IMG 0033 1

საკუთარი თავის ჯვარცმა სიმდაბლით, მორჩილებითა და ლოცვით – წმინდა სოფრონ ესექსელი

ქრისტესმიერი სიმდაბლისა და ასკეტური სიმდაბლის შესახებ

სიმდაბლე ის უმთავრესი სათნოებაა, რომლითაც ქრისტეს ვემსგავსებით. სწორედ ამიტომ გვამცნო უფალმა, რათა სიმდაბლეში გვევარჯიშა. სიმდაბლე სიამაყის საწინააღმდეგო სათნოებაა და ადამიანის გულში მთელი ქმნილებისადმი სიყვარულს აღძრავს. ამ მდგომარეობაში მყოფი ნეტარებს, როდესაც სხვებს დიდებაში ხედავს. სიმდაბლე ჭეშმარიტად ამსგავსებს ადამიანს ქრისტეს. მისი წყალობით უქმნელი ნათელი შედის იმ ადამიანის გულში, ვისაც სწყურია, რომ ყველაფერში ქრისტეს დაემსგავსოს. დედის სიყვარული თავისი შვილის მიმართ საღმრთო სიყვარულის აჩრდილია. დედა ემსახურება შვილს, საკუთარ თავს სრულიად უძღვნის მას ისე, რომ ამ დროს არანაირ დამცირებას არ გრძნობს. სწორედ ასევე არ იყო არანაირი დამცირება ქრისტეს სიყვარულში, როდესაც მან საიდუმლო სერობაზე მოწაფეებს ფეხები დაბანა. ქრისტეს სიყვარულს სწყურია უძლურთა მსახურება.

ქრისტე არ გვამცნებდა: ,, ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი’’, თავადაც ასე რომ არ მოქმედებდეს. მარადიული სიცოცხლის ნათელი, რა თქმა უნდა, საჩუქარია. ჩვენ საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. ჩვენ არაფერი გვაქვს, რაც არ მიგვიღია. თუმცა, ამ საჩუქრის შენარჩუნებას და გათავისებას სულიერი ღვაწლი და საკუთარი თავის ჯვარცმა სჭირდება. ეს საჭიროა იმისთვის, რათა უკანასკნელ სამსჯავროზე უფალმა ჩვენ მოგვაწეროს ის სიკეთეები, რაც თავად მანვე აღასრულა ჩვენში დამკვიდრებით.

სიყვარული მარტო სიტკბოება რომ იყოს, საკუთარ თავს თავისუფლად ვერ ვიგრძნობდი. როდესაც ,,ჯვარცმული’’ ვარ, მხოლოდ მაშინ მაქვს ზეციური მამისადმი იმის თქმის კადნიერება, რომ მიყვარს. ამ დროს, გული მიდასტურებს, რომ ეს სიყვარული ჭეშმარიტი და წმინდაა. ასე ეძებს ღმერთი იმის საბაბს, რომ ყოველგვარი სიკეთე ჩვენ მოგვაწეროს. ჩვენი მხრიდან კი ყველაფერს მის წყალობად უნდა აღვიქვამდეთ. საკუთარ თავში მარადიული სასუფევლის ვერანაირ ღირსებას ვერ უნდა ვხედავდეთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვხდებით სრული სისავსით მისი მემკვიდრენი.

თავისი ნეტარი აღსასრულის წინ, წმინდა სილუანმა თქვა: ,,ჯერ კიდევ არ მომიხვეჭია სიმდაბლე’’. მის წერილებში სიმდაბლის ორ სახეს აღმოვაჩენთ: ერთი – ასკეტური, ხოლო მეორე – ქრისტესმიერი. ასკეტურ ასპექტში სიმდაბლე გამოიხატება, როგორც საკუთარი თავის ,,ყველაზე უარესად’’ აღქმა. სიმდაბლე საღმრთო სიყვარულის ონტოლოგიური თვისებაა. ეს სიყვარული სიამაყისგან სრულიად დაცლილი და უბრალოა. ღმერთი – მდაბალია. ,,ღმერთი სიყვარული არს’’(1.ინ.4:8), ხოლო სიამაყე ჭეშმარიტი სიყვარულის საწინააღმდეგო მდგომარეობაა. ღმერთის სიმდაბლე იმაში მდგომარეობს, რომ ის უსაზღვროდ და სრული სისავსით გასცემს საკუთარ თავს. დაწერილია: ,,ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი’’(1. პეტ. 5:5). რას ნიშნავს ეს? ის იმ ადამიანის გულში არ მკვიდრდება მარადიულად, ვისშიც სიამაყე ბატონობს.

