შობა

ქრისტეს შობის სიღრმისეული არსი – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

ეკლესიის წმინდა მამების გამოცდილება მოწმობს, რომ რამდენჯერაც ლოცვით წარვსდგებით ცოცხალი ღმერთის წინაშე, განმარტოებით თუ ტაძარში, ჩვენში ყოველთვის სიხარული იბადება, რადგან ღვთის ადამიანისადმი უსაზღვრო სიყვარულის მოწმენი ვხდებით. გული მადლიერებით გვევსება, რადგანაც თითოეული ჩვენგანი თავისი საზომით გრძნობს ქმნილებისადმი შემოქმედის ამ წყალობას. მაგრამ ამავდროულად ღვთის წინაშე წარდგომა სამჯავროცაა, განსაკუთრებით – ამ წმინდა დღესასწაულზე, რომელიც ქრისტეს ცხოვრების ყველა მოვლენისაგან განსხვავდება. თუმცა ამ დიდი დღესასწაულების სიღრმისეული არსი ადამიანის განსჯაში კი არ მდგომარეობს, არამედ – მის განკურნებასა და გამოხსნაში.

IMG 5885 1
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

ჩვენ ახლაც განვიცდით ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს, შობას, უსაზღვრო საღმრთო სიყვარულს ვგრძნობთ და ჩვენი გული შემოქმედის გულუხვობითაა შეძრული. მთავარი რამ, რაც პრაქტიკულ სარგებელს მოგვიტანს, საკუთარი თავის განსჯაა. როგორც პავლე მოციქული ამბობს: ‘’რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით’’(1.კორ.11:31). თუ ამ დროებით, წარმავალ ცხოვრებაში საკუთარ თავს განვიკითხავთ და სამსჯავროზე დავაყენებთ, საბოლოოდ ჩვენ არ განვიკითხებით, რადგანაც სამსჯავრო ჯერ კიდევ აქ, ხორცში მყოფებმა, გავიარეთ.

ჩვენ ქრისტეს შობის მოწმენი და თანამონაწილენი ვხდებით. ვეზიარებით ამ დღის გასაკუთრებულ სულიერ ატმოსფეროს, რომელიც გულისხმიერი სიღრმისეული სულიერი ცხოვრებისთვის განგვაწყობს, რათა კარგად დავაკვირდეთ და განვსაჯოთ საკუთარი თავი. ვიფიქროთ იმაზე, რომ ქრისტემ ყველაფერი ჩვენს გადასარჩენად აღასრულა, მისი არც ერთი ნაბიჯი შემთხვევითი არ ყოფილა. ყველაფერი, რაც სამყაროში მოხდა, ჩვენი გადარჩენისკენ იყო მიმართული. უფალმა ისურვა, რომ მოვლენები გასაოცარი სიზუსტით და კანონზომიერებით აღსრულებულიყო. მაგალითად, მან ინება, რომ კონკრეტულ წელს, კონკრეტულ ქვეყანასა და ქალაქში დაბადებულიყო. მის შობას კი წინ უძღოდა ის ფაქტები, რომელთა შესახებ სახარებაში ვკითხულობთ.

როდესაც წმ. მამები რაიმე განსაცდელში იყვნენ, თავიანთ მდგომარეობას ყოველთვის ქრისტეს მაგალითზე განიხილავდნენ, საკუთარ თავს მას ადარებდნენ და სულიერ ცხოვრებას ამის მიხედვით წარმართავდნენ. რადგანაც ქრისტიანი ისაა, ვინც თავდაუზოგავად შრომობს და ცდილობს, რომ, როგორც შეუძლია, ქრისტეს დაემსგავსოს. როცა რაიმე არ გამოსდის, როცა ხედავს, რომ ქრისტეს არ ჰგავს, ის სულიერი საქმიანობის ორ სათნოებას – სიმდაბლესა და სინანულს – მიმართავს.

შობის დღესასწაულის ამ წმინდა დღეებში ეკლესია თავისი მდიდარი საგალობლებით ქრისტეს მისი განუზომელი მსხვერპლის გამო ადიდებს. ამ საგალობლებში ცხადდება უფლის შობის საღვთისმეტყველო სიღრმე და არსი. ეს ყველაფერი მონაზვნებისა და ერის ადამიანებისთვის ამ მოვლენას აცოცხლებს, მის თანამონაწილეებად და მჭვრეტელებად ხდის. როდესაც წმ. ეფრემ კატუნაკელი იერუსალიმიდან დაბრუნდა, ველოდით, რომ მოგვიყვებოდა, თუ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე გოლგოთამ. ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც ამის ნაცვლად გვითხრა, რომ ის სრულებით შეძრა ბეთლემის გამოქვაბულის ხილვამ. როდესაც ამ უბრალო და მდაბალ ადგილს უყურებდა, ლმობიერებით აღძრული საკუთარ თავს ეუბნებოდა: ’’სანამ ბეთლემის გამოქვაბულს ვნახავდი და ათონის კლდოვან ადგილას მიუწვდომელ კატუნაკებში ერთ პატარა კელიაში ვცხოვრობდი, სადაც ყველაზე აუცილებელი საგნებიც კი ძლივს ეტევა, ვფიქრობდი, რომ რაღაცას წარმოვადგენდი. ახლა კი, როდესაც ვნახე ადგილი, სადაც ჩვენი უფალი იესუ ქრისტე იშვა, საკუთარ არარაობას ვგრძნობ, რადგან ვხედავ და განვიცდი, თუ როგორ დაიმდაბლა ღმერთმა თავი, როდესაც ასეთ პატარა, ცხოველების სადგომ გამოქვაბულში დაიბადა’’.

ადამიანთაგან დევნილმა ქრისტემ, რომელიც პირუტყვთა ბაგაში დაიბადა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აღასრულა. იგი აბსოლუტურ სიჩუმეში, სიმდაბლესა და უცხოობაში განკაცდა. სამყაროს შემოქმედი ღმერთის ამსოფლად შემოსვლა ადამიანთა შორის მხოლოდ რამდენიმე სპარს მოგვსა და მწყემსს ეუწყა. წარმოიდგინეთ ღმერთი და უკიდურესი სიგლახაკე, სიმდაბლე! თუ გვინდა, რომ საკუთარი თავის ადეკვატური ხედვა ვისწავლოთ, სინდისის სამსჯავრო გავიაროთ, მაშინ ყოველ ჯერზე, როდესაც ცხოვრება ამქვეყნიური სურვილებითა და მოთხოვნილებებით ტანჯვას დაგვიწყებს, საკუთარი თავი ამ მდაბალი, ღარიბული ბეთლემის გამოქვაბულისა და ღმერთის განკაცების წინაშე დავაყენოთ და ჩავუღრმავდეთ იმას, თუ როგორ ვცხოვრობთ, შეესაბამება თუ არა ჩვენი მდგომარეობა ქრისტეს ცხოვრებას?! ასე შეგვიძლია მთელი ჩვენი ცხოვრების განსჯა და საკუთარი თავის ხედვის სწავლა.

იმ მომენტიდან, როდესაც ღმერთი ადამიანი გახდა, ანგელოზებმა იგალობეს: ‘’დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება’’! ქრისტე კი ამბობს: ‘’ ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა’’(მთ.10:34). ალბათ იკითხავთ, ქრისტემ მშვიდობის ნაცვლად მახვილი რატომ მოიტანა? ანგელოზებმა ხომ იგალობეს – ‘’ქვეყანასა ზედა მშვიდობა’’? რა თქმა უნდა, დედამიწაზე მოსული ხორცშესხმული მშვიდობა თავად ქრისტეა, რომელიც შეგვიძლია შევიყვაროთ, როგორც ღმერთი და როგორც ადამიანი. ქრისტემ გვიჩვენა, რომ ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა ვერ იქნება თეორიული, რადგან შეუძლებელია უბრალოდ რაღაც იდეის ასე შეყვარება. შესაძლოა, ადამიანი რაღაც ფილოსოფიის გაცნობის მოშურნე და გულმოდგინე მიმდევარი იყოს, მაგრამ ამ სისტემის მაღიარებელი ვერასოდეს შეძლებს ღმერთისა და ადამიანის ნამდვილად შეყვარებას. ამ სისტემას თავისთავად არ შეუძლია სიყვარული.

