WhatsApp Image 2023 05 01 at 13.01.49

ქრისტესთვის თავდადებული მენელსაცხებლე დედები – მღვდელმოწამე სერაფიმე (ჩიჩაგოვი)

ქრისტეს წმინდა ეკლესია, მოცემულ კვირა დღეს, მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს. ვინ იყვნენ მენელსაცხებლე დედები? მახარებლები პირველ რიგში მიუთითებენ მარიამზე, რომელიც გალილეის ქალაქ მაგდალაში დაიბადა და რომლისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა იესომ. ამ სიკეთისათვის მარიამ მაგდალინელმა გულმხურვალე სიყვარულით უპასუხა უფალს. მეორე მენელსაცხებლე – მარიამ კლეოპასი, იაკობისა და იოსეს დედა, სამარის კარამდე მიჰყვებოდა მაცხოვარს. ამ მარიამის ვაჟი, იაკობ ალფესი, ერთ-ერთია 12 მოციქულთაგან. სალომეა –  ზებედეს ძეთა, მოციქულ იოანესა და იაკობის დედა გახლდათ. მარიამ მაგდალინელისა და მარიამ კლეოპასის გარდა, წმინდა ლუკა მახარებელი მენელსაცხებლე დედათა შორის ახსენებს იოანასა და კიდევ სხვებს, თუმცა არ აკონკრეტებს მათ სახელებს (ლუკ, 24, 10). ვინ იყო იოანა? ჰეროდეს სამეფო კარის მსახურის, ხუზას ცოლი, რომელიც ასევე მაცხოვარმა განკურნა. მახარებლის ცნობით, დედებს შორის იყო, ასევე სუსანა (ლუკ.8,1-3) და ბევრი სხვა დედა, რომლებიც   თავიანთი ღვაწლით ემსახურებოდნენ ქრისტეს. მენელსაცხებლე დედათა რიცხვს, რა თქმა უნდა, მიეკუთვნებიან ლაზარეს დები, მართა და მარიამი, ასე გულმხურვალედ რომ შეიყვარეს უფალი.

ქრისტეს წმინდა ეკლესია პატივს მიაგებს ყველა წმინდანის ხსოვნას და მისთვის განსაკუთრებით ძვირფასი  ეს მენელსაცხებლე დედები გახლავთ. ეს ქრისტეს მხიარული თანამგზავრნი, არა მხოლოდ თავიანთი ღვაწლით, არამედ შრომითაც ემსახურებოდნენ ქრისტეს, მთელი გული მისთვის ჰქონდათ მიძღვნილი, მასთან ერთად იტანჯებოდნენ და თან ახლდნენ არა მხოლოდ მოგზაურობისას, არამედ ჯვარცმისაკენ მიმავალ გოლგოთის გზაზეც და თვით ჯვართანაც კი. მათი თავგანწირვის, ღვაწლის, ქრისტესადმი შეუდარებელი და სათუთი სიყვარულის მოგონებები,  ამავე სიყვარულითვე  აღავსებს უფლისადმი მორწმუნეთა გულებს  და მისი სიკვდილამდე მსახურების სურვილს ბადებს!

ქრისტეს არ გამოურჩევია მენელსაცხებლე დედები და არ მოუწოდებია მათთვის  გაჰყოლოდნენ მას, მსგავსად მოციქულთა და 70 მოწაფისა, არამედ,  ისინი თავად გაჰყვნენ ქრისტეს, როგორც მათი აღმდგარი სიცოცხლის ერთადერთ მიზანს, როგორც მარადიულ ჭეშმარიტებას, როგორც მათ მხსნელსა და  ძეს ღმრთისას. მიუხედავად მისი აშკარა სიღარიბისა, უბრალოებისა და მისდამი მღვდელმთავართა და მწიგნობართა მტრულად განწყობისა. მათ თავიანთი სურვილით დატოვეს სახლები, ქონება, საქმეები, ოჯახები და სიხარულით გაჰყვნენ უფალს, რომ რაიმეთი მაინც მოეტანათ სარგებელი ქრისტესა და მისი ერთობისათვის. ქრისტეს ჯვარცმისას, გოლგოთისაკენ მიმავალ გზაზე, მხოლოდ მენელსაცხებლე დედები ტიროდნენ და მოთქმავდნენ. უფალს ესმა ხმა მათი მოთქმისა და მანუგეშებელი სიტყვებით მიმართა მათ. ნეტა რას გრძნობდნენ ეს მოსიყვარულე დედანი, მდგარნი მაცხოვრის ჯვართან, მთელი ამ სამარცხვინო სურათის, საშინელების და უკანასკნელ, საყვარელი მოძღვრის სიკვდილის შემყურე?! შიშისაგან ყველა მოციქული გაიქცა, პეტრე მოციქულიც კი, რომელიც ქრისტეს მასთან ერთად სიკვდილს დაჰპირდა და შემდგომ სამჯერ უარყო იგი. ჯვართან დარჩა მხოლოდ ღმრთისმშობელი, იოანე ღმრთისმეტყველთან და მენელსაცხებლე დედებთან ერთად. ამის შემდგომ, ღმრთისმშობელი ხელით წაიყვანეს, ვინაიდან მან გრძნობა დაკარგა, თუმცა, მარიამ მაგდალინელი და სხვა მენელსაცხებლე დედები, რომლებიც ბრბომ ჯვრისაგან მოშორებით გადმოანაცვლა, უკანასკნელ წუთამდე დარჩნენ იქ. როდესაც ძე ღვთისამ სული განუტევა, მენელსაცხებლე დედებმა სახლისაკენ ისწრაფეს, რათა სურნელოვანი ნელსაცხებელი და მირონი მოემზადებინათ. მარიამ მაგდალინელი და მარიამ კლეოპასი კი უყურებდნენ, სად დაასვენებდნენ ქრისტეს სხეულს. ისინი მხოლოდ სრული სიბნელის დადგომის შემდგომ წავიდნენ, რათა გამთენიისას კვლავ საფლავთან მისულიყვნენ. ღმრთის ძისადმი ასეთი გულმოდგინე მსახურებისათვის, მისი სათანადო პატივით დაკრძალვისათვის გამოვლენილი გაბედულებისათვის და ურყევი რწმენისათვის, ამ წმინდა დედებმა, ადამიანთა შორის პირველებმა, მიიღეს დამოწმება ქრისტეს აღდგომის შესახებ და გახდნენ პირველი და ძლევამოსილი მქადაგებელნი, როგორც ამ ყოველივეს შემცნობნი ანგელოზის ბაგეთაგან.

მაშ ასე, საყვარელნო დედანო, მეუღლენო და დანო,  მადლმოსილ მენელსაცხებლე დედათა მაგალითი ჩვენს თვალწინაა! მათი ცხოვრება, ბევრი რამის მასწავლებელია დღესაც, თანამედროვე ქრისტიან ქალთათვის. ისინი არ გამოირჩეოდნენ სათნოებებით, სანამ არ შეიცნეს ქრისტე; მარიამ მაგდალინელი ბოროტი სულის სამკვიდრებელი გახლდათ, მართა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმეებითა და მიწიერი ფუსფუსით გატაცებული, თუმცა, მოძღვრის ღმრთაებრივმა სწავლებამ, ძე ღმრთისას სასწაულებმა და ქრისტეს მადლმოსილებამ, სრულიად განაახლა ისინი.

მენელსაცხებლე დედათა მაგალითზე, უამრავი ქრიატიანი ქალი, ცოცხალი რწმენით მიუბრუნდა ზეცად ამაღლებულ ქრისტეს. ქრისტიანობის ისტორიაში, ჩვენ ვხედავთ უამრავ დედასა და ქალს, რომლებმაც ქრისტეს სწავლება და მისი წმინდა ეკლესია, თავის წარჩინებულ წარმომავლობაზე, მიწიერ დიდებაზე, პატივზე, სიმდიდრეზე, ამქვეყნიურ სიამოვნებებზე, მშობლებზე, ქმრებზე და შვილებზე მეტად შეიყვარეს და ქრისტესა და მის მცნებათა უარყოფას  სიკვდილი ამჯობინეს. ჩვენ ისეთ დედებსაც ვიცნობთ, რომლებიც ქრისტესათვის სიხარულით აგზავნიდნენ საკუთარ შვილებს დასასჯელად, რათა ღვთის სამეფოში განდიდებულიყვნენ ისინი. ზოგიერთნი უდიდესი სიმამაცითა და მოთმინებით ავრცელებდნენ ქრისტეს მოძღვრებას და ანათლებდნენ ქვეყნებს. უამრავი ეკლესია და მონასტერი აგებულა კეთილმორწმუნე დედოფალთა,  დიდგვაროვან და თავადის ასულთა მიერ.

კეთილმოწესენო დანო და დედანო, წმინდა ეკლესია დღესაც იმედით შემოგყურებთ თქვენ! თქვენ ინარჩუნებთ რწმენას ჩვენს ოჯახებში და ზრუნავთ ტაძართა გამშვენებისა და ბრწყინვალებისათვის. მაგრამ, ჩვენს დროში, უამრავი ქალი, ქრისტიანობის ისტორიაში ჯერ კიდევ არნახული სულიერი მდგომარეობითა და მიმართულებით განირჩევა. მე მსურს ვთქვა მათ შესახებ, ვინც ვერანაირ საქმეს ვერ ჰპოულობს თავისათვის, იტანჯებიან თავიანთი ცხოვრებით, უჩივიან მოწყინებას და გულწრფელად ეკითხებიან ყველას: რა ქნან, რა იღონონ? ისინი აღიარებენ საკუთარ თავში ენერგიის, ჯანმრთელობის და ყოველგვარი მისწრაფებისა თუ სურვილის ნაკლებობას, დეფიციტს სათნოებათა და რაიმესადმი სიყვარულისა. მათ ნამდვილად არ აკისრიათ არანაირი მოვალეობა, ისინი დანამდვილებით აღარ არიან შვილნი საკუთარ დედათა და მამათა, არ არიან დედანი საკუთარ შვილთა და ცოლნი საკუთარ ქმართა!

ჩნდება კითხვა: რა ქნან მათ, ვისაც მოხუცებული მშობლები ჰყავთ და იწყენენ? ანუგეშონ ისინი და მოამზადონ ზეციურ სამყოფელში გადასასვლელად. განა ეს არ არის მოვალეობა, საქმე, მშობელთა და უმთავრესად კი – უფლის სამსახურში ყოფნა? რა ქნან გათხოვილმა ქალებმა? შეინახონ ის, რასაც მათი მეუღლეები გამოიმუშავებენ, შეუქმნან მათ ოჯახური სიმყუდროვე, აღზარდონ შვილები,  შეინარჩუნონ სახლში სული ღმრთისა, უმცროსთათვის და მსახურთათვის იყვნენ მაგალითნი ქრისტიანული ცხოვრებისა. რამდენადაც მზად იქნებიან ბავშვები სულიერი ცხოვრებისა და ვნებებთან საბრძოლველად, იმდენად მსუბუქი იქნება მათი ცხოვრება და თავისუფალი ტანჯვის, განსაცდელთა და საცდურთაგან. მაგრამ, იმისათვის, რომ ოჯახში დედამ წმინდად შეასრულოს თავისი მნიშვნელოვანი მოვალეობანი, მას უნდა ჰქონდეს რწმენის შემეცნება, ჭეშმარიტი რწმენა, ესმოდეს ღმრთაებრივი სიყვარული, ჰქონდეს სიყვარული უფლისადმი და განუშორებლად ცხოვრობდეს წმინდა ეკლესიასთან ერთად. ვისაც საკუთარი შვილები არ ჰყავს, მათ შეუძლიათ სხვისი შვილები განანათლონ, რომლებიც ხშირად გასაჭირში მყოფნი, მიტოვებულნი, ობოლნი და უმეცრებით ცოდვაში ჩავარდნილნი არიან. ასევე ჩნდება კითხვა: სად ვიპოვოთ განსვენება ყოველდღიურ საზრუნავთა და მოვალეობათაგან? უცნაური შეკითხვაა ერის ადამიანისაგან! ვინაიდან ერში უამრავი გასართობი და სანახაობრივი რამ არსებობს, თუცაღა, შესაბამისად, უნდა ვაღიაროთ, რომ  ამქვეყნიური გართობანი ადამიანს ნუგეშსა და განსვენებას არ ჰგვრიან, არამედ მხოლოდ ფინანსურად აზარალებენ. ეს, უდავოდ ასეა. ამიტომაც, დაე ამ ქალბატონებმა და გოგონებმა, ისწავლონ მათ წინაპარ ქრისტიან ქალთაგან, რომლებიც განსვენებას სულიერ საკითხავებში, ქველისმოქმედებასა და ხალხის განათლებაში ჰპოვებდნენ.

საყვარელნო ქრისტესმიერნო დანო, შეეწიეთ ერის მწყემსთ, მოძღვართ და ემსახურეთ უფალს! ამინ!


წყარო: http://pravoslavie.ru

Share