Untitled Artwork

საუბრები გონიერ ლოცვაზე- არქიმანდრიტი ხარლამპე დიონისელი „იესოს ლოცვის ოსტატი“ (ნაწილი 4)

მონაზონი იოსებ დიონისელი

იმ დროს, როდესაც ჩვენი საძმო ბურაზერის კელიაში გადავიდა, ჩვენს მოძღვარს თავის სულიერ შვილებთან საკმაოდ ინტენსიური მიმოწერა ჰქონდა.

ქვემოთ მოვიყვან ერში მცხოვრები მისი ერთი სულიერი შვილისადმი მამა ხარლამპეს მიერ მიწერილი წერილების ფრაგმენტებს. ამ წერილების დიალოგები ისე დამუშავდა, რომ იესოს ლოცვის მცირე სახელმძღვანელოდ იქცა.

წერილი

ჩემო საყვარელო შვილო. გიხაროდენ უფლისა მიერ.

წავიკითხე შენი წერილი და გონიერი ლოცვისადმი შენმა ინტერესმა ძალიან გამახარა. ვეცდები, რომ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გიპასუხო.

ა) მეკითხები, შეუძლია თუ არა გონიერი ლოცვით დაკავება ყველა ქრისტიანის, თუ ეს მხოლოდ მონაზვნების საქმეა?

წმინდა მამებისა და საკუთარი გამოცდილების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ იესოს ლოცვა ყველა ქრისტიანის საქმეა. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ერეტიკოსებსა და სხვა სარწმუნოების ადამიანებს და აგიხსნი რატომაც. მას შემდეგ რაც ადამი დაეცა, ადამიანმა საკუთარი გულიდან ღმერთი განდევნა და სანამ არ მოვინათლებით ჩვენს გულში მადლი არ არის. ნათლისღებით საღმრთო მადლი კვლავ იმკვიდრებს ჩვენში. აუცილებელია ითქვას, რომ ის მეთოდები, რასაც სხვა სარწმუნოების პრაქტიკაში ვხვდებით, არამართებულია.

ამასწინათ გერმანიიდან ერთი ბერძენი ჩამოვიდა, რომელსაც გონიერ ლოცვაზე საუბარი უნდოდა და მეც მივიღე.

– მამაო, მე თქვენსავით მისტიკოსი ვარ – მეუბნება
– აჰაა, ე. ი. მისტიკოსი ხარ? სად ისწავლე?
– რამდენიმე წლის წინ გერმანიაში საცხოვრებლად გადავედი. იქ სხვა რელიგიებსაც გავეცანი და მინდა გითხრათ, რომ მათ შორის ბევრი საერთოა. განსაკუთრებით ლოცვისას თვითკონცენტრაციის მეთოდი მომეწონა. ისინი პავლე მოციქულის მსგავსად ექსტაზისა და ჭვრეტის მდგომარეობაში მოდიან.

– შვილო, მათგან თავი შორს დაიჭირე და არ დაუჯერო, დიდ ცდომილებაში არიან ისინი, – ვუთხარი მე.

– არა მამაო, მეც ხომ ვაკეთებდი ამას და რაღაც გამოცდილებაც დამიგროვდა.

– აბა, ერთი მითხარი რა თვითკონცენტრაციაზეა საუბარი? – ვკითხე მეც.

– იატაკზე ფეხებგადაჯვარედინებული ვჯდები და თავს ზემოთ ვწევ. მივხვდი, რომ ყველას ერთი ღმერთი გვწამს. ინდიუსტები თავიანთ ღმერთს მოუხმობენ, ბუდისტები თავისას და ჩვენ – ქრისტეს.

– ერთსაც გკითხავ, როგორ მიმართავთ მას?

– აი, ამაშია მთელი საიდუმლო, რომელიც არ იცით. გონებაში წარმოიდგენ, რომ ზეცაში შედიხარ, ხედავ ანგელოზებს, ოქროს სასახელეებს, ნათელს და ბოლოს ცეცხლოვან ტახტზე მჯდომარე ქრისტესაც. აი ამ წარმოსახვებზე გვაქვს ყურადღება კონცენტრირებული.

– შვილო, ასეთი რაღაცეებით შეიძლება ფსიქიურად შეირყე. და ყველა ასე ლოცულობს? – ვკითხე.

– აი გეტყვით და მერე აღარ განმიკითხავთ. ჩვენ ვაიძულებთ ჩვენს წარმოსახვას, რომ მაქსიმალური დაძაბულობით იმუშავოს და რაღაც მომენტში, ჩვენს ყველა წარმოსახვას უკვე ცხადში ვხედავთ.

– შვილო, მომისმინე რას გეტყვი… მიატოვე ეს ყველაფერი, თორემ ჭკუიდან გადახვალ. იმისათვის, რომ ქრისტე მოვიხვეჭოთ ჩვენს გულში, წარმოსახვის ყველანაირ კარს ვკეტავთ. წარმოსახვით ეშმაკს უღებ კარებს. წმინდა წერილს კითხულობ? იცი, რომ ეშმაკი შეიძლება ნათლის ანგელოზის, ან თავად ქრისტეს სახით გეჩვენოს?

– თქვენ რა, არ გჯერათ ჩემი? გითხარით, რომ ამ დროს კი არ გვძინავს, არამედ ჩვენი ხორციელი თვალებით ვხედავთ ქრისტეს. ერთხელ ბუდაც კი ვნახე, თუმცა ის ქრისტესავით დიდებული არ არის.

შემეცოდა ეს ახალგაზრდა და ვუთხარი:

– შვილო, ეშმაკი დაგცინის და ასე სრულ ათეისტად იქცევი.

– არა, მამაო, არ მჯერა თქვენი. ჩვენ აშკარად სხვადასხვა შეხედულება გვაქვს.

და ისიც წავიდა.

ხედავ შვილო, რა საფრთხეები და ცდომილებები არსებობს?