როდესაც წმინდა სილუანი ამბობდა, რომ ჯერ არ დამდაბლებულა, ის სწორედ ამ გამოუთქმელ ქრისტესმიერ სიმდაბლეს გულისხმობდა, რომელიც ცოცხალ ქრისტესთან შეხვედრით შეიცნო. ის ამბობდა, რომ მან სულიწმიდით შეიცნო სიმდაბლე, მაგრამ სრული სისავსით მისი მოხვეჭა ვერ შეძლო.

ბერი სილუანის თვითდამცირებამ არ უნდა დაფაროს ის ფაქტი, რასაც მეუბნებოდა: ,,ცოცხალი ქრისტეს ხილვა კიდევ ერთი წამითაც რომ გაგრძელებულიყო, ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი’’. ასე რომ, ადამიანს არ ძალუძს ამ სიმდაბლის წვდომა და ცოცხლად დარჩენა. მახსოვს, ერთხელ მითხრა: ,,ჩვენი მიწიერი ბუნება სრულყოფილ მადლს ვერ იტევს…შიშველ ხელებში გახურებული ნახშირის დაკავება უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარ გულში ზეციური ცეცხლისა’’. ეს ზეციური ცეცხლი ყველაფერს შთანთქავს, რაც ხრწნილებას ექვემდებარება. ,, ძმანო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაჲ დამკჳდრებად ვერ ძალ-უც, არცა ხრწნილებამან უხრწნელებაჲ დაიმკჳდროს’’(1.კორ. 15:50). აუცილებელია ამ ბუნების გარდაქმნა, რათა ხრწნილი სხეული, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს სხეულის მსგავსად იქცეს.

ქრისტიანულ ასკეტურ ცხოვრებას კენოტიკური ხასიათი აქვს. ,,კენოზისი’’(საკუთარი თავის წარმოცალიერება, თვითდამცრობა) ჩვენთვის აუცილებელია სიამაყეში ჩვენი დაცემულობის მდგომარეობის გამო. ჩვენი გადარჩენისთვის უფალი უსასრულოდ იმდაბლებს თავს. ლიტურგია უმჭირდოვეს კავშირშია ქრისტეს გამომხსნელობით ღვაწლთან. ამ უწმინდესი საიდუმლოების მიერ ჩვენ ზეციური მამის სიტყვის ,,თვითდამცრობის’’ მარადიულ ხასიათს გამოცდილებისეულად შევიცნობთ.

ეს კენოზისი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველივეს შემოქმედმა ღმერთმა ხატი მონისა მიიღო და ადამიანად მოვიდა. ჩვენ ვიცნობთ მას, როგორც სრულ ადამიანს, რომელიც ამავდროულად სრული ღმერთიც იყო. ის ჭეშმარიტად ღმერთკაცია.

ასე რომ კენოზისი არც ჯვარზე დასრულებულა, არც საფლავში, არც ჯოჯოხეთში ჩასვლით, არც აღდგომითა და არც ამაღლებით. ქრისტე იმავე ყოფიერების სისავსის მატარებელია, როგორიც მამას აქვს, ის თანაარსია და თანასწორია მამისა და საკუთარ თავს გასცემს მამისა და სულიწმიდისთვის. მამაც, ძის დაუსაბამო შობით საკუთარ სისავსეს სრულიად გასცემს ძისთვის და სულიწმიდისთვის. ეს არის მამის კენოზისი. ღმერთში ჩვენთვის მიუწვდომლად ორი უკიდურესობაა: ერთი მხრივ – ყოფიერების სისავსე, მეორე – სიმდაბლისა და თვითდამცრობის სისავსე. ჩვენი ღმერთი თავის ყველა მოქმედებაში აბსოლუტურია: ის ერთდროულად აბსოლუტურად ,,დიდებულიცაა’’ და უსასრულოდ ,,მცირეც’’.

მისი უსაზღვრო სიმდაბლით განგვეცხადა მისი უსაზღვრო სიყვარულიც. სწორედ სიმდაბლეშია დიდებულება. რადგანაც ქრისტემ საკუთარი თავი დაიმდაბლა, მას მიენიჭა ყველაზე აღმატებული სახელი. ,, ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს’’(ლკ.14:11).  

მორჩილების შესახებ

როდესაც ღმერთთან პიროვნული ურთიერთობის საკითხს ვეხებით, რაც ადამიანში ,,ღმერთის ხატების’’ რეალიზების დასაწყია, ვფიქრობ, ზედმეტი არ იქნება, თუ მორჩილების საკითხში ჩაღრმავებას შევუდგებთ.

გამოცხადების უკანასკნელი საფეხური – პიროვნული ღმერთის გამოცხადებაა. პიროვნული ღმერთის შეცნობა გამოცხადების გარეშე შეუძლებელია. ეს კი თავის მხრივ, მასთან პიროვნული საუბრისას აღესრულება. ამ გამოცდილებას იღებს მხოლოდ მლოცველი. ასეთი ლოცვა კი, თავის სიღრმისეულ გამოვლინებებში, არსობრივად სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის შინაგან სამყაროში ცოცხალი ღმერთის მოქმედება.

როდესაც პიროვნული ღმერთი ადამიანს ცოცხალი ურთიერთობისას ეცხადება, მაშინ ამ უკანასკნელში ჩნდება შეგრძნება საკუთარი პიროვნულობისაც, რომელიც ატარებს ცოცხალი ღმერთის ხატებას. ადამიანში ახალი ,,გაფართოვებული’’ ცნობიერების გაჩენა, ზეციური შობის მსგავსია და ის ახალ ადამიანად იქცევა: ,, უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ’’(ინ.3:3). ახალ ქმნილებაში კი ლოცვა სხვა ხასიათს იძენს, ის ყოველგვარი მიწიერისა და დროებითის საზღვრებს სცდება და მარადიული სიცოცხლის ცოცხალი განცდა მოაქვს.

ჩვენ ყველანი არარსებობიდან არსებობაში მოვედით და დროისა და სივრცის ,,ტყვეობაში’’ ვცხოვრობთ. ცოცხალი ღმერთის ხატ ადამიანის სულს კი ეს მატერიალური სამყარო არ ჰყოფნის. ის საკუთარ თავს სიკვდილმისჯილ ტყვედ აღიქვამს. მისი სულის მწუხარება კი სასოწარკვეთილებამდე მიდის და სწორედ ამ უკიდურესი დაძაბულობიდან იშვება ლოცვა, რომელიც არის უაღმატებულესი იმედის წყარო. შესაძლოა, ჩვენი დროის შვილებს ამგვარი სასოწარკვეთილება გვჭირდება, რათა მარადიული სიცოცხლისთვის დავიბადოთ. როდესაც ადამიანი ამ სამყაროს ევლინება, თავდაპირველად ის თავისი დედ-მამისგან, მეგობრებისგან და მასწავლებლებისგან სწავლობს; როდესაც იზრდება ის წყურვილით ეწაფება ყოველგვარ ახალ შემეცნებას; დროის სვლასთან ერთად, ის რწმუნდება, რომ მეცნიერული ცოდნით ის თავს კი ვერ დააღწევს დროისა და სივრცის განზომილებას, არამედ უფრო და უფრო მჭიდროთ უკავშურდება ამ დეტერმინირებულ სამყაროს და კვდება მასში სულიერი სამყაროს აღქმის უნარი. მიმართავს წიგნებს და იმედი აქვს, რომ მათში იპოვის ცოდნას მარადიულის შესახებ, მაგრამ მალევე ხვდება, რომ მხოლოდ ინტელექტუალური ცოდნით შეუძლებელია გააცნობიეროს ის, რომ დაუსაბამო და უსაწყისო საფუძვლის გარეშე წარმოუდგენელია ყოფიერების არსებობა. ამ დროს მასში იშვება ლოცვა, რომელიც მთელ მის არსებას საფუძვლიანად ძრავს. მხოლოდ ასეთი ლოცვის წყალობით შეისმენს ღმერთი და მარადიულ სიცოცხლეს მიანიჭებს.

