მოზაიკის ფრესკა

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის როლი ადამიანის განღმთობის საქმეში – არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

ჩვენი უფალი, იესუ ქრისტე გვაძლევს საშუალებას, რომ ღმერთს შევუერთდეთ და იმ საწყის მიზანს დავუბდუნდეთ, რისთვისაც ადამიანი შეიქმნა. ამიტომაც, წმინდა წერილში ის სახელდებულია როგორც გზა, კარი, კეთილი მწყემსი, სიცოცხლე, აღდგომა, ჭეშმარიტება და ნათელი. ის არის ახალი ადამი, რომელმაც პირველი ადამის შეცდომა გამოასწორა. პირველმა ადამმა თავისი ურჩობითა და ეგოიზმით საკუთარი თავი ღმერთს განაშორა, ხოლო მეორე ადამმა, იესუ ქრისტემ, სიყვარულითა და ჯვარზე სიკვდილამდე ზეციური მამის მორჩილებით, კლავ ღმერთთან დაგვაბრუნა.

ახალი ადამის საქმე საჭიროებდა ახალი ევას – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საქმესაც, რომელსაც ძველი ევას შეცდომა უნდა გამოესწორებინა. ევამ უბიძგა ადამს ურჩობისკენ. ახალმა ევამ კი ახალი ადამის განკაცებას შეუწყო ხელი, რომელსაც კაცობრიობა კვლავ ზეციური მამის მორჩილების მდგომაროებაში უნდა დაებრუნებინა. ამიტომაც, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა, როგორც განღმთობას მიღწეულმა პირველმა ადამიანმა, არამხოლოდ განუმეორებელი და მთავარი, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელი და შეუცვლელი როლი შეასრულა კაცობრიობის გამოხსნის საქმეში.

როგორც მეთოთხმეტე საუკუნის დიდებული ღმრთისმეტყველი წმ. ნიკოლოზ კავასილა ამბობს, ღმრთისმშობელს მორჩილება რომ არ გამოევლინა, თავისი თავისუფლება ღმრთისადმი რომ არ მიეძღვნა და არ ეთქვა მისთვის: ,, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა’’ ღმერთი ადამიანად ვერ მოვიდოდა, რადგან მას არ შეეძლო თავისი ქმნილების თავისუფლების შეზღუდვა. რომ არ გამოჩენილიყო ისეთი წმინდა და უბიწო სულის მქონე ქალწული, როგორიც ღმრთისმშობელი იყო, რომელიც თავის ნებას, თავისუფლებას, მთელ თავის არსებას ღმერთს მიუძღვნიდა და ამით საკუთარ წიაღში მას მიიზიდავდა, ღმრთის განკაცება არ აღესრულებოდა.

სწორედ ამიტომ მიაგებს ასეთ პატივს მას ეკლესია. ამიტომ ამბობს წმ. გრიგოლ პალამა, რომ ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღმრთისმშობელი მეორეა, რომ ის ღმერთია ღმერთის შემდეგ, ის არის საზღვარი ქმნილსა და უქმნელს შორის. ჩვენი ეკლესიის ეს ახალი მნათობი და განუმეორებელი მასწავლებელი, წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი ამბობს, რომ ანგელოზთა წესნიც კი ნათლდებიან ყოვლადწმინდა ღმრთისმშბლისგან მომდინარე ნათლით.

ამიტომაც განადიდებს მას ჩვენი ეკლესია როგორც ,,უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღატებით უზესთაესსა სერაფიმთასა’’.

ღმერთის განკაცება და ადამიანის განღმრთობა ჩვენი სარწმუნოებისა და ღმრთისმეტყველების უდიდესი საიდუმლოებაა.

მართლმადიდებელ ეკლესიაში წმ. საიდუმლოებების მიერ ყოველდღიურად განიცდება ეს დიდებულება. ეს საიდუმლოება გადმოცემულია ჰიმნოგრაფიაში, ხატებში და ტაძრის არქიტექტურაშიც კი. ეკლესიის მთელი ცხოვრება ამ საიდუმლოებითაა განმსჭვალული. ტაძრის გუმბათი, რომელზეც ყოვლისმპყრობელი ქრისტეა გამოსახული, განასახიერებს მის ადამიანად მოსვლას, რომ მან ,,მოსდრიკა ცანი და გარდამოხდა’’, რომ ღმერთი გახდა ადამიანი და როგორც წმ. იოანე მახარებელი ამბობს: ,, სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის’’(ინ. 1:14).

რადგანაც სწორედ ღმრთისმშობლის წყალობით გახდა ძე ღმერთი ადამიანი, ჩვენ მას საკურთხევლის თაღზე გამოვსახავთ, რათა ვაჩვენოთ, რომ მის მიერ მოვიდა ღმერთი ადამიანად. ის არის კიბე, რომლის მიერა ღმერთი გარდამოხდა, ის არის მიწასა და ზეცას შორის გადებული ხიდი, ,,უვცელესი ცათა’’, და ჩვენი გამოხსნისათვის საკუთარ თავში დაუტევნელის დამტევნელი.

ჩვენ არამხოლოდ ჩვენს უფალ იესუ ქრისტესა და მის ყოვლადწმიდა დედას გამოვსახავთ, არამედ განღმრთობილ წმინდანებსაც, რომელიც ყოვლისმპყრობელი უფლის ირგვლივ და ქვემოთ დგანან. ჩვენი ტაძრების კედლებზე ღმერთის განკაცების ნაყოფებს: წმინდანებსა და განღმრთობილ ადამიანებს გამოვსახავთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ მართლმადიდებლურ ტაძარში შესვლა და ამ შესანიშნავ ხატებთან მიახლებაც გამოცდილებას გვაძლევს: ჩვენ ვსწავლობთ იმას, თუ რა არის საღმრთო საქმე და რა არის ჩვენი ცხოვრების საზრისი. ეკლესიაში ყველაფერი ღმერთის განკაცებასა და ადამიანის განღმრთობაზე მეტყველებს.


წყარო: https://azbyka.ru

მთავარი ფოტო: წმინდა იოსებ ისიქასტის ტაძრის ღმრთისმშობლის მოზაიკა (მის. ფანასკერტელის ქ.14)