ყოველ ჯერზე, როდესაც ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღვნიშნავთ, თითქოს აღდგომა მეორდება – ზაფხულის აღდგომა. ამ აღდგომას, დიდებულ „გადასვლას სიკვდილისაგან სიცოცხლეში,“ ჩვენი ყოვლადწმინდა დედოფალი გვიმზადებს. მეორე აღდგომა წმინდაა, შეურყვნელი, კაცობრიობისათვის სიცოცხლის მიმნიჭებელი, რადგან სწორედ დღეს „ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყველნი“.
წმინდა იოანე დამასკელი ღაღადებს: „როგორ შედის ცხოველმყოფელი წყარო სიცოცხლეში სიკვდილის მეშვეობით!“ გარდაცვალება დედისა, რომელიც თავად იყო წყარო უფლის სიცოცხლისა, არღვევს წარმოდგენას სიკვდილის შესახებ ისე, რომ მას გარდაცვალებაც კი აღარ ეწოდება, არამედ – მიძინება, ღმრთიური გარდაქმნა (გადასვლა, μετάστασις), გადასახლება უფალთან. და თუ ჩვენ, მას მაინც სიკვდილს ვუწოდებთ, იგი სიცოცხლის მომნიჭებელი იქნება, რადგან სამოთხისეულ, უკვდავ სიცოცხლეში გადადის.
ღმრთისმშობლის მიძინება, როგორც უეჭველად აღსრულებული მოვლენა, რომელიც ეკლესიამ წმინდა გარდამოცემით შემოგვინახა, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ნაწილია და არ აქვს კავშირი დასავლური დოქტრინის ერეტიკულ სწავლებებთან, უბიწო ჩასახვისა და ღმრთისმშობლის სხეულის უკვდავობის შესახებ.
ყოვლადწმინდა ქალწული ღმერთის განსაკუთრებული ქმნილება იყო, რომელიც ყველა სხვა ადამიანსა და ანგელოზს აღემატებოდა. კაცობრიობიდან მხოლოდ მან შეძლო, ეცხოვრა უბიწოდ და რაც რაციონალურად მოაზროვნე არსებისათვის მიუწვდომელია, ღმრთის დედა გახდა. ვინაიდან მას არასდროს შეუცოდავს, არასდროს შეუწყნარებია ვნებიანი გულისთქმა, სამართლიანად არ შეხებია ხორციელი ტკივილი და სნეულება. თუმცა, მიუხედევად იმისა, რომ მისმა სხეულმა შვა თავად სიცოცხლე, როგორც ადამიანი, სიკვდილის სნეულებას მაინც ექვემდებარებოდა. ის მართლაც გარდაიცვალა, მაგრამ მისი სული და სხეული ღმერთს არ განშორებია. ეს კავშირი დროებით გაწყდა, როგორც ეს ქრისტეს შემთხვევაში მოხდა. მისი ყოვლადწმინდა დედის მიძინებისას, თავად უფალმა ანგელოზებისა და წმინდანების თანმხლებ ზეციურ დასთან ერთად, მისი სული არა მხოლოდ სასუფეველში, არამედ, როგორც წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს, თავის კუთვნილ სამეფო ტახტამდე, ზეციურ წმიდათა წმიდაში აღიყვანა. ჩვენი ყოვლადწმინდა დედოფლის შეუბღალავი სხეული კი, რომელმაც დაიტია ღმერთი და შვა სიცოცხლე, სამი დღის შემდეგ გადანაცვლდა სამოთხის მიღმა, მისი მხოლოდშობილი, საყვარელი ძის წიაღში.
ღმრთისმშობლის ამ გარდაცვალება-აღდგომის მოწმე მოციქული თომა იყო, რომელიც მის წმინდა დაკრძალვას არ დასწრებია, თუმცა როგორც უწინ, სამი დღით გვიან ჩამოვიდა. მისი თხოვნით, სხვა მოციქულებმა აკლდამა გახსნეს და ნახეს, რომ ღმერთისგან განდიდებული პატიოსანი ნეშტი იქ აღარ ესვენა. სამაგიეროდ, ყველანი ღირს იქმნენ ეხილათ ზეცად აღსვლა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა, რომელმაც მოციქულ თომას თავისი ძვირფასი და წმინდა სარტყელი უბოძა, მისი გარდასახვის დასამოწმებლად. ეს მოვლენა თითქოს მსგავსია, იმავე მოციქულის მიერ უფლის წყლულების შეცნობისა.
ჩვენი დედოფლის წმინდა ნეშტს, მისი ძის მსგავსად, საფლავში ხრწნა არ შეხებია, ანუ არ შეცვლილა, მისი შემადგენელი მატერია არ დაშლილა. იმის გათვალისწინებით, რომ ქრისტეს აღდგომის შემდეგ მრავალი წმინდანის სხეული არ გახრწნილა და შეურყვნელ სიწმინდედ შემონახულა, რამდენადმე სარწმუნოა, რომ „ღმრთის სამკვიდრებელი“, მშობელი უფლისა, განუხრწნელი დარჩებოდა.
წმინდა ანდრია კრიტელი ბრძანებს, რომ ქრისტეს შობისას ღმრთისმშობლის მიერ ქალწულების დამარხვიდან ბუნებრივად გამომდინარეობს, რომ მისი მიცვალებისას სხეული უხრწნელი დარჩებოდა. „შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე“.
მისი მიძინების შემდეგ, ღმრთისმშობელი ახალი ქმნილების, ქრისტეს ეკლესიის დედა გახდა. ვინაიდან უფალმა, რომელიც თავია ეკლესიისა, ადამიანური ბუნება მისგან მიიღო, მას ცენტრალური როლი ჰქონდა გამოხსნის აღსრულებაში, ამიტომაც ახლა ზეციურ ეკლესიაში მადლის მთელი სისავსე, დიდება და კადნიერება აქვს ნაბოძები. იგი გახდა მეოხი მთელი ბუნებისა და ქმნილებისა, ამიტომაც იდიდება მთელი კაცობრიობის მიერ, როგორც დედოფალი, დიდებული ქალბატონი, მშობელი ღმრთისა.
ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მეოხებით მთელი სამყარო ახალ გზას დაადგა, შეუდარებლად უფრო აღმატებულსა და დიდებულს, ვიდრე მანამდე არსებობდა. შეუძლებელი იყო და არის რაიმე ქმნილი მასზე სრულყოფილი ყოფილიყო, ვერც თავად გახდებოდა იმაზე სრულყოფილი, ვიდრე იყო. წმინდა მამების მიხედვით, არსებობს სამი რამ, რომელსაც ყოვლისშემძლე ღმერთი მეტად ვერ სრულყოფდა, ესენია: ღმრთის სიტყვის განკაცება, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი და ის ნეტარება, რომელშიც ცხონებული ადამიანები იმყოფებიან.
წყარო: http://pemptousia.com
სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©