ასე, რომ საყვარელო, როგორც ვთქვით, წმინდა ნათლისღებით თავად ქრისტე მკვიდრდება ადამიანის გულში. მაგრამ ცოდვილი ცხოვრებით განვეშორებით მას, რადგან ქრისტე და ცოდვა ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან.

სანამ ჩვენს წინაშე კედლის მსგავსად ცოდვაა აღმართული, ღმერთს გულს ვერ ვუხსნით. მაგრამ, საბედნიეროდ, ეკლესია წამალს გვთავაზობს, რომელიც ამ კედლის დანგრევაში გვეხმარება. ეს წამალი – სინანული და აღსარება გახლავთ.

აქ გონიერი ლოცვით დაინტერესებული მრავალი ადამიანი მოდის. პირველ რიგში ვეკითხებით: „აღსარება გითქვამთ? ეზიარებით? ცდილობთ ქრისტიანულად იცხოვროთ?“ თუ გპასუხობენ, რომ აკეთებენ ამ ყველაფერს, მაშინ საუბარს ვაგრძელებთ და თუ ამბობენ, რომ არა მაშინ, ამ თემას აღარ ვეხებით, რადგან ეს საუბარი უშედეგო იქნება.

პირველ რიგში, სინანულთა და აღსარებით ვუყრით საფუძველს და შემდეგ, გონიერი ლოცვის რომელიღაც გამოცდილ მოძღვარს უნდა დავემორჩილოთ.

ახლა გიპასუხებ, შეიძლება, თუ არა ერის ადამიანებისთვის იესოს ლოცვა? დიახ, შეიძლება, რამდენადაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ, შეიძლება. ძალიან ბევრი ერის ადამიანის მაგალითი გვაქვს, ვინც ამ კურთხეულ საქმიანობაში ჩვენ, მონაზვნებსაც კი გვაჯობეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხშირად არ ხდება.

ერში ასეთი ადვილი, რომ იყოს ლოცვა და სულიერი ცხოვრება, მაშინ მონასტრები რაღა საჭირო იქნებოდა? სახარებაში ქრისტე მართას ეუბნება: „ზრუნავ და შფოთხარ მრავლისათვის“. ერის ადამიანები ძირითადად მართას მსგავსნი არიან და ქრისტეს ემსახურებიან. ჭეშმარიტი მონაზონი მარიამს ჰგავს, რომელიც ქრისტეს ფერხთით ზის, მისი დიდებით ტკბება, მისი მეგობარი ხდება და აქვს კადნიერება, რომ რაც მოესურვება ყველაფერი კითხოს მას.

მაგრამ არსებობენ ისეთი ერის ადამიანებიც, რომლებიც უფრო მეტად მარიამს ჰგვანან და ისეთი მონაზვნებიც, რომლებიც თავიანთი სულიერი მდგომარეობით მართასაც კი არ ჰგვანან.

თესალონიკელთა ერთი ოჯახის აღსარებას ვიბარებ. გაოცებული ვარ მათი მართალი ცხოვრებით. მათი სახლი მონასტერს ჰგავს. ცოლი გარეთ მხოლოდ საყიდლებზე გამოდის და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა გადაუდებელი საქმეები მოითხოვს. სამი შვილი ჰყავთ. როცა ბავშვები სკოლაში მიდიან და ქმარი – სამსახურში, ქალი ჯდება და ორი საათი იესოს ლოცვას იმეორებს… მერე დგება და ოჯახის საქმეს შეუდგება, ლოცვას კი აგრძელებს – ხან ბაგეებით წარმოთქვამს და ხან გონებით.
სამსახურიდან დაბრუნებული ქმარი თავისი დროის უდიდეს ნაწილს ლოცვას, წმინდა წერილისა და წმინდა მამათა ნაწერების კითხვას უთმობს.

ბავშვებიც მიეჩვივნენ ასეთ განრიგს. აი, რა მომწერა ამ დღეებში ამ ოჯახის დიასახლისმა: „ჩვენი შვილები სკოლაში ლოცვასაც კი მიეჩვივნენ. როცა შინ ბრუნდებიან, მე უკვე მოთავებული მაქვს ოჯახის საქმეები, სადილიც მზად მაქვს და კვლავ სალოცავ კუთხეში მივდივარ. ბავშვები ცნობისმოყვარეობით მეკითხებიან, – იქ რას აკეთებ, დედიკოო. ჩვენს მფარველობას შევთხოვ უფალს-მეთქი. შეიძლება შენთან ერთად ვილოცოთო?“ რა თქმა უნდა, შვილებო, ქრისტეს უყვარხართ და სურს, რომ ესაუბროთ“. ამგვარად, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ შუადღისას 15–20 წუთი ვილოცოთ, მერე ვსადილობთ.

საღამოთი ბრუნდება მამა და ყველა ერთად სასულიერო ლიტერატურას ვკითხულობთ, ანდა მე მათ წაკითხული წიგნებიდან ამბებს ვუყვები.

ლოცვისთვის ღამითაც ვდგებით და წმინდა მამათა ნაწერებს ვკითხულობთ. კვირა დღეს კი მთელი ოჯახი წირვაზე მივდივართ და ვეზიარებით.

უფლის მადლით, ჩვენი შვილები მიეჩვივნენ ასეთ განრიგს და ხალისით ასრულებენ. მათი სკოლის მეგობრები მარხვას არ იცავენ, მაგრამ ბავშვებს ეს არ აცდუნებთ.
წერილის ბოლოს ეს კურთხეული ქალბატონი წერს: „აი, ასე მიედინება ჩვენი ცხოვრება, თუმცა გარშემო ეშმაკის შურით აღძრული ბევრი განსაცდელია, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ჩვენს სახლში ქრისტე მეფობს და ძალზე კმაყოფილნი და ბედნიერნი ვართ“.

