სიყვარული სხვისთვის თავის იმგვარად მიძღვნაა, რომ იგი შენით ცოცხლობდეს – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

ქორწინება უბრალო ხელშეკრულება არ გახლავთ. მას საეკლესიო საფუძველი გააჩნია, მნიშვნელოვანია და ცხოვრებისეული. ეკლესია კაცთაშორისი ერთსულოვანი ურთიერთობების ადგილია. აქ ვიღებთ ყველაზე მთავარს უფლის ლოცვა-კურთხევას სულიერი ძალების განსამტკიცებლად, ქორწინებისა და ყველა დანარჩენი საეკლესიო საიდუმლოების ჩასატარებლად, რომელიც ფორმალობა კი არა, ჭეშმარიტი მღვდელმსახურებაა და ამ დროს წარმოთქმული სიტყვებიც არსებითი და ჭეშმარიტია.

როცა პიროვნებაზე მღვდლად კურთხევის ხელდასხმას ატარებენ, ის აუცილებლად მღვდელი ხდება და ვერავინ ეტყვის: „მღვდლობას გისურვებ, თუმცა, ვინ იცის გახდები თუ არა!“-ო. ნათლობისას მღვდელი ამბობს: „ნათელს იღებს მონა ღმრთისა“-და ის უკვე ნათელღებულია, გაქრისტიანდა, მისი არსება დემონური ენერგიებისაგან თავისუფლდება, ძველ კაცს განიძარცვავს და ქრისტეს შეიმოსავს; გული საღმრთო მადლით აევსება და ქრისტეს უერთდება. ქორწინების დროსაც იგივე ხდება: სულიწმინდის მადლის მიღებით ორი ადამიანი ერთიანდება. მათ ეკლესიის საშუალებით ღმერთისგან მიიღეს რაღაც მათთვის ახალი, აქტიურად მომქმედი ძალა, ანუ ორივე მათგანში შემზადდება ამ საეკლისიო საიდუმლოების ამოქმედებისთვის აუცილებელი ნიადაგი.

 მახსოვს, ათონის წმინდა მთაზე, ახალ სკიტში როცა ვცხოვრობდით, რამდენიმე ებრაელი გვესტუმრა; სამნი, თუ ოთხნი იყვნენ. ერთ-ერთ მათგანში რაღაც განსაკუთრებული იგრძნობოდა. როცა ვინაობა გამოვკითხეთ, გვითხრა, რომ 27 წლისა იყო. დედამისი-კვიპროსელი მართლმადიდებელი ქრისტიანი ებრაელზე გათხოვილა; ახალშობილი ვაჟი თავის სარწმუნოებაზე მოუნათლავს, მაგრამ, მალევე გასცილებია ქმარს და ორი წლის ბავშვიც მიუტოვებია. მართალია, ამ ახალგაზრდას დედა არ ახსოვდა, მაგრამ იცოდა, რომ ის ქრისტიანი იყო და შვილიც მონათლა. ეხლა უკვე ებრაული წესებით ცხოვრობდა: ქრისტე არ სწამდა, სინაგოგაში დადიოდა, ბერძნული ენა არ იცოდა და ამის მიუხედავად, მასში მაინც იგრძნობოდა ნათლობისას მიღებული საღმრთო მადლი.

 ეს, ცოტა არ იყოს, პროფესიულ საიდუმლოს ჩამოჰგავს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ როგორც გამოცდილი პროფესიონალი პოლიციელისთვის არ არის ძნელი უდანაშაულო ადამიანი ქურდისა და მატყუარასაგან განარჩიოს, ისე ჩვენც მონაზვნებიც ვხვდებით ხოლმე და ამ ებრაელში აშკარად შევამჩნიეთ საღმრთო მადლის მოქმედება. მოკლედ, უკვე დამტკიცებულია და ეჭვგარეშეა, რომ  სულიწმინდის მადლი ჭეშმარიტად არსებობს, ზემოქმედებს და ადამიანის შეცვლა შეუძლია.

