W3A5643 scaled e1616351942325

სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი – გონებაში ქრისტეს დამკვიდრება

სამყაროში ადამიანად მოსულმა ღმერთმა ადამიანებს ორი უდიდესი სიკეთე მოუტანა: ღმრთაებრივი არსება ადამიანურთან შეაერთა რათა ადამიანი განღმრთობილიყო და ამ მადლით ღმერთქმნილ ადამიანში საიდუმლოებრივად ყოვლადწმინდა სამება დამკვიდრებულიყო.

როგორაა შესაძლებელი, რომ ამგვარ დიად ნიჭთა მფლობელი კვლავ სცოდავდეს? „ყოველი რომელი შობილ არს ღმრთისაგან, მან ცოდვაჲ არა ქმნეს, რამეთუ თესლი მისი მის თანა დადგრომილ არს. და ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად, რამეთუ ღმრთისა მიერ შობილ არს.“ (1 ინ. 3;9).

შეუძლებელია მუდმივად კეთილი ზრახვების და გულისსიტყვების ქონა, თუ გონებაში ქრისტე არ დამკვიდრდა, რაც არის სწორედ მოღვაწეობის უმთავრესი მიზანი. მთელი ჩვენი არსებით უნდა ვიმოღვაწეოთ, რომ ჩვენს გონებაში ქრისტე დამკვიდრდეს.

იოანე ღმრთისმეტყველი ბრძანებს: „ამისთჳს გამოცხადნა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი.“ (1 ინ. 3;8). ეშმაკის საქმეები კი ყოველი ცოდვაა: შური, სიცრუე, ცბიერება, სიძულვილი, მტრობა, ბოროტმეხსიერება, ცილისწამება, მრისხანება, მძვინვარება, სიამაყე, პატივმოყვარეობა, უმოწყალეობა, ქურდობა, მძარცველობა, უსამართლობა, ბოროტ-გარყვნილება, კამათის მოყვარეობა, ღმრთის დავიწყება და ყოველი სხვა ბოროტება. ამრიგად ყოველნი, ქრისტიანად წოდებულნი, და ეშმაკთა ამგვარ საქმეთა აღმასრულებელნი, რა სარგებელს ნახავენ, მხოლოდ იმით, რომ ქრისტიანად იწოდებიან? და ამავდროულად, მიუხედავად ქრისტეს მოვლინებისა, მათი ეშმაკისეული საქმეები არ შემუსვრილა. ხოლო მათ, რომლებიც ამბობენ, რომ ამგვარნი ხშირად წმინდა წერილსაც განმარტავენ და მართლმადიდებლურ დოგმატებსაც ასწავლიან, დაე იცოდნენ, რომ ქრისტიანობა სხვა რამეში მდგომარეობს, იოანე ღმრთისმეტყველი არ ამბობს, „ამისთვის გამოცხადდა ძე ღმრთისა, რათა ზოგიერთნი ღმრთისმეტყველებდნენ და მართლმადიდებლობდნენო“, არამედ „რათა ეშმაკის საქმენი დაირღვნენო“.

მთავარი ფოტო: ჯვართამაღლების ტაძრის პანტოკრატორი (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)