ლიტურგია და ქრისტესმიერი სიტკბოება – არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი

წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის პატისიონის ტაძარში, 1975წ. 21 თებერვალს, თავისი სულიერი შვილების წინაშე ნათქვამი ქადაგება

საყვარელო შვილებო! დღეს წაკითხული სახარება სხვა დროსაც ბევრჯერ მოგვისმენია, მაგრამ, იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ყოველ საღმრთო ლიტურგიაზე უწყვეტლივ ვიმყოფებით სახარების ამ მონაკვეთში, მას შევიგრძნობთ და ჭეშმარიტად განვიცდით.

დღევანდელი ეპოქის გვალვით გადამხმარი უდაბნო საღმრთო ლიტურგიის წყურვილს გვიმძაფრებს. რა არის საღმრთო ლიტურგია ან ჩვენთვის და ან ღვთისმოსავი სხვა ერებისთვის? გიპასუხებთ, რომ ეს არის მასში მუდმივი, აუცილებელი თანამონაწილეობა; ღია ცის ქვეშ გაშლილი სწორედ ის ტრაპეზია, დღეს ღმერთმა ჩვენთვის რომ მოამზადა.

რას ამბობს სახარება? ბევრი ხალხი შეიკრიბა. რისთვის? „რამეთუ, რაიმცა ჭამეს არა აქუს“(მკ. 6, 36). მიციქულებმა ქრისტეს მოახსენეს, რომ ამ ხალხს საკვები თან არ ჰქონდა. ღვთის სიტყვას დაწაფებული ხალხი საკვების მარაგის გარეშე გაჰყვა. მაშინ მან შეკრიბა გამოსულნი, „დასხა მწყობრად-მწყობრად ას-ასი და ერგასის-ერგასისის“(მკ. 6,40), რათა დაერწყულებინა მათი სულები.

ჩემო კარგებო, უწყვეტად აღსრულებული საღმრთო ლიტურგია იგივეა, რაც ჩვენი გასვლა, მდელოზე ფეხის მორთხმა და საკვების მიღება. იმ ხალხმა, ვისზეც სახარებაშია საუბარი, ქალაქები და სოფლები დატოვა და ქრისტეს გზას გაჰყვა. და…ჩვენ საიდანღა გავდივართ? იქიდან გავდივართ, სადაც ვცხოვრობთ, ანუ საკუთარი არსებიდან.

ალბათ თქვენც გიგრძვნიათ, რომ, როგორც-კი ტაძრის ზღურბლს გადავაბიჯებთ, სხვა სამყაროში ვხვდებით! აქ ვემალებით ამა სოფლის სულს; და, თუ შემთხვევით უღირსი გულისსიტყვა გვეწვია, ვცდილობთ მოვიშოროთ; ხოლო, როცა საამისოდ ძალა არ გვყოფნის, არ ვითავისებთ, არამედ აღვიქვამთ, როგორც მტრის მზვერავს, შეუმჩნევლად რომ შემოპარულა ჩვენს სამფლობელოში.

ზემოთ ვახსენე „საკუთარი არსებიდან გავდივართ-მეთქი“, რაშიც ყოველივე არაეკლესიურიდან განშორებას  ვგულისხმობ. მთელი ჩვენი არსებით, ნებელობით უნდა უარვყოთ კაცობრივი ბუნებისთვის დამახასიათებელი ცოდვიანი მიდრეკილებები, სურვილები, ყოველივე, რისგანაც შედგებოდა ჩვენი ცხოვრება.

მხოლოდ ღმერთია ერთადერთი და ჭეშმარიტად არსებული. ჩვენი, ანუ ადამიანური „მე“-კი ცოდვიანი ნება-სურვილებიდან არის გამოძერწილი, ხოლო, თუ რაიმე სიკეთე გაგვაჩნია, ისიც ღვთისგან გვაქვს – მაშინდელია, როცა შეგვქმნა და თავისი პირველი კურთხევა შთაგვბერა.

ყოველთვის, როცა უფალი შეგვკრებს და ამ წმინდა ადგილას, ანუ ეკლესიში თავს მოვიყრით, ჩვენ, ღვთის შვილები იმ გმირულ გამოსვლას ვიმეორებთ. უნდა მივატოვოთ ოცნებები და ფუჭი იმედები, რათა ქანცი არ გაგვიწყდეს. ჩვენი იმედები ის სამფლობელოა, რომელიც გულში სისხლს აგუბებს. თანაც, სინამდვილეში ისინი ხომ არ არსებობენ, მაგრამ ოცნებაში მათთან შეხება ისეთი აშკარაა, ისეთი ხელშესახებია, თითქოს – მართლაც მაქვს. სამწუხაროდ, ფუჭი ოცნებებით ხშირად ვიტყუებთ თავს. იმ არარსებული სამყაროთი არ უნდა ჩავანაცვლოთ დღევანდელი სინამდვილე და ჭეშმარიტი სიცოცხლე,. უნდა მოვიკვეთოთ ფუჭი იმედები და ოცნებისმიერი ზმანებანი.

რას ვგულისხმობ ზმანებებში? – ისინი ყველას თავისებური აქვს. ისეთი აქვს, როგორსაც მისი სულიერი და ხორციელი თვალი ხედავს (მათი აღქმა ძალზე მძაფრია) და შედგებიან იმისგან, რასაც განვიცდით, რამაც შეგვძრა, ტრამვა მოგვაყენა, დაგვაინტერესა, რითიც ტკბობა მივიღეთ. მათ თუ შევიტკბობთ, ხილულ სამყაროს ვერ გავცდებით.

დავუშვათ, შევძელით და ამ ყველაფერს განვეშორეთ, მოვერიეთ. მაშინ სად აღმოვჩნდებით? ვიჯდებით ღია ცის ქვეშ, ბალახზე „ღვთის კარიბჭესთან“. რატომ მაინცდამანც ღია ცის ქვეშ? იმიტომ, რომ ტაძარში მყოფებს თავი ზეცაში გვგონია. ის-კი უსასრულოა. შეუძლებელია ჩაკეტილ სივრცედ მისი წარმოდგენა. ცა მშვენიერია, მყუდროა, ვებერთელაა. ქრისტეს სურს, რომ ეს შევიგრძნოთ. ამიტომაც დასვა ხალხი ბალახზე, ღია ცის ქვეშ…

არის თუ არა შესაძლებელი, ჩვენი წვრილმანი თხოვნების გარეშე ვილტოდეთ ცისკენ? შენ მგზნებარე სურვილთა შესრულებას სთხოვ და ფიქრობ, რომ არ ესმის. იმედების გამართლებას სთხოვ, მაგრამ ის შენს დახმარებას არ ჩქარობს. ღმერთს ევედრები უფრო მგზნებარე გახდეს შენი მოკრძალებული სულიერი გრძნობები, მაგრამ ხმას ვერ აწვდენ. რატომ? იმიტომ, რომ ეს ყოველივე კარჩაკეტილი სივრცეა, რომელშიც შენი „მე“-თი (ეგოთი) ხარ გამომწყვდეული.

უფალს სურს ამ მდგომარეობიდან გაგვანთავისუფლოს. სახარებაში ნახსენებ ადამიანთა მსგავსად, ეხლა უკვე ჩვენ ვართ ღია ცის ქვეშ „მის კარიბჭესთან“ და გვეკითხება: „რაისა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად?“(მთ. 20.6). მე-კი, ბრმაც ვარ, ხეიბარიც, ფრთაშეუსხმელიც, მილურსმულივით ვტკეპნი ერთ ადგილს, მაგრამ, ღმერთი მაინც ჩემს გვერდითაა.

ხომ შეუძლებელია, ხატის წინ მდგომს მისი თაყვანისცემის სურვილი არ გქონდეს, ან – ცეცხლთან მყოფი – ვერ თბებოდე, სინათლის შუქზე-არ ჩანდე? განა შეიძლება ღვთის სიახლოვეს მყოფი არ განიღმრთო, მასთან ჩასაკონებლად არ ისწრაფოდე, მის სიმაღლეზე არ ახვიდე?

მე ვიტყოდი, ხატის წინ კი არა, უშუალოდ მის გვერდით ვართ, თუმცა, ხორციელი თვალებით ამას ვერ დავინახავთ. ადამიანები ანთებულ სანთლებთან და კანდელებთან მდგომნი ითხოვენ, ღმერთს ევედრებიან და სურვილის ახდენის შემთხვევაშიც-კი, მას მაინც ვერ ამჩნევენ. აი, ადამიანური ყოფის ტრაგედია – კარგად ვამჩნევთ ყველაფერს, რასაც დასაწყისი და დასასრული აქვს და ამის გამო შეუმჩნეველი გვრჩება ერთადერთი ჭეშმარიტად არსებული.

ჩვენ მის მახლობლად ვდგევართ…და, როცა შევდივართ უდაბნოში, ანუ ჩვენს გამომშრალ, უგრძნობელ და ცნობიერებადაკარგულ გულში, რომელიც ზეცისკენ არ ისწრაფის, მაშინღა მოგვიცავს ახალი და სასიამოვნო განცდა, მაშინღა მივხვდებით, რომ ის – ჩვენი თანაშემწე აქვე გვერდით გვყავს. მიწიერისგან განშორებას თუ მოვახერხებთ, მაშინ ვიგრძნობთ მის თანამყოფობას. თითქოს დაფრინავს და სუნთქვით გვეხება. ღმერთია ჩვენი დამცველი. მხოლოდ მას შეუძლია ცოდვისგან გაგვანთავისუფლოს და სულს წყურვილი მოუკლას. აგერ – ადამიანი და იქვე – მისი შემწე, დამცველი და უხილავად თანამყოფი ღმერთი. სად არის, სად? ან, ვის შეუძლია მისი დანახვა?

სხვა რაღა დაგვრჩენია! შედით ეკლესიაში შვილებო და ფაქიზად, თრთოლით, ურყევი რწმენით იმისა, რომ იქ ყველაფერი ციური და ღვთაებრივია, მოძებნეთ და იპოვეთ ქრისტე, მისი თანამყოფობა იგრძენით. ეს ძიება თქვენს გულებს სიხარულითა და რაღაც ახალი, უჩვეულო შეგრძნებით აავსებს.

*        *        *

ეს არის გულისმიერი პირველი ნაბიჯი. იმ გულისა, რომელიც ვერ ილხენს, ვერც ზეიმობს, არამედ ტირის, იტანჯება, გოდებს. მაშინ იგრძნობთ, რომ ის აქამდე უმაქნისი, ცარიელი რუმბივით იდგა  უფლის წინაშე. ასე გამჟღავნდა მისი უგრძნობელობა. მისი ავსების დრო დადგა. თავისი სიცარიელისა და უსარგებლობის გაცნობიერება გულს მისტიკური გოდებით ავსებს: “სადა ხარ, ღმერთო, სადა ხარ? ნუ მომაკლებ შენს წყალობას“. მაგრამ, მალევე ხვდება საკუთარ შეცდომას – უფლის დანახვა არ შეიძლება, ეს სიკვდილს უდრის. ამიტომ, უფრო სწორ მიმართულებას იღებს და იწყებს ვედრებას: „შენა ხარ ჩემი მწყალობელი, ის ერთადერთი, ვისაც შეუძლია შემიბრალოს. შენი ვარ, ერთადერთო, ვისაც დარდის ორმოდან, უშენობის უფსკრულიდან ამოყვანა შეგიძლია. ნუ დამტოვებ შენს სულიერ ცხოვრებაში თანამონაწილეობის გარეშე“!

ჩემო ძვირფასებო, სულის ატირება ძალინ ადვილი საქმეა. ღმერთი ჩვენი სულების ერთადერთი ნათესავია და როცა მას კარგავს – ტირილით დაეძებს. როცა იგრძნობ, რომ სული ტირის, უნდა შეძლო და არ გააკარო არაფერი გარეგანი, მიწიერი, რომელიც ამ ძვირფასი ცრემლის მტერია. თუ მოახერხებ, რომ ეს ცრემლი არ დაშრეს, მაშინ მიაღწევ ღმერთამდე და მიხვდები, რომ მესაჭე იპოვე: ის საჭეს მომართავს, პედალს დააწვება, ხელს ჩაგკიდებს და ჭეშმარიტი ცხოვრებისაკენ გაგაქროლებს.

ამ ეტაპზე მხედველობა ჯერ კიდევ ბეცია, ხოლო გრძნობები – ჩლუნგი, მაგრამ როგორ შეიძლება ვერ შეამჩნიო მადლი ღვთისა, ეს საოცარი სიგრილე, შენს სულს რომ რწყავს! ამიერიდან, შენს ცხოვრებას ღმერთი წარმართავს. ძალინ მნიშვნელოვანია, როცა შესაძლებლობა გაქვს, რომ სავსებით მას მიენდო; ამიერიდან უმისოდ ყოფნა ვერც-კი წარმოგიდგენია. გსურს წვრილმანებიც-კი შეუთანხმო. ეკლესიის მადლით, ზეციური სიმართლითა და ვარსკვლავთა დიდებულებით ივსები. მაგრამ გახსოვდეთ, ვრცერთი ამათგანი ვერ მოგცემთ აბსოლუტურ სრულყოფილებას. საღმრთო მადლია ის ერთადერთ ძალა, რომელსაც ძველი, უნაყოფო, გამოცარიელებული გულის განახლება შეუძლია (ეზეკ. 11:19).

და, როცა სული თავისუფლდება, ადამიანი სამგვარ გამოცდილებას ეზიარება. ამიერიდან, ტაძარში ყოფნის დროს,  ყველაფერს სულიერი კუთხით უმზერ. ეს ხორციელ თვალსაც შეუძლია, მაგრამ…მხოლოდ დიდი სულიერი გმირობის შემდეგ. როცა სულიერი თვალით აკვირდები, თითქოს წყვდიადი დაირღვა და გაქრაო – ბევრად მეტ რამეს ამჩნევ. უმზერ შენსკენ მომავალ ჭეშმარიტებას, სული მყარად დაეფუძნა მადლს. შემოქმედი ხდები – თითქოს ცომს ზელ და გამოსაცხობად ამზადებ, ან თიხას ძერწავ.

სინამდვილეში, ამ ჭუჭყიან თიხას, ანუ ჩვენს სულს ზელს ღმერთის ხელი, რომელსაც თითქმის ხედავ კიდეც. ხელიდან თუ გაუსხლტი, დაგწვდება და შრომას გააგრძელებს. შენც ეს გინდა – გრძნობ, ღვთის საიმედო ხელში ხარ. მის სახესაც ხედავ? არა, ჯერ არა. და…ზურგის მხრიდან მაინც თუ ხედავ (გამოსვ. 33:23)? ვერა, რადგან საამისოდ საჭიროა მოსეს ძალისა და სიწმინდის მოხვეჭა!  ჯერჯერობით, მხოლოდ უფლის ხელის დანახვა შეგიძლია. მას, ღრუბლებიდან გამოწვდილს,  ხშირად შეამჩნევთ ხატებზე. შენ ხედავ ხელს შემოქმედისას, რომელიც გვერდით გიდგას და სულის ცომს გამოსაცხობად ამზადებს.

ეხლა უკვე შეძლებ პასიურად მლოცველი კი აღარ იყო, არამედ, ლოცვას შეუდგე. რაც აქამდე გიკეთებია, გიცდია, გისაუბრია, გილოცია – უბრალო თამაში იყო; გალობა, ჩურჩული, სულის ტირილი – შენი იყო, ანუ მიწიერი. მათ ადამიანის ზეცამდე ამაღლების უნარი არ შესწევთ. ამიერიდან-კი, სულიწმინდის შეწევნით შეძლებ ლოცვა – ვედრებას „სულთქუმითა მით უსიტყუელითა“(რომ. 8:26). ამიერიდან, ღვთის მადლი ჩადებს ლოცვას შენს ბაგეებში. შენ შეძლებ ლოცვას!

საშინელებაა, უბადრუკია უგულოდ წაკითხული დილა – საღამოს ლოცვები, შვიდგზის ლოცვები (ფს. 118, 164). ამგვარად ლოცვა მიწიერია და აქვე რჩება, მიწაზე ხტუნავს, მის ზედაპირს ოდნავ სცილდება. ჩვენი ლოცვები თუ გულმხურვალე არ არის , ეს ძალიან საშიშია, იმიტომ, რომ ლოცვა მხოლოდ ასეთი უნდა იყოს.

თუ ლოცვას შეძლებ, თუ მას დაეუფლები, სწრაფად გაივლი ჭვრეტის საფეხურს. ჭვრეტის დახმარებით ყოველ ნივთს უერთდები, ამჩნევ, ეხვევი, მათ შორის – უფლის ხელსაც და მადლსაც. მას უკვე იცნობ და ლოცვას აღუვლენ. ხომ შეუძლებელია რომელიმე უცხო ღმერთთან საუბარი? მასთან სათქმელიც არაფერია! ხოლო ვისაც იცნობ, ხედავ, იმ ხელს გრძნობ, რომელიც შენი სულის თიხას ზელს და გამოსაძერწად ამზადებს, მაშინ საქმე გიმარტივდება. ადვილია, უბრალოდ მიმართო: „ გთხოვ, უფალო ძალიან ნუ მატკენ! შეარბილე შენი ზემოქმედება…ან, პირიქით – ამ ჩემს გაქვავებულ გულს უფრო ძლიერი დარტყმები სჭირდება…ო, ღმერთო, დავიღალე, შემასვენე. ან – ოჰ უფალო, აღმომიყვანე, ამიყვანე, მე მსურს ეს და გავუძლებ“. ღმერთისთვის ძალიან ბევრი რამის თქმა შეგიძლია! აი, სწორედ ეს არის ლოცვა! ხოლო მოგვიანებით (როცა ლოცვას ისწავლი) დიდებისმეტყველებას შეეჩვევი. უფრო გვიან (როცა ლოცვს შეეჩვევი) ღვთისმეტყველებისკენ გაგეხსნება გზა.

ეკლესიაში სამი საქმე უნდა ვაკეთოთ: მოვლენებს დავაკვირდეთ, ვილოცოთ და ვიღმრთისმეტყველოთ. განვმარტოთ რას ნიშნავს ღმრთისმეტყველება: იწყებ განსჯას და ფიქრს უფალზე. მის შეცნობას ცდილობ, აკვირდები.გინდა ლოცვის სიტყვებით დაუკავშირდე ღმერთს, თუ ამას შეძლებ,შესძახებ: „ოჰ, უფალო!“ ადრე ვერცკი ვამჩნევდი, ამბობდა თუ არა რამეს ჩემი გული, ეხლა-კი გარკვევით მესმის: „აბბა, მამაო!“ ე.ი. აღმოაჩინე, რომ შენი ჩანაფიქრები და ზრახვები ღმერთს ეძღვნება და სიტყვებითაც მასთან ხარ. ე.ი. შენი სულისა და გულის უფაქიზესი საცეცებით მოიხელთე, ჩაეჭიდე და მიჰყვები.

*        *        *

სულიერი ზრდის ამ საფეხურზე უკვე შეგიძლია ღმერთი შეიცნო, მის ნებას ჩასწვდე, გაუგო და ესაუბრო; მაშინ მიხვდები: ღმერთის შეცნობა იმას ნიშნავს, რომ განიცადო – დააგემოვნო. სწორედ ამიტომ, როცა წმინდა წერილი და წმინდა მამები ღვთის სიტყვაზე გველაპარაკებიან, მუდამ მოგვიწოდებენ: „შეჭამე, იგემე, გადაყლაპე იგი!“ ის  არის ღია ცის ქვეშ, მდელოზე გაშლილი ტრაპეზი. „ვინაი არს ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენი, ვითარმცა განძღა ერი ესოდენი?“(მთ.15:33). პასუხიც მზადაა-ღვთის სიტყვით ათასობით ადამიანი დანაყრდა. ასე იკრიბება არა ათი, ან ასი, არამედ ათიათასობით წევრი ეკლესიისა, რომელთაც უფალი კვებავს „უდაბნოში“, ღია ცის ქვეშ.

ჩვენი სხეულის საკვები ის მასალაა, რომლითაც ვართ „მოზელილნი“. ის წამოშობს მატერიალურ ნაყოფს. ხოლო სიკვდილი არის ის პირველი ნაყოფი, რომელიც ჩვენმა ცოდვამ წარმოშვა. თავდაპირველად, უფალი ჩვენში ბადებს სიკვდილს, რის გამოც, ნათლობის პროცესში ყველა მონათლული ადამიანი კვდება და მყისიერად აღდგება. აქაც, ანუ ცხოვრებაშიც იგივე ხდება – საქმე სიკვდილთან გვაქვს, ანუ ცოდვისთვის სიკვდილთან.     

*       *       *

ჩემო ძვირფასებო, რა არის ცოდვა? ეს სიბრმავის ის მდგომარეობაა, რომელშიც ადრე ვიმყოფებოდით. ის ჩვენსა და ღმერთს შორის იდგა და ისე გვზღუდავდა, რომ უფალს „ზურგიდანაც“კი ვერ ვხედავდით (იხ.გამოსვ. 33:23). მაშ ცოდვის სიკვდილი რაღაა? ეს არის ჩვენს მიერ სულ ეხლახანს შეძენილი შეგრძნება: გამიჩნდა იმის განცდა, რომ ღმერთის ცხოვრებაში მეც მაქვს ზოგიერთი უფლებამოსილება, რაც აქამდე საერთოდ არ მქონდა. ვგრძნობ, ჩემში ცოდვა თანდათან კვდება, ოღონდ, არა იმიტომ, რომ მოვინანიე. რამდენჯერაც არ უნდა შეინანო, დაჯდე და ცოდვები გამოიტირო, ღმერთს შენდობა სთხოვო. თუ საკუთარ არსებაში კარგად ჩაიხედავ, მიხვდები – გონებრივად სადღაც დახეტიალობ, და ბევრი რამ ისევ ვნებიანად გენატრება. აბა, სცადე და შეეწინააღმდეგე მრისხანებას, გაღიზიანებას, სიძულვილს. სცადე, ფესვებიანად ამოგლიჯო თუნდაც ერთი უმცირესი ცოდვა – ვერაფერს მიაღწევ. მონანიების პროცესში ცოდვის სიკვდილი მხოლოდ ღვთის წყალობით არის შესაძლებელი. სხვა ვერავინ და ვერაფერი მოკლავს ჩვენს ცოდვას.

ტაძარში, ცოდვებისგან განთავისუფლების განწყობით უნდა წახვიდე. იქ იგრძნობ ცვლილებას. შეეცადე, ჭეშმარიტი სინანული მოიპოვო, ღმერთთან დამოკიდებულებას დააკვირდი და მოაწესრიგე. იქ გეძლევა მასთან მიახლოვების  რეალური შესაძლებლობა. საკუთარ თავში მომხდარ ცვლილებასაც მაშინ იგრძნობ. იტყვი: „რა იქნა მრისხანება, გაღიზიანება, შური და სიძულვილი? ჩემი მწუხარება, ღელვა, დარდი? გულგატეხილობა და იმედგაცრუება?“ ეს ხორციელი ვნებები შენი ცხოვრებიდან გაქრება, მას ჩაანაცვლებს ცოდვის სიკვდილი. აშკარად ვიგრძნობთ, როგორ თავისუფლდება გული ყოველგვარი მიწიერისგან, ვნებებისგან – ცოდვა გაგვირბის…მაშ ასე, ჩვენთვის ცოდვა მკვდარია და ვნებებიც თანდათანობით ზედ მიჰყვებიან. 

მიწიერება! როგორც ჭარბი საკვები ასუქებს სხეულს, ისე გაიტიკნება და გაიჯირჯვება გული მიწიერი სურვილებისგან. მაგრამ ეს დაბალი საფეხური შენ გავლილი გაქვს და შეგიძლია დააკვირდე, როგორ შეიცვალა და გაფაქიზდა ხორციელი ვნებებისაგან დაცლილი გული;  იმ სხეულს დამსგავსებია, მარხვისგან რომ დაუძლურდა, გაიწმინდა – თითქმის უხორცოა. განწმენდილი გული კეთილმოწყობილი სავანეა და მზად არის ღმერთის მისაღებად.

უეჭველია, მარადიულად არსებული მაგრამ დღემდე ჩემთვის პასიური, უცნობი საღმრთო ენერგია, ეს უსხეულო იპოსტასი, თავის არსებობას მიმჟღავნებს, ჩემს ცხოვრებაში შემოდის და ზემოქმედებს, რის შედეგადაც, ჩემს სულს ღვთაებრივისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. იცვლება ხორციელი, სულიერი და გრძნობისმიერი მხედველობა. როგორ ხდება მათი გახსნა?

პირველი – უფალი ტკბილია, აღარ მეჩვენება, თითქოს ის დიადი და არარსებულია, არამედ, ვიცი – დიადი და ჩვენთან თანამყოფია, მათ შორის, უშუალოდ ჩემთან მყოფიც არის. მისგან ისეთ სიტკბოს და სიამეს ვგრძნობ, როგორიც ყველა ახალშობილისთვის არის აუცილებელი. დროის მდინარება ამ მოთხოვნილებას ვერ მიმცირებს. ეს გრძნობა ისე მიზიდავს, როგორც ახალშობილს – დედის სიტკბო. რაღა მაინც და მაინც ასეთი შედარება მოვიყვანე ? სიტკბო ბევრნაირია, როგორს აღარ შეხვდები. ზოგის დანახვაზე ნერწყვიც მოგადგება. აქაც ასე უნდა მოხდეს – უნდა შთანგთქას ქრისტეს ჭვრეტისგან მიღებულმა სიტკბოებამ.  ჯერ დაგემოვნებულიც რომ არ გვქონდეს, ჯერ ჩაკეტილ, ტენიან, ჩახუთულ სივრცეში ლოკოკინას ტემპითაც რომ ვმოძრაობდეთ, მაინც უნდა ვიაროთ და ღვთის მადლით, თანდათან, არა მარტო დავინახავთ, არამედ დავაგემოვნებთ-კიდეც.

მეორე – ვიგრძნობთ საღმრთო საიდუმლოებაში მონაწილე ჩვენი სულის სიტკბოებას, აღტაცებასა და სიხარულს. ჩემო ძვირფასებო, ხელში დაიკავეთ წმინდანთა სურნელოვანი ნაწილები…მათი სურნელი დიდხანს შერჩება ხელებს, ტანსაცმელს. ოთახში გულმოდგინედ რომ დამალოთ, სტუმრები მაინც იგრძნობენ და იკითხავენ: „საიდან, ასეთი სურნელი?“. როცა ჩვენი სული და გული უფლისმიერ სიტკბოებაში, აღტაცებასა და სიხარულშია, ეს უკვე თავადაც მოგვწონს.

კარგად ვიცით, ტაძარში ქრისტესთან მოსული მრავალი ჩვენგანი, სახლში ისეთ მდგომარეობაში ვერ ბრუნდება, როგორც სისხლდენისგან განკურნებული დედაკაცი(მკ.5.25), საღმრთო მადლის მიღებას ვერ ახერხებენ. მივა სახლში და იმედგაცრუებული დაიჩივლებს: „არაფერი გამოდის, როგორიც წავედი, ისეთივე დავბრუნდი“. იმედია, თქვენ მაინც გრძნობთ, რასაც გვჩუქნის ქრისტე. სიტკბო და სიხარული – განა ეს ცოტაა! სხვა რაღა სჭირდება კაცს! ღმერთი ატკბობს და ახალისებს მასთან მყოფი ადამიანების მარად ახალგაზრდა სულებს; სურს, სიხარულით იყოს სავსე ჩვენი გულები: ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე“(ფს.131:14) – ამას ამბობს სული.

თუ კაცი ცდილობს, რომ აითვისოს ეს წმინდა გრძნობები და გამოცდილება, შეუძლებელია, ღმერთი არ გამოეხმაუროს მის მონდომებას, ან მადლი მოაკლოს. საეკლესიო ღვთისსმსახურებაც ამ მიზნით ტარდება. ამიტომ გვიგზავნის ანგელოზებს, მთავარანგელოზებს, წმინდანებს. ჩვენ, ცოდვილებს  მათი ზრუნვით გვანებივრებს, რათა მათთან მისტიკური ურთიერთობა გვქონდეს, წმინდანებმა ადამიანებისთვის ილოცონ, ცოდვილებმა-კი გავუზიაროთ, რომ ჩვენც გვსურს მადლისა და სიწმინდის მოხვეჭა. მოდით, მხოლოდ ამ მიმართულებით ვიყუროთ, გადავდოთ შინაგანი და გარეგანი საზრუნავები და ტაძრისკენ ვიჩქაროთ, რადგან  ამ ყოველივეს იქ ვიპოვით.

უდაბნოში თევზიც მიირთვეს. რა  იგულისხმება ამაში? სიმბოლურად ეს იმ მისტიკურ ძიებას ნიშნავს, რომელიც საკუთარ გულში ყველა ქრისტიანმა უნდა ჩაატაროს. ავადმყოფს ინექციას გაუკეთებენ და განიკურნება. დაამყნობენ ხეს და ნაყოფით იხუნძლება. ველური და შინაური ზეთისხილის შეერთებით, ორივე უხვ ნაყოფს იძლევა. სულიერი ცხოვრებაც სწორედ ამას მოითხოვს. ეკლესიაში საიდუმლოდ  ვეზიარებით ქრისტეს, მის შესწავლასა და ამოცნობას ვიწყებთ. ჩვენთვის ის რეალური, ჭეშმარიტი სიცოცხლე ხდება.

რა უნდა ვეძებოთ? ღამისთევის ლიტურგიაზე ეკლესიაში გულათრთოლებულნი რომ შევდივართ, ვის ვეძებთ? ქრისტეს! თუ ამ საუბარს ჩაუფიქრდებით და კარგად გაერკვევით, ქრისტე თავად მოვა თქვენთან. „ლოდი იგი, დიდ ფრიად“ თავისთავად გაიწევა და ქრისტე აღდგება.

რა უნდა ვეძებოთ? ტაძარში დამკვიდრება და ჩვენი შინაგანი სამყაროს, სულიერი ცხოვრების მოწესრიგება, რაც მხოლოდ „იესოს მიერ შესაძლებელ არს“.

გამოცდილება, გრძნობები, სურვილები, ზმანებები არაფერში გამოგვადგება. ერთადერთი სარწმუნო და ჭეშმარიტი არის მხოლოდ ის მდგომარეობა, რომელსაც ქრისტე თავისი თანამყოფობით ქმნის ჩვენში. უფლის გარეშე ეს მდგომარეობა ქრება. ქრისტოცენტრულად მომართულ და მცხოვრებ  ადამინში შეცვლილია ყველა ის წინანდელი, მიწიერი შემადგენლები, რომლებზეც ამ საუბრის დასაწყისში გელაპარაკეთ.

ჩემო შვილებო, ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ქრისტესგან შედგება.

წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •