sawuto da maradiuli faseulobani 22

სულიერი წყურვილი და ცოცხალი წყალი – წმინდა ნიკოლოზ სერბი

,,სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?’’(ფს.41:2). ეს სიტყვები იმ ადამიანის გულიდან კი არ არის ამოხეთქილი, ვისაც არ მისცემია საშუალება ადამიანური სიბრძნით, ცოდნით, ფილოსოფიითა და ხელოვნებით დაერწყულებინა საკუთარი სული. არა; ამ სიტყვებს ტკივილით აღმოთქვამს მეფე, რომელიც უმდიდრესი იყო ამქვეყნიური სიმდიდრით, ფლობდა გენიალურ გონებას, განსაკუთრებულად ფაქიზ გულს და იყო დიდი ძალისა და ნებისყოფის პატრონი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მან შეიგრძნო, რომ მისი სულიერი წყურვილი არათუ არ დაკმაყოფილებულა, არამედ იმ დონემდე გაიზარდა, რომ მთელი ეს მატერიალური სამყარო ოდნავადაც ვერ დააცხრობდა. მან საკუთარი თავი აღიქვა ,,ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, და უგზოსა და ურწყულსა’’(ფს.62:2) და ამ მდგომარეობაში მყოფმა შეჰღაღადა ცოცხალ ღმერთს, როგორც უკდავების ერთადერთ წყაროს, რომელიც ესოდენ სასურველია გონიერი და გამოღვიძებული სულისთვის.

არ არის იმის დამტკიცება საჭირო, რომ მატერიალურ საკვებს არ შეუძლია ადამიანის სულის დანაყრება და არც მატერიალურ სასმელს მისი დარწყულება. სხეული მხოლოდ მატერიალურ საკვებს იღებს და ორივე, სხეულიც და საკვებიც მიწისგანაა. ამიტომაც, ამ სამყაროში ხორცი ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში. ხოლო სული იტანჯება, იწნეხება და აპროტესტებს, როცა ვერ იღებს იმ საკვებს, რომელიც ასე სჭირდება. ამიტომაც, ის ამ სამყაროში თავს უცხოდ გრძნობს.

ადამიანის სული ამ სამყაროში მშიერ მგზავრს ჰგავს, რომელიც უცხო ქვეყანაში მოხვედრილა, სადაც ბოლომდე არავის და არაფერს შეუძლია მისი დანაყრება და დარწყულება. სწორედ ეს არის მოწმობა იმისა, რომ ბუნებით ის უკვდავ სამყაროს ეკუთვნის და არა მატერიალურს. ადამიანის სულმა მთელი სამყარო წყალივით რომც დალიოს, მისი წყურვილი არათუ არ შემცირდება, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება.

ადამიანის სული მუდამ სიცოცხლეს მოწყურებულია და ჭეშმარიტი სიცოცხლის გარდა, არაფერს შეუძლია მისი დარწყულება. ასეთი სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს შემოქმედი ღმერთია. ,,სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა’’ – ეს სიტყვები საგალობელი კი არ არის, არამედ მშრალი ფაქტია. ამ სიტყვებს პოეტი კი არ ამბობს, არამედ უდაბურ, გაუვალ და უწყლო ადგილებში მოხეტიალე და წყურვილისგან გამოფიტული მგზავრი. ამას არც მგალობელი ამბობს, არამედ სამყაროს ისტორიაში ადამიანის სულის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მცოდნე და მკვლევარი.

