წმინდა ამფილოქე მაკრისი – ლოცვა ჩვენი სულისა და სხეულის გადამრჩენელია

შვილებო, მსურს, რომ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ნათელი ბრწყინავდეს თქვენს გულებში. ეს ნათელი მოიპოვება ღვთის მუდმივი ხსოვნითა და მოუკლებელი ლოცვით. ღმერთმა მოგმადლოთ ყველას ეს! გონიერი ლოცვა – წმინდა მოღვაწეთა ორიათასწლოვანი გამოცდილებით შემუშავებული მეთოდია, რომლის წყალობითაც სულის გონიერი ნაწილი დაკავებულია ყველა იმ საღმრთო ზრახვით, რაც ადამიანის სულს სჭირდება: საკუთარი დაცემულობის განცდით, გულის მწუხარებითა და საღმრთო წყალობის მოხმობის წყურვილით. ვითხოვთ, რომ ეს წყალობა ისე კი არ გამოვლინდეს ჩვენში როგორც ჩვენ გვინდა, არამედ ისე, როგორც ჩვენი სულისთვისაა საჭირო.

ლოცვა ჩვენი სულისა და სხეულის გადამრჩენელია. ოკეანეშიც რომ მოხვდე პატარა ნავით, თუკი გულით ილოცებ, შიშის გარეშე გასცურავ! ვერ დაიღლები ქრისტეს სახელის მუდმივი მოხმობით -”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” , ისევე როგორც საყვარელი ადამიანის სახელის გამეორებით ვერ დაიღლები. განა არსებობს ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, ქრისტეს სახელზე მეტად საყვარელი სახელი?

მიხარია, რომ ვარჯიშობთ გონიერ ლოცვაში! ვლოცულობ, რომ წმ.სერაფიმე საროველისა და ჩვენი ეკლესიის ყველა ისიხასტი მამის სულიერ საზომს მიაღწიოთ! წმ. კალისტე და ეგნატე ”სათნოებათმოყვარეობის” მეოთხე ტომში ნეტარს უწოდებენ იმ ქრისტიანს, რომელიც საკუთარ გულში იესუს ლოცვას დათესავს და აღზრდის: ”ნეტარია ის, ვინც გონებთ იესუს ლოცვას მიეწება და მოუკლებლად მოუხმობს ქრისტეს თავის გულში..”.

გამოკრებილია წიგნიდან: Старец с Патмоса Амфилохий Макрис – Митрополит Игнатий Триантис

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)

გაზიარება
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •