ჯვარი

ქრისტეს ჯვარმა მარადიული სიკვდილისგან გვიხსნა – წმინდა იოანე შანხაელი

ქრისტეს ჯვარმა მარადიული სიკვდილისგან გვიხსნა. სამოთხეში ადამიანმა მოისურვა, რომ ღმერთის გარეშე ღმერთი გამხდარიყო და ეშმაკის მიერ მოწოდებულმა ამ საცდურმა მისი დაცემა გამოიწვია. როდესაც ადამიანმა ეს აზრი გულში შეიწყნარა, მან დაკარგა კრძალვა და სიყვარული თავისი შემოქმედისადმი და ამით მისი მცნება დაარღვია. სწორედ მაშინ დაიხურა მისთვის სამოთხე. დაუჯერა ლუციფერს, რომელმაც მოისურვა, რომ ძე ღმერთს გატოლებოდა და გაამაყდა ადამიანი. მასთან მოულოდნელად ასეთი აზრი მივიდა, რომ ამ ნაყოფის მიღებით ის ღმერთივით ყოვლისმცოდნე, სრულყოფილი და ძალმოსილი გახდებოდა. როგორც კი ამ აზრის შეწყნარებით ადამიანმა ოცნება დაიწყო და საკუთარი თავი აღიმაღლა, მყისვე დაეცა და უფსკრულში აღმოჩნდა. ის განეშორა თავის შემოქმედ ცოცხალ ღმერთს და სიკვდილს დაექვემდებარა. იმ წუთიდან, სამოთხისეული მშვენიერებისა და სიტკბოების კარი დაიხურა…

წმ.იოანე შანხაელი
წმინდა იოანე შანხაელი

მაგრამ ღმერთს არ სურდა თავისი ქმნილების დაღუპვა.

ლუციფერმა სიამაყის მეშვეობით მოახერხა ჩვენი დამარცხება, ქრისტემ კი სიმდაბლის მიერ გვიხსნა ჩვენ. ძე ღმერთი ზეციდან მიწაზე ადამიანად მოვიდა. ყოველისშემძლე, სამყაროს შემოქმედი ცოდვის გარდა, ყველაფერში ჩვენი მსგავსი ხდება. მეტიც, ის ვიღაც დამნაშავესავით ექვემდებარება სასჯელსა და ტანჯვას, რომელსაც უხმოდ ითმენდა. ადამიანთაგან უარყოფილი, ჯვარცმის შემდეგ, ჯოჯოხეთში ჩადის, რათა ადამიანთა სულები გაეთავისუფლებინა.

ის, როგორც ადამიანი, ანგელოზებს აღემატა და ყველა ქმნილზე მაღლა დადგა და ყველა, ვინც მას უახლოვდება თავისთან ამყოფებს ზეცაში. ჯვარი კი – მისი მოთმინების იარაღია. ჯვარი, რომლითაც ქრისტე ‘’დაამცირეს’’, ჩვენი გადარჩენის იარაღი გახდა. როდესაც ქრისტეს ჯვარს თაყვანს ვცემთ, ამით ჩვენ აღვუთქვამთ ქრისტეს, რომ ჩვენც მასავით დავიმდაბლებთ საკუთარ თავს და ჩვენც სულგრძელად დავითმენთ მისთვის ნებისმიერ ტკივილსა და დამცირებას. როდესაც ჯვარც თაყვანს ვცემთ, ამით ჩვენ მის ტკივილებს და უპატივობასაც ვეთაყვანებით. მისი ეს ‘’უპატივობაა’’ სწორედ მისი დიდება.
ხშირად, ვინც ადამიანთა თვალში დამცირებული და უპატივოა, ქრისტესთვის დიდებულია და ამ ადამიანს გვირგვინს ანიჭებს. იმ მოწამეებს, რომელთა ხსენებასაც ხვალ აღვასრულებთ, წაართვეს სამხედრო წოდება და დამნაშავეების მსგავსად სიკვდილი მიუსაჯეს. ხოლო ქრისტეს სასუფეველში ისინი ანგელოზთა სწორნი გახნდნენ! როდესაც ადამიანი ქრისტესთვისა და მისი დიდებისთვის ითმენს ტკივილსა და დამცირებას, მაშინ ის, შინაგანი მდგომარეობით ქრისტეს ემსგავსება. პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ იგივე განცდები უნდა გვქონდეს, როგორიც იესუ ქრისტეს ჰქონდა: ‘’ ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ’’(ფილ.2:5). ქრისტე რისკენ ისწრაფვოდა? იმისკენ, რომ ზეციური მამის ნება აღესრულებინა. ამისთვის დაითმინა მან ყველაფერი და ჯვარზე სიკვდილამდე იტანჯა. ვინ დაიმდაბლა საკუთარი თავი? ამ სამყაროს მეფემ! ვინ აცვეს ადამიანებმა ჯვარს? თავისი შემოქმედი ღმერთი.

ყოველი ზეციური ძალა მას ეთაყვანება, თაყვანს სცემენ მის ადამიანურ ბუნებას და განადიდებენ, როგორც ღმერთს. როდესაც ქრისტე ღმერთს ჯვარს აცვამდნენ და დასცინოდნენ, ის ამ ყველაფერს ითმენდა როგორც ადამიანი. ის პიროვნულად ღმერთი იყო, მას ადამიანურ ბუნებასთან ერთად ჰქონდა საღმრთო ბუნება, მაგრამ ამ ტკივილებს ითმენდა, როგორც ადამიანი. მას საკუთარ დამსახურებაზე ხაზი არ გაუსვამს და არ უთქვამს: ‘’მამაო, შენი ნება აღვასრულე, ახლა კი განმადიდე’’. არა, მან სიმდაბლით აღასრულა ზეციური მამის ნება.

ჩენ თაყვანს ვცემთ ქრისტეს ჯვარს და ამით ვმადლობთ მას ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა. ჩვენ ვეთაყვანებით ჯვარს, როდესაც ქრისტესადმი მადლიერებით ვითმენთ დამცირებას და ტკივილებს. პეტრე მოციქული ამბობს: ‘’ . ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების, ვითარცა კაცის-მკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრის მოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა. ხოლო უკუეთუ ვითარცა ქრისტეანესა, ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით ნაწილითა’’. ვეცადოთ, რომ როდესაც ქრისტეს ჯვარს თაყვანს ვცემთ, იგივე განცდები გვქონდეს ჩვენც და მის დიდებულ სამეფოში მარადიულად განვადიდებთ მას. მისი გამოუთქმელი მშვენიერებითა და სიკეთით დავტკბებით, რომელსაც ამქვეყნად ვერაფერი შეედრება, რადგან ის არის მეუფე დიდებისა და უფალი ყოვლისა სოფლისა. ამინ.

წყარო: https://zen.yandex.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share