 ეკლესიასთან ცოცხალი კავშირის მქონე ადამიანები თითქოს სხვანაირ სულიერ ენერგიას ასხივებენ და მათში არ იგრძნობა სიყალბე. როცა ვინმე მოინდომებს, რომ ხალხს ეკლესიურად მოაჩვენოს თავი, სცენაზე მყოფი უნიჭო მსახიობივით შერცხვება. იმიტომ, რომ შეუძლებელია ეკლესიურობის დაჩემება და თავის მოჩვენება; მისი ყველა მოქმედებიდან სიყალბე გამოჟონავს. საღმრთო მადლი კი ნამდვილად არსებობს. ის არის ყველაფრისგან გამორჩეული, განსხვავებული, ჭეშმარიტად არსებული რეალობა, საღმრთო კავშირი, რომელიც ნამდვილად ეძლევა ადამიანს და მასთანვე თანაარსებობს.

 საეკლესიო საიდუმლოების შესრულებისას, მღვდელი ჯვრით ლოცავს გვირგვინებსა და ახალდაქორწინებულებს და ამით მიგვანიშნებს, რომ მათი კავშირი ღმრთის მადლზე და კურთხევაზეა დაფუძნებული და ჯვრის თვისებებს ატარებს. ადამიანები ავხორცობისა და ტკბობისათვის არ უნდა ქორწინდებოდნენ.

 კეთილი, შენ დაოჯახდები, იპოვი სასურველ მეუღლეს, რომელიც ყოველმხრივ, მათ შორის ხორციელადაც მიგიზიდავს, რაც სულაც არ არის ცუდი; ანუ ცოლად შეირთავ გოგონას, რომელიც ყოველმხრივ გიზიდავს, მათ შორის ხორციელადაც. ეს ნუ შეგაცბუნებთ, რადგან ცოლ-ქმრული კავშირი ამასაც გულისხმობს.

იქნებ უცნაურად და უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ თქვენს შორის აუცილებლად უნდა იყოს ლტოლვა. მაგრამ მარტო ამგვარი მიმზიდველობის ნიადაგზე დაფუძნებული კავშირი განწირულია, ანუ დროის გამოცდას ვერ გაუძლებს. მეუღლესთან სულიერი ერთობაც უნდა გქონდეთ, ხოლო ამის გარეშე, სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა. ხორციელ კავშირში არაფერია უჩვეულო, მარტო ეს არ კმარა, რადგან ნუგეში არ ახლავს. თქვენთვის სხვა დროსაც მითქვამს: მე ბედნიერი ვიქნებოდი, იგი ადამიანებს სულიერ თანხმობასა და ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევაში რომ ეხმარებოდეს. მაშინ აღარ იარსებებდა ამდენი ტანჯვა-წამება. მეუღლეები ბედნიერნი, მოსიყვარულენი და ერთსულოვანნი იქნებოდნენ, ოჯახები არ დაინგრეოდა, მაგრამ, სამწუხაროდ აშკარაა, რომ საქმე ასე არ მიდის.

 ქორწინება ღმრთის კურთხევაზე დაფუძნებული, ჯვრისმიერი კავშირია, სადაც იგულისხმება, რომ ადამიანი გაცნობიერებულად დგამს ამ ნაბიჯს. მზადაა თავის სისუსტეებს აჯობოს, დაძლიოს „ეგო“ და ამგვარი შეგნებით ააგოს მეუღლესთან ურთიერთობა. მან უნდა შესძლოს საკუთარ სისუსტეებზე ამაღლება, განწმენდა არა მარტო საკუთარი თავისა, არამედ მეუღლისაც და საერთოდ ოჯახური ურთიერთობისაც. თავი უარყოს და მეუღლეს მიუძღვნას. არ დაეპატრონოს და არ უფლებდეს მასზე. ზოგს სჩვევია ასეთი მუქარანარევი დაქადნება: „მაინც ჩემი გახდები!“ საღრთო თვალთახედვით კი ეს იგივეა, რაც საბერძნეთის დასამორჩილებლად აღძრული მეფის-არტაქსერქსეს ომები. ასეთი მუქარა აღმაშფოთებელია. რას ნიშნავს დამეუფლო, დამეპატრონო? თითქოს განადგურებას მიპირებდე! ღმერთი არ გვეუბნება, რომ ჩვენზე გაბატონება სურს. მან სიცოცხლე გვაჩუქა, საკვებად გვექცა, საღმრთო ხორცსა და სისხლს გვიძღვნის, რომ ვსვათ და ვჭამოთ. მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება აი, სიყვარული! აი, როგორ უნდა იქცე სხვისი სიცოცხლის წყაროდ. სწორედ ამგვარად მოიქცა ქრისტე: „ხოლო მე მოვედ, რაითა ცხოვრებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს“ (იოანე, 10:10). ქვეყნად იმისთვის მოვედი, რომ თქვენს საკვებად ვიქცე, რათა იცოცხლოთ. უბრალოდ კი არ იარსებოთ, არამედ სიუხვე და ბარაქა გქონდეთ“.