აი მაგალითი, ერის ადამიანების ცხოვრებიდან შვილო, რომ გაიგო, რომ ღმერთთან თვალღება არ არის და თავის მადლს ყველას აძლევს. თავდაპირველად ვცდილობთ, რომ ბაგეებით ვილოცოთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. რამდენადაც შეგვიძლია ეს ლოცვა ჩვენთვის გასაგებად წარმოვთქვათ. დამწყებს ჯერ კიდევ არ აქვს სიმტკიცე და ეშმაკი ცდილობს, რომ სხვადასხვა წარმოსახვების საშუალებით, გონება დაუბნელოს. შეუჩერებლად წარმოთქვი ლოცვის სიტყვები და ამით წარმოსახვებისგან დაიცავ შენს გონებას. ამაზე განსაკუთრებით ვამახვილებ შენს ყურადღებას. ლოცვისას მთელი ძალებით განდევნე ნებისმიერი წარმოსახვა, რაც არ უნდა კეთილად და სულიერად მოგეჩვენოს ისინი. განაგდე შენგან, რადგან ეშმაკისგანაა. შენი ყურადღება ლოცვის სიტყვებში უნდა იყოს მოქცეული.

მაგალითად, რას იზამს ის ადამიანი ვისი სახლიც ავაზაკებმა მოაქციეს ალყაში? ის იძულებული იქნება, რომ მთელი ძალებით იყვიროს: „მიშველეთ, მიშველეთ, ავაზაკები! დამეხმარეთ!…“

ასე იქცევა დამწყებიც, როცა ღაღადებს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მაცხოვნე მე!“.

აღსარებაზე მონაზვნები მეუბნებიან, რომ ლოცვისას დროდადრო ეშმაკი სხვადასხვა ამაო და ხორციელ ზრახვებს ატეხს თავზე. ამ დროს, ისინი იძულებულნი არიან, რომ თავიანთი ძალების მაქსიმალური დაძაბვით ილოცონ და სწორედ ასე მოიპოვებენ ისინი სუფთა ლოცვას.

ზოგიერთი, ღვთის დაშვებით ცხადშიც კი ხედავს მრისხანე ეშმაკს, რომლის შეხედვაც კი საზარელია. მას იმდენად ეშინია ქრისტეს სახელის, რომ ემუქრება, ზოგჯერ ურტყამს კიდეც ან ყელში წვდება მლოცველს, რომ როგორმე ლოცვა შეაწყვეტინოს. ამ დროს, თუკი უკან არ დაიხევ და მთელი ძალებით ილოცებ, ისეთ სუფთა ლოცვას მოგანიჭებს უფალი, რომ გონება სრულიად ჩაიძირება ქრისტეში.

გონიერ ლოცვას გულისმიერიც ეწოდება. შენ მეკითხები, შეიძლება თუ არა, რომ ბაგისმიერ ლოცვას გულისმიერიც ეწოდოს?

თუკი სუფთად და წმინდად ვლოცულობთ, ბაგისმიერია თუ გონიერი, შეიძლება, რომ ამ ლოცვას გულისმიერიც ვუწოდოთ.

ლოცვა გულისმიერი მაშინ ხდება, როდესაც გონება სრულიად ჩაძირულია გულში და იქ დრჩება, სულ რომ ბომბები ცვიოდეს, სახლი იწვოდეს და ცოცხლად დაწვის საფრთხე გემუქრებოდეს.

უფრო მეტად გასაგები, რომ იყოს წმინდა ირინეს ცხოვრება წაიკითხე. ეშმაკმა მისი ტანსაცმელი დაწვა და მისი სხეულიც იწვოდა, მაგრამ ის მაინც სანთელივით უძრავად იდგა!

სწორედ ეს არის ნამდვილი ლოცვა, რომელიც ელვისებურად აღწევს ღვთის საყდრამდე. მოსეს ბაგე არც გაუხსნია, როდესაც ღვთისგან ესმა: „რასა ჰჴმობ ჩემდა მომართ?“ (გამ.14:15) ეს იმას ნიშნავს, რომ მოსეს ლოცვა მისი გულიდან გამოიტყორცნა.

რაც შეეხება დამწყების ბაგისმიერ ლოცვას, ის სხვადასხვა ზრახვებთანაა შერეული და ჯერ კიდევ არ არის სუფთა და ვერც გულისმიერად იწოდება. მაგრამ ხშირად ბაგეებით გამოთქმული ლოცვა გულისმიერიცაა ხოლმე. სწორედ ასეთ ლოცვას გულისხმობს დავით წინასწარმეტყველი: „ღრმით ამოღაღად-ვყავ შენდამი, უფალო“(ფს. 129:1)

როდესაც ქანაანელი დედაკაცი ქრისტეს თავისი შვილის განკურნებას ევედრებოდა და ამბობდა „შემიწყალე მე“, ეს სიტყვები მისი სულის სიღრმიდან მოდიოდა და ამიტომაც, ეს გულისმიერი ლოცვა იყო. როდესაც გონება ღმერთშია ჩაძირული, მაშინ ბაგეებითაც რომ ლოცულობდე, ეს ლოცვა მაინც გულისმიერი იქნება. რადგან ის გულის სიღრმიდან მოდის და გული და გონება ღმერთს უერთდება.

კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობა მდგომარეობს შემდეგში: იმისთვის, რომ გონიერ ლოცვაში თავისუფლად იშრომო, შენი სინდისი ყველას წინაშე უნდა დაიცვა.

მაგალითად, თუ მონასტერში ხარ, სადაც 50-მდე ძმა ცხოვრობს, მაშინ შენი ვალია, რომ მათთან სიყვარულითა და სიმშვიდით იცხოვრო. თუკი 49-ს კარგად მოექცევი და ერთს ატკენ, მაშინ ეს აუცილებლად დააბრკოლებს შენს ლოცვას.

შეიძლება სხვა შემთხვევაში მეორე ადამიანი იყოს დამნაშავე და არ ჩქარობს, რომ შენდობა გთხოვოს. მაგრამ შენ თუ გინდა, რომ ლოცვისას ქრისტეს შეხვდე, მაშინ დანაშაული შენს თავზე აიღე, შენდობა თხოვე და მისთვის ილოცე, ყველაფერი გააკეთე, რომ შემოირიგო. მაგრამ, თუკი შეპყრობილია და გაგირბის, მაშინ მოთმინებით აღიჭურვე. ზოგიერთი შეპყრობილია და მათთან დალაპარაკებაც კი შეუძლებელია, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ ყველა გვიყვარდეს და ვილოცოთ მათთვის.

შენ ერში ცხოვრობ. სახლშიც და მსახურებაზეც ყველას მიმართ თავაზიანი იყავი. თავი შორს დაიჭირე მათგან, ვინც შეიძლება, რომ დაგაზიანოს და არც სხვებთან შენი მეგობრული დამოკიდებულება უჩვენო მათ. ისინი აუცილებლად შეამჩნევენ ამას და ზედმეტი უსიამოვნებები გელის.

მწერ, რომ ზოგჯერ მკერდის არეში ტკივილს გრძნობ, რომელიც რაღაც სიმძიმეს იწვევს. აქ, შვილო ძალიან ფრთხილად იყავი. არსებობს ტკივილი, რომელსაც ლოცვის წყურვილი იწვევს, მაგრამ არის სხვა სახისაც, რომელიც ჩვენი ბრალია, რადგან ლოცვის ჩვეულ წესრიგს გადავუხვიეთ.

მიაქციე ყურადღება: როცა სადილზე აგვიანებ, შენი კუჭი ეგრევე გაგრძნობინებს, რომ შია. ასე ემართება მათაც, ვინც საკუთარი სული სულიერ საკვებს მიაჩვია. მეც ძალიან ხშირად მემართება ასე. თუკი საზრუნავი თავს მაყრია და მოულოდნელ წინაღობებს ვხვდები, რის გამოც ლოცვაზე ვერ ვდგები, ჩემი გული ისეთ ტკივილს და წყურვილს განიცდის, რომ თითქოს ყოველ მიზეზგარეშე ვიტანჯები. მაშინ ეგრევე კელიაში გავრბივარ, ნიკაპს მკერდს ვაყრდნობ და მთელი ძალებით იესოს ლოცვას ვიწყებ.

ამ დროს ლოცვა ისეთი სუფთაა, რომ გონება მთლიანად იძირება გულის სიღრმეში. ძლიერი თავის იძულების შემდეგ სულიერად „დანაყრების“ მომენტი დგება და უტკბეს ცრემლებს ღვრი, რადგან შენს გულში ქრისტეს სტუმრობას გრძნობ. ამ დროს ქრისტესადმი ისეთი ცეცხლოვანი სიყვარულით ინთები, რომ მისთვის სიკვდილისთვისაც კი მზად ხარ. მაშინ ვხვდები, თუ რატომ და როგორ უხაროდათ ჩვენს წმინდა მამებს ქრისტესთვის წამება. მათ სრულიად მიუძღვნეს ქრისტეს საკუთარი თავი და ამიტომაც მათ გულებში მუდამ მისი სიყვარული სუფევდა.

სხვა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სულს ლოცვითი საკვები არ მოკლებია, მაინც ტკივილს გრძნობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი თავის იძულება გვმართებს ლოცვაში და იმის მანიშნებელია, რომ რაღაც განსაცდელი გველის და სრულიად უნდა შევიარაღდეთ. ზოგჯერ ეს ტკივილი იმას ნიშნავს, რომ ვიღაც ჩვენს ლოცვით შეწევნას საჭიროებს. ლოცვის მეცნიერებაში თუ წარემატები ამ ყველაფერს მაშინ გაიგებ. როდესაც ამ ტკივილს ვგრძნობ, ვცდილობ, რომ ლოცვასთან ერთად გავიხსენო ის ადამიანი, ვისაც ვიცი, რომ დახმარება სჭირდება და შემდეგ იმისთვის ვლოცულობ ვის გახსნებასაც სული განსაკუთრებით ეხმიანება და ცრემლებს მგვრის. ამ დროს გული რბილდება, ტკივილიც გადის, სული ღვთისა და ამ ძმის სიყვარულით ივსება.

ნამდვილ მოღვაწეებს ეს ტკივილი განსაკუთრებით უძლიერდებათ მაშინ, როდესაც მთელ ეკლესიას, ან მსოფლიოს სჭირდება დახმარება. ჩემი წმინდა მოძღვარი – ღირსი იოსებ ისიქასტი ამბობდა, რომ როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, გულში ძალიან დიდი ტკივილი იგრძნო. ის მიხვდა, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა და მალევე შეიტყო, რომ ომი დაიწო. იცით, რამდენი მეომარი გადაურჩა ტყვიას მისი ცეცხლოვანი ლოცვით?

როგორც ვახსენეთ, ჩვენი დაუდევრობის ან რაღაც განსაცდელის გამო სხვანაირი ტკივილიც არსებობს. აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ შენი უყურადღებობის გამო ან ეშმაკის ჩარევით შენს ძმას აწყენინებ, როგორც კი ის ამის გამო დამწუხრდება, გულში ეგრევე ტკივილსა და მოუსვენრობას იგრძნობ. თუ დამნაშავე ხარ, აუცილებლად მიდი და შენდობა სთხოვე. განუსვენე შენი მოყვასის გულს, თუ გინდა, რომ ღმერთმა შენს გულსაც განუსვენოს.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სიმართლე შენს მხარესაა, მაგრამ ძმა მაინც შენ გთვლის დამნაშავედ. ამ შემთხვევაში, მისი შფოთი ჩვენზეც გადმოდის და გვინდა, თუ არა, მაინც უნდა მივიდეთ და შენდობა ვთხოვოთ.

თუ გვინდა, რომ ჩვენს სულში სიმშვიდემ დაისადგუროს, მაშინ დანაშაული ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ.

