2

ქრისტეს სასუფუველში აღმავალი კიბე შენს გულშია – წმინდა ისააკ ასური

აიძულე თავს საკუთარ გულში მოუკლებელი ლოცვით შრომა. შეუდექი ამ ღვაწლს სუფთა ზრახვით და უფალი დაიცავს შენს გონებას უწმინდური და ბილწი გულისსიტყვებისგან.

***

ეცადე შენს შინაგან საუჯეში შეხვიდე და იქ ზეციურ საუნჯესაც იხილავ.  პირველიც და მეორეც – ერთია: ერთი შესასვლელით ორივეში შედიხარ. ქრისტეს სასუფუველში აღმავალი კიბე შენს გულშია: ის შენს სულში დაფარულად არსებობს. საკუთარ გულში ჩადი და იქ იპოვი საფეხურებს, რომლითაც ზეცად აღსვლას შეძლებ’’.

***

ვისაც სურს, რომ საკუთარ თავში უფალი იხილოს, ის ცდილობს განიწმინდოს საკუთარი გული ქრისტეს მოუკლებელი ხსოვნით. შედეგად კი გონების გაბრწყინვებული თვალების მიერ მოუკლებლად იხილავს ქრისტეს’’.

***

4)საზარელია ეშმაკთათვის, ხოლო საყვარელია ქრისტესა და ანგელოზთათვის ის, ვინც მხურვალე მოშურნეობით საკუთარ გულში ქრისტეს ეძებს და მტრის მიერ დათესილ ყოველგვარ სარეველას ფესვიანად გლეჯს გულის ნიადაგიდან’’.

***

გონების დაბნელების პირველი ნიშანი, არის სიზარმაცე ლოცვისადმი. სხვაგვარად ბოროტი ვერ აცდუნებს ადამიანს, თუ თავდაპირველად ამ ღვაწლის მიტოვება არ ჩააგონა. ხოლო როცა ამ დროს ის ქრისტესგან შეწევნას აკლდება, მყისვე ხელთ იგდებს მას.

***

არ სთხოვო ღმერთს ის, რასაც ის შენი თხოვნის გარეშეც, თავისი განგებულებით გაძლევს და თანაც, არამხოლოდ შენ, არამედ მთელ ქმნილ სამყაროსაც. ის გვეუბნება: ,,და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ, ვითარცა-იგი წარმართთაგანი’’(მთ.6:7).  ,,ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ-იგი გიჴმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან…ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა?…,რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი’’. შვილი ხომ არ თხოვს მამას პურს. ადამიანური გონების უძლურების გამო გვამცნო უფალმა, რომ არსობის პური გვეთხოვა, ხოლო უფრო აღმატებული ხედვისა და სულიერი მდგომარეობისთვის დაგვიტოვა მცნება, რათა ზედმეტად არ გვეზრუნა ამქვეყნიურისთვის, საჭმლისთვის, სასმლისთვისა და სამოსლისთვის, რადგან ამ ყველაფერს უფალი უსიტყვო ცხოველებს, ფრინველებსა და ქმნილებებსაც კი აძლევს. ის ჩვენზე უსასრულოდ მეტად ზრუნავს და ამიტომაც გვითხრა: ,,ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ’’(მთ.6:33). 

***

თუკი უფალს რაიმეს სთხოვ და ის აყოვნებს შენი თხოვნის აღსრულებას, გული არ დაიწყვიტო. შენ მასზე ბრძენი არ ხარ. ეს იმიტომ ხდება, რომ ან არ ხარ ღირსი ამის მიღებისა, ან შენი გულის გზა არ შეესაბამება შენს სათხოვარს, ან შეიძლება ჯერაც არ ხარ მზად, რათა მიიღო ის, რასაც ითხოვ. დროზე ადრე არ ვითხოვოთ ის, რაც მხოლოდ დიდი სულიერი წარმატების შედეგად მიიღწევა, რათა შენი მოუმზადებლობისა და სათხოვარის დროზე ადრე მიღების გამო, ქრისტეს საჩუქარი უგულვებელყოფილი არ იქნეს.

***

ის, ვინც ბოროტისმეტყველებისგან აკავებს ენას, საკუთარ გულს ვნებებისგან იცავს. ხოლო ვინც ვნებებისგან გულს განიწმენდს, ის თავის თავში ქრისტეს მოუკლებელი ხილვის მდგომარეობას მოიხვეჭს. ის, ვინც გონებითა და აზრით მუდამ ქრისტესთანაა და ახსოვს ის, საკუთარი თავიდან დემონებს განდევნის და მათი ბოროტების ფესვებს აღმოფხვრის. ის გული, რომელიც ნიადაგის მსგავსად მოუკლებლად მუშავდება საღმრთო გამოცხადებებით გაიხარებს. ის, ვინც გონების ყურადღებას საკუთარ გულში მოაქცევს, ის მასში სულიწმიდის ნათელს იხილავს. სულიერი აღტაცების ამ მდგომარეობაში მყოფი კი საკუთარი გულის სიღრმეში თავად ზეცათა მეუფეს – ქრისტეს ხედავს. თუკი გიყვარს სიწმინდე, რომლის მიერაც იხილვება ქრისტე, მაშინ საკუთარ თავს არ მისცე განკითხვისა და სხვაზე ცუდის საუბრის საშუალება, მეტიც, არც კი უსმინო მას, ვინც სხვებს განიკითხავს’’.

***

თუ შენი გული განწმენდილია, მაშინ მასში ზეცას და მის მეუფეს – ქრისტეს იხილავ.

***

მდაბალი ადამიანის საუნჯე თავად მასში მკვიდრობს და ამ საუნჯეს – იესუ ქრისტე ჰქვია.

***

ვნებები აღმოიფხვრება და განიდევნება ქრისტეს მოუკლებელი მოხმობითა და მისი ხსოვნით. ეს არის ხმალი, რომელიც მათ ანადგურებს.

***

რაც წყლიდან ამოყვანილ თევზს ემართება, ის მოსდის იმ გონებასაც, რომელმაც ქრისტეს ხსოვნა მიატოვა და თავის მოგონებებში დაეხეტება. თევზი წყლის ნაკლებობით კვდება, ხოლო ქრისტიანის გული კი ქრისტეს შეგრძნების გარეშე.

***

სულით განწმენდილისთვის ჭეშმარიტი სამშობლო თავად მასშია. მზე, რომელიც იქ ანათებს ყოვლადწმიდა სამების ნათელია. ჟანგბადი, რომლითაც სუნთქავს – ნუგეშინისმცემელი სულიწმიდა. თანამცხოვრებნი – ზეცის უხორცო არსებები. მათი სიცოცხლე, სიხარული და მხიარულება – ქრისტეა, რომელიც არის ნათელი ნათლისაგან. ამგვარი მშვენიერების ხილვით სული მხიარულებასა და განკვირვებაში მოდის. ეს ნათელი უსასრულოდ აღემატება მზის ნათებას. ეს არის სწორედ ის იერუსალიმი და ქრისტეს სასუფეველი, რომელიც უფლის სიტყვების თანახმად, ჩვენშია დაფარული(ლკ. 17:21). ეს არის ღმერთის დიდების სამყოფელი, რომელშიც მხოლოდ გულით წმინდანი შედიან, რათა თავიანთი მეუფე – ქრისტე იხილონ და მისი ნათლის სხივებით განათლდნენ სულიწმიდაში(ლკ.9:34).


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share