21

წმინდა დანიელ კატუნაკელი – რატომ უნდა დავიცვათ ლოცვის დროს გონება წარმოსახვისაგან?

წმინდა მამები ჩვენს მიმართ მოუდუნებელი მზრუნველობის გამოსახატად მტკიცედ გვაფრთხილებენ, რომ ლოცვის დროს არ მივიღოთ არანაირი ხილვა, იქნება ეს ცეცხლის სახით, სინათლის, ქრისტეს, ანგელოზის თუ წმინდანების.

ყველა ასკეტი მამა ერთხმად გვამცნებენ, რომ დავიცვათ გონება წარმოსახვებისა და ოცნებებისგან. წმინდა ნილოს სინელი ამბობს: ” ნეტარია იმ ადამიანის გონება, რომელმაც ლოცვისას სრულიად დაიცვა თავი წარმოსახვებისგან”.

მამები გვასწავლიან, რომ მადლის მოქმედება ზოგში გამოიხატება როგორც ამომავალი სინათლე, ზოგში – თრთოლვის მომგვრელი მხიარულება, ზოგში – როგორც სიხარული, ზოგში კი შიშთან შეზავებული სიხარული. ეს ყველაფერი მზაკვარმა დემონმა იცის და ნათლის ანგელოზის სახით მიდის მათთან, ვინც ჯერ არ განწმენდილა და თვითნებურად შესდგომია ამ ღვაწლს. აღძრავს მათში იმგვარ მოქმედებებს, რომლებიც მსგავსია მადლის მოქმედებებისა და ჩასჩურჩულებს: ”ეს არის ის მადლი, რომელზეც მამები ამბობენ! ეს არის მგლოვარება სიხარულთან შეზავებული! ეს არის მხიარულება ! ეს არის მოუკლებელი ლოცვა!”

გავითვალისწინოთ, რომ სანამ ადამიანში მადლი ამოქმედდება, მლოცველმა შეიძლება გულის სითბო იგრძნოს, რომელიც შეიძლება სისხლის მოძრაობისგან გამოწვეული სიმხურვალე იყოს. ამ დროს არ უნდა მივაწეროთ ეს მადლის მოქმედებას. როდესაც გულს მადლი ეხება, ადამიანი ხდება მშვიდი, ფხიზელი, აღუშფოთებელი სულით და სხეულით. ამ მდგომარეობის საპირისპირო ნებისმიერი მოძრაობა ეშმაკისგანაა.

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)