ადამიანო, თუკი აზრად გაივლებ იმას, რომ ფიზიკური საკვები და სასმელი შენს სულს გამოკვებავენ და დაარწყულებენ, მაშინ ჩათვალე, რომ პირუტყვთა თანასწორი ხარ. თუ ამ საფეხურს გადააბიჯე და იმედი გაქვს, რომ ადამიანური სიბრძნე შეავსებს შენს სულს, მაშინ ნახევრად ბრმების საფეხურზე ხარ. როგორც პირველი აზრია უგუნური, ასევე მეორეზე მინდობაც უნაყოფო იქნება. მეორე გზა სხვა არაფერია თუ არა სხვისი წყურვილით საკუთარის დახშობის მცდელობა. თუ ამ საფეხურსაც გადააბიჯე და ისეთი გამოუთქმელი წყურვილი იგრძენი, რომელსაც მთელი სამყაროც კი ვერ დააკმაყოფილებს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უკვე გამოცდილ, თვალხილულ და ჭეშმარიტ ადამიანად იქეცი. მხოლოდ დავითისეული დაუოკებელი სულიერი წყურვილის საფეხურზე მდგარს შეგეძლება, რომ დღევანდელი სახარებისეული საკითხავის არსს ჩასწვდე.

,,ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსე’’. მეექვსე ჟამი აღმოსავლური დროის ათვლით შუა დღეა. ეს იმას ნიშნავს, რომ დამაშვრალი უფალი ადგილზე იმ დროს მივიდა, როცა ყველაზე მძლავრად აცხუნებდა მზე. ის ამ ყველაფერს ჩვენი ხსნისათვის აღასრულებდა და ბოლოს, სისხლის დათხევითა და ჯვარცმით დააგვირგვინა. რატომ არ მოგზაურობდა ღამის სიგრილეში? ღამე მისთვის ლოცვის ჟამი იყო. საერთოდ, ღამე არ არის მგზავრობის დრო. სიტყვაზე, ამ შემთხვევაში ქრისტეს ეს გზა ღამე რომ გაევლო, სახარებაში ერთი უმიშვნელოვანესი მოვლენით ნაკლები იქნებოდა და არც მსგავსი მაცხოვნებელი გამოცხადებითი სწავლება მოგვეცემოდა. ის მოგზაურობდა დღისით, თანაც ფეხით, ჯოჯოხეთურ სიცხეში, საკუთარ თავს აჭირვებდა და ადამიანურად წყურვილს განიცდიდა. თავისი მიწიერი ცხოვრების ყოველ წამს, დღესაც და ღამესაც, ჩვენი გადარჩენისთვის იყენებდა.

,,მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი’’. უფალი დამაშვრალიყო გზაზე სვლისაგან. აქედან გამომდინარე კი ცხადია, რომ მან ჭეშმარიტად მიიღო ადამიანური ბუნება და არა მოჩვენებითად, როგორც ამას ზოგიერთი ერეტიკოსი ასწავლიდა. როცა ადამიანებს თანაუგრძნობდა, იგი ცრემლს ღვრიდა, ხოლო ჯვარზე გაკრული ტკივილებისგენ იტანჯებოდა, შესაბამისად, მას საკვებისა და წყლის მოთხოვნილებაც უნდა ჰქონოდა. რა თქმა უნდა, თავისი საღმრთო ძალმოსილების გამოყენებით შეეძლო, რომ ეს ბუნებრივი მოთხოვნილებები განექარვებინა, თუმცა მაშინ როგორღა შევიცნობდით მას, როგორც ჭეშმარიტ ადამიანს? ყველაფერში როგორ დაგვემსგავებოდა და ძმებს როგორ გვიწოდებდა? როგორღა გვასწავლიდა ყოველგვარი ტკივილის მოთმინებით გადატანას? განა მის უკანასკნელ გამარჯვებას ექნებოდა ისეთივე ბრწყინვალება, ეს ტკივილები ნამდვილად რომ არ გადაეტანა და თანაც ძალიან დიდი საზომით? ვიღაც იკითხავს: განა მას, ვისაც პურის გამრავლება შეეძლო, წყალზე დადიოდა, როგორც ხმელეთზე, არ შეეძლო ერთი ძალმოსილი სიტყვით და თუნდაც აზრით, იქვე წყარო აღმოეცენებინა და წყურვილი დაეკმაყოფილებინა? რა თქმა უნდა, შეეძლო. ეს აღასრულა მოსემ უდაბნოში; ეკლესიის ისტორიის განმავლობაში მრავალმა წმინდამა აღასრულა ეს სასწაული მისი სახელით. მას როგორ არ შეეძლებოდა? შეეძლო, მაგრამ არ ინება. მას საკუთარი თავისთვის არც ერთი სასწაული არ აღუსრულებია. ყველაფერს ადამიანებისთვის აკეთებდა. მასში ეგოიზმის აჩრდილიც კი წარმოუდგენელია. როცა ყრმობისას ჰეროდეს მახვილს გაექცა ეგვიპტეში, ამასაც ადამიანებისთვის აკეთებდა, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი ჟამი. როცა აღასრულა თავისი საქმე, მაშინ კი აღარ გაქცევია სიკვდილს, არამედ ხელებგაშლილმა მიირქვა ის. ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ყოველი მოვლენა, მისი თითოეული ქმედება და სიტყვა უსასრულო სიბრძნისგან განუყოფელი უსასრულო კაცთმოყვარებით იყო განსჭვალული. ,,მასუ მე წყალი’’. შემოქმედი თხოვს თავის ქმნილებას. უკვე ოცი საუკუნეა, რაც ეს სიტყვები გაისმის ამ სამყაროში. ეს მხოლოდ სამარიტელ დედაკაცს კი არ უთხრა ქრისტემ, არამედ ქვეყნიერების აღსასრულამდე შობილ ყოველ ადამიანს. დღეს თითოეულ ჩვენგანს მოგვმართავს ქრისტე: ,,მასუ მე წყალი’’. ამას იმისთვის კი არ ამბობდა მხოლოდ, რომ წყალი სწყუროდა, არამედ იმისთვის, რომ მას ჩვენი კეთილი ნება და სიყვარული სწყურია. თავისი შეუდარებელი სიმდაბლიდან გამომდინარე, სამარიტელს როგორც ქმნილებას ისე კი არ სთხოვს წყალს, არამედ როგორც ადამიანი ადამიანს. ამით კიდევ ერთხელ გამოავლინა სიმდაბლე, დაამოწმა თავისი ადამიანური ბუნების ჭეშმარიტება და ბოლოს, გულმოწყალების მაგალითი მოგვცა. ადამიანს აქვს უფლება დახმარება ითხოვოს და ამასთან ერთად, მას აქვს ვალდებულება, რომ გამოავლინოს გულმოწყალება.

,,რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ’’. უფალი არა მარტო დაღლილი იყო და სწყუროდა, არამედ შიოდა კიდეც. კიდევ ერთი მტკიცებულება მისი ადამიანური ბუნების ჭეშმარიტებისა. იგი არ აღასრულებს სასწაულებს, თუ ის ჩვენი გამოხსნის საერთო საქმეს არ ემსახურება. მახარებელი ამბობს, რომ მოწაფეები საზრდელის მოსატანად წასულიყვნენ, რათა გაუგებარი არ ყოფილიყო, თუ რატომ სთხოვს დედაკაცს წყალს. მოციქულებიც იქ რომ ყოფილიყვნენ, მაშინ სამარიტელი უყურადღებოდ დარჩებოდა. რა თქმა უნდა, ღმრთის განგებულებით მოხდა ეს ყველაფერი. ამით უნდა ვისწავლოთ ის, რომ მტერიც რომ ვიხილოთ გასაჭირში, უნდა დავეხმაროთ. თუ ჩვენი სამშობლო სხვას ემტერება, ეს მტრობა იმ ხალხის თითოეულ ადამიანზე კი არ უნდა გადავიტანოთ, არამედ კონკრეტულ შემთხვევებში ნებისმიერ გაჭირვებულს უნდა დავეხმაროთ, მიუხედავად იმისა, ჩვენი თანამემამულეა ის თუ არა.