ასეთი ,,სასოწარკვეთილი’’ ლოცვა ზეციური ნიჭია. ის ადამიანს დროისა და მარადისობის ზღვარზე აყენებს. ამ მდგომარეობაში, დრო თითქოს უკან ჩამოვიტოვეთ, მისი არსებობა დავიწყებას მიეცა და ჩვენი სულის მზერა მარადისობისკენაა მიპყრობილი. ჩვენი სულის ამ უკიდურეს ზღვარზე მისვლით, ლოცვისას გონებას წმინდა წერილის მრავალი ადგილი ეხსნება, რომელიც იქამდე პარადოქსალურად ეჩვენებოდა. აი, რამდენიმე მაგალითი: ,, ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე’’(2.პეტ.3:8);  ,, უწყოდეთ, რამეთუ არა განხრწნადითა ვეცხლითა გინა ოქროჲთა იჴსნენით თქუენ ამაოჲსა მისგან მამათა მოცემულისა სლვისა, არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვითარცა ტარიგისა უბიწოჲსა და უმანკოჲსა ქრისტესითა, წინაწარ უწყებულისა უწინარეს სოფლის დაბადებისა, ხოლო გამოჩინებულისა უკუანაჲსკნელთა ამათ ჟამთა თქუენთჳს’’(1.პეტ.1:18-20); ,, ესე ყოველნი სახენი შეემთხუეოდეს მათ; ხოლო დაიწერა სამოძღურებელად ჩუენდა, რომელთა ზედა აღსასრული ჟამთაჲ მოიწია’’(1.კორ.10:11); ,, ვითარცა-იგი გამოგჳრჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა’’(ეფ.1:4); ,, და ფუცა მისა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, რომელმან დაჰბადა ცაჲ და რაჲ არს მას შინა, და ქუეყანაჲ და რაჲ არს მას შინა, და ზღუაჲ და რაჲ არს მას შინა, ვითარმედ: ჟამი არღა იყოს’’(გამოცხ. 10:6).

მოციქულებს ჰქონდათ რა ქრისტესთან პიროვნული ურთიერთობა, ისინი ჯერ კიდევ მიწაზე მყოფნი, სულით მარადისობაში მკვიდრობდნენ. მათთვის და ამგვარი გამოცდილების მატარებელი ნებისმიერი  ადამიანისთვის, დრო და ჟამი მთავრდება.

დროის მათმიერი აღქმა განსხვავდება ნიუტონის, ეინშტეინის, ფილოსოფოსების და გნოსტიკოსების შეხედულებებისგან. დრო მათთვის ხდება ერთგვარი ,,ადგილი’’, რომელშიც შესაძლებელია გადაადგილება და მის უკიდურეს ზღვართან კი დაუსაბამოსთან შეხვედრა. ჩვენ ვიცით, რომ ,, არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა’’(მკ.9:1). ასეთი ადამიანები დროსა და ამ სამყაროს სხვაგვარად აღიქვამენ.

ქრისტეს გზა ამგვარია: თავდაპირველად ის ეძებს ადამიანს და საკუთარ პიროვნებას უცხადებს, მარადიული სიცოცხლის წინაგემოსხილვას აძლევს და ამ ყველაფერს მასზე ყოველგვარი ძალადობის გარეშე აღასრულებს. ამ ყველაფრის შემდეგ უფალი მას კვლავ დროის ჩარჩოებში ,,აბრუნებს’’. ამ დაბრუნების არსი ადამიანთა წინაშე ყოფიერების საწყისისა და მისი სიყვარულის დამოწმებაში მდგომარეობს. თავად ეს ადამიანი კი ამ დაბრუნებას აღიქვამს, როგორც ქრისტესგან განშორებას, როგორც მადლის დაკარგვას და ამ მდგომარეობაში მყოფი იტანჯება.

