1.

საუბრები გონიერ ლოცვაზე- არქიმანდრიტი ხარლამპე დიონისელი „იესოს ლოცვის ოსტატი“ (ნაწილი 1)

მონაზონი იოსებ დიონისელი

ყველა, ვინც ამ ნეტარხსენებულ ბერს ახლოს იცნობდა, ერთხმად მოწმობენ, რომ მას მოუკლებელი გონიერი ლოცვის ნიჭი ჰქონდა და ამიტომაც, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შემიძლია, რომ მას ამ კურთხეული საქმიანობის ოსტატი ვუწოდო.

მამა ხარლამპეს სწავლებებს არ ახასიათებს განსაკუთრებული გრანდიოზულობა, გამორჩეული სიტყვაკაზმულობა და მახვილგონივრული სიბრძნისმეტყველება.

მისი მარტივი და უბრალო სიტყვები მსმენელთა სულებს სიღრმისეულად ეხებოდა, მათ უჩნდებოდათ გამოსწორების სურვილი და მათში ღვივდებოდა ქრისტეს გაცნობის სურვილი.

მრავალ მასთან მისულს პირველივე შეხვედრიდანვე, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, მოუკლებელი ლოცვის ცეცხლი მიჰქონდა. ჩვენი ნეტარი მამა ამ თემებს, როგორც პირად საუბრებში, ასევე მონაზონთა კრებებზე მონასტრის შიგნით და მის გარეთაც ეხებოდა. საბედნიეროდ, მცირე რაოდენობით მაინცაა შემონახული აუდიოჩამწერზე მისი საუბრები, რომელსაც სულიერი შვილებისადმი მიწერილი წერილებიც დავურთეთ.

საუბარი პირველი

– მამაო, ყურადღებით გავეცანი „სათნოებათმოყვარეობაში“ შეკრებილ წმინდა მამათა ნაშრომებს გონიერი ლოცვის შესახებ და ვეცადე კიდეც, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განმეხორციელებინა. შემიძლია ვთქვა, რომ საკმაო სარგებელი კი მივიღე, მაგრამ იმ შედეგებს მაინც ვერ ვხედავ ჩემში, რაზეც ისინი საუბრობენ.

– რამდენი ხანია რაც იესოს ლოცვაში ვარჯიშობ?

– დაახლოებით ორი წელია.

– ორი წელი უკვე გარკვეული დროა. გყავს მოძღვარი, ვინც ლოცვას გასწავლის?

– მამაო, სწორედ ამ ლოცვის საკითხის გამო იძულებული გავხდი, რომ ორი მოძღვარი გამომეცვალა. სამწუხაროდ, ისინი არათუ არ მეხმარებოდნენ და მასწავლიდნენ, არამედ პირიქით, დიდ გაურკვევლობაში ჩამაგდეს კიდეც. მე ვეუბნებოდი მათ, რომ მოუკლებელი გონიერი ლოცვის სწავლა მინდოდა და ისინი მპასუხობდნენ: „ეს ჩვენთვის არაა, შვილო. ასეთ ლოცვას მხოლოდ წმინდანები აღწევდნენ და ისინი, ვინც მათ მიბაძვას ცდილობდა, ხიბლში ჩავარდნენ. ხომ იცი „მამაო ჩვენო“ და „მრწამსი“? – ხოდა საკმარისია. თუ მეტი ღვაწლი გინდა, მაშინ ძილის წინ ჟამნიდან წაიკითხე რამე“. აი, სულ ამას ვისმენდი. საბოლოოდ, ერთი მოძღვარი ვნახე, რომელმაც მითხრა: „შვილო, მეც ძალიან ბევრი წავიკითხე გონიერი ლოცვის შესახებ, თავადაც ვცდილობდი, რომ მელოცა და ღვთის წყალობით, რაღაც გამოვიდა კიდეც, მაგრამ გულწრფელი რომ ვიყო, არ მაქვს ნიჭი, რომ სხვას ვასწავლო. რა თქმა უნდა, ლოცვას არ აგიკრძალავ, ჩემი მხრიდან ეს ყველაზე დიდი დანაშაული იქნებოდა, მაგრამ თუ გსურს, რომ მოუკლებელი იესოს ლოცვის ამ კურთხეულ საქმიანობაში წარემატო, მაშინ ამ ღვაწლის მცოდნე მამები უნდა ნახო, რომ უცდომელად გიწინამძღვრონ და ამიტომ გირჩევ, რომ ათონის წმინდა მთაზე გაემგზავრო. და აი, პირველად ვარ ათონზეც. ერთმა მონაზონმა მირჩია, რომ თქვენთან მოვსულიყავი და გთხოვთ რომ დამეხმაროთ.

– შვილო, სამწუხაროდ, მეც იმედგაცრუებული ვარ ზოგიერთ მოძღვარში, ხშირად რომ მესმის ასეთი შეხედულებები. ღმერთმა აკურთხოს, შენი ბოლო მოძღვარი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ არ იცის როგორ ასწავლოს ლოცვა, არც მისკენ მსწრაფველებს უშლის ხელს.

შვილო, მან სწორად გითხრა. ხიბლში ის კი არაა, ვინც იესოს ლოცვაში შრომობს, არამედ ის, ვინც ამას არ აკეთებს და კიდევ უფრო უარესი, სხვებსაც უკრძალავს, რომ ამ კურთხეული საქმით დაკავდნენ.

ის ვინც თვლის, რომ არ სჭირდება მასწავლებელი, აუცილებლად ხიბლში აღმოჩნდება

რა თქმა უნდა, არსებობს ხიბლის მაგალითებიც. მეც ბევრი შემთხვევა ვიცი. მაგრამ რატომ ხდება ეს? იმიტომ, შვილო, რომ მათ არ ჰყავდათ მოძღვარი. ანუ ის ვინც თვლის, რომ არ სჭირდება მასწავლებელი, აუცილებლად ხიბლში აღმოჩნდება. ეს ყველაფერი ეგოიზმის მაჩვენებელია; ეგოისტი და გონიერი ლოცვა სავსებით ურთიერთსაპირისპირო ცნებებია.

ასეთი მოხიბლულები ათონზეც კი არიან. ზოგიერთი მათგანი მოდის კიდეც, მაგრამ არ გეგონოს, რომ აღსარების ჩაბარება ან რჩევის მიღება უნდათ. არა, მათ უნდათ, რომ დამიმტკიცონ, რომ „ღმერთშემოსილები“ არიან. ამასწინათ ერთი მეუბნება: „მამაო, გონიერი ლოცვა მოვიხვეჭე!“. „ეს ძალიან კარგი ამბავია შვილო, შენი მოძღვარი ვინ არის?“ – ვკითხე მე. როგორც კი ეს კითხვა დავუსვი საშინლად გაბრაზდა და კამათი დამიწყო: „მოძღვარიო? აქეთ გასწავლით თქვენ მოძღვრებს. მე ქრისტესთან მაქვს პირდაპირი ურთიერთობა და უქმნელ ნათელს ვხედავ…“ იმის გაგონება იყო, რომ ეს ყველაფერი დემონებისგანაა კიდევ უფრო გაცხარდა და წავიდა.

აი, შვილო, სწორედ ესაა ხიბლი. არის შემთხვევებიც, როდესაც თავიდან აქვთ რა სურვილი, რომ ლოცვა ისწავლონ გამოცდილ მონაზვნებთან მიდიან, მაგრამ თვითნებობის გამო ლოცვა ვერ მოიხვეჭეს. თვითნება და ლოცვა იგივეა, რაც დღე და ღამე. საკუთარი ნება ეგოიზმს ნიშნავს და შედეგად, ასეთი შინაგანი განწყობით ლოცვას როგორ ისწავლიან? სრულ კრახს განიცდიან ისინი. იმედგაცრუებაში ვარდებიან და ლოცვაში ვარჯიშს თავს ანებებენ და ისეთ დღეში ვარდებიან, რომ როგორც კი ვინმეს სკვნილით ხელში დაინახავენ შეპყრობილები ხდებიან, ეცემიან ასეთ ადამიანს, ხელიდან გლეჯენ სკვნილს და მოხიბლულს უწოდებენ. ხედავ, როგორ აწყობს ყველაფერს ეშმაკი? თავად მოხიბლული ლანძღავს იმას, ვინც ლოცულობს და ხიბლში მყოფს უწოდებს მას.

გონიერი ლოცვა საკუთარ გულში ქრისტეს მოხვეჭას ნიშნავს.

– დიახ, მამაო, თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად რთულია გონიერი ლოცვის სწავლა!

– იცი რას ნიშნავს გონიერი ლოცვა, შვილო? ეს საკუთარ გულში ქრისტეს მოხვეჭას ნიშნავს. ამ დროს, გამოუთქმელად გრძნობ მას და მისით ცოცხლობ. იხსნება შენი სულის თვალები და შენს შინაგან სამყაროში ცოცხალ ქრისტეს ხედავ და მისი სამეფოს ენითგამოუთქმელ ნეტარებას გრძნობ. გესმის?

– დიახ, მამაო, მწამს, რომ ასეცაა და რომ არ ვარ მე ამის ღირსი. საკმაოდ დიდი ძალისხმევა გავწიე და ბევრს ვშრომობდი, რომ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით გონება მომეკრიბა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვახერხებდი ამას. ლამის სასოწარკვეთილებამდე მივედი და ახლოს ვიყავი იმ მდგომარეობასთან, რომ ჩამეთვალა, რომ ეს ლოცვა მართლა არაა ჩვენთვის.

– ხომ გითხარი, რომ თუ ლოცვაში მხოლოდ წიგნების მიხედვით იშრომებ, წარმატებას არ ელოდო. მოძღვარია საჭირო. შენ სწრაფად გინდა დიდი შედეგის მიღწევა, ჯერ კიდევ ბევრი უნდა იშრომო და ახლა გეტყვი, რითიც დაიწყო.

დავიწყოთ…

პირველი ვარჯიში იმაში მდგომარეობს, რომ ლოცვა ხმამაღლა და გამოკვეთილად წარმოთქვა. ყურადღებით იყავი. როდესაც ლოცვას წარმოვთქვამთ, ეშმაკიც იქვეა და ჩვენს გონებაში ათასგვარი აზრი და ფანტაზია შემოაქვს. როდესაც დამწყები ლოცვის სიტყვებს გონებით წარმოთქვამს, ეშმაკი თავს ესხმის მას და გონებას უბნევს. მაგრამ თუკი ბაგეებით წარმოთქვამ იესოს ლოცვას, მაშინ მას გაუჭირდება, რომ სხვადასხვა აზრებისა და ოცნებების მეშვეობით გონება გაგიფანტოს.

ჩვენი გონება ხშირად შორდება ლოცვის სიტყვების არსს, მაგრამ ჩვენ სმენაც გვაქვს და ყურებს, ნებსით თუ უნებლიედ ესმის ჩვენს მიერ წარმოთქული სიტყვები. ჩვენს გონებას კი აქვს იმის უნარი, რომ ერთდროულად რამდენიმე მოვლენას ადევნოს თვალყური. აი, მე და შენ ვსაუბრობთ, მაგრამ ამავდროულად გარედან შემომავალი ხმებიც გვესმის. როგორც კი ლოცვას დაიწყებ, ეგრევე გამოჩნდება შენი ყოველდღიური ცხოვრებიდან ის გამოსახულებები და მოგონებები, რომლებიც შენში სმენისა და მხედველობის მეშვეობით ჩაიბეჭდნენ. განსაკუთრებით კი ჩვენს დროში, როდესაც მსოფლიო იმდენად გაირყვნა, რომ ადამიანი შინაგანად არა მხოლოდ ხედვისა და სმენის, არამედ ყველა ხუთი გრძნობის მეშვეობით იბილწება.

შენ ძალიან გინდა, რომ გონიერი ლოცვა მოიხვეჭო. იცი, რას ნიშნავს სუფთა ლოცვა? იცი, რას ნიშნავს გონებისა გულში ჩასვლა? რას ნიშნავს ჩვენს შიგნით ყოველგვარი სიბინძურის განადგურება და მხოლოდ ლოცვის სიტყვებზე ყურადღების გამახვილება?

გგონია ასე ადვილია ამ ჭუჭყისგან გათავისუფლება? შენი აზრით, რატომ დავტოვეთ ეს სოფელი ჩვენ მონაზვნებმა? ქრისტეს მადლით ერშიც მყარად ვიდექით, მაგრამ იმისათვის, რომ მლოცველის გონება განიწმინდოს მყუდროებაა აუცილებელი. არ შეიძლება, რომ ერთი კოვზით ვიღებდეთ და ვასუფთავებდეთ და მეორეთი ისევ იქ ვყრიდეთ. ღამე ლოცულობ, რომ ამოძირკვო შენი გულიდან ყოველგვარი სიბინძურე და დღისით კვლავ მას უბრუნდები. თუ მთელი დღე გულარხეინად მხოლოდ გართობაში გაატარე, აბა თუ შეძლებ, რომ ღამე შენგან ყველა ეს შთაბეჭდილება განაგდო და ერთხელ მაინც წარმოთქვა ეს ლოცვა სუფთად. ლოცვის არანაირი სურვილი არ გექნება.

ამრიგად, ვიწყებთ პირველ გაკვეთილს. მოგცემ სამასიან სკვნილს და ღამე ჩვენთან ერთად ილოცებ. ამ სამასიან სკვნილს იესოს ლოცვით: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ ცხრაჯერ შემოივლი, ხოლო ღვთისმშობლის ლოცვას „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე“ სამჯერ. წირვამდე ერთი საათით ადრე ჩემთან შემოდი და მომიყევი ყველაფერი.

– ბოდიში, მამაო, მაგრამ როგორ შევძლებ ამდენ ლოცვას?

– ვინ გითხრა, რომ ვერ შეძლებ? დაივიწყე, ისე გააკეთე, როგორც გითხარი და მერე ვნახოთ.

ყურადღების მოკრება ძალიან ეხმარება ლოცვას

აიძულე შენს გონებას, რომ ლოცვის სიტყვებს ჩაწვდეს. ეს არც ისე მარტივია. ყურადღების მოკრება ძალიან ეხმარება ლოცვას. ეცადე ღვთის შიშითა და კრძალვით ილოცო და არა მექანიკურად და ფორმალურად. ჩვენ თავად სამყაროს შემოქმედ ცოცხალ ღმერთს ვესაუბრებით და გვწამს, რომ ის ჩვენთანაა და ესმის ჩვენი. შვილო, ეს არაა მარტივი. თუ ლოცვისას ღვთის მადლით შენი სულის თვალები გაიხსნება, მაშინ შენს გულში ქრისტეს იხილავ.

ამასწინათ ერთი ბოშა მოვიდა. ეს ადამიანი მთელი ცხოვრება აქეთ-იქით დაეხეტება, მოწყალებას ითხოვს და მეც არ შემიძლია მისი გაგდება. ის ისეთი სიმდაბლით ითხოვს, რომ მზადაა, რომ ფეხებში ჩაგივარდეს. თან ხვდები, რომ თაღლითია და თან არ შეგიძლია, რომ გააგდო და არაფერი მისცე. თუ ის ასეთი გულშემუსვრილებით ითხოვს მატერიალურს, ჩვენ რამდენად უფრო მეტად უნდა დავმდაბლდეთ, როდესაც სულიერს ვითხოვთ? თუკი ადამიანს ეცოდება და იწყნარებს თავის ახლობელს, მაშინ წარმოგიდგენიათ, როგორ თანაგვიგრძნობს ჩვენი კეთილი ღმერთი, როდესაც მთელი გულით ვთხოვთ?

უკან არ დაიხიო და გულმოდგინედ, მოთმინებითა და საკუთარი თავის იძულებით ილოცე

რამდენადაც შეგიძლია, შვილო, კრძალვით აღსავსე, შენი გონებით დაემხე ამ ბოშის მსგავსად ქრისტეს წინაშე. კიდევ ერთი რამ დაიმახსოვრე. შენ ერიდან მოხვედი და საკუთარ თავში ამასოფლის სულს ატარებ და შენში დარჩენილ შთაბეჭდილებებსა და გამოსახულებებს, ეშმაკი კინოფირის მსგავსად გაუშვებს შენს გონებაში. მაგრამ შენ, უკან არ დაიხიო და გულმოდგინედ, მოთმინებითა და საკუთარი თავის იძულებით ილოცე. განაგდე ნებისმიერი წარმოსახვა, კარგიც და ცუდიც ეცადე, რომ მხოლოდ ლოცვის სიტყვებსა და მის არსს ჩაწვდე.

ეს შენი პირველი გაკვეთილია და ვნახოთ აბა, როგორ გაითავისე.

– მამაო, ამაღამ ვეცდები, როგორც მითხარით ისე მოვიქცე და ლოცვის შემდეგ კვლავ თქვენთან შემოვალ.

– ჰო, შვილო, ქრისტე შეგეწიოს.

ასე, ამგვარად, ეს ახალგაზრდა ადამიანი მცირედი დასვენებისა და წახემსების შემდეგ ერთ-ერთ კელიაში, ხელში სამასიან სკვნილთან ერთად განმარტოვდა და ღამისთევის ლოცვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ეგონა საკმაოდ გაუჭირდებოდა, მისი ენა ძრავასავით ამუშავდა და წარმოთქვამდა იესოს ლოცვას. ყველაზე მეტად გონებით ლოცვის სიტყვების არსში წვდომა გაუჭირდა. აი, სწორედ აქ მიდიოდა სისხლისმღვრელი ბრძოლა და ამ ბრძოლაშიც არ დააყოვნა უფალმა აშკარა შეწევნა და მის გულსაც შეეხო.

რაღაც დროის შემდეგ, თანდათანობით ენასა და ბაგეებზე რაღაც სიტკბოება იგრძნო, რომელიც კანფეტს სიტკბოს აგონებდა, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ ტკბილეულის სიტკბოება მალევე გადის, მაგრამ ამჯერად ის კი არ მცირდებოდა, არამედ იმდენად იზრდებოდა, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი დიდი მადლიერების განცდით მოუკლებლად, დიდი სიხარულით წარმოთქვამდა ლოცვის სიტყვებს.

მისი სული მოულოდნელად შეიძრა მადლიერებისა და დიდებისმეტყველების ცრემლებით. მამა ხარლამპესთან მისვლის დროც უკვე მოსულიყო. როდესაც მან ღვთის იმ წყალობის შესახებ გაიგო, რაც ამ ახალგაზრდამ მიიღო, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და უთხრა:

– გამაგრდი, შვილო. კიდევ წავიწევთ წინ.

ეს ახალგაზრდა ჩვენთან რამდენიმე დღით დარჩა, შემდეგ კვლავ ერში დაბრუნდა და მამა ხარლამპესთან წერილობით ურთიერთობას აგრძელებდა მანამ, სანამ ღვთის განგებულებამ მას მონაზვნური ანგელოზებრივი ცხოვრებისკენ არ მოუწოდა.

წყარო: https://azbyka.ru/

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •