W3A0053

ღვთისაგან ყოველი ადამიანი იღებს ნიჭს – არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი

თითოეულმა ჩვენგანმა, უფლის მიერ მისთვის დადგენილი გზით უნდა იაროს. მთავარია  სიმდაბლის ქონა და ჩვენ შესაძლებლობათა ისეთად მიღება, როგორიც სინამდვილეშია ისინი, უნდა გავითავისოთ, რომ ამ ცხოვრებაში ან პატარანი ვართ, ან დიადნი და მაშინ, ნაყოფიც იქნება შესაბამისი.

ზოგჯერ, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ  ჩვენი შესაძლებლობანი, განუზომლად დიდია უფლის წინაშე   (ასე, რა თქმა უნდა, უფლის მადლიდან გამომდინარე ვფიქრობთ ). ასეთ დროს, ჩვენი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად, უფალი  მაღალ სულერებასა და დიდ ღვაწლს მოითხოს ჩვენგან. უდავოა, რომ ასეთ შემთხვევაში, ის  გვტოვებს მარტო, რათა საკუთარ თავს დავუმტკიცოთ, რომ სწორედ ისეთნი ვართ, როგორებადაც მიგვაჩნია ან არ მიგვაჩნია თავი. თუმცაღა, იმისდა მიუხედავად, თუ რას გრძნობს ადამიანი თავისი სიმდაბლისა და თუ სიამაყის შესაბამისად, არსებობს ერთი უბრალო ჭეშმარიტება, იმ გაგებით, რომ ერთნი ფლობენ მცირე შესაძლებლობებს, მეორენი კი დიდს. ერთს შეუძლია ორი ტალანტი აქციოს ოთხად , მეორეს კი, ხუთი – ათად. თუკი ჩვენ, ეჭვის თვალითა და წინააღმდეგობრივად შევხედავთ უფლის მართლმსაჯულებას, ხშირად ჩვენთვის სრულიად აუხსნელსაც კი, მაშინვე დავმარცხდებით, რადგან   უფლის სიბრძნე შეუცნობელია. უდავოა, რომ თითოეული ადამიანი  იღებს უფლისაგან რაღაც ნიჭს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შესაძლოა დიდი ღვაწლის გაღებაც მოუხდეს. თუმცაღა, ყოველი ადამიანი, იმ შესაძლებლობათა მიხედვით გასცემს, რომლებიც  უფალმა მიანიჭა მას: მცირედის მქონეს მცირედი მოეთხოვება, დიდის მქონე კი – დიდი.

რამდენჯერ გვქონია სურვილი ან გვიცდია ისეთი რამის გაკეთება, რაც ჩვენ ძალებს აღემატებოდა! მაგრამ, როდესაც ვგრძნობთ, რომ ვიღაცას შესაძლოა სრულებითაც არ მივაჩნდეთ დიადი საქმის გამკეთებლად,  მას მაშინვე ვეწინააღმდეგებით. ეს არის სრული კრახი და გვიჩვენებს, რომ ჩვენ  არ შევდივართ  ტაძარში იმ განცდით, რომ არარაობანი ვართ და სიმდაბლით გვმართებს წარდგომა მამა ღმერთის წინაშე. ყოველ ადამიანს შეუძლია სრულყოფილად შეასრულოს ის, რაც საკუთრივ მის გადასარჩენადაა საჭირო: მე ერთს აღვასრულებ, შენ – მეორეს. როდესაც ვცდილობ ისეთი ნიჭისა თუ ძალის მოხვეჭას, რომელსაც ჩემი მოყვასი ფლობს და ვხედავ, რომ არაფერი გამომდის, ეს მამწუხრებს და სასოწარკვეთილება მეუფლება. მაგრამ, როდესაც უფალზე ვარ მინდობილი, მაშინ, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, თუნდაც მცირედს ადამიანური გადასახედიდან, უფლის წინაშე ის დიდებულად წარმოჩინდება[1, 230–231].

