W3A7248

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება – მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

წმ. გრიგოლ პალამას მიხედვით

წმინდა გრიგოლ პალამამ ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ორი ქადაგება მიუძღვნა, რომლებშიც აღწერს, თუ როგორ ცხოვრობდა ღმრთისმშობელი წმიდათა წმიდაში და როგორ მიაღწია მადლისმიერ განღმრთობას. ეს ქადაგებები (განსაკუთრებით მეორე) ღრმა საღმრთისმეტყველო ანალიზით გამოირჩევა და ისიქასტური ცხოვრების საფუძვლებს წარმოგვიდგენს.

წმ.გრიგოლ პალამა
წმინდა გრიგოლ პალამა

ქადაგების დასაწყისში წმ. გრიგოლი მისი წარმოთქმის მიზანს ასახელებს და ამბობს, რომ არ შეეძლო, არ დაეწერა ეს ყველაფერი, რადგან ყოვლადწმიდა ქალწულისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვის წყურვილი ჰქონდა. წმ. გრიგოლი ამბობს, რომ ყველაფერი, რაც მას გააჩნია, ღმრთისმშობლის მიერ მიიღო.

წმ. გრიგოლ პალამას სწავლება მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმ თვალსაზრისით, რომ მასში წარმოჩენილია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სიდიადე, გამოხატულია წმ. მამის დიდი სიყვარული მის მიმართ, აგრეთვე აღწერილია წმ. მარიამის განღმრთობის გამოცდილება და ისიქასტური ცხოვრების წესი. ამრიგად, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი ჭეშმარიტი ისიქაზმის ყველაზე ნათელი მაგალითია და განღმრთობის მიღწევის მისი სულიერი გზა ათონის წმინდა მთაზე ჭეშმარიტი მოღვაწეების მიერ დღემდე შემონახულია. ნათელია, რომ ისიქაზმი მართლმადიდებლური გარდამოცემის არსი და ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებაა.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი წმიდათა წმიდაში სამოთხისეული ცხოვრებით ცხოვრობდა. ის წმინდა და კურთხეულ ადგილას არა მხოლოდ ფიზიკურად იმყოფებოდა, არამედ მის ცხოვრებაში არ იყო არანაირი ძალდატანება. საკმარისი არ არის უბრალოდ ისიქასტურ გარემოში ცხოვრება. ჩვენი მთავარი მიზანი შინაგანი ისიქასტური ცხოვრების მოხვეჭაა. წმ. გრიგოლი წერს: „წმიდათა წმიდაში ის მოღვაწეობრივი, დაყუდებული, საზრუნავებისა და ვნებებისგან განშორებული ცხოვრებით გამოირჩეოდა. ამგვარი სულიერი ცხოვრება ნებისმიერ ამქვეყნიურ სიტკბოებას აღემატება. ის არსებობდა მხოლოდ ცოცხალი ღმერთისთვის, იკვებებოდა მადლით და დაცული იყო მის მიერ. მთელი მისი არსება და სულიერი მზერა მხოლოდ ღმრთისკენ იყო მიპყრობილი, მხოლოდ უფალი იყო მისი სულის სიტკბოება და საკუთარ გულში მოუკლებელი ყურადღებით მხოლოდ მას ეძებდა“.

ნებისმიერი ადამიანი, ვინც ათონის წმინდა მთაზე ყოფილა, განმარტოებასა და მყუდროებაში მოღვაწე მამები უხილავს, მარტივად მიხვდება, რომ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძარში ცხოვრების წესზე საუბრისას წმ. გრიგოლი არსობრივად თავის ცხოვრებას აღწერს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ათონელი მამები თავად მისდევენ და ჰბაძავენ ღმრთისშობლის მაგალითს და ცდილობენ, მის მსგავსად იცხოვრონ.