ეს არის სიყვარული. ეს არის ქრისტეს ჯვარი, ჯვარისმიერი კავშირი. მეორე ადამიანის მიმართ ასეთი კავშირი მაშინ ჩნდება, როცა პიროვნებას გაცნობიერებული აქვს რა ნიადაგზე დგას და რა მიმართულებით ააგოს ცოლ-ქმრული ურთიერთობა. მაშინ იმასაც იგრძნობს, რომ წმინდაა ეს ურთიერთობაც, მეუღლე და მისი სხეულიც და მათი შეუღლება შემთხვევითობა სულაც არ არის.

 ლიმასოლში, ბიომედიცინის ეთიკისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსულმა ერთმა მომხსენებელმა იმის შესახებ ისაუბრა, რომ ექიმი პაციენტს უნდა ექცეოდეს პატივისცემით, მორიდებით, როგორც რაღაც წმინდას და ამაში მისი სხეულიც იგულისხმება. არ შეიძლება ორმოცდაათი სტუდენტისა თუ პრაქტიკანტის თანდასწრებით, ავადმყოფს ზეწარი გადახადო და სხეული გაუშიშვლო. ექიმებმა პაციენტის პატივისცემა უნდა ისწავლონ და სხეულის მხოლოდ დაავადებული ნაწილი გაუშიშვლონ მას ხომ ერიდება, რცხვენია! თავად თუ მოეწონებოდა ამგვარად რომ მოჰქცეოდნენ? აბა, დედიშობილა დავაწვინოთ და მის სანახავად ხუთი-ექვსი მეზობელი მოვიწვიოთ! მოკლედ, ექიმმაც კი უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანი საკრალური არსებაა.

 დაკრძალვის პრაქტიკიდანაც მინდა მოგიყვეთ: მღვდელი რომ გარდაიცვლება (ეს რიგით ქრისტიანებსაც ეხებათ, მაგრამ ამჟამად მღვდლებზე ვასაუბრობ), მის სხეულს აუცილებლად მღვდლები შემოსავენ და დასამარხად ამზადებენ; სხვას არავის აქვს ამის უფლება. ასეთივე წესია მონაზვნების შემთხვევაშიც. „ევხოლოგიაში“ წერია, რომ დაუშვებელია მონაზვნის შიშველი სხეულის შეხება. მისი შემოსვა უნდა მოხდეს მოწიწებით, თანმიმდევრულად, წინასწარ დადგენილი მეთოდებით სრულად გაშიშვლება არ შეიძლება. განა იმიტომ, რომ შიშველი სხეული ცოდვილია? არა, ჩვენ ხომ ასეთი შეგვქმნა ღმერთმა! ჩვენი ვნებებია ბოროტი! სხეული ბოროტება არ არის: მას არა აქვს ზოგი ცოდვილი და ზოგი წმინდა ნაწილები, არამედ, ადამიანის სხეულის ყველა ნაწილი წმინდაა. ნათლობის დროს შევიმოსავთ ქრისტეს სხეულსა და სისხლს, ყოველი ნაწილი ინათლება და იწმინდება. ქრისტემ გამოავლინა სრული მორჩილება, ყველაფერი დაითმინა და მთელი სამყაროსთვის მოკვდა ჯვარზე. შიშვლად ჯვარცმული მისი სხეული ყოველი ჩვენგანისთვის იტანჯებოდა, მაგრამ ამის გამო არ რცხვენოდა. რიგით ადამიანსაც შეუძლია საკუთარ სხეულს ასე მოექცეს, მაგრამ სხვისას არა. ექიმიც კი მოკრძალებით უნდა მოეპყროს პაციენტის სხეულს, მათ შორის გარდაცვლილის გვამსაც.

 გარდაცვლილ მღვდელს სამღვდელო სამოსს აცმევენ. ჩვენც, მონაზვნებიც როცა ბერად აღვიკვეცეთ და აღთქმა დავდეთ, რომ სიკვდილამდე ქრისტესმიერი სიყვარულის ერთგულნი დავრჩებოდით, იმ მომენტში ნაცვამ სამოსს ვინახავთ და გარდაცვალების შემდეგ სწორედ მას ჩაგვაცმევენ.

გახსოვთ შვილებო, ჩვენი ბებიების მიერ გადანახული ტანსაცმელი? მოესწარით ასეთ ბებიებს? გახსოვთ რას ინახავდნენ? რას და საქორწინო კაბას! თეთრს კი არა, არამედ იმას, რომელსაც ქორწილის მეორე დღეს იცმევდნენ. მაშინ ხომ ზეიმი რამდენიმე დღე გრძელდებოდა. მაშინდელი ქორწილები დღევანდელს არ ჰგავდა. დღეს რა ხდება? ახალდქორწინებულები მიიღებენ ნაჩუქარი ფულით სავსე კონვერტს და მეორე დღიდან იწყება ტანჯვა: დასხდებიან მშობლები და ითვლიან ვინ რამდენი აჩუქათ.

 ახლახანს ერთი ოჯახი იმიტომ დაინგრა, რომ მეორე დღეს, ფულის დათვლისას ერთმა მხარემ თავი მოიწონა:

-ჩვენმა ნაცნობებმა უფრო მეტი გვაჩუქეს!

-არა, ჩვენების ნაჩუქარი სჭარბობდა! შეეკამათა მეორე მხარე.

დავა გაგრძელდა და ერთი კვირის მერე განქორწინებით დამთავრდა.

ადამიანები ინახავდნენ საქორწინო სამოსს, ანუ იმას, რაც მეორე დღეს ეცვათ და გარდაცვალებულნი იმით იმარხებოდნენ; საქორწინო გვირგვინებსაც კუბოში აყოლებდნენ. ქორწილი მათთვის იყო უაღრესად წმინდა მოვლენა და ამ რიტუალებით მის მიმართ სერიოზულ, საკრალურ დამოკიდებულებასა და ერთგულებას ადასტურებდნენ.

 მე ახლაც კარგად მახსოვს, თითქოს ვხედავ კიდეც ბებიაჩემს და მის დიდ კომოდს, რომელშიც თავისთვის სანუკვარ ნივთებს ინახავდა და იშვიათად ხსნიდა. ამ ნივთებიდან კეთილსურნელება იფრქვეოდა. ის ამ კომოდს ყოველთვის მოწიწებით აღებდა. როცა ძალიან მოხუცდა ჯვარი გადასახა, გახსნა, გამოიღო ლურჯი კაბა და გვითხრა:

-როცა მოვკვდები, ეს კაბა ჩამაცვით!

სათუთად შენახული კაბა კიდევ ერთხელ გადაიცვა, მოიზომა. მოიწვია მკერავი და ტანზე კარგად მოირგო. გვირგვინიც შეამოწმა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ამაზე ზრუნვით ოჯახი არ გაეწვალებინა.

-შვილებო, ნახეთ რა კარგი, რა ადამიანურია ასეთი ურთიერთობები!

 როცა ყველაფერი ღმრთის კურთხევას ემყარება, მაშინ ადამიანის საქმიანობაც და გარშემო მყოფთა მიმართ ურთიერთობებიც წარმატებით აეწყობა. მე ვფიქრობ ესაა ქორწინების საიდუმლოს მიმართ სწორი დამოკიდებულებაც და მტკიცე და ბედნიერი ოჯახის წინაპირობაც. მშობელთა და ფსიქოლოგთა რჩევებიც სასარგებლოა. მათ შეუძლიათ გვასწავლონ ფაქიზი ადამიანური ურთიერთობები: როგორ ვესაუბროთ მეუღლეს, როგორ ვუპასუხოთ მის ნათქვამს… სამწუხაროდ ჩვენს დროში გარდაუვალი გახდა ასეთი რჩევების აუცილებლობა. ტრაგიკული მდგომარეობაა: უნდა გადავიხადოთ ხუთასი ლირა, გავიაროთ ექვსთვიანი კურსი, რომ საკუთარ ცოლთან, თუ ქმართან სწორი ურთიერთობა ვისწავლოთ.

 მახსენდება ტაძარში მოსული ერთი ბებია. შემოვიდა და იკითხა:

-მღვდელი აქ არის?