,,ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: ვითარ, შენ ჰურიაჲ ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ, სამარიტელისა დედაკაცისაგან? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა’’. სამარიტელი იმ დროში გაბატონებულ საყოველთაო ხედვას იზიარებდა, რომ არამხოლოდ მტერი სახელმწიფო უნდა გძულდეს, არამედ მასში მცხოვრები თითეული ადამიანიც. სამარიტელის შესახებ იგავში უფალმა ხაზგასმით წარმოაჩინა იუდეველთა სიძულვილი სამარიტელთა მიმართ, ხოლო ამ შემთხვევაში სამარიტელთა სიძულვილი ჩანს იუდეველთა მიმართ. იმისათვის, რომ ერებს შორის მტრობა გაანადგურო, ჯერ ადამიანთა შორის სიძულვილი უნდა განაქარვო. ეს არის ამ ყველაფრისგან მკურნალობის ერთადერთი გონივრული მეთოდი.

,,მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: „მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა“, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი’’. ,,ნიჭი ღმრთისაჲ’’ შეიძლება გავიგოთ როგორც სულიერი, ისე მატერიალური თვალსაზრისითაც. თუ მატერიალური კუთხით შევხედავთ, ნიჭში იგულისხმება ყველა ის ამქვეყნიური სიკეთე, რაც ღმერთმა თავისი უსაზღვრო მოწყალებით გვიბოძა. ამით უფალმა თითქოს უთხრა: ,,დედაკაცო, რომ გცოდნოდა, რომ ეს წყალი არც სამარიტელებს ეკუთვნით და არც იუდეველებს, არამედ ღმერთს და რომ იგი შემოქმედმა მხოლოდ სამარიტელებისთვის, ან მხოლოდ იუდეველებისთვის კი არ განსაზღვრა, არამედ ყველასთვის, მაშინ შენ კრძალვით მიიღებდი მას, როგორც ღმერთის საჩუქარს და მოწყურებულ ადამიანს, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, კიდევ უფრო დიდი კრძალვით დაარწყულებდი’’. მთელი ეს სამყარო არის ,,ნიჭი ღმრთისა’’. რაც შეეხება სულიერ თვალსაზრისს, სიტყვებში ,,ნიჭი ღმრთისაჲ’’ უნდა გულისხმავყოთ თავად უფალი იესუ ქრისტე. მოგვანიჭა რა მთელი ხილული სამყარო, კაცთმოყვარე უფალმა საკუთარი თავიც მოგვცა. უფალი სამარიტელს ეუბნება: ,,რომ იცოდე, დედაკაცო, რაოდენ აღმატებული ძღვენი მოანიჭა ღმერთმა მთელ კაცობრიობას გამონაკლისის გარეშე, შენი სული ათრთოლდებოდა, სიხარულისგან ატირდებოდი, გაკვირვებისგან გაშეშდებოდი და შენში მტრული განწყობის ნასახიც არ დარჩებოდა. სრულად რომ განგცხადებოდა ის დაფარული საიდუმლოება, თუ ვინ არის ის, ვინც გელაპარაკება და ვისშიც ერთ ჩვეულებრივ იუდეველს ხედავ, თავად სთხოვდი მას, რომ ცოცხალი წყალი მოეცა შენთვის’’. ცოცხალ წყალში ქრისტე სულიწმიდის ცხოველსმყოფელ და მადლმოსილ ძალას გულისხმობს. მან ხომ აღგვითქვა: ,, რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი. ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მიღებად იყო მორწმუნეთა მათ მისა მიმართ, რამეთუ არღა მოცემულ იყო სული წმიდაჲ, რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ’’(ინ.7:38-39).

დედაკაცმა ვერ გაიგო ვერაფერი და თითქოს შესჩივლა: ,,უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაჲ გაქუს შენ წყალი ცხოველი, ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი?’’

ერთი მხრივ, სამარიტელი დედაკაცის სიტყვებში მამამთავარი იაკობით სიამაყე ჩანს, ხოლო მეორე მხრივ – არამხოლოდ ეჭვი, არამედ თითქმის დაცინვაც კი უფლისა. არა ისეთი უხეში და აშკარა, როგორიც ეს იაიროსის ასულის აღდგინებისას იყო: ,,ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას’’(მთ.9:24) – მაგრამ მაინც, ეს იყო კარგად შენიღბული დაცინვა. თუმცა, ქრისტეს მტკიცედ გადაეწყვიტა ყოველი ადამიანის ცოდვისმიერი ხრწნილებისაგან გამოხსნა და ყველანაირი დაცინვის დათმენა. ის არ კიცხავს ამ დედაკაცს და მისი სულის გამოხსნას აგრძელებს.

,,მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა, ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ’’. ქრისტე არ პასუხობს ისე, როგორც ეს დედაკაცი მოელოდა. მას არ სურდა ესაუბრა იმაზე, რომ იაკობზე აღმატებულია. ქრისტე მას სულიერ და ცხოველსმყოფელ წყალზე ესაუბრებოდა, ხოლო  ამქვეყნიურ აზროვნებას დაჩვეულს დედაკაცს ეგონა, რომ საუბარი იყო ხილულ წყალზე, რომელიც ღმერთმა ხორციელი წყურვილის დასაკმაყოფილებლად მოგვცა. ქრისტე საუბრობდა საღმრთო მადლის ცხოველსმყოფელ წყალზე, რომელიც ადამიანის სულს არწყულებს და ჯერ კიდევ ხორცში მყოფს მარადიულ სიცოცხლეს განაცდევინებს. ღირსეულ ადამიანში დამკვიდრებული ცხოველსმყოფელი მადლი სიცოცხლის, არამიწიერი სიხარულისა და ძალის ამოუწურავ წყაროდ იქცევა.

,,ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაჲთა არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად’’. დედაკაცი კვლავ წყაროს წყალზე ფიქრობს. ყველაზე მეტი, მას ქრისტე ვიღაც ქურუმი ეგონა, რომელსაც სასწაულების აღსრულება შეეძლო. იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი ამ უგუნური აზრებისგან გაეთავისუფლებინა, ქრისტე მოულოდნელად სულ სხვა თემაზე გადადის:

,,ჰრქუა მას იესუ: წარვედ და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა. მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, ვითარმედ: არა მივის ქმარი, რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ’’. იმისათვის, რომ დედაკაცისთვის სულიერი აზროვნება ესწავლებინა, ქრისტემ ინება, რომ სასწაულები კი არ აღესრულებინა, არამედ საკუთარი თავი განეცხადებინა, როგორც დაფარულის მცოდნე და წინასწარმეტყველი, რაც სასწაულმოქმედებაზე მეტად შეძრავდა დედაკაცის გულს. მან იცის, რომ ქმარი არ ჰყავს, მაგრამ ქრისტეს მისი პასუხის მოსმენა უნდა და თავისი ყოვლისმხილველობით ამ დედაკაცს საკვირველი მოულოდნელობა განუმზადა. ,,ხუთ ქმარ გესხნეს’’ ეს სიტყვები უკვე საკმარისი იყო იმისათვის, რომ სამარიტელის გული შეძრწუნებულიყო, მაგრამ როცა ქრისტემ მისი დაფარული დანაშაული განაცხადა: ,,აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი’’, ეს მისთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი უნდა ყოფილიყო.