ეკლესიაში სრულიად საპირისპიროდაა. აქ ჩვენ რაღაც თეორიასთან ურთიერთობა არ გვაქვს და არც თავად „სიტყვა“ (ქრისტე) გახდა თეორია ან ფილოსოფია, არამედ ‘’სიტყვა ხორციელ იქმნა’’(ინ.1:14). „სიტყვა“ – იესუ ქრისტე – ადამიანი გახდა, რომ მისი შეყვარება შეგვძლებოდა. როდესაც მას შევიყვარებთ და საღმრთო ტრფობა ჩვენს გულში გაიღვიძებს, მაშინ მივხვდებით, რომ ღმერთმა გვიბოძა თავისი უსაზღვრო, გამოუთქმელი სიყვარული. იოანე მოციქული ამბობს: ‘’ესე არს სიყუარული, არა რამეთუ ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან ჩუენ შემიყუარნა და მოავლინა ძე თჳსი მლხინებელად ცოდვათა ჩუენთა’’. ეს ის საიდუმლოებაა, რომელიც ეკლესიის საძირკველში დევს. ამიტომაც, სამყაროში მოსული ქრისტე, როგორც სრულყოფილი მშვიდობა, გახდა არა რწმენის, არამედ სიყვარულის ობიექტი. როგორც ვიცით, რწმენის შედეგად იმედი უნდა მოგვეცეს, რათა საბოლოოდ ჩვენში მხოლოდ სიყვარული დამკვიდრდეს. რადგანაც მხოლოდ სიყვარულია გამოცდილი, ონტოლოგიური, არსობრივი ძალა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ცოცხლად გრძნობს, რომ ქრისტესთანაა შეერთებული. სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდნენ ეკლესიის წმინდა მამები. მათ ქრისტე მთელი არსებით შეიყვარეს.

სტეფანე პირველმოწამემ ამ საღმრთო სიყვარულს თავი მოუდრიკა და ამით ქრისტეს დაემსგავსა. წიგნის „საქმე მოციქულთა“ მიხედვით, როდესაც ის შეიპყრეს, ქრისტეს ქადაგებდა და სამსჯავროზე მისი სახე ანგელოზის მსგავსად ბრწყინავდა. იუდეველებმა სიკვდილი მიუსაჯეს და ქვებით ჩაქოლეს. მოსეს რჯულის თანახმად, სწორედ ასე ექცეოდნენ ყველა უმძიმეს ცოდვილსა და უღირს ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ უმკაცრესი განაჩენი გამოუტანეს, პირველმოწამე სტეფანე სულიწმიდით აღივსო და საკუთარი თავისთვის კი არ ლოცულობდა, არამედ მთელი სამყაროსა და თავისი მწამებლებისთვის. ამით დაემსგავსა ჯვარცმულ ქრისტეს, რომელმაც წარმოთქვა: ‘’მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან’’! მას შემდეგ, რაც მაცხოვარი დედამიწაზე მოვიდა, მისი რწმენით მილიონობით მოწამემ საკუთარი სიცოცხლე დათმო, რადგან მათ შეიყვარეს ქრისტე და სანაცვლოდ იგემეს მისი უსაზღვრო, არამიწიერი სიყვარული. სწორედ ქრისტეს სიყვარული მეტყველებდა მათ გულებში.

მინდა აღვნიშნო, რომ წმინდანების ხსენება, რომელსაც ყოველდღიურად ვდღესასწაულობთ, წამების და გარდაცვალების უბრალო თარიღები კი არ არის, არამედ ეს ყველაფერი აწმყოში საიდუმლოებრივად აცოცხლებს მათი ცხოვრების მოვლენებს. საკლესიო დღესასწაულები წმინდანებისთვის მუდამ სულიერი ცხოვრების კრიტერიუმები და საკუთარი თავის განსჯის საშუალებები იყო. ისინი თავიანთ ცხოვრებას ქრისტეს მოღვაწეობას ადარებდნენ და ფიქრობდნენ, შეესაბამებოდა თუ არა მათი ქმედება ქრისტეს მოწაფის ცხოვრებას? ასეთ დღეებში ისინი ყურადღებით იყვნენ და ცდილობდნენ, რომ დღესასწაულის არსს ჩასწვდომოდნენ, უღრმავდებოდნენ იმ დღის სახარების საკითხავს და წმინდა მამათა სიტყვებს. ასე აანალიზებდნენ წმინდა წერილის მოვლენებს. ისინი ცდილობდნენ, იმაზე ეფიქრათ, რომ სამყაროს შემოქმედმა იმდენად დაიმდაბლა თავი, რომ ადამიანი გახდა. როგორც კი იშვა, იმ წუთიდანვე მოსაკლავად ეძებდნენ; რომ სამყაროს მეუფისთვის ღარიბულ გამოქვაბულზე უკეთესი ადგილი ვერ მოიძებნა, რომ დაბადებულიყო; რომ ის იშვა არა დიდებაში, არამედ სრულ უცხოობაში, სიმდაბლესა და სიგლახაკეში. წმინდანები სიმდაბლის მაგალითს, ქრისტეს, ადარებდნენ თავიანთ ქმედებებს, ცხოვრებისეულ პირობებს, სურვილებს და ფიქრობდნენ: ‘’თუ ქრისტემ ასე დაიმდაბლა თავი, ასე ითმენდა ყველაფერს, მათ შორის დევნასაც, მაშინ მე, რომელიც მის მაგალითს უნდა მივსდევდე, როგორ არ მოვითმინო განსაცდელები“?!

უფალმა ცხადად გვაუწყა და წმინდანებისა და მოციქულების გამოცდილებით შეგვაგრძნობინა, რომ ჩვენში სულიწმიდის მკვიდრობას შესაბამისი შედეგი მოაქვს. იმისათვის, რომ თავის გამართლების საშუალება არ გვქონდეს, უფალმა ნათლად დაგვისახელა სულიწმიდის ნაყოფები: ‘’ ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ’’(გალ. 5:22-23). ჩაიხედე საკუთარ გულში! თუ ეს სათნოებანი გაქვს, ესეიგი შენს გულში სულიწმიდა მკვიდრობს. ასეთი თვითჩაღრმავება ყველასთვის აუცილებელი და მაკურნებელია.

დაე, შობის ეს წმინდა დღეები იყოს დრო საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და საკუთარი თავის, ცხოვრებისა და ქმედებების განსჯისა! მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ იმის თქმას, რომ დღესასწაული ჩვენთვის მაკურნებელი და გადამრჩენელია. ის გვაძლევს სულიერი ბრძოლის, სინანულის, სიმდაბლის, საკუთარი ცხოვრების შეცვლისა და ქრისტესკენ სწრაფვის საშუალებას, რათა მისგან სიმდაბლითა და სიყვარულით გამოვითხოვოთ დიდი წყალობა.

თუ ვიგრძნობთ, რომ ჩვენ ვართ ‘’ერი, რომელი სხდა ბნელსა’’, მაშინ ჩვენზე აღსრულდება სიტყვები: ‘’ ერი, რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ’’(მთ.4:16). სხვას ვის აღმოუბრწყინდება ნათელი, თუ არა მას, ვინც აქამდე წყვდიადში იმყოფებოდა?! თუ მართლა ვიგრძნობ, რომ წყვდიადში ვარ, მაშინ აუცილებლად დავიწყებ ნათლის ძიებას.

წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©