უამრავმა მდიდარმა, აურაცხელი ქონება გაიღო შესაწირად, მაგრამ უფალმა შეაქო ქვრივი დედაკაცი, რომელმაც სულ რაღაც ორი ლეპტა ჩააგდო შესაწირად. უდიდესი მადლმოსილებით უმზერდა ის ღარიბ ქვრივს, რომელმაც ასეთი უბადრუკი ძღვენი შესწირა.  უფალი ცდის ჩვენს ნებელობას და გვაკვირდება, თუ როგორ წარვმართავთ ჩვენ გულში გამართულ ბრძოლას მოწყენილობის, უხასიათობის, იმედგაცრუებისა და არამდგრადობის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი ვლინდება იმაში, რომ ერთ რამეს გადავწყვეტთ და მეორეს ვაკეთებთ, ერთს ვამბობთ და საბოლოოდ სხვაგვარად ვმოქმედებთ. ვთვლით, რომ ხელგვეწიფება რაიმე, სინამდვილეში კი, ასე არ არის. უფალი ჩვენს ნებელობას უყურებს. უნდა აკეთო ის, რისი სურვილიც გაქვს და რაშიც ფიქრობ რომ წარმატებას მიაღწევს. სწორედ ის არის სათნო უფლისათვის, რასაც შენი ნების სრული თავისუფლებით აღასრულებ. უძლურს, სრულიად უუნაროსა და უბადრუკსაც კი შეუძლია გახდეს ის, ვისკენაც უფლის მზერა იქნება მიმართული, თუკი ის, წარმატებით შეძლებს ამ ღვაწლის  ტვირთვას[1, 231–232].

დაე, ყველამ საკუთარ თავს მოსთხოვოს პასუხი. ამაოა  მოყვასის პასუხისმგებლობაზე ფიქრი. უფალი განგვსჯის, როგორც “უვარგის მონებს” (ლუკ. 17,10) და პასუხსაც სწორედ ჩვენგან მოითხოვს. უვარგისნი არა იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლით თავს ასეთებად, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ აღვასრულებთ უფლის მცნებებს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ასეთები ვართ სინამდვილეში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ არ დავეცემით და რაღაც წარმოდგენას ვიქმნით საკუთარ თავზე. უვარგისი მონა, ვერ იჩენს გონიერებასა და ერთგულებას მოყვასის მიმართ და არ გააჩნია მასთან საერთო აზრი. დაე, ნურავინ იფიქრებს საკუთარ თავზე, რომ ის საუკეთესოა და მართალი, რადგან  ყოველი კაცი ცრუ არს ( რომ. 3,4), და  მხოლოდ ღმერთია ჭეშმარიტი [2, 132–133]. შეიყვარე სიმდაბლე, საკუთარი თავის არად ჩაგდება, კაცთაგან მოძულებულად ყოფნა, ჭირთა თმენა, ბოლო ადგილის გაკავება, იმ ადგილზე ყოფნა, სადაც სხვას ვერავის შეეძლება მყოფობა. მხოლოდ ასეთ სიმდებლეს შეუძლია შენი გადარჩენა, რადგან მაშინ, შენს ცოდვებს უფალი გადაფარავს [1, 344]. თუ საკუთარ თავს დააკვირდებით, დარწმუნდებით, რომ მაგალითად, როდესაც რაღაც ვითარებაში ველით, თუ ვის მიანიჭებენ უპირატესობას, მაშინვე ვიწყებთ ფიქრს: “მე როგორ მომექცევიან, რა წარმოდგენა შეექმნებათ ჩემზე?” როგორც კი ცოტა შეგვაქებენ, გვიჩვენებენ რომ გვაფასებენ, პატივს გვცემენ და ჩვენს აზრს ითვალისწინებენ, კმაყოფილნი ვართ და ვამბობთ: ” ნახეთ, რა კარგი ადამიანია!” მაგრამ, როდესაც ჩვენი თანდასწრებით სხვაზე საუბარსა და მის ქებას იწყებენ, ჩვენი გული ამას  ვერაფრით იღებს. შინაგანად, შესაძლოა თავადაც ვერ ვხვდებოდეთ ისე, ჩვენი გული ამის წინააღმდეგია[1, 468–469]. 

ყოველი ქრისტიანის ღვაწლს აქვს ერთი მიზანი – გაცნობიერება საკუთარი უუნარობისა და ცოდვილობისა. ამის გაცნობიერება, ჩემ მიერ რაღაც ცოდვის ჩადენის შედეგად კი არ ხდება, რამეთუ ცოდვა, მხოლოდ უფლის წინაშე გვამყოფებს დამნაშავედ, არამედ ღვაწლით, რადგან ის მეხმარება დავინახო, რომ თავად ჩემი ადამიანური ბუნებაა ავად. ვაცნობიერებ, რომ მთელი ჩემი შინაგანი მე პარალიზებულია, ბრმაა, ყოვლად უუნაროა და იმდენადაა გამოფიტული, რომ თითის განძრევაც კი არ შემიძლია. ყოველივე ამის გაცნობიერების შემდეგ, უნდა გადავდგა შემდეგი ნაბიჯი: უნდა დავამტკიცო, რომ ჭეშმარიტად ვისწრაფვი აღდგომისაკენ და მსურს გადარჩენა. ამ დროს  უფალი მოდის, და გვაძლევს იმას, რასაც ვითხოვთ. როდესაც ადამიანი სიღრმისეულად, მთელი გულით გრძნობს თავის უუნარობას და განკურნების გულწრფელ სურვილს აჩვენებს უფალს, ის უფლით სუნთქვას იწყებს და მისი მადლმოსილების თანაზიარი ხდება.

თქვენ იკითხავთ, ნუთუ უფალი ვერ ხედავს ჩემ გულს? უფალი ყველაფერს ხედავს, მაგრამ ის პატივს სცემს ადამიანის თავისუფლებას და მხოლოდ მაშინ გასცემს პასუხს, როდესაც ადამიანი მიხვდება, თუ რა სურს სინამდვილეში მის გულს და რას ითხოვენ მისი ბაგეები. უფალი პასუხობს მაშინ, როდესაც ადამიანს, ამ ცხოვრებაში, უფლის გარდა სხვა ინტერესი აღარ გააჩნია. უფალი უშრეტი წყაროა, უმდიდრესი განძთსაცავი და მას თვალის დახამხამებაში შეუძლია მოგვცეს ყოველივე, რაც გვჭირდება და ისიც მანამ, სანამ შევთხოვთ. მაგრამ, როდესაც საქმე რაიმე სერიოზულს, დიადს ეხება, ის იცდის, რომ ცოტა ვიწვალოთ და დავიტანჯოთ იმის გამო, რომ ვერ ვიღებთ სათხოვარს. როდესაც სულიერად მოვმწიფდებით, გავაცნობიერებთ მისაღები  ძღვენის დიდებულებას  და დანამდვილებით ვისურვებთ მის მიღებას, უფალიც არ დააყოვნებს.

