bethesda

სულიერი განღვეულობისგან განკურნება – წმინდა ლუკა ყირიმელი

,,და არს იერუსალჱმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაჲ, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ ბეთეზდა, და ხუთ სტოვა იყო. ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთაჲ, ბრმები, მკელობლები, განჴმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმრღუევასა. რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღჳის წყალი იგი; და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა’’(ინ.5:2-4).

ვფიქრობ, რომ მთელი ჩვენი სამყარო და კაცობრიობა, ბეთეზდას ამ საბანელის მსგავსია: ებრაული სიტყვა ,,ბეთეზდა’’ ნიშნავს ,,მოწყალების სახლს’’. იქ მრავალი სნეული, კოჭლი და ბრმა იწვა.

ბეთეზდა ჩვენი სამყაროს სიმბოლოა. მსოფლიოშიც ხომ იმ ცხვართა საბანელის მსგავსად, უამრავი სულიერად სნეული, კოჭლი, დავრდომილი, ბრმა და განრღვეულია?

ო, თანაც რამდენნი არიან! უსასრულოდ მრავალნი! და თან როგორ სწყურიათ კურნება! მათთვის არსებობს სწორედ ,,ქრისტეს მოწყალების სახლი’’. შეუდარებლად მეტნი არიან სულიერად მძიმედ დაავადებულნი!

სულიერად რამდენი კოჭლი ადამიანი არსებობს, ძლივს რომ დადიან და სულიერი ცხოვრების გზაზე ხშირადაც უცდებათ ხოლმე ფეხი!

ო, რამდენი სულიერად ბრმა ადამიანი ცხოვრობს ამ სამყაროში! თითქოს განზრახ იბრმავებენ თავს, საკუთარი გულის თვალებს ხუჭავენ, რათა ქრისტეს ნათელი არ იხილონ!

თუ ადამიანურად უბედურად ითვლება ის, ვისაც ხელ-ფეხი არ აქვს, მაშინ მასზე განუზომლად უბედურია ის, ვისაც ყველაზე მთავარი რამ აკლია – წმინდა გული. არ არსებობს გულზე მნიშვნელოვანი ორგანო! თუ ის უწმინდურია და ცოდვის სიბილწითაა აღსავსე, მაშინ ის ქრისტეს ნათელს ვეღარ აღიქვამს.

განა ჩვენ შორის ცოტანი არიან ისეთნი, ვისაც გამხმარი, გამომშრალი სული აქვს? ასეთი სული თითქოს არასდროს მორწყულა ქრისტეს მადლის ცვრით. ამის შედეგად, მათი გული შრება იმ მიწასავით, რომელიც წვიმის წყლით არ დასველებულა.

როგორც  ვთქვით, ეს სამყარო ამ ცხვართა საბანელს ჰგავს, მის პირას მრავალი სულითა და სხეულით სნეულნი წვანან და მთელი არსებით კურნებას მოწყურებულნი წყლის ამღვრევას ელიან.

ღმერთის გულმოწყალება და მზრუნველობა მხოლოდ კაცობრიობის ისტორიულ მოვლენებში კი არ ვლინდება, არამედ უფრო მეტად ცალკეული ადამიანების ცხოვრებაში. თუმცა, გამოხსნას და კურნებას იღებენ მხოლოდ ისინი, ვინც მუდამ დიდი ყურადღებით ეძებენ ქრისტეს და მისი გულმოწყალების გათავისებისკენ მიისწრაფვიან.

როგორც ცხვართა საბანელთან მწოლიარენი მუდამ საკუთარ ტკივილზე იყვნენ კონცენტრირებულნი და დაძაბული ყურადღებით ელოდნენ წყლის ამღვრევას, ასევე ჩვენც, სულით სნეულნი, მუდამ კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ საკუთარ გულზე, რათა როგორმე არ გამოვტოვოთ ის წამები, როცა ჩვენი მფარველის – ქრისტეს მშვიდ ხმას შევიგრძნობთ, რომელიც სინანულის ცრემლის საბანელში განკურნებას შემოგვთავაზებს.

მხოლოდ საკუთარ გულზე მოუკლებლად მღვიძარე არ გამოტოვებს ქრისტეს წყალობის შეხების მომენტს და კურნებას მიიღებს.

ხოლო ისინი, ვინც აგვიანებენ, ვისი თვალებიც დამძიმებულია, გული კი – დახშული და საერთოდ არ სურთ ქრისტეს ხილვა, განუკურნებელნი რჩებიან მათ მსგავსად, ვინც ცხვრის საბანელში წყლის ამღვრევის შემდეგ საბანელში პირველი ჩასვლას ვერ ასწრებდა.

თქვენ ხედავთ, რომ ამ სახარებისეულ უწყებაში მოცემულია ამ სამყაროს სიმბოლო, ასევე მაგალითი და გზა იმისა, თუ როგორ მოვიპოვოთ ღმრთის წყალობა – როგორ უნდა ვჩქარობდეთ და მთელი ძალებით ვცდილობდეთ მადლის მოხვეჭას, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც მას ეძებს, აფასებს და ითავისებს.


მოწყალების კარი გაღებულია ყველასთვის, ვინც საკუთარი ცოდვის სიმძიმით შეძრწუნებული, თავ დახრის, გულში იცემს და ქრისტეს წინაშე შეინანებს.

მრავალმა თქვენგანმა შეინანა ახლახანს გასული დიდმარხვის ჟამს. მაგრამ განა შემიძლია მშვიდად ყოფნა? შემიძლია, თუ არა, რომ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ სრულად გამოიყენებთ იმ დიდ ძღვენს, რომელიც სინანულისა და ევქარისტიის საიდუმლოებებით გვეძლევა?

არა, არ შემიძლია და უნდა შეგახსენოთ ეკლესიის დიდი მასწავლებლის, წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები: ,,უღირსია მიტევებისა ის, ვინც ზიარების შემდეგ ისევ იმავე ცოდვებში ეფლობა; უღირსია ჯანმრთელობისა ის, ვინც განკურნების შემდეგ კვლავ საკუთარ თავს აზიანებს; უღირსია განწმენდისა ის, ვინც განწმენდის შემდეგ, კვლავ აბინძურებს საკუთარ თავს’’.

ასევე უნდა შეგახსენოთ კიდევ უფრო მძიმე სიტყვები, ამჯერად პეტრე მოციქულისა: ,,რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია. უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან. სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა’’(2.პეტ.2:20-22).

ამიტომაც, მოდით საკუთარ გულში დავიმარხოთ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს სიტყვები, რომლებიც მან განკურნებულ განრღვეულს უთხრა: ,,აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ’’.

30 აპრილი. 1950


წყარო: http://azbyka.ru

მთავარი ფოტო გადმოწერილია საიტიდან https://radiologos.ru