როდესაც დამწყები ვიყავი, რაღაც მსგავსი დამემართა და ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე ჩემს მხარეს იყო და ძმას შენდობაც არა ერთხელ ვთხოვე, ყველაფერი ამაო იყო და ის მაინც მლანძღავდა. შინაგანად ძალიან გავმწარდი. მივედი მამა იოსებთან და მითხრა: „ფრთხილად იყავი და არ აყვე ამ საცდურს, არაფერი წამოგცდეს. ეშმაკს უნდა, რომ ერთი სიტყვა მაინც დაგტყუოს, ელოდება, რომ შენც შეეპასუხო, რომ შენში შემოვიდეს. აი, მერე უნდა ნახო რისი გადატანა მოგიწევს! მაგრამ ნუ გეშინია, ვილოცებ შენთვის და სიმშვიდეც მალე დაგიბრუნდება“. მართლაც, იმავე წამს დავმშვიდდი, მაგრამ ეს სრულიად ჩემი მოძღვრის დამსახურება იყო, რადგან მე უკვე სასოწარკვეთილებასთან ვიყავი ახლოს.

ჩემი წერილის მიხედვით, დააკვირდი საკუთარ თავს, რომ მიხვდე, თუ რა არის შენი ტკივილის წყარო. ფრთხილად იყავი და ეცადე ძალიან ყურადღებით იყო, რომ არავინ დაამწუხრო.

მეკითხები, თუ რატომ გირჩევ, რომ ლოცვისას ფეხზე იდგე, როდესაც „სათნოებათმოყვარეობაში’’ წერია, რომ ყურადღების მოკრებაში დაბალი სკამი უფრო გვეხმარება.

დაბალ სკამზე ლოცვაც კარგია, მაგრამ შენთვის არა და არც ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ უკე მოვხუცდი. ვამჩნევ, რომ ფეხზე დგომა ლოცვაში უფრო მეხმარება და ამ დროს უფრო მოდის ლმობიერება, ცრემლები და სხვადასხვა ისეთი სულიერი მდგომარეობები, რასაც ჯერ კიდევ ვერ ჩაწვდები. ზოგჯერ ისეთი კეთილსურნელებაც იგრძნობა, რომ მთელ კელიას მოიცავს.

მამა არსენისაც ასე ემართება. იცი როგორ მოიხვეჭა მადლი? ლოცვისას ქრისტეს ისეთ სიტკბოებას გრნძნობს, რომ ყველაფერი ავიწყდება და შეუძლია მრავალი საათი ფეხზე იდგეს. მამა პროდრომესთან პირიქითაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა დიდი ხნით ფეხზე დგომისგან თავბრუ ეხვევა. თუ დაბალ სკამზე დაჯდება, ისე იძირება ლოცვაში, რომ ზოგჯერ ჭვრეტაშიც კი აღიტაცება.

ამიტომაც, ხაზგასმით ვამბობ, რომ გონიერ ლოცვას გამოცდილი მოძღვარი სჭირდება. იმისათვის, რომ ყურადღება მოიკრიბონ, ახალგაზრდებს სჭირდებათ, რომ თავიანთი სხეული შრომით, მუხლდრეკით, მარხვითა და ლოცვაზე დგომით დაამდაბლონ. რა თქმა უნდა, ზომიერად და რამდენადაც ეს მათ ძალებს შეესაბამება. თუ გინდა ესეც სცადე და ისიც და თავად იგრძნობ განსხვავებას. როდესაც მოღვაწე თავისი სულიერი თვალებით ქრისტეს ხედავს, მას მიწაზე დამხობის სურვილი უჩნდება, მუხლები თავისით ეკვეთება ისე, რომ დგომა შეუძლებელი ხდება და ქრისტეს წინაშე ემხობა. ყურადღებით იყავი, ეშმაკიც იწვევს მუხლების მოდუნებას, რომ ძილისკენ გიბიძგოს.

როდესაც ფეხზე დგომით დაიღლები, დაბალ სკამზე დაჯექი და ხან ფეხზე მდგომმა ილოცე, ხან დამჯდარმა და ხანაც მუხლებზე. როდესაც ძალები არ გვყოფნის, უფალი ითვალისწინებს ჩვენს უძლურებას და წოლის დროს ლოცვაც შეიძლება. მაგრამ როდესაც არ გაქვს ძალები, მაშინ ეშმაკიც არ აყოვნებს, გონებას გიბნელებს და გაძინებს. ზოგი მოღვაწე იმისთვის, რომ ძილი გადალახოს, ლოცვისას კელიაში დადის.

მწერ, რომ რაღაც დრო ხმამაღლა ლოცულობ და შემდეგ სურვილი გიჩნდება, რომ ლოცვა შინაგანად, გონებით წარმოთქვა.

ეს გარკვეული წარმატების ნიშანია. იმის შემდეგ, რაც საათობით წარმოთქვამთ ლოცვის სიტყვებს და საკუთარ თავს ვაიძულებთ, რომ სიტყვების არსს ჩაწვდეთ, თანდათანობით ლოცვა გულში შედის. გონებას გულისკენ ისე იზიდება, რომ ხმამაღლა ვეღარ ლოცულობ. ამ დროს, ვცდილობთ, რომ გონება მოვიკრიბოთ და რამდენადაც ძალები გვყოფნის, რაც შეიძლება ხშირად წარმოვთქვათ ლოცვა.

მაგრამ ფრთხილად იყავი. შეიძლება ხმამაღლა ლოცვისას ეშმაკმა პირი დაგიხშოს და გეგონოს, რომ აი, ეს არის საკუთარ თავში ჩაღრმავება. ცდილობ შინაგანად ილოცო და არაფერი გამოდის, გონება გეფანტება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბოროტის ხრიკია. ყველანაირად ეცადე, რომ გადალახო ეს.

ერთხელ, როდესაც დამწყები მორჩილი ვიყავი, ერთი განსაცდელი შემემთხვა. მორჩილებისას, როდესაც მოუკლებლად ვლოცულობდი: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ ბოროტმა პირი დამიხშო, ბაგეებით ვეღარ ვლოცულობდი. ვეცადე გონება გაფანტულობისგან დამეცვა, მაგრამ იმ დღეს იმდენი საქმე მქონდა, რომ ლოცვა ხშირად მიწყდებოდა. მამა იოსებს, რომ ვუთხარი ასე მითხრა: „აიძულე საკუთარ თავს, რომ ხმამაღლა, ბაგეებით მოუკლებლად ილოცო“. თავდაპირველად, გარკვეული ძალისხმევის შემდეგ, შეუჩერებლად დავიწყე ლოცვა. ბაგეები ისეთი სიტკბოებით აღმევსო, თითქოს მთელი დღე შოკოლადი მეჭამა. მთელი დღე ვმუშაობდი და არც წყურვილს და არც შიმშილს არ ვგრძნობდი. დღისით მორჩილებისას რაც უფრო ხშირად გესმის იესოს ლოცვის სიტყვები, მით უფრო ადვილია ღამე ლოცვა და ნაკლები ძალისხმევა გჭირდება, რომ ლოცვის სიტყვებზე გაამახვილო ყურადღება.

რაც შეეხება საეკლესიო მსახურებებს, მას არავითარ შემთხვევაში არ უარყოფენ ისინი, ვინც მათ იესოს ლოცვით ანაცვლებს. ეს მსახურებები სულიწმიდის მადლითაა შედგენილი და მასში უდიდესი სიბრძნე, ჩვენი სარწმუნოების დოგმატები და სხვადასხვა ლოცვითი მდგომარეობებია გამოხატული. ეს ტექსტები კეთილსურნელოვანი ბაღია, რომლებიც სამწუხაროდ მრავლისთვის დაკეტილია.

ძალიან კარგია თუ ღვთისმსახურება გიყვარს. მაგრამ ეს სიყვარული უბრალო ჩვევად არ უნდა იქცეს, რომ უბრალოდ მოგწონდეს კითხვა და გალობა და მეტი არაფერი. როდესაც ვკითხულობთ ან ვგალობთ, ეს მხოლოდ მაშინაა ფასეული და ღირებული, როდესაც აღმოკითხული სიტყვების არსს ვწვდებით და საღმრთო აზრებით ვტკბებით.

უფალმა წმინდა ფილიპე დიაკონი ეთიოპელ საჭურისს მიუვლინა, რომ მისთვის აღმოკითხული სიტყვები განემარტა. როდესაც ჩვენი გონება მოუკლებელი ლოცვით განიწმინდება, უფალი სულიწმიდის მადლს მოგვივლენს.

ერთხელ, ბურაზერში, ჩემთან სასაუბროდ ერთი სულიერი ბერი მოვიდა და მეუბნება:

– მამაო, იესოს ლოცვის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ გეთანხმებით იმაში, რომ მთელ ძალებს მასზე მიმართავთ და მსახურებების უდიდეს ნაწილს ტოვებთ.

მეც ვუპასუხე:

– ვინ გითხრათ, რომ მსახურებების ტექსტები დავუტევეთ?

– რბილად რომ ვთქვათ, თქვენთან მსახურებები ძალიან შემოკლებულია. ჩვენს მონასტერში ყოველდღიური საზოგადო ღვთისმსახურება 6–8 საათი გრძელდება, რომ არაფერი ვთქვათ კვირისა და დღესასწაულების ღამისთევის მსახურებებზე.

–კარგი. რახან ღვთისმსახურება ახსენეთ, გკითხავთ და გულწრფელად მიპასუხეთ. ყველაფერი გესმით რაც იკითხება და იგალობება თუ თქვენი გონება აქეთ-იქით დაეხეტება?

– გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი გონება ხან სადაა, ხან სად.

– აი, რას გეტყვი საყვარელო მამაო. შენზე სრულდება წინასწარმეტყველის სიტყვები: „მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან“. გინდა გითხრა როგორ ვკითხულობთ ჩვენ საღვთისმსახურო წიგნებს? ჯერ ღამე კელიებში ვლოცულობთ, რომ გონება გაგვინათლდეს. შემდეგ ვშლით საღვთისმსახურო წიგნებს და ისეთი სიტკბოება და ლმობიერება მოდის, რომ შეძრული რჩები. წიგნს ვეღარ უბრუნდები, ძირს ემხობი და შენი გული ღვთის სიყვარულით იწვის და თვალებიდან ცრემლთა მდინარე მოედინება. ახლა, როდესაც საძმო მყავს და საზრუნავები გამიჩნდა, ასეთები იშვიათად მემართება. მაგრამ როდესაც მარტო ვიყავი, ყოველდღე ეს მდგომარეობა მქონდა.

მხოლოდ დაწყებითი სკოლა მაქვს დამთავრებული და როდესაც ღვთის მადლით გონება მეხსნებოდა, ნებისმიერ პროფესორზე უკეთ მესმოდა ძველ ბერძნული ტექსტები. შენც ეცადე, რომ თავდაპირველად იესოს ლოცვით გაითბო გული და მერე იგრძნობ მსახურებაზე განსხვავებას. მრავალი მონაზონი, რომელსაც აღსარებაზე ვიღებ ხოლმე, თავად დარწმუნდნენ ამაში საკუთარი გამოცდილებით. ახლა, რამდენადაც შენ განათლებული ადამიანი ხარ, კიდევ ერთს გკითხავ. წმინდა წერილს კითხულობ?

– რა თქმა უნდა, მამაო, ვკითხულობ

– გესმის მერე წაკითხული?

– რაღაც მესმის, მაგრამ ყველაფერი არა.

– რახან მეუბნები, რომ გესმის, მითხარი, შენში რაიმე ცვლილებას გრძნობ?

– გარკვეულ ცვლილებას და ლმობიერებას ვგრძნობ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის არა.

გითხრა როგორ ვკითხულობთ ჩვენ, გაუნათლებელი ხალხი წმინდა წერილს? 5-6 საათი იესოს ლოცვის მერე სახარებას ვშლი. ძმურად გარწმუნებ, რომ ამ დროს ჩემი გონება ღვთის მადლით იხსნება და ყველაფერი ისე ნათლად მესმის, რომ კითხვას ვეღარ ვაგრძელებ და ძლიერი ლმობიერებისგან დიდი ხნით ვტირი. ჩათვალე, რომ აღსარებას გეუბნები, რახან გაინტერესებდა ვკითხულობდით თუ არა წმინდა წიგნებს. რა არის ასეთი მადლის წყარო? რა თქმა უნდა, იესოს ლოცვა.

– თუ ასეა მამაო, შენდობას გთხოვთ, ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვლოცულობთ ტაძრებში და კელიებში განმარტოებულნი კი ძალიან ცოტას.

– ძალიან ბევრი მონაზონი მეუბნება ამას, მაგრამ უფალი სამართლიანია. რამდენადაც შეგიძლია შენს კელიაში ილოცე. როდესაც შენს კანონს დაასრულებ, მსახურების დროსაც გააგრძელე იესოს ლოცვა.

მონასტრებში დიდი მადლია, ბევრი სიწმინდეა და როდესაც ვლოცულობთ მადლიც უხვად მოდის. მოდის გონების განათება, ლმობიერება და შინაგანად სიხარულსა და მხიარულებას გრძნობ. მსახურების დროს გონება გეხსნება და გაკვირვებული აღმოაჩენ, რომ ნათლად გესმის სიტყვების არსი. ნამდვილი ღვთისმეტყველი გახდები.

ამას, როგორც მოძღვარი ისე გეუბნები და ჩემს ნათქვამზე პასუხს ვაგებ: ამას ნამდვილად განიცდიან ისინი, ვინც საკუთარ თავს აიძულებენ. მხოლოდ თვითნებები და ზარმაცები ვერ წარემატებიან.

ასეთი იყო ჩვენი საუბარი. როგორც თავად თქვა სიმდაბლითა და ღრმა სულიერი კმაყოფილებით წავიდა.

მაგრამ მათში იმედგაცრუება რომ არ გამოვიწვიოთ, ვისაც ღვთისმსახურება უყვარს, ვიტყვი, რომ ის მონაზვნები, რომლებიც რეგულარულად ესწრებიან ყველა ღვთისმსახურებას, უკანდაუხევლად აღასრულებენ თავიანთ კანონებს და მორჩილებაში ცხოვრობენ, ისინი ღვთის დიდ საფარველში იმყოფებიან და მუდამ შინაგანი სიხარულითა და სიმშვიდით აღსავსენი არიან.

ვიცი შემთხვევებიც, როდესაც მონაზვნები შეპყრობილები ხდებოდნენ. როგორც წესი, ეს მათ ემართებათ, ვინც თავისი ნებით ცხოვრობს და მონაზვნურ აღთქმებს არ იცავს.

ამ ყველაფერს იმიტომ გწერ, რომ ცოდნა და სულიერი გამდიდრება გწყურია. გარდა ამისა, იესოს ლოცვის შესახებ შენი მეგობრების ბევრ კითხვასაც გაეცემა პასუხი.

დღისით ძალიან იღლები და რამდენიმე საათი გჭირდება, რომ ყურადღება მოიკრიბო. ამიტომაც, ეცადე დილით რაც შეიძლება ადრე ადგე და სანამ სამსახურში წასვლის დრო მოვა, სკვნილზე მოუკლებლად ილოცო იესოს ლოცვა და 50 მუხლდრეკა გააკეთო. რაც შეეხება კვირა და სადღესასწაულო დღეებს, როდესაც არ მუშაობ, ეცადე, რომ მაქსიმალურად გამოიყენო, რადგან ამ დღეებში ქრისტე თავის მადლს უხვად გვივლენს.

როდესაც მამა იოსებთან მორჩილებაში ვცხოვრობდი, ყოველდღიურად ვშრომობდით, რომ ლუკმაპური გვქონოდა. მაგრამ კვირას და დღესასწაულის დღეებში ვისვენებდით. დამერწმუნეთ, ამ დღეებს ისე ველოდი როგორც აღდგომას. ღამე ლოცვისას 8 საათი ფეხზე ვიდექი და დღისითაც 8 საათი ფეხზე მდგარი ვლოცულობდი. როგორ აგიხსნა ეს ყველაფერი? როგორი ლოცვა მქონდა! როგორი ლმობიერება! როგორი ჭვრეტა! ნამდვილი სამოთხე იყო!

ერთ კვირა დღეს, ჩვენთან რამდენიმე სტუმარი მოვიდა. მამა იოსებმა დამიძახა და მითხრა:

– მამა ხარლამპე, სტუმრები სიწმინდეების მოსალოცად წმინდა პავლეს მონასტერში წაიყვანე.

ძალიან დავმწუხრდი. მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მეზარებოდა. ვიფიქრე: „ეჰ, მამაო, მამაო, ეს რა გამიკეთე, მორჩა, დავკარგე კვირა დღე“.

მამა იოსების ყურადღებას ვერაფერი გამოეპარებოდა. ეს აზრი არც კი მომსვლოდა, რომ მითხრა:

– არ დამწუხრდე მამაო, დღეს ისეთი ლოცვა გექნება, რომ მთელი ცხოვრება გემახსოვრება.

ასეც მოხდა. წმინდა პავლეს მონასტერში მონასტრის სასტუმროში მომათავსეს. კარები დავხურე და 4 საათი ვილოცე. თვალებიდან მდინარესავით მოედინებოდა ცრემლები და ჩემი სული იმდენად დატკბა ღვთის სიყვარულით, იმდენად ჩავიძირე ლოცვაში, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემ.

აი, იმ დღეს მივხვდი, რომ მორჩილება ყველაფერს აღემატება და ყველაფერი მისით მოიპოვება.

ახლა, როდესაც ძალიან ხშირად ადმინისტრაციული მოვალეობები საშუალებას არ მაძლევენ, რომ კვირა დღეებში განვმარტოვდე, ჩემი სული შინაგანად ყვირის, აპროტესტებს და ქრისტესთან ყოფნა სწყურია. კიდევ უფრო მეტად, ვიდრე მწურვალე ირემს წყალი. მოთხოვნილებას ვგრძნობ, რომ მცირე დროით მაინც განვმარტოვდე, რომ ეს წყურვილი მოვიკლა.

ჩვენი მიზანი არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ ქრისტეს სამეფოს მემკვიდრეობაა და ამიტომაც, არა მხოლოდ სხვადასხვა სათნოებები, არამედ მოუკლებელი ლოცვაც მოვიხვეჭოთ. მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩავდოთ იმაში, რომ ლოცვა, – „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, მუდამ ჩვენს ბაგეებსა და გულში გვქონეს. როდესაც ამ ლოცვის მოუკლებლად წარმოთქმას მიეჩვევი, არც ჭამა მოგინდება, არც ძილი და არც სხვა რაიმეს კეთება. მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ლოცვისადმი მცირედი სიზარმაცე და დაუდევრობა, რომ გამოვავლინოთ მყისვე დავკარგავთ მას.

ამიტომაც, მონაზვნობას ხელოვნებათა ხელოვნებას უწოდებენ. მეკითხები არსებობს თუ არა სულიერ ცხოვრებაში გარკვეული ტაქტიკა? რა თქმა უნდა, არსებობს. ეს ხომ უმაღლესი ხელოვნებაა და მასწავლებლის გარეშე რას მიაღწევ? წაიკითხე წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის შრომები, – „სათნოებათმოყვარეობა“ და „მწირის გულახდილი საუბრები“. ყველანი გარკვეულ მეთოდზე, პრაქტიკაზე, ანუ გარკვეულ მეცნიერებაზე საუბრობენ. შენ ახლა პირველ კლასში ხარ. კიდევ ერთხელ შეგახსენებ პირველ გაკვეთილს. რადგანაც სახლში დაღლილი მიდიხარ, საღამოს ივახშმე, ღვთისმშობლის დაუჯდომელი წაიკითხე. შემდეგ სანამ ძილი არ მოგერევა იესოს ლოცვით ილოცე. რაც შეიძლება ადრე დაიძინე და კარგად დასვენებული, რაც შეიძლება ადრე ადექი. ზოგს 5 საათი ძილი ყოფნის, ზოგს 6, ზოგსაც 7. ეცადე შენი სხეულის მოთხოვნილებების შესაბამისად განსაზღვრო. გაღვიძებისთანავე დაიწყე იესოს ლოცვა და მუხლდრეკები. თუ დრო დაგრჩება სახარება, ფსალმუნები ან წმინდა მამები იკითხე. თუ ლოცვამ გაგიტაცა, მაშინ ყველანაირი საკითხავი მიატოვე და იქამდე ილოცე, სანამ სამსახურში წასვლის დრო არ მოვა. იქაც, რამდენადაც შესაძლებელია ჩურჩულით ილოცე და არ გაჩერდე, თუ მუშაობიდან გამომდინარე რამე აუცილებელი სათქმელი არ გაქვს.

როდესაც საშუალება გაგიჩნდება ჩამოდი ჩვენთან, გელოდებით. ეცადე აღასრულო, რაც მოგწერე და იმედი მაქვს, რომ შენს ახალ კითხვებს პირისპირ შეხვედრისას განვიხილავთ.

ამით ვასრულებ და ყველანაირ წარმატებას გისურვებ.

წერილი ნათესავს

კარეა 3/16.10.1978

ჩემო შვილო…

მივიღე შენი წერილი, რომლიდანაც ვიგებ, რომ ჯარში ხარ. ვლოცულობ ყოვლადკეთილი ღმერთისა და მისი ყოვლადწმიდა დედის წინაშე, რომ დაგიცვას ბოროტის მახეებისა და ბორიტი ადამიანებისგან.
რთულია იმ ადამიანისთვის ჯარში ყოფნა, ვისაც სურს, რომ კარგი ქრისტიანი იყოს და ამიტომაც, ძალიან ყურადღებით იყავი. ყველა გიყვარდეს, მაგრამ ადვილად არავის დაუმეგობრდე და ისიც მხოლოდ მაშინ, თუკი მიხვდები, რომ ამ ადამიანს ღვთის შიში აქვს.

მხოლოდ ღმერთს მიენდე, მასზე დაამყარე შენი იმედები და მხოლოდ მას თხოვე, რომ დაგიფაროს.

აიძულე გონებას, რომ შეძლებისდაგვარად მოუკლებლად წარმოთქვას ლოცვა:
„უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. მოუკლებლად წარმოთქმული ეს პატარა ლოცვა ადამიანს ყველაფერში ეხმარება და მის გულში ღმერთს მოიზიდავს. ამ შემთხვევაში, აღარ გაგიჭირდება სხვადასხვა განსაცდელის გადალახვა. როდესაც ლოცულობ მტკიცედ გწამდეს, რომ ქრისტე შენთანაა, ესმის შენი და გეხმარება.

განა არ შეგიძლია, რომ კარგი ქრისტიანი გახდე? რეგულარულად თქვა აღსარება და ხშირად ეზიარო? მანდ მარხვის დაცვის საშუალება გაქვთ? გაექეცი აზარტულ თამაშებს და ყველაფერს რაც შეიძლება ცოდვის მიზეზად გექცეს. მთელი გულით ვილოცებ შენთვის.

მწუხარებს შენს გამო ჩემი სული და ვტირი შენი დაუდევრობის გამო. რომ ცდილობ, სათნოეყო ამ სოფელს, მოდას აჰყვე და არ ზრუნავ იმაზე, რომ ღმერთს სათნოეყო.

იმ მცირედის გათვალისწინებით, რაც მოგწერე ბევრის მიღწევა შეგიძლია. ეცადე სათნოეყო ღმერთს და არა ადამიანებს.

გამიხარდება იმის გაგება, რომ უკეთესისკენ ცვლილებას ესწრაფვი.

საუკეთესო სურვილებით, მამობრივად გეამბორები.

ი. ხ

წყარო: https://azbyka.ru/

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©