ქრისტიანო, არ გაკიცხო სამარიტელი! საკუთარ თავს ჰკითხე, ვინ არის შენი ქმარი? გყავდა თუ არა შენც ხუთი ქმარი? ვინც ეხლა გყავს, უკანონო ხომ არ არის? ქრისტიანის სულის სიძე – თავად ქრისტეა. თუ ამ გრძნობისმიერ სამყაროს მიჯაჭვულხარ და შენი ხუთი გრძნობის ორგანოს მიერ მრუშობ მასთან, მაშინ შენ, სულო, ჭეშმარიტად იმავე ცოდვისმიერ მდგომარეობაში ხარ, როგორშიც სამარიტელი დედაკაცი იმყოფებოდა. შეიძლება იმედი გაგუცრუვდა კიდეც ამ ხუთ ხორციელ გრძნობაში, მიხვდი, რომ გრძნობისმიერი სიტკბოებები ვერ განიჭებენ ბედნიერებას და სისავსეს და განშორდი მათ; თუმცა მეექვსე უკანონო ქმართან მაინც სამარცხვინო თანაცხოვრებაში იმყოფები. რა იგულისხმება მეექვსე უკანონო ქმარში? წინა ხუთის მემკვიდრე – ამქვეყნიური აზროვნება, ხორციელი განსჯა; თავის მხრივ ეს რას ნიშნავს? ეს არის ყოველგვარი სიბილწე და სიბინძურე, რომელიც შენში ამ ხორციელ გრძნობებთან ხანგრძლივი ურთიერთობისას დაგროვდა. რატომ? აბა, ჩაიხედე საკუთარ გულში და ნახავ, რომ იქ არაფერია იმ წარმოსახვების, შთაბეჭდილებებისა და მოგონებების გარდა, რომლებიც იმ ხუთ ქმართან – ხუთ გრძნობასთან თანაცხოვრებით დააგროვე. ქრისტესა და სამარიტელის შეხვედრა, არის საუბარი მუდამ ჩვენს ერთგულ ღმერთსა და მუდამ მოღალატე სულს შორის. ეს საუბარი შენც გეხება! ეს არის საუბარი ზეციური სიძისა თავის სასძლოსთან – ადამიანის სულთან. განა ვერ ხვდები, რომ სწორედ ამიტომ ახსენა ქმარი? მას ხომ სხვანაირადაც შეეძლო საუბრის წარმართვა და საკუთარი თავის წინასწარმეტყველად წარმოჩინება. მას ხომ შეეძლო სხვა საიდუმლოებები განეცხადებინა, ისინიც ხომ შეაძრწუნებდნენ ამ დედაკაცს? მაგრამ არა, მან მიზანიმართულად ახსენა ქმარი, რადგან ეს საუბარი შენც გეხება, ქრისტიანო და ყველას, ვინც ღმერთმა შექმნა და ვისაც შექმნის ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ეს კითხვა, ჰოი სულო, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია შენთვის. ვისზეც დაწინდულხარ, ისაა შენი ქმარი. თუ ამ სოფელზე დაიწინდე, მაშინ მასთან ერთად დაიღუპები. თუ ცოდვაზე დაიწინდე ცოდვაში მოკვდები. თუ დემონთან დაიწინდე, მასთან იქნები მარადისობაში. თუ ამ მდგომარეობათაგან რომელიმეში იმყოფები, შენ დღე და ღამ იმ წყალს სვამ, რომელიც შენს წყურვილს კიდევ უფრო აძლიერებს. თუ იესუ ქრისტეს აღიარებ შენს ერთადერთ კანონიერ სიძედ და სიყვარულითა და ცოცხალი რწმენით დაიწინდები მასზე საკუთარ გულში, მხოლოდ მაშინ მიიღებ ცოცხალ წყალს, რომლის შემსმელსაც აღარასოდეს მოსწყურდება და რომელიც მარადიული სიცოცხლისკენ მიედინება.

,,ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შენ.  მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ. ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა. თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს’’.

ქრისტე განზრახ ეხება სამარიტელის სულის სიმებს. დედაკაცი, რომელიც იქამდე მხოლოდ ამქვეყნიურად აზროვნებდა და ნარკოზის მდგომარეობაშ იმყოფებოდა, უეცრად სულიერ აზროვნებას იწყებს. პირველ რიგში, იგი ქრისტეს წინასწარმეტყველად აღიარებს. დასაწყისისთვის ესეც საკმარისია. ამის კვალდაკვალ მასში სულიერი საგნებისადმი ინტერესი სწრაფად იზრდება. ის იმ დროისთვის საკმაოდ აქტუალურ კითხვას სვამს: რომელია ღმრთისათვის უფრო სათნო, მისი სამარიის მთაზე თაყვანისცემა, თუ იერუსალიმში? ვინ არის ჭეშმარიტი მლოცველი: ის, ვინც აქ ლოცულობს, თუ ის, ვინც იერუსალიმში? დედაკაცი ამბობს: ,,მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს’’. არ ამბობს ,,ჩვენ’’, არამედ ,,მამანი ჩუენნი’’, რათა ამით ამ მთას უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს და მეტად დამაჯერებლად გაამართლოს მისი თანამედროვე სამარიტელები. მას თითქოს უნდა თქვას, რომ ჩვენ კი არ აგვირჩევია ეს მთა თაყვანისცემის ადგილად, არამედ ჩვენმა მამებმა, რომლებიც ღმერთთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე ჩვენო. როგორც უწინ, აქაც არ პასუხობს მის კითხვაზე არც ჰოს და არც არას. ქრისტე მისი სულის გაღვიძებას და კიდევ უფრო ამაღლებას აგრძელებს: ,,დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა’’. უფალი განზრახ იყენებს ,,ღმერთის’’ ნაცვლად სიტყვას – მამა. ამით მას სურს, რომ სამარიტელმა ღმერთის შეიცნოს, როგორც მამა, რაც მისთვის ახალი ცნება უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ახალ გაგებას, ახლებური თაყვანისცემის სახე უნდა მოჰყოლოდა, კერძოდ კი ის, რომ მამის თაყვანისცემა ადგილზე არ იქნებოდა დამოკიდებული. უფალი თითქოს იუდეველთა უპირატესობაზე ეუბნება: თქვენ თითქოს აბრაამისა და იაკობის ღმერთს სცემთ თაყვანს, მაგრამ ამავდროულად მრავალ ასირიულ და ბაბილონურ კერპებსაც ეთაყვანებით. იუდეველებმა ერთი ღმერთის შესახებ მაინც იციან, მიუხედავად იმისა, რომ მას თქვენსავით გაქვავებული გულით, დაბნელებული გონებითა და მკვდარი ჩვეულებებით ‘’ემსახურებიან’’. ,,ცხორებაჲ ჰურიათაგან არს’’ – ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ სამყაროს მხსნელი მესია იუდეველთაგან უნდა გამოსულიყო. ასე იყო აღთქმული მამათათვის, წინასწარუწყებული წინასწარმეტყველთაგან და განმზადებული საღმრთო განგებულების მიერ.

,,არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა. სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ’’.

სამარიტელთა თაყვანისცემა ცრუ იყო, რადგან არ იცოდნენ, თუ ვის ემსახურებოდნენ. რაც შეეხებათ იუდეველებს, იერუსალიმისეული მსახურება მხოლოდ და მხოლოდ ხატია ჭეშმარიტი ღმრთისმსახურებისა და ღმრთისთაყვანისცემისა. როგორც პავლე მოციქული ამბობს: ,,აჩრდილი აქუნდა შჯულსა მერმეთა მათ კეთილთაჲ’’(ებრ.10:1). სიცრუე და აჩრდილი მალე განქარდებიან და აღმოცენდება ჭეშმარიტი ღმრთისთაყვანისცემა. იშვა მზე ახალი დღისა, რომელიც უფრო და უფრო იზრდება და წყვდიადს ფანტავს. დადგება სავსება ჟამთა, ახლა ჯერ მხოლოდ დილაა. როცა ახალი დღის ნათელი თავის სრულ სისავსეს შეიძენს, მაშინ შეიცნობენ ადამიანები ღმერთს როგორც მამას და თაყვანს სცემენ მას არა როგორც მონები, არამედ როგორც შვილნი, არა მკვდარი სიტყვებითა და მსხვერპლით, არამედ სულითა და ჭეშმარიტებით, სულითა და ხორცით, რწმენითა და საქმით, სიბრძნითა და სიყვარულით. სრული ადამიანი თაყვანს სცემს სრულ ღმერთს. შედგება რა სულისა და ხორცისაგან, ადამიანი ერთსაც და მეორესაც ზეციურ მამას მიუძღვნის და ორივეს მიერ ემსახურება მას. ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი ქმნილებას კი არ განუკუთვნებენ თაყვანისცემას, არმაედ შემოქმედს, არა ღმერთებად წოდებულ ბოროტ სულებს, არამედ  ყოვლადმოწყალე მამას. სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს იგი. ღმერთი სულია და არა ხორცი, ან კერპი, ან მკვდარი ასო, ან რომელიმე ადგილი. ადამიანი უკვდავ ღმერთთან სასაუბროდ უკვდავი სულით უნდა წარსდგეს. ძველი მსოფლიო კანონისმიერი ფორმალობით ემსახურებოდა ღმერთს, ვერძებსა და კუროებს სწირავდა, შაბათს იცავდა, რჯულის ყოველ მითითებას ზედმიწევნით აღასრულებდა, მაგრამ მოწყალება და სიყვარული დაივიწყა. ,,გთნდეს მსხუერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი; მაშინ შეწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი’’(ფს.50:19) – ამ სიტყვებს კითხულობდნენ მაგრამ არც მათი არსი ესმოდათ და არც აღასრულებდნენ.

საძაგელია ღმრთის წინაშე დაბნელებული სულისა და გაქვავებული გულის მქონე ადამიანებისგან მსხვერპლის მიღება. ოდესღაც მისთვის ეს სიმყრალე კი არა, კეთილსურნელება იყო, რადგან შემწირველნი ნოე, აბრაამი, ისააკი, იაკობი და მოსე იყვნენ. კეთილსურნელების წყარო შეწირული მსხვერპლის სისხლი და ხორცი კი არ იყო, არამედ ზეციური მამის ერთგულთა ღმრთისმოშიში სული და ღმრთისმოყვარე გული. მოგვიანებით, როცა შემწირველთა გული გაქვავდა, გაქრა კეთილსურნელებაც, რადგან ღმერთს სისხლი და ხორცი კი არ სჭირდება, არამედ ადამიანის სულისა და გულის კეთილსურნელება.

მხოლოდ იუდეველებსა და სამარიტელებს კი არ ეძლევათ ცოცხალი წყალი, არამედ ქრისტე მას აძლევს ყველას, ვინც ამასოფლის უდაბნოში სულიერ წყურვილს განიცდის. ერთხელ, იერუსალიმში მყოფმა ჩვენმა უფალმა, იესუ ქრისტემ ღაღად-ყო თქვა: ,,უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ’’(ინ.7:37). ნახეთ, როგორ წერია? – ,,ღაღატ-ყო და თქუა’’. მწყემსი კეთილი კი არ ჩურჩულებს, არამედ თავის სამწყსოს წყაროსკენ დიდი ხმით მოუწოდებს. კაცთმოყვარე მეგზური ამასოფლის გავარვარებულ უდაბნოში დგას და წყურვილით გამოფიტულ ყოველ მგზავრს მოუწოდებს. ნეტარია ის, ვინც მის ხმას გაიგებს და რწმენით მიეახლება მას! ქრისტე არც მის სასაუბრო ენას მოიკითხავს, არც ეროვნებას, არც ასაკს, არაფერს, მხოლოდ ცოცხალ წყალს მისცემს, განამტკიცებს, განაახლებს, გააცოცხლებს, იშვილებს, ამასოფლის ცეცხლოვანი ქურიდან ამოიყვანს და სამოთხის სანახებში დაამკვიდრებს. ჰოი, საღმრთო სასმისო, რაოდენ სასწაულმოქმედი ხარ! ჰოი, უტკბილესო მაცხოვარო, გრილი წყლის წყაროვ, რაოდენ უხვი, ანკარა და ცხოველსმყოფელი ხარ! ჰოი სულო წმიდაო ნუგეშინისმცემელო, მიზიდე უფალ იესუსკენ იმ ადამიანთა სულები, რომელბსაც უკვდავი სიცოცხლე სწყურიათ და რომლებიც წყურვილისაგან ღაღადებენ: ,,სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა!’’. უფალსა ჩვენსა, იესუ ქრისტეს შვენის პატივი და დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ – სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


წყარო: https://pravoslavie.ru

ილუსტრაციის ავტორი დავით პოპიაშვილი.

X