ქრისტესთან ერთობის სისავსის კვლავ დაბრუნების წყურვილი მას ღვაწლისკენ უბიძგებს, რომელიც არის ერთვარი ასკეტური ,,მეცნიერება’’, ,,ხელოვნება’’ და ,,კულტურა’’. ჩვენს დროში ეს კულტურა დავიწყებული, გაუგებარი და უარყოფილი გახდა.

მართლმადიდებლური ასკეტური კულტურა მრავალმხრივია. მოდით, მორჩილების არსსა და მის ნაყოფებზე ვისაუბროთ.

როგორც ყველა დიდებული კულტურა, მორჩილებასაც, ადამიანის სულიერი ასაკის მიხედვით მრავალი საფეხური აქვს. დასაწყისში ის შეიძლება ვლინდებოდეს როგორც სულიერი მოძღვრის წინაშე საკუთარი ნების თითქმის პასიური მოკვეთა, რაც მისადმი ნდობაზეა დაფუძნებული და ღმერთის ნების შემეცნებას ისახავს მიზნად. მორჩილების უფრო სრულყოფილი ფორმა ჩვენი სულის აქტიურ ქმედებაში ვლინდება, რაც ქრისტეს მცნებების აღსრულებისკენ დაოუკებელ სწრაფვას გულისხმობს. წარმატებული მორჩილი მთელ თავის ყურადღებას და ნებას იქეთკენ მიმართავს, რომ რაც შეიძლება სიღრმისეულად აღიქვას მეორე პირის აზრი და ნება და შემდეგ, სულიერი სიყვარულიდან გამომდინარე განახორციელოს ის, რაც აღიქვა. ამგვარი ღვაწლის შედეგად, მორჩილის გული ფართოვდება, მდიდრდება მისი გონება და მის სულში ახალი სიცოცხლე მკვიდრდება.

თავის შემდგომ განვითარებაში, მორჩილების ღვაწლი ყოველგვარი ადამიანისადმი უფაქიზეს დამოკიდებულებაში ვლინდება. ის ყველა ადამიანში ქრისტეს ხატს ხედავს, რაც მასში ჭეშმარიტი ადამიანურობის ზრდის მაჩვენებელია. წმინდა იოანე ღმრთისმეტყველი წერს: ,, უკუეთუ ვინმე თქუეს, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად? და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი(1.ინ. 4:20-21). თავად უფალმაც თქვა: ,, უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით’’(ინ.14:15). ასევეა მორჩილების შემთხვევაშიც. ვისაც მოყვასი უყვარს, მას ბუნებრივად სურს, რომ მისი ნება აღასრულოს და მის წინაშე დამდაბლდეს; თუ მოყვასის წინაშე ვერ ვმდაბლდებით და ვერ ვემორჩილებით უმცირეს საქმეშიც კი, მაშინ ქრისტეს წინაშე როგორ დავმდაბლდებით და მის დიად, მარადიულ ნებას როგორ აღვასრულებთ? როგორ შევიყვარებთ მოყვასს, როგორც საკუთარ თავს და უფრო მეტიც, მტრებს როგორღა შევიყვარებთ? ასე რომ, მორჩილების ღვაწლი გვმართებს არამხოლოდ ქრისტეს წინაშე, არამედ მოყვასის წინაშეც.

მძიმეა მოყვასის მორჩილების ღვაწლი, მაგრამ ის ჩვენს გაქვავებულ გულს ქრისტეს ფაქიზი ხმის აღქმის უნარსა და მისი ნების ხილვის საშუალებას აძლევს. ეს მდგომარეობა ადამიანს ქრისტეს ამსგავსებს და თანდათანობით უნივერსალურს ხდის, რადგან ის საკუთარ თავში მთელ კაცობრიობას მოიცავს.

ჭეშმარიტი ქრისტიანული მორჩილების კულტურის გარეშე, ადამიანი გარდაუვალად მოხვდება ,,ჩაკეტილ წრეში’’ და ვერასდროს აღიქვამს უსაზღვრო საღმრთო რეალობას. ადამიანი როგორი განათლებულიც არ უნდა იყოს, სახარებისეული მორჩილების გამოცდილების გარეშე, მის შინაგან სამყაროში შემავალი კარი მტკიცედ დახშული დარჩება, ქრისტეს სიყვარული ვერ შეიჭრება მასში და ვერ განმსჭვალავს მას.

მორჩილების დეფიციტი აშკარად მიუთითებს ადამიანის სულიერ სნეულებაზე, რომელიც მას ეგოისტური ინდივიდუალურობის წნეხის ქვეშ აქცევს და ქრისტესმიერი გამოცხადების აღქმის უნარს აკარგვინებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენში სახარებისეული მორჩილების მოუკლებელი კულტივირების გარეშე, ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველება, როგორც ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის მდგომარეობა, მიუწვდომელი დარჩება.

მორჩილების მეცნიერება საკმაოდ აღმატებულია და საჭიროა უზაკველი რწმენა, ან ხანგრძილივი გონიერი ლოცვის ღვაწლი, რათა ჩვენი სულიერი თვალებით მისი დიდებულება და სიწმინდე ვიხილოთ. როდესაც წმინდა სილუანი ქრისტეს მცნებებში დაფარულ სიცოცხლეზე საუბრობდა, ღმერთის წინაშე მადლიერებით და ლმობიერებით ივსებოდა ასეთი საკვირველი სიცოცხლის მონიჭებისთვის.

მორჩილების ღვაწლში წარმატების შემთხვევაში, ადამიანი ერთდროულად სხვადასხვა მდგომარეობებს განიცდის. ამ ყველაფერს ის აღიქვამს, არამხოლოდ როგორც ,,საკუთარს’’ და ინდივიდუალურს, არამედ როგორც ერთგვარ გამოცხადებას იმისა, რაც კაცობრიობაში ხდება. თავის ყოველგვარ ტკივილს, მწუხარებას, წარმატებას, გამარჯვებას, ან დამარცხებას, არამხოლოდ ,,ეგოისტურად’’, საკუთარ თავში ჩაკეტილად განიცდის, არამედ სულით ადამიანთა თანაგრძნობის მდგომარეობაში მოდის, რადგან იმ წამებში მილიონობით ადამიანიც იგივეს გრძნობს, რასაც ის. ასეთი სულის ბუნებრივი მდგომარეობა ხდება მთელი სამყაროსთვის ლოცვა. როდესაც ცოცხლებისთვის ლოცულობს, ის იზიარებს მათ სიხარულსა და სიყვარულს, ან მათ სასტიკ წყვდიადს და სასოწარკვეთილებას. თუ ავადაა, ის მთელ მსოფლიოში ყველა სნეულისთვის ლოცულობს, გონებით მიეახლება სიკვდილის პირას მყოფთა სარეცელს, რომლებიც მარტოობისგან მწუხარებით კვდებიან ან სიკვდილის საშინელების წინაშე სრულიად უძლურნი არიან.

როდესაც გარდაცვლილები ახსენდება, გონებით იმ უხულავ და საზარელ გზაზე ინაცვლებს, რომელსაც ყოველდღურად იმ ადამიანთა ასობით ათასი სული გადის, რომლებმაც თავისი სხეული მტანჯველი აგონიით დატოვეს. ამგვარად მორჩილში მთელი კაცობრიობისადმი თანაგრძნობა ღვივდება და მისი ლოცვა თანდათანობით კოსმიურ ხასიათს იძენს, საკუთარ თავში სრულ ადამს მოიცავს და გეთსიმანიაში ქრისტეს ლოცვის მდგომარეობაში მოდის. ასეთი ლოცვისას ადამიანი ცოცხლად განიცდის მთელ კაცობრიობასთან ერთობას და მოყვასის სიყვარულს. ასეთი ლოცვა მთელი სამყაროს გამოხსნას ემსახურება და ყოველი ქრისტიანი მოწოდებულია, რომ ეს მდგომარეობა მოიხვეჭოს, განსაკუთრებით კი საღმრთო ლიტურგიის აღმსრულებელი მღვდლები.

ლოცვის შესახებ

ყოველგვარი ენობრივი ცნება ემპირიული რეალობის მიხედვითაა გამომუშავებული; ისინი გამოხატავენ ან ურთიერთობებს, ან ენერგიებს. თუმცა, საღმრთო რეალობის გამოხატვა მათ არ ძალუძთ.

ვრწმუნდებით, რომ ფორმალური ლოგიკა ღმრთისმეტყველებასთან შეუთავსებელია და ამიტომაც, ვტოვებთ ამ გზას და განყენებული აზროვნების გზიდან ქრისტეს მცნებების აღსრულების გზაზე გადავდივართ. ლოცვა თავისი არსით ღმერთის ჩვენში მოქმედებაა და ცოცხალი ღმერთის შეცნობამდე მივყავართ. სინანულის მიერ ვნებებისგან განწმენდილი სული, რომელიც ლოცვაში შრომობს, თანდათანობით გეთსიმანიისეული ლოცვის მდგომარეობას იძენს. ამ დროს, ის გულში იკრავს მთელ კაცობრიობას პირველი ადამიანიდან უკანასკნელის ჩათვლით. ასეთი ლოცვის წყალობით, სული აღდგომას შეიგრძნობს, ანუ სიკვდილისაგან ამოუწურავ, უსასრულო ცხოვრებაში გადადის და თავად ქრისტეს ერწყმის.

ქრისტიანი ქრისტეს გზას გადის ჯოჯოხეთში ჩასვლით დაწყებული, ქრისტეს აღდგომაში თანამონაწილეობით დასრულებული. ბევრი თვლის, რომ ქრისტეს მსხვერპლი იმდენად სრულყოფილი იყო, რომ ამ აქტში არანაირი თანამონაწილეობა არ არის საჭირო. არც ღმრთისმშობლის მხრიდან, არც მოციქულების და საერთოდ არავის მხრიდან.

ჩვენ ამას ასე არ ვუყურებთ, რადგან თავად ქრისტე არ გვასწავლის ამას. არამხოლოდ ღმრთისმშობელი, რომელმაც ღმერთის დედობის მიუწვდომელი ჯვარი იტვირთა: ,, აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა!’’(ლკ.1:38), არამედ მოციქულებიც და ქრისტეს ყველა ჭეშმარიტი მიმდევარი უარყოფს საკუთარ თავს, იღებს საკუთარ ჯვარს და მიჰყვება მას! როდესაც ზებედეს ძეთა დედამ უფალს თხოვა, რომ გამეფების შემდეგ, მისი ერთი ძე მარჯვენით, ხოლო მეორე მარცხენით დაესვა, უფალმა უპასუხა:,,მოუჴდა იესუს დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ ძეთა მისთა თანა, თაყუანის-სცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ჰრქუა მას: თქუ, რაჲთა დასხდენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით რასა ითხოვთ. ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი მე მეგულების შესუმად, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო ნათლის-ღებად? ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გჳც. ჰრქუა მათ იესუ: სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ, ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა’’(მთ. 20:20-23).

პავლე მოციქული წერს: ,, ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია’’(კოლ.1:24). ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას ნიშნავს ჯვრის ტვირთვას, ანუ ქრისტესთან თანაჯვარცმას.

შემინდოს უფალმა და მაპატიოს ჩემი კადნიერება მკითხველმა ამ სიტყვებისთვის: მრავალგზის ვყოფილვარ მადლიერი ღმერთის განგებულებისა იმის გამო, რომ ქრისტიანობის დევნის პერიოდში დავიბადე, რადგან უდიდესი პრივილეგიაა: ,,არა ხოლო მისა მიმართ სარწმუნოებაჲ, არამედ მისთჳს ვნებაჲცა’’(ფლპ: 1:29). ჩვენ ქრისტეს მსხვერპლის თანამონაწილენი ვართ და მის გზას გავდივართ. ასე შეიცნობა ღმერთი: ,, ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე’’(ინ.17:3).


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©