-არა, არ გახლავთ!

-კიდევ მოვალ, აუცილებლად!

მის მშვიდ პასუხზე ყველას გაგვეღიმა. თანამედროვე ადამიანს კი ადამიანური ურთიერთობების შესასწავლად ექვსთვიანი კურსი სჭირდება. მას ემარჯვება ინტერნეტითა და ელ. ფოსტით სარგებლობა, სადაც უნდა, იქ წავა; რასაც მოისურვებს გაიგებს, მაგრამ ცოლთან და შვილებთან ურთიერთობა ეძნელება. ჯერ ცოლთან ლაპარაკი ისწავლე, ჩემო შვილო, ჯერ ცოლ-შვილს დაელაპარაკე, ჯერ ეს მარტივი რამ მოახერხე, ადამიანური ურთიერთობების ეს უადვილესი საქმე მოაგვარე და მერე გადადი ინტერნეტ ურთიერთობებზე. გიკრძალავს ვინმე? მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ვერც კი გავიგეთ როგორ დავკარგეთ ადამიანები. ამ აურზაურში, ამ გაწამაწიაში, რომელში ცხოვრებაც გვიწევს, ერთმანეთი და უმარტივესი ადამიანური ჩვევები დავკარგეთ!

 დილაადრიან სახლიდან გასულ და გვიან ღამეს დაბრუნებულ მშობელს შვილი უკვე დაძინებული ხვდება. როდის დააკვირდეს ბავშვის ზრდასა და ჩამოყალიბებას, შეიგრძნოს მასთან თანაარსებობა, როცა დილის შვიდ საათზე გასული ღამის რვაზე-ღა ბრუნდება; ამ დროს შვილს სძინავს, ან უკეთეს შემთხვევაში სავარძელში მჯდომი მშობელს თვალს შეავლებს და მალევე იძინებს. რატომ იკარგება ოჯახური ურთიერთობების შესაძლებლობა? იმიტომ, რომ საჭიროა მუშაობა, სამსახური, ფული. ეს ცუდი არ არის, მაგრამ სანამ ფულს, ორ მანქანასა და აქციებს შეიძენ საკუთარი შვილები გაგიუცხოვდებიან და მაშინღა მიხვდები, რომ ყველაზე მთავარი დაგიკარგავს! აჯობებდა ზემოთჩამოთვლილი მატერიალური სიკეთეების ნაცვლად ფაქიზი, სერიოზული და მნიშვნელოვანი ადამიანური თანაცხოვრება გქონოდათ; იქნებ ადამიანებად მაინც დავრჩენილიყავით, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანსა და ქრისტეს შორის ჩამოყალიბებულ სულიერ ურთიერთობაზე.

 საუბედუროდ ველურობა მარტო ჯუნგლებში მცხოვრებ ტომთა დამახასიათებელი თვისება არ არის (თუკი ასეთნი საერთოდ დარჩნენ სადმე), ის ჩვენი საზოგადოების თვისებაც გახდა. შვილებო, ეს ტრაგედიაა. ყველაზე სამწუხარო იმ მეუღლეებთან შეხვედრაა, რომელთაც საერთო უკვე აღარაფერი აქვთ. ამას ხშირად ვაწყდები. ასეთი პრობლემებით მოსულებს რომ ვეუბნები:

-კარგით რა, შვილებო, რატომაა პრობლემა ურთიერთობა!

ვერაფერს მპასუხობენ. ნებისმიერ წვრილმანზე მრისხანებენ. ბოლო არ უჩანს ამ ავადმყოფურ მდგომარეობას. დგახარ, აკვირდები და ვერ მიმხვდარხარ როგორ უშველო, სად დაადო სალბუნი, ან საერთოდ როგორ მოექცე!

 ეს ჩვენი მენტალიტეტის ნაყოფია, მას ვუხდით ხარკს, იმიტომ რომ ასე გავიზარდეთ. სამწუხაროდ ასე გვასწავლეს. ამაში ბრალი ეკლესიასაც მიუძღვის. პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, რადგან თავისი ჭეშმარიტების შესახებ სათანადოდ არ ელაპარაკებოდა და მხოლოდ მშრალი ინფორმაციის მიწოდებით კმაყოფილდებოდა. დავაშავეთ, იმიტომ რომ მთავარი დედაარსი დავკარგეთ.

წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •