amfiloqe makrisi 3

წმინდა ამფილოქე მაკრისი – ქრისტესმიერი ერთობა

ქრისტემ ისეთ ერთობას დაუდო დასაბამი, რომელიც ერთმანეთთან, არა შემთხვევით, არამედ სიღრმისეულად გვაკავშრებს. მასში რაღაც დიადი და მნიშვნელოვანი იმალება. მხოლოდ ჩემს საძმოში მივხვდი, თუ რა არის ქრისტიანული სიყვარული – თავგანწირვა, სიწმინდე და რწმენა. ეს სამყარო არ ცნობს ამას, რადგან შორსაა ქრისტესგან. რომ მოენდომებინათ ამ ერთობის და სიყვარულის მიბაძვა, დედამიწა სამოთხედ, ხოლო ადამიანები ანგელოზებად იქცეოდნენ. აუცილებლად ერთად უნდა ვიყოთ და სხვა ადამიანებსაც მივანიჭოთ სიხარული და ბედნიერება.
სწორედ ამ სიყვარულით იყვნენ გაერთიანებულები პირველი საუკუნის ქრისტიანები, რომლებიც ქრისტესა და მოყვასისთვის თავს სწირავდნენ.

პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ერთობაზე და სულიწმინდის ნიჭებზე ხშირად საუბრობს. როდესაც ყველანი ერთობაში იქნებით, სხეული იცოცხლებს! მაშინ საძმოში სულიწმინდის მადლი მოვა, მაგრამ როდესაც ”ხელი” აქაა, ”ფეხი” იქით და ”თავი” კი ცალკე, მაშინ სხეული მკვდარია და მადლიც აღარ მოვა. მოდით სიყვარულსა და ერთობას მივაქციოთ დიდი ყურადღება და მოთმინებით მოვექცეთ ჩვენს აღელვებულ და დაღლილ ძმას, როდესაც პატარა დეტალის გამო უთანხმოება მოგვდის. მოთმინებითა და სიმშვიდით დავამყაროთ მშვიდობა, როდესაც ჩვენი ძმა განსაცდელის გამო რთულ მდგომარეობაში იმყოფება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი უხეში მოქცევით, კიდევ უფრო მეტი მრისხანებისკენ ვუბიძგებთ მას. ამ დროს უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენც გვაქვს ნაკლოვანებები, რომლებიც ხშირად ვლინდება, ისევე როგორც ჩვენი ძმის შემთხვევაში.

ჩემთვის მთელი სიცოცხლეა ქრისტესმიერი ერთობა. უკიდურესად განვიცდი, როდესაც ვხედავ უთანხმოებას, რომელიც საბოლოო ჯამში უბრალო გაუგებრობა აღმოჩნდება ხოლმე. ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ასეთი მცირე ბოროტებაც კი არ დავუშათ, რომ მან უფრო დიდ და გამოუსწორებელ ზიანამდე არ მიგვიყვანოს, რადგან უყურადღებობით პატარა გაციებაც კი შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს.

ასე რომ, როდესაც ქრისტე ჩვენს გულშია, ყველაფრის გადალახვა შეგვიძლია მისი დახმარებით, ამიტომაც გწერ – ყოველთვის გულში გყავდეს ქრისტე და ასიდან ას შემთხვევაში გამარჯვებული გამოხვალ.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