წმინდა გრიგოლ პალამას სწავლებით, ღმრთივგანბრძნობილმა ქალწულმა: „გამოიკვლია, შეიცნო სულის ის უნარები, რომლებიც ადამიანს ღმერთთან ერთობის მოხვეჭაში ყველაზე მეტად ეხმარებიან’’. ამ ერთობას წმინდა გრიგოლი უმანკო და საღმრთო სიყვარულის გამოვლინებას უწოდებს. ღმრთისმშობელმა აღმოაჩინა, რომ ღმერთთან ერთობა ვერ მიიღწევა ეგრეთ წოდებული სულის არაგონიერი ძალებისაგან(ἄλογες), როგორებიცაა წარმოსახვა, ფანტაზია(φαντασίας), აზროვნება და გრძნობისმიერი აღქმა(αἰσθήσεως). ასეთი ერთობა მხოლოდ გონების (νοῦ) მიერ არის შესაძლებელი. თუ ადამიანი მთელი არსებით, გონისმიერად დაიწყებს ღმერთის ძიებას, ანუ გონიერ ლოცვას, ის ღმრთის მადლით განღმრთობას მიაღწევს.
როდესაც გონება ღმერთს განეშორება და წარმოსახვებში ხეტიალს იწყებს, ავადდება, რაც ადამიანის სულიერ დასნეულებასაც იწვევს. თავდაპირველად სწორედ გონების კურნებაა საჭირო, რათა გათავისუფლდეს ამქვეყნიური საგნების მონობისაგან. განვდევნოთ ნებისმიერი გულისთქმა და შინაგანი მზერა ზეციურისკენ მივაპყროთ! სწორედ ამას ეწოდება გონების მყუდროება, სხვაგვარად – ‘’მყუდროების გზა’’ და ‘’წმინდა მყუდროება’’. წმინდა მყუდროებით ადამიანი სულის სიჯანსაღეს მოიხვეჭს, ხედავს ცოცხალ ღმერთს და მადლით ღმერთი ხდება. ამ გზაზე სვლით ვთავისუფლდებით ამქვეყნიური ფიქრებისგან და ჩვენი აზრები, ზრახვები, გული მუდამ ზეციურითაა დაკავებული. წმ. გრიგოლ პალამას თქმით, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი ზუსტად ამ გზაზე იდგა, წმიდათა წმიდაში მადლით განიღმრთო და გახდა ცოცხალი ხიდი ქმნილსა და უქმნელს შორის.

ბუნებრივია, რომ მისი სულიერი გზა არ იყო რაღაც აბსტრაქტული ზეაღსვლა, რომელსაც ფილოსოფიასა და ბუდიზმშიც კი შეიძლება შევხვდეთ. ეს ის გზაა, რომელსაც ძველი და ახალი აღთქმის ყველა წმინდანი მისდევს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, გათავისუფლდა რა ყოველგვარი მიწიერი მიჯაჭვულობისა და ბორკილისგან, საკუთარი სხეულის თანაგრძნობაზე მაღლა დადგა, „გონება ყურადღებით საკუთარ თავში (გულში) მოიკრიბა და მოუკლებელ სულიერ ლოცვას მიეცა, რომლის მიერაც ჭვრეტდა ღმრთის დიდებას და საღმთო მადლს ეზიარებოდა’’. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ მისი შრომისა და ძალისხმევის ნაყოფი კი არ იყო, არამედ, უპირველესად, – საღმრთო მადლის შეწევნა. ადამიანი ღმრთის მადლის გარეშე, გონება სულიერად მომართულიც რომ ჰქონდეს, ღმერთს მაინც ვერ იხილავს. აქედან გამომდინარე, ჩვენ აბსტრაქტულ ცნებებსა და აღმოსავლურ მედიტაციაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ლოცვაზე, ღმრთის მადლსა და ქრისტესთან ერთობაზე.

იერეთეოს ვლახოვი
მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულისა და მისი მადლისმიერი განღმრთობის სულიერი გზის განხილვა გვიჩვენებს, რომ სწორედ ეს არის არსი მართლმადიდებლობისა და, ამავდროულად, – ათონელ ისიქასტთა გზა. დღესაც ჭეშმარიტი ათონელები სწორედ ასე მოღვაწეობენ და ამიტომაც, საკუთარ თავს ღმრთისმშობლის სულიერ შვილებად აღიქვამენ. მთავარი ის კი არ არის, რომ ისინი განსაკუთრებულ ადგილას ცხოვრობენ, სადაც შეიგრძნობა ღმრთისმშობლის მყოფობა, არამედ ის, რომ ყოვლადწმიდა ქალწულისა და მათი ცხოვრების წესი ერთნაირია.

როგორც ვთქვით, წმიდათა წმიდაში ღმრთისშობელმა მადლისმიერი განღმთობა მოიპოვა და ცოცხალი ღმერთის სამკვიდრებელი გახდა. ამ ყველაფრით მან სულიერი და ხორციელი სიწმინდეც მოიხვეჭა. წმ. გრიგოლი წერს: „ის იყო კარავი, რომელიც ზებუნებრივ, გამოუთქმელ სულიერ სიწმინდეს, ღმრთის მგსავს ნებასა და ქალწულების ღმრთივსათნო ბრწყინვალებას ატარებდა და არა მატერიალურ და უსხეულო გამოსახულებებს. მოკლედ რომ ვთქვა: ის იყო სამკვიდრებელი ცოცხალი ღმერთისა, რომელმაც ყველაფერი ამ ერთში(ღმრთისმშობელში) გააერთიანა’’. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი შინაგანად სულიერი სიწმინდის გამოუთქმელ ნათელს, საღმრთო გონებას, განათლებას, ქალწულებრივ სიდიადეს ატარებდა. ამასთან ერთად მას „ქალწულებრივ საუნჯეს’’ უწოდებენ.

ღმრთისმშობელმა კაცობრიობისთვის უდიადესი საზოგადეობრივი სიკეთე აღასრულა. საუბარია არა წარმავალ და ზედაპირულ ქველმოქმედებაზე, არამედ ადამიანის მარადიულ გამოხსნაზე. მან სამყაროში ჭეშმარიტი სიცოცხლე შემოიყვანა. წმ. გრიგოლ პალამა წერს: „მან მიწაზე სასწაულთა შორის სასწაული შვა და ამით სამყაროს ისტორიაში ყველაზე დიდებული ქველმოქმედება აღასრულა’’.

ღმრთისმშობელმა თავისი ლოცვით მიწაზე ზეცა კი არ ჩამოიტანა, არამედ თავად ზეციური მეუფე მოგვგვარა და სიცოცხლის წყარო შვა

ღმრთისმშობელმა ადამიანის სიცოცხლეს აზრი შესძინა. წმ. გრიგოლ პალამა ამბობს: „შენ უფლის დედად გამოჩნდი. შენი შინაგანი გონება მას დაუკავშირე და ამით ღმერთი ხორცს შეუერთე. შემოქმედი დაჰბადე ადამიანად და ადამიანი ღმრთის შვილად აქციე. შენ ეს სამყარო თავის შემოქმედს შეარიგე და საქმით აჩვენე, რომ ცოცხალი ღმერთის ჭვრეტა შესაძლებელია არა აზროვნებით, არამედ გონების განწმენდითა და ღმრთის მადლთან ზიარებით, რომლის მიერაც საღმრთო მშვენიერებასთან უნივთო შეხებით ვტკბებით’’. ამრიგად, წმ. მარიამმა ღმერთი და ადამიანი ერთმანეთს დაუკავშირა. მან აგრეთვე შემოგვინახა გზა, რომელზეც უნდა ვიაროთ, რომ ცოცხალ ღმერთთან ერთობას მივაღწიოთ. მან საკუთარი თავი ღმერთს მიუძღვნა, გახდა მისი დედა და ამით მიწა ზეცად აქცია. ღმრთისმშობელმა თავისი ლოცვით მიწაზე ზეცა კი არ ჩამოიტანა, არამედ თავად ზეციური მეუფე მოგვგვარა და სიცოცხლის წყარო შვა: „მან მთელი მიწა ზეცად აქცია, შვა საუნჯე ყოველგვარი სიკეთისა, მარადიული წყარო, რომელიც მამის წიაღიდან განუყოფლად, მარადიულად მოედინება, რომელმაც მოგვიტანა ცოცხალი წყალი და უკვდავების საზრდელი, რომელიც თავის მიმღებლებს ღმრთის შვილებად აქცევს’’.
წმინდა გრიგოლ პალამამ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ ღმრთისმშობლის ხსოვნაც კი განწმენდელია. მისი სახელის მოხმობა დიდი მადლის წყაროა. წმინდა მამა წერს: „შენი გახსენებაც კი განწმენდს ადამიანს, შენკენ სწრაფვით გონება ნათლდება და საღმრთო სიმაღლეებზე აღიტაცება. შენ მიერ ნათლდება სულიერი თვალი, რადგან შენ ხარ მადლისმიერი ნიჭების არა საკუთარ თავში დამმარხველი, არამედ განმგებელი და მთელი სამყაროს მადლით აღმვსებელი. ამოუწურავი განძის მეთვალყურე ხომ მისი განაწილებისთვისაა დადგენილი, რადგან რა აზრი ექნებოდა გამოულეველი საგანძურის დაკეტვას?! ამიტომაც, ჰოი, ღმრთისმშობელო, გულუხვად გვიწილადე ამ საგანძურიდან და, თუ ვერ დავიტევთ, უფრო მეტის დამტევნელები გაგვხადე’’!

დასკვნის სახით ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შესახებ წმინდა გრიგოლ პალამას შესანიშნავ სიტყვებს მოგიყვანთ: „ის არის მათი მიზეზი, ვინც მის გამოჩენამდე იყო და მათი წინამორბედი, ვინც მის შემდეგ მოვიდა. ის არის საფუძველი წინასწარმეტყველთა, დასაწყისი მოციქულთა და სიმტკიცე მოწამეთა. ის არის მიწაზე მცხოვრებთა დიდება და ზეცაში მყოფთა სიხარული. ის არის მთელი ქმნილების მშვენება. ის არის დასაწყისი, წყარო და ფესვი გამოუთქმელ სიკეთეთა, ის არის სიმაღლე და სრულყოფილება ყველა წმინდანისა’’.

წყარო: მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსი ‘’წმინდა გრიგოლ პალამა, როგორც ათონელი მამა’’ https://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©