FW3A1856

სწავლება უფლის განცხადების შესახებ – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ: მაგისი ისმინეთ (მათ. 3;17; 17;5).

ეს გახლდათ ხმა, მარადიული მამა ღმერთისა,  მიმართული ადამიანებისადმი, მარადიული ძე ღმერთის შესახებ, რომელიც მამის ნებითა და სულიწმინდის მოქმედებით,   ქალწულისაგან განკაცდა და კაცობრიობა  იხსნა წარწყმედისაგან.  ძმებო! გამოვავლინოთ მორჩილება ძე ღმერთის მიმართ ისე, როგორც ეს უფალს ნებავს, დაე, ღმრთაებრივი წყალობა გადმოსულიყოს ჩვენზე.

ოდესმე, შეიძლება ვთქვათ: “მე ვისურვებდი ძე ღმერთის მორჩილებაში ყოფნას, მაგრამ როგორ აღვასრულო ეს, როდესაც ორი ათასმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც  ჩვენი უფალი, იესუ ქრისტე, ხორციელად იმყოფებოდა დედამიწაზე და ქადაგებდა თავის ყოვლადწმინდა სწავლებას?”

მიღწევა იმისა, რომ გამუდმებით ქრისტესთან ვიმყოფებოდეთ, გამუდმებით გვესმოდეს მისი უტკბესი ხმა, ვიკვებოთ მისი ცხოველმყოფელი სწავლებით, – ფრიად შესაძლებელია: უფალი იესუ ქრისტე, დღესაც ჩვენთან მყოფობს, ის თავის წმინდა სახარებაში მკვიდრობს, თანამყოფობს ჩვენთან ეკლესიის საიდუმლოებათა მეშვეობით, მკვიდრობს თავისი ყველგანმყოფობითა და ყოვლისმპყრობელობით,  თანამყოფობს სრული სისავსით, ვითარცა შვენის შემოუზღუდავ, ყოვლადსრულყოფილ ღმერთს. თავის თანაყოფობას უფალი, ნათლად ადასტურებს ცოდვის ტყვეობისაგან სულთა განთავისუფლებით, სულიწმინდის ნიჭთა ბოძებითა და უამრავი ნიშნითა თუ სასწაულით.

ღმერთთან მიახლებისა და  მასთან ყოვლადნეტარ ერთობაში მარადიულად  მყოფობის მსურველებმა, ეს წმინდა საქმე, ღმრთის სიტყვის გამოწვლილვით შესწავლით უნდა დაიწყონ,  უნდა დაიწყონ სახარების შესწავლით, რომელშიც იდუმლად მყოფობს ქრისტე, საიდანაც ლაპარაკობს და მოქმედებს ქრისტე. სახარების სიტყვანი – სულ არიან და ცხორება (იოან. 6:63). ისინი ხორციელ ადამიანს, სულიერად გარდაქმნიან და აცოცხლებენ ცოდვითა და ამქვეყნიური საზრუნავებით მოკვდინებულ სულს. სული ესე და ცხორება:   ინახავენ სულიწმინდის დიად სიტყვებს და ისინი ხდება აღქმადი შენი გონების მიერ, რომელიც მიწასაა მიჯაჭვული; სულიწმინდის სიტყვებს ისინი ინახავენ ისე, რომ საშინელი ღმრთაებრივი ძალმოსილებით წარმოთქმული სიტყვანი, განიმარტოს მარტივად და ისე წარუდგეს შენს მკვდარ სულს, გულსა და გონებას. სულიწმინდის მიერ გადმოცემული სიტყვა, მხოლოდ სულიწმინდის მიერვე განიმარტება.

მათ, ვისაც გსურთ ღმერთთან მიახლება და მისი ღმრთაებრივი სწავლების  მოსმენა, მისით გაცოცხლება და გადარჩენა, შეუდექით საქმეს, წარდექით უფლის წინაშე უდიდესი კეთილკრძალულებითა და უწმინდესი შიშით, ვითარცა მისი ნათელნი ანგელოზნი, ქერუბიმნი და სერაფიმნი. თქვენი თავმდაბლობით ცად აქციეთ მიწა, რომელზეც დგახართ და უფალი  თავისი წმინდა სახარებიდან დაგელაპარაკებათ, როგორც თავის საყვარელ მოწაფეებს! ხოლო წმიდა მამები, რომლებმაც წმინდა სახარება სულიწმიდის ნიჭის მიხედვით განმარტეს, დაე იქცნენ სახელმძღვანელოდ თქვენთვის, წმინდა სახარების ზუსტად და შეუცდომლად გასაგებად. დამღუპველია სახარებასთან, მასში მცხოვრებ იესუ ქრისტესთან, შესაბამისი კეთილკრძალულების გარეშე, კადნიერებითა და თავდაჯერებით მიახლება. უფალი შეიწყნარებს მხოლოდ თავმდაბალთ, მათ, ვისაც გათვითცნობიერებული აქვთ თავიანთი ცოდვილობა, არარაობა და სინანულში მყოფობენ, ამპარტავანთ კი განეშორება. უფლის მიერ კადნიერი მაცდურისაგან სახის არიდება – ასე ვუწოდებ არაკეთილკრძალულ, ქარაფშუტა და გულგრილ მსმენელს, – საუკუნო სიკვდილს უქადის მაცდურს. ღვთივშთაგონებულმა მხცოვანმა სვიმეონმა, განსხეულებული სიტყვა-ღმერთის შესახებ ღაღად-ყო : “აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაილსა შორის და სასწაულად სიტყვის-საგებელად” (ლუკ. 2:34).  სიტყვა უფლისა – ლოდია, უსაზღვრო სიდიდისა და სიმძიმის ლოდი, – და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი (მათ. 21:44).

ძმებო, გავხდეთ კეთილკრძალულნი და შემოქმედებითნი მსმენელნი ღვთის სიტყვისა! გამოვავლინოთ მორჩილება ზეციერი მამისადმი, რომელმაც დღეს წმინდა სახარებიდან ხმა ჰყო თავისი ყოვლადწმინდა სიტყვის შესახებ: “ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ: მაგისი ისმინეთ” (მათ. 17;5). მოვუსმინოთ მას! მოვუსმინოთ მას! და წყალობა ზეციერი მამისა  საუკუნოდ დაივანებს ჩვენზედ. ამინ!


წყარო: ეპისკოპოს ეგნატე (ბრიანჩანინოვის) ნაწარმოები / მე-2 გამოცემა., გასწ. და დამატ. სანქტ-პეტერბურგი.: წიგნის გამყიდველის ი.ლ. ტუზოვის გამოცემა, 1886. ტ. 4: ასკეტური ქადაგება და წერილები ერისკაცებს. გვ. 6-8