000 4653

უფლისა და მოყვასის სიყვარული – არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი

უფლისადმი სიყვარული, განუყოფელია მოყვასის სიყვარულისაგან. თუკი ადამიანი ფიქრობს, რომ რეალურად არსებობს ორი სიყვარული, მაშინ, ამ მცნებათა მისეული გააზრება, უდავოდ მცდარი იქნება და ის მათ არასწორად აღმსრულებლად იქცევა. სიყვარული ერთია, და ის  მიემართება უფალს, რომელიც აღავსებს ქმნილ სამყაროს და უპირველესად კი, ადამიანურ ბუნებას, რამეთუ, ადამიანთა ხატებაში იხილვება უფალი. არ არსებობს ადამიანი, რომელიც სრულიად იყოს მოკლებული სულიწმინდის მადლს, მით უმეტეს, თუკი ის ქრისტიანი და სულიწმინდის მადლით ნათელღებულ-მირონცხებულია. ამიტომაც, მაშინ, როდესაც ჩვენ ვხდებით უუნარონი,  გამოვხატოთ ან საქმით გამოვავლინოთ სიყვარული ადამიანების მიმართ, ეს ადასტურებს, რომ ჩვენ ღმერთიც არ გვიყვარს [2, 211].

შესაძლოა, უფლისადმი სიყვარულით აღვასრულებდე მუხლდრეკებს, ვმარხულობდე, ვლოცულობდე, ვითმენდე განსაცდელებს, მაგრამ რეალურად, ეს იყოს არა საღვთო მოშურნეობა, არამედ ეგოიზმი, საკუთარი “მეს” პედესტალზე აყვანა, კერპისთვის მსხვერპლის შეწირვა და მისთვის საკმევლის კმევა, რაც საკუთარი თავის გაღმერთებას უფრო ჰგავს, ვიდრე ჭეშმარიტი ღმრთის მსახურებას. უფლისადმი სიყვარულზე მსჯელობისას, წმინდა მამები, მუდამ მოიაზრებენ სიყვარულს ადამიანების მიმართ. ამიტომაც, როდესაც პავლე მოციქული ერთი სიყვარულის შესახებ საუბრობს, არ აკონკრეტებს უფლისადმია ის, თუ ადამიანისადმი. მე შენთან ყოფნა მიმძიმს? მაშინ ხომ სასაცილოა იმის თქმა, რომ მე მიყვარს უფალი! ადამიანი, რომელსაც სულ მცირედით მაინც უყვარს უფალი, ხდება სულით მდუღარე,  სწვდება ცას და წყვეტს არსებობას ყოველივე ამასოფლიურისა და ხრწნილისათვის, მაშინ ის ვეღარ შეძლებს დაუპირისპირდეს უფლის ხატად შექმნილს, რათა ამით, ამ ხატზე უსაზღვროდ შეყვარებული უფალი არ დაამწუროს. შეუძლებელია გიყვარდეს უხილავი ღმერთი და უარყოფდე ღმერთს ხულულს. ხილული, ყოველთვის უფრო საგრძნობია და ამიტომაც,   ადამიანი ღმერთმა შექმნა ხატად თავისა, რათა ამით, ყოველდღე გვქონოდა  მისი  ცოცხალი მყოფობის  განცდა ჩვენთან. ამგვარად,  უფლისადმი ჩვენი სიყვარულის დასტურად,  ჩვენი მოყვასის მიმართ სიყვარული გვევლინება. მოყვასი კი, ეს თითოეული ადამიანია და სულერთია, ახლოს იმყოფება იგი თუ შორს. უფლისადმი სიყვარული, ეს არის გრძნობა, რომელიც ნანატრ გამოცდილებად უნდა იქცეს ჩვენთვის, ეს არის  დაძაბული მოლოდინი ჩვენი გულისა, წყურვილი, რომლის დაკმაყოფილებაც უფალთან ურთიერთობით არის შესაძლებელი, ეს არის სურვილი, რომლის აღსრულებაც უფლის სიღრმისეული შემეცნებით არის შესაძლებელი და რომელსაც ჭეშმარიტი სიყვარულისაკენ მივყავართ. უფლისადმი სიყვარულს უამრავი საფეხური აქვს, მაგრამ, მათ შორის ყველაზე მაღალი საფეხური, ადამიანის ბიოლოგიურ სიმაღლესაც კი ვერ მიაღწევს, თუკი ჩვენ სიყვარულს არავითარი კავშირი არ ექნება მოყვასთან. თუკი ჩვენ ვხედავთ  მოყვასში უფალს და გვიყვარს იგი, მაშინ ზეციდან გავიგონებთ ამ სიყვარულის ექოს [2, 212–213]. შევიყვაროთ უფალი,  ჩვენს უღმერთო და დამდაბლებულ გულში საიდუმლოდ დაყუდებით, კელიაში, დახშულ საკანში განმარტოებით (მთ. 6, 6). მხოლოდ ასე შევძლებთ შევინარჩუნოთ უფლის სიყვარული, რამეთუ გულს გარეთ იგი უსუსური ხდება. ძლევამოსილ სიყვარულს შეუძლია  მართოს მსოფლიო  და ზეცად აღამაღლოს იგი. მაგრამ, თუკი შენ მას გამოააშკარავებ, ის დაკარგავს თავის ძალას. გავუფრთილდეთ ჩვენ გულებში არსებულ სიყვარულს, უფლისადმი სიყვარული კი უპირველესად საქმეში გამოვავლინოთ [2, 239].

ბედნიერია ის, ვისაც ერთ ლოყაში ჰკრავენ  და ის მეორეს მიუშვერს, ბედნიერია ის, ვისაც ზედა ტანისამოსთან ერთან ჰპარავენ მოსასხამსაც და  ტოვებენ შიშველს. როგორ უნდა შევძლოთ ამის მიღწევა? როგორც აბბა ისაია ამბობს, ერთი ადამიანი მეორეში უნდა ჭვრეტდეს უფალს. შენთან  რომ უფალი მოვიდეს, განა ყოველივეს მიცემას არ გადაწყვეტ მისთვის? “უფალო ჩემო, – ეტყოდი შენ, – ყოველივე  მომიცია შენთვის, ჩემი გული და თვით სიცოცხლეც”. თქმა კი შეგვიძლია ამისა, თუმცა, რამდენად გვესადაგება ეს სიტყვები: “დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცთომელობასა “, ამას ჩვენი ყოველდღიურობა გვიჩვენებს.  გასცემ ძმისთვის ყოველივეს,  რაც გაბადია? ხედავ  მოყვასში უფალს?  მაშინ, შენი სიტყვები ჭეშმარიტია და არა ზღაპრად ნაამბობი. როდესაც შენ, როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, საკუთარი სიმართლის დაცვას იწყებ და  მოითხოვ თანასწორობას, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ საკუთარი თავის ბატონ-პატრონად გსურს ყოფნა. მაგრამ შენ – ტაძარი ხარ ღმრთისა (ეფ. 2, 22), ამიტომაც, შენი აზრები,  წმინდა მამათა სწავლების შესაბამისი უნდა იყოს[2, 274].

როდესაც ჩემი გონება ნათდება და მოყვასის ჭეშმარიტ შეცნობას ვიწყებ, სწორედ მაშინ შევიგრძნობ მას და მიყვარდება იგი. ეს თვისებები, უშუალო ზეგავლენას ახდენს არა მხოლდ ადამიანებთან ურთიერთობაზე, არამედ ჩვენ ურთიერთობაზე თვით უფალთან. მე ვერ შევიყვარებ ძმას, თუკი არ მექნება მყუდროება, ღვაწლი, ცრემლი, შიში უფლისა, მორჩილება, გონიერება და განსჯის უნარი, თუნდაც რომ სისხლიც დავღვარო მისთვის და დღე და ღამ განუწყვეტლივ გავისარჯო. 

სწორედ ამ თვისებებს მივყავართ უფლის ხილვისა და შემეცნებისაკენ და ამიტომაც ვინანიებთ უფლის წინაშე ყოველივეს და ვთხოვთ მას შეწყალებას. “რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ”, – ამბობს მეფსალმუნნე (ფსალ. 102, 14), რაც ნიშნავს: “ შენ შემქმენ უფალო ჩემო და იცი როგორი ვარ მე, განა შეძლებ რომ გამიბრაზდე? გთხოვ, მიხსენ მე ცოდვათა ჩემთაგან”. ამგვარად, ადამიანის შინაგან სამყაროში შეღწევისა და უფლის შემეცნებისა გზით და თუ გნებავთ სიცოცხლის საზრისის მიგნებითაც, იბადება ყოველივეს გამაერთიანებელი საწყისი – სიყვარული[1, 421].

უფლისადმი ჭეშმარიტი სიყვარული, სრულ თვითუარყოფასა და უფლის ხსოვნას მოიაზრებს. მხოლოდ იმისკენ მაქვს ყურადღება, ვინც მიყვარს. შესაძლოა ვამბობდე: “როგორ მიყვარხარ უფალო!” მაგრამ სინამდვილეში ვინ არის ჩემ გულში: ქრისტე თუ რაიმე სხვა? ჩვენი გული თავისდაუნებლიედ მიისწრაფვის იმ ადამიანისკენ, რომელიც გვიყვარს. ნეტა სად იმყოფება ჩვენი გული და რას ეძებს იგი ყოველდღე?

ზოგჯერ, ჩვენ ვემსგავსებით ადამიანებს, რომლებიც ოჯახს ქმნიან იმისათვის, რომ ჰყავდეთ მეუღლე, რომელიც საოჯახო საქმეებს გაუძღვება, თავად კი, სიამოვნებისთვის სხვა ქალთან ივლიან. ასეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენც: რამეთუ გვაქვს ეკლესია, გვყავს ქრისტე, ბედნიერებას კი სხვაგან, ხან ერთგან და ხან მეორეგან ვეძებთ. შეუძლებელია, ჩემო ძვირფასებო, რომ ჩვენმა გულმა ამგვარად იარსებოს. ვთქვათ სიმართლე: ადამიანს არ შეუძლია არსებობა უფლის საკუთარ თავში განცდის გარეშე . მაგრამ, ეს განცდა, მოიპოვება ღვაწლით, ანუ სინანულით. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ცოდვები, ჩვენი ცვალებადობა, გადაწყვეტილებები, ძალისხმევა, აღსარება და ცრემლებიც კი, როგორც წესი, ნათლად გვიჩვენებს, რამდენად გვიყვარს, ან არ გვიყვარს უფალი. თუკი ადამიანს, რომელიც თავის ცოდვებზე ტირის და გარწმუნებს, რომ მოკვდება უფლისათვის, მისი აზრისა და სურვილის საწინააღმდეგო რაიმეს ეტყვი, ის მაშინვე დაივიწყებს ყოველივეს, რაზეც გესაუბრებოდა და დაიწყებს თავისი აზრის დაცვას. შენ კი ვერ შეძლებ მასთან მორიგებას, ვინაიდან მის სიღრმეში არსებულ “მეს”, მის მეორე ღმერთს შეეხე [1, 554–555]. თუკი ვინმე სიამაყით გეპყრობა, არაფრად გაგადებს, მდაბიო ადამიანად მიგიჩნევს და შენი დანახვაც არ სურს, უნდა გიხაროდეს და ეს  ბუნებრივი მდგომარეობა  იქნება ადამიანისა, რომელსაც უყვარს უფალი. მაგრამ, თუკი ვერ ვგრძნობთ სიხარულს როდესაც გვამცირებენ, მაშინ ჩვენ არ გვყვარებია  იგი [2, 190].

ადამიანი, რომელიც თანაგრძნობის, სიყვარულისა და გულისმიერი სიფაქიზის განცდის გარეშე საუბრობს მოყვასზე და შურით აღვსილი ყვება, თუ როგორი ცუდი და მატყუარაა იგი, თავისი ეგოიზმის კედლებში ცხოვრობს. ამ უბედურსა და უმადლოს, წარმოდგენაც კი არა აქვს უფლის არსებობის შესახებ, და თუკი ექნებოდა, ეცოდინებოდა, რომ უფალი – ეს მისი მოყვასია და ვერ შეძლებდა თავისი ძმის სახით შეურაცხეყო იგი. ამგვარად, ჩვენს ყოველდღიურობაში, ძალზედ მარტივია იმის გაგება, თუ როგორი შეიძლება იყოს ყალბი და სიამაყით აღსავსე ცხოვრება [1, 451]. უფლის სიყვარულს და სულიერ ცხოვრებას შეძლებს ის, ვინც  მოკრძალებული ყოფა შეითვისა და კმაყოფილდება მცირედით. ადამიანი კი, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს ყოველივე სასურველს, ხდება სასტიკი, როგორც უფლის, ასევე ადამიანების მიმართ[2, 364].


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

X