’’ და არამხოლოდ საკუთარი თავისთვის ევედრება ღმერთს, არამედ ყველა ტანჯული და მწუხარე ადამიანისთვის. ის ხდება საკაციობრიო ტკივილის თანაზიარი და იტირებს მოტირლებთან და გაიხარებს მოხარულებთან(რომ. 12:15).

იესუს ლოცვის წარმოთქმა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ცხოვრებისეულ პირობებში, როგორც განმარტოებით, ისე საზოგადოებაშიც. ხაზგასმით ვიტყვი, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ეკრძალებათ ერის ადამიანებს, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებს! ნებისმიერი ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს შეუძლია, რომ გონებით ქრისტეს სახელს მოუხმოს. გთხოვთ,  გევედრებით, სცადეთ და მალევე იგრძნობთ ამ კურთხეული საქმიანობის ნაყოფებს! ჩვენი უფლის სახელი არამხოლოდ სიტყვაა, არამედ -ძალა, ენერგია, აღდგომა და სიცოცხლე! ვინც, ღმრთის მადლით გადაწყვეტს, რომ ამ საქმეს შეუდგეს, დაე არ ჩავარდეს სულმოკლეობაში, არ დაიხიოს უკან, არ იორჭოფოს, რადგან ის ზეცაშიც და მიწაზეც გამოუთქმელ საზღაურს მიიღებს. შეუძლებელია, რომ ჩვენთვის მომკვდარმა უფალმა მიგვატოვოს და არ მოგვცეს ის, რაც აღგვითქვა, თუკი ჩვენ ვშრომობთ და გულმოდგინედ მოვუხმობთ მას. თუკი მან ეშმაკების თხოვნა შეისმინა, რომ უფსკრულში არ გაეშვა ისინი და ღორებში შეეშვა, თუკი ებრაელთა მწამებელი ფარაონი გაათავისუფლა სასჯელებისაგან, შეუძლებელია რომ უგულვებელყოს ის ადამიანი, ვინც მთელი ძალებით ცდილობს, რომ მოუკლებლად მოუხოს მას! დაე ლოცვა, როგორც ჩვენი აუცილებელი ვალდებულება, მუდამ ჩვენი თანამგზავრი იყოს და როგორც წმინდა წერილში ვკითხულობთ, ჩვენ განუზომლად უფრო მეტს მივიღებთ ვიდრე ვითხოვთ და რისი გააზრებაც შეგვიძლია(ეფ.3:20) ამინ.

წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©