უმთავრესი, რაც გვჭირდება, ეს სიმდაბლეა, რათა ჩვენს შინაგან ცხოვრებას საფუძველი ჩაეყაროს. შემდგომ უნდა გავიაზროთ, რომ აკრძალვანი, ტკივილი და წყვდიადში ყოფნა   საჭიროა ჩვენთვის, რადგან მათი წყალობით უფლისადმი ჩვენი სიყვარული და ნდობა გამოიცდება. თუკი განსაცდელისას არ დავუძლურდებით და გავუძლებთ მას, დავამტკიცებთ, რომ უფლისადმი ჩვენი სიყვარული ჭეშმარიტია. მართლაცდა, თუკი დღეს, წყვდიადში მყოფი, არ ვკარგავ რწმენას უფლისადმი, მაშინ მითუმეტს ვირწმუნებ მას ხვალ, როდესაც სინათლეზე აღმოვჩნდები. განცდილი ტკივილისა და წყვდიადში მყოფობის შემდეგ მადლის მიღებისას, ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ დიდებული ძღვენი მივიღეთ და, რა თქმა უნდა, უკვე აღარ მოგვინდება  სინათლისა გაცვლა წყვდიადზე, ჯანმრთელობისა – ავადმყოფომაზე, უფლისა – უშმაკზე. ამის შემდეგ, ჩვენ ერთგულნი ვიქნებით უფლის ძღვენისა და სათუთად შევინახავთ მას. და თუკი, მიუხედავად მიღებული მადლისა, ჩვენ დავეცემით და გავფლანგავთ უფლის საჩუქარს, ძალიან გაგვიჭირდება  მისი კვლავ მოპოვება. ეს მსგავსია, შეცოდებისა აღსარების იმედით.  ასეთ დროს უფალი სიმკაცრეს იჩენს, ადამიანი კი, თითქმის უუანროა რათა გამოსწორდეს, რადგან დაცემით, მან უფლისა და მისი ნიჭების მიმართ თავისი უგულისყურო დამოკიდებულება დაამტკიცა. ცხადია, როდესაც ადამიანი უგულვებელყოფს უფლის მადლისმიერ მოქმედებას, ვერ იღებს სულიერ ნიჭებს მისგან, რადგან უფრო და უფრო უსასტიკდება გული, კარგავს კადნიერებას და უფრო მეტად შორდება უფალს. ის კი, ვინც გაუძლო ყველა გამოცდას, საბოლოოდ, ფეხზე მყარად დგომის უნარს იძენს. ის საქმით ამტკიცებს გადარჩენის სურვილს და ამგვარად, ადამიანი და უფალი რომელსაც ყველას გადარჩენა სურს, იწყებენ ერთად  სვლას[3, 176–178].

მდაბალი ადამიანი არავის ეწინააღმდეგება

რასაცაც არ უნდა ვაკეთებდებთ, ჩვენ უძლურნი ვართ გავექცეთ ცოდვას. ცოდვა, მოლიპული ზედაპირია და ამიტომაც გვიცურდება  ფეხი ყველას და ვეცემით. მხოლოდ სიმდაბლის სათნოებას შეუძლია ჩვენი გადარჩენა. და მართლაც, მდაბალი ადამიანი, არავის ეწინააღმდეგება, არავის არ აწყენინებს. ის, ვინს თავის ძმას აწყენინებს, ამტკიცებს, რომ ეგოისტია და თავის “მეს” ეფოფინება. მდაბალი ადამიანი არ აჰყვება საცდურს და არც ცდუნდება. თავმდაბლობა იცავს მას ცოდვებისაგან. ამიტომაც, ნუ იტყვი, რომ არ შეგიძლია იყო უცოდველი,  ძენი და ასულნი უფლისა, არასოდეს შესცოდავენ სიმდაბლის წყალობით[2, 154–155].

სიმდაბლე მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი ცხოვრობს ისე, რომ თითქოს ის იყოს ერთადერთი ცოდვილი დედამიწაზე. ნუთუ ის, ვინც მეზვერის მსგავსად გაათვითცნობიერა თავისი ცოდვილობა, თავის მართლებას და საკუთარი სიმართლის დაცვას დაიწყებს? ან საკუთარ ჯანმრთელობაზე იდარდებს და საუკეთესო ექიმთან წასვლას ეცდება? როგორ ფიქრობთ, შეძლებდა მეზვერე ასე მოქცევას? ის, ვინს მეზვერეს ბაძავს, ჭეშმარიტად მდაბლდება და ნანობს. ჩვენს სინანულზე მსჯელობა, შესაძლებელია  იმისდა მიხედვით, გვწამს თუ არა საკუთარი ცოდვილობისა[